ჩემი სოფელი ამ ქვეყნად ყველა სოფელზე ლამაზია. გეღიმებათ ხომ, რა გულუბრყვილობააო... ნუ იფიქრებთ ასე, ვიცი, რომ თქვენი სოფელიც ყველა სოფელზე ლამაზია ამქვეყნად...
პაპისეულ ეზო-კარს უკანა მხარეს ტყე ესაზღვრებოდა. ტყის ძირში გამომავალი წყაროდან საცივი მოუწყვია ბაბუაჩემს, რომლითაც მთელი კუთხე სარგებლობდა. საცივამდე მხოლოდ ჩვენი ეზოს გავლით შეიძლებოდა მისვლა. მიდიოდნენ და მოდიოდნენ საწყლე ჭურჭლებით, მიდიოდნენ და მოდიოდნენ... ეს ადამიანები იყვნენ ჩემს მიერ აღმოჩენილი სამყაროს პირველი გმირები, იმ სამყაროსი, რომელიც თანდათან გაიზადა, გაფართოვდა...
მანამდე კი... მანამდე ერთ დღეს მე და ჩემმა მეზობელმა გოგონამ, ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, ვერაფრით მოვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ამ ტყის იქეთ. დავიწყეთ ოცნება იმაზე, რომ გადაგველახა ტყე და ჩვენი აღმოჩენით ქვეყანა გაგვეოცებინა. გეგმაც დავსახეთ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერთ დღეს მთელი კუთხე შეესია ტყეს, რათა ორი დაკარგული გოგონა ეპოვა. ჩვენი გმირობის ისტორია ამით დასრულდა. კარგა ხანს ვერ ვაპატიეთ უფროსებს, რომ ამოცანა ამოუხსნელი დაგვატოვებინეს.
მაშინ არ ვიცოდი, თუ სამყარო ამოუცნობი და უსაზღვროა და ამ უსაზღვროებაში თავად ადამიანი წარმოადგენს ყველაზე დიდ საიდუმლოებას.
ცხოვრების მდინარებამ ბავშვობის შემდეგ ვინ იცის რამდენი სამყარო აღმოგვაჩენინა. ყოველთვის მაინც ბავშვობის დროინდელს შევნატრით. იქ დიდი სიკეთე ბუდობდა. ახლა გასაგებია რატომ. იმდენად უმწიკვლონი ვიყავით მაშინ, რომ მხოლოდ სიკეთის აღქმა შეგვეძლო... მაშინ თოვლის სითეთრეც სხვაგვარი იყო და ყვავილთა ფერადოვნებაც.
ახალი წელი მოვიდა. ჩვენ გვსურს ამ ახალმა წელმა ახალ სამყაროში შეგვადგმევინოს ფეხი, სამყაროში, რომელსაც ბავშვობისდროინდელი სითბო და სიკეთე ეხლება. გასული წელი კი? გასული?
დიდი ილია, ალბათ დღესაც ასე იტყოდა: ,,ნეტა რა პირით შეეყრება მაგ ულმობელს პატრონს ეგ პირშავი, პირუტყვი წელიწადი? დავთრებს რა მაცდურებით გადაუშლის, სასწაულის უღელს როგორ ასწევს და დასწევს? ეს ძველი წელიწადი ჩვენგან კაცთაგან, ისე გაცუღლუტებული იყო, რომ არა მგონია თავის უტყუარ განკითხვის წინაშე თავისი ოინბაზობა დაიშალოს, ერთს ორს მალაყს მაინც გადავა. “
აი, სიმართლე, რომელიც საუკუნის წინ არის დაწერილი.
ისტორია მეორდება...
ილია მოკლეს...
დღესაც მეტად ისინი მძლავრობენ, ვისთვისაც ,,სამშობლო ის ცხვარია, რომლის საკვები ბალახისათვის თავი არ უნდა შეიწუხონ, მაგრამ, რომლის დუმა კი უნდა თალონ და თალონ...”
და თლიან და თლიან... და ოხრავს და ოხრავს სამშობლო...
