სამწუხაროდ, მითია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ხელისუფლება ხალხისაა
ხელისუფლებას ირჩევს ხალხი... თქვენი აზრით რამდენად ახლოსაა დღევანდელი ხელისუფლება ხალხთან?
სალომე პატარაია:
ადგილობრივი ხელისუფლებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ შეძლებისდაგვარად უდგას გვერდით ხალხს. მართალია ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ იმედით და ღვთის წყალობით, ყველაფერი დალაგდება. ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგვცეს, სიმშვიდე და სიყვარულის ნიჭი!
ქრისტინა მოისწრაფეშვილი:
მოგესალმები, სამწუხაროდ მითია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ხელისუფლება ხალხისაა. ახლოს კი არა და ძალიან შორს არიან იმ ადამიანებისგან, ვინც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა, სამწუხარო რეალობა ეს არის.
მედეა ჩხაიძე:
ჩვენს ხელისუფალს ვურჩევდი კიდევ უფრო ახლოს იყოს ხალხთან და კრიტიკას კი ნუ დაგმობენ, არამედ გაითვალისწინონ. ჩვენ იმიტომ ვირჩევთ მას, რომ წინ გაგვიძღვს და დაგვეხმაროს.
ანა ურუშაძე:
ხელისუფლებისგან მიტოვებულად ბევრი გრძნობს თავს. ერთეულებს შეიძლება გაუმართლოს, მაგრამ უმეტესი ნაწილი ბედის ანაბარა რჩება სამწუხაროდ.
მაია დიასამიძე:
ჩემი აზრით დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ხალხისთვის. უამრავი ადამიანია ჩემს ირგვლივ, ვინც ამ ხელისუფლების უკმაყოფილოა.
მე რატომ ვარ უკმაყოფილო? არ უდგას მთავრობა გაჭირვებულ ოჯახებს გვერდით, არ აინტერესებს მრავალშვილიანი, მარტოხელა დედები, სულ არ აინტერესებს ჩემნაირი ადამიანების ბედი. ღამეებს ათენებდა ჩემი შვილი, რომ ჩაებარებინა. გახდა სტუდენტი, მაგრამ ვეღარ აგრძელებს სწავლას, გამოცდაზე არ დაუშვეს. იცი რატომ? გადასახადი თანხა არ მაქვს და ვერ ჩაერიცხა უნივერსიტეტში. დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე 25 ლარად ვმუშაობ. საღამოს რომ ბორში გავაკეთო, იმის იგრედიენტებს ვერ ვყიდულობ და საიდან გადავუხადო სტუდენტ შვილს სწავლის გადასახადი? სულიერად დავიღალე გეფიცები, ამ ჯოჯოხეთს არა აქვს დასასრული.
ნიკო შველიძე:
დავიწყოთ იქედან, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა კატასტროფულად და მოსახლეობის გაჭირვებამ ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია. პროდუქტი გაძვირდა, უამრავი ხალხი უმუშევარია. ერთი წელია მე პირადად, გერმანიაში წასვლას ველოდები და ჩემსავით გარბის უამრავი ახალგაზრდა. განსაკუთრებით სოფელში გაუჭირდა მოსახლეობას, ახალგაზრდა თაობას სახელმწიფო მომავალს ართმევს. ახლა იყო შემთხვევა იმდენად გაუჭირდა ახალგაზრდებს, რომ სკოლაში შეიპარნენ და წყლის გამაცხელებლები მოიპარეს. ეს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის ბრალია-მეთქი ვერ ვიტყვი. ეს უშუალოდ ხელისუფლების ბრალია. არ არის სოფელში სამუშაო ადგილები. მოყვანილი პროდუქცია ან არ ვარგა და ან არ იყიდება. ჩემს სოფელში ძირითდად შემოსავალი მოსახლეობას ციტრუსის ბაღებიდან აქვს. უამრავი ადამიანი ვიცი, რომ ხარჯები გასწიეს და ვალებში დარჩნენ. სახელმწიფოს კიდევ არანაირი დახმარება არ შეუთავაზებია.
სამწუხაროდ, მითია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ხელისუფლება ხალხისაა
მოამზადა ნინია ბარამიძემ
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 766