რად გვენანება?
გაძარცვულია ქალაქი,
არ აქვს ფერი და სითბო.
ქვიშა ნებივრობს..
დატალღულია მინდვრები,
სული აწყდება ზეცას...
ჰოდა, დავდივართ ჩაფუთვნილები...
რად გვენანება ღიმილი?..
გაინაპირეთ
არ გვაქვს უფლება შევაბოტოთ ერთურთის სულში;
სული რთულია და უნაზესი.
საფეხურებად მიუყვება გზა ზეცისაკენ.
დარდიმანდულად მასზე ასვლას ვერ მოგიწონებთ.
ფრთხილად!
გაბმულად რეკავს ზარი.
ფრთხილად!
გუგუნებს.
სულის ხვეულებს არ წამოჰკრათ ფეხი უნებურ,
გაინაპირეთ!
არ გვაქვს უფლება შევაბოტოთ ერთურთის სულში!
სულის სურათი
წვიმის წვეთებმა მაგრძნობინეს მიწის სითბო.
სული განედლდა.
მერე მოვიდა ჰარმონია შეუსადარი.
ზეცას დაეტყო გაოცება, მიწას - სიანცე.
ტყე დაიფერა,
ყვავილთ სურნელმა დაიმონა ურჩი ხრიოკიც.
დილას ბედნიერს ჩაეკონა ხმები მგოსანთა...
მზემ გაიღიმა.
აივსო გული სასოებით, დაცხრა ტკივილი.
სახეს დაეტყო სამძმარი გაუსაძლისი
მერე მოვიდა ჰარმონია შეუსადარი.
არ დაიჯეროთ!
ვითომ მართლა ერთი ბეწოა ცხოვრება?
არ დაიჯეროთ.
განა ერთი ბეწოა ოცნება, სიკეთე, მოლოდინი,
იმედი, აღმაფრენა, ტკივილი, სევდა, სიყვარული?
განა ერთი ბეწოა?!
უსაზღვროა და უსამანო.
ცხოვრება?
ცხოვრება ხომ მთლიანობაა ამ საოცრებათა.
არა, არ არის ცხოვრება ერთი ბეწო,
არ დაიჯეროთ!
აღმართ-დაღმართი
როცა ძალიან გვტკივა სული,
საშველს ვპოულობთ.
ძალა შემოდის ბოძებული ღვთით,
სასოების.
წამი ლიცლიცებს გარდასული,
მაგრამ უკვდავი.
მზის ამოსვლას ჰყავს გაღიმება,
დაღმართს უთუოდ აღმართი მოსდევს!
სევდა
სევდა დაიგუება ზეცამ და ახლა ცრემლად
იღვრება.
სევდა, მიწიდან არეკლილი.
ჩემი, შენი, სხვათა.
წვიმს, სილბო ემატება მიწას.
ცა ფითრისფერია.
აუ, რამხელა თვალები აქვს სევდას.
მზე მაინც მზეობს...
სრულყოფილება ამოუცნობი
,,და შექმნა ღმერთმან კაცი ოთხთაგან ბუნებათა: ცეცხლისგან, ქარისგან, მიწისგან და წყლისგან“ - ამბობს წინაპარი.
ესე იგი, ადამიანი თავად სამყაროა, განუმეორებელი და ერთადერთი. შერწყმულია მასში ცეცხლის სიმხურვალე, ქარის სიგრილე, მიწის სიხმელე და წყლის სინესტე.
ასე მიიღება სრულყოფილება ამოუცნობი. ამოუცნობი, უფრო იმიტომ, რომ მას თან ახლავს ღვთის საიდუმლო ნაწილი - სული.
არა აქვს მას დასაწყისი და დასასრული..
მთავარი რა არის?
ადამიანის ცხოვრებაში პოლიტიკა სულაც არ არის უმთავრესი და ის, ამ პოლიტიკაში ვინ გაიმარჯვებს.
თუმცა ჭეშმარიტების დამარცხებაც (თუკი პოლიტიკაში შეიძლება იყოს ჭეშმარიტება), მისი მიუგნებლობაც თავისთავად უბედურებაა თავისი შედეგების გამო.
მთავარი ის არის, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ, ღვთის არასრულყოფილი შვილები და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს უსაზომოდ.
ამონარიდები ჩემი წიგნიდან...
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 632