ახალი წელი მობრძანდა. ვიცი, შენ გირჩევნია, გიმღერო. გიმღერებ, აბა რას ვიზამ, მაგრამ მაშინ ამ რეალობაზე თვალს ვერ აგიხვევ, რომელიც არამც და არამც არ გვაყენებს კარგ ხასიათზე. ,,დღევანდელი აბელებისთვის ნამცხვრის ტაძრების ცხობა” ვისაც სურს, იმისი იყოს, მაგრამ თქვენ არ გისურვებთ...
გაიხსენეთ, სამყარო სწორედ თქვენგან იწყება. თქვენ შეიძლება დაანგრიოთ იგი ან ააშენოთ; თქვენა ხართ ჭირისუფალი ამ ქვეყნისა, ესოდენ რომ საჭიროებს ჭირისუფლობას...
მაშ, დაფიქრდი და იქნებ აღმოაჩინო, რომ სწორედ შენ შეიძლება დაიწყო ამ ქვეყნის გამოსწორება. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ამ დასკვნამდე მივედი და მე სწორედ ჩემი თავიდან დავიწყე. შენც ამას გირჩევ _ ჩაები ჰოსა და არას ჭიდილში. მანამდე კი ისევ ილიას დავესესხები და გეტყვი, რომ ,,ყოველივე ჭეშმარიტება, ყოველივე საქმე, რაც კაცობრიობას აღმოუჩენია კაცთა ცხოვრების გულის, გონების, განსაკარგებლად, გასაძლიერებად, წარსამატებლად, ამ ჰოსა და არას ჭიდილით მოუპოვებია. ჭეშმარიტების აღმოჩენას, საქმეს ცხოვრების ასე თუ ისე დაწყობას და გარიგებისას, სხვა არა აქვს ამ ერთადერთი გზის მეტი. რა საგანსაც, რა მოვლენასაც კი კაცთა ხელიდამ თუ გონებიდამ გამოსულს, გულში ჩახედავთ, დაინახავთ, რომ ჰო და არაობის ჭიდილშია, ჭიდილსა და ქარცეცხლშია გამოტარებული. მარათალია, გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენის და პოვნისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ერთის მეცნიერის ბრძენისაგან, რომ ცდომისაკენ ათასი გზა მიდის და ჭეშმარიტებისაკენ კი მარტო ერთადერთიო. ეს ერთადრეთი გზა ჰოსა და არას დაპირისპირებაა... შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამ გზით კვლევა მართლისა, კრიტიკაა. კრიტიკა ბუნებრივად ისეთი რამ არის, რომ ერთსა და იმავე საგნის კვლევაში ჰოსაც და არასაც ამოქმედებს მართლის გამოსარკვევად და გამოსაჩენად. იგი ნებას არ იძლევა, რომ ან ერთმა, ან მეორემ ცალკე გაიწიოს და ცალ-კერძ სწიოს ჭაპანი ძიებისა და კვლევისა. როგორც ურემი სწორად ვერ გაივლის, თუ ცალ-მხრივ გააწევინე ხარსა, ისეც ძიება და კვლევა ჭეშმარიტებისა, ცალ-კერძ ტარებული და განზიდული.”
ჩავებათ ამ ჭიდილში და იქნებ გათენდეს...
გათენდება და გათენება ისე გაგვაოცებს, როგორც ამ ფაფუკი თოვლის მოსვლამ გაგავაოცა, ამ დღეებში რომ ეფინებოდა მთასა და ბარს. რა გასაკვირიაო, ზამთარს რომ თოვლი მოეტანა, მაგრამ გაგვიკვირდა... კიდევ რამდენი რამ გვაკვირვებს და ასე მისდევს წელი წელს...
მე გადავწყვიტე დავბრუნდე ჩემს ბავშვობაში. თქვენსც ამას გირჩევთ. იქ მშვენიერება დავტოვეთ და უნდა დავიბრუნოთ.
შობას გილოცავთ!
იმ საქართველოს გაუმარჯოს, ჩვენი რომ არის!
იმ საქართველოს გაუმარჯოს ჭიდილში რომ უნდა გამოიჭედოს, ხვალ რომ უნდა გაბრწყინდეს და გალაღდეს!
მრავალს დაესწარით!
,,ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა”
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 671