ჯანდაცვის მინისტრი გადადგა.
თავის დროზე, სერგეენკოს გადადგომას, მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვა სამედიცინო სფეროში, რომელიც ტიკარაძემ განახორციელა. კერძო სამედიცინო სექტორის მიმართ სახელმწიფოს გადასახდელი ტარიფები შეიკვეცა და ოპტიმალური გახდა. ამას მოჰყვა სამედიცინო სფეროს დიდი პროტესტი, მაგრამ ტიკარაძემ ამას გაართვა თავი.
პანდემიის მართვის რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტრო იყო ძალიან დიდი პრესინგის გარემოში. უამრავი გამოწვევა, არანაირი გამოცდილება... მთავრობასა და სამედიცინო სექტორს შორის მუდმივად იყო წინააღმდეგობა. თუმცა, როგორც სიტუაციამ აჩვენა, სამედიცინო სექტორს უფრო მეტი პრეტენზია ჰქონდა მთავრობასთან, რომელიც ეკონომიკის გადარჩენის მოტივით მოქმედებდა და წინააღმდეგობაში მოდიოდა სამედიცინო სექტორთან. მაგალითად, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ჯერ მოხსნილი და ხელახლა შემოღებული რეგულაციები, ჩამოწერილი ჯარიმები, რომელიც პირბადის ტარების და კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაეკისრათ, რის შედეგადაც საზოგადოების მხრიდან მივიღეთ ინდიფერენტული დამოკიდებულება ნებისმიერ რეგულაციასთან. თავიდანვე ჩანდა, რომ ეკონომიკურ ჯგუფს მუდმივი წინააღმდეგობა ჰქონდა სამედიცინო ჯგუფთან. შედეგად მივიღეთ პანდემიის მართვის ცუდი შედეგები. გარდაცვლილი 1200-ზე მეტი ადამიანიდან ნახევარზე ნეტი ბოლო 4 თვეში გარდაიცვალა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, მთავრობამ ვერ შესძლო ვაქცინების დროული შემოტანა და შემოტანის შემდგომ მოსახლეობის დარწმუნება მის აუცილებლობაში. მიუხედავად მნიშვნელოვნად მაღალი სიკვდილიანობისა, მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტია სრულად ვაქცინირებული. თუკი დღეს ყოველდღიურად ათი ათასი ადამიანი იცრება, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ 200 ლარს გადაუხდიან პირველი აცრისთანავე და არა იმიტომ, რომ მათ შეგნებული აქვთ, რომ ვაქცინაცია სწორი გადაწყვეტილებაა.
პარტიებმა არაფრად ჩააგდეს პანდემია, რაც გამოიხატა მრავალათასიანი ურთიერთსაპროტესტო აქციებით, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში მთავარია თითოეული ხმის მობილიზება, მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ ის გარდაცვლილი 12 600 ადამიანი მათი ამომრჩეველი იყო და გარდაიცვალნენ იმის გამო, რომ ვირუსიდან თავი ვერაფრით დაიცვეს.
დღეს ყველა სახის ვაქცინაა საქართველოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციები იმართება ვაქცინაციის წინააღმდეგ. საფრანგეთში, მაგალითადD შემოღებულია სავალდებულო აცრა სამედიცინო და საჯარო მოსამსახურეებზე. ასეთივე შეზღუდვებია სამედიცინო მოსამსახურეებზე ევროპის ბევრ სხვა ქვეყნებში. იქ, რატომღაც ეს არ ითვლება დემოკრატიის შეზღუდვად და ჩვენთან, გადაპრანჭული თავისუფლების გარემოში, სამედიცინო პერსონალიც კი არ არის სრულად აცრილი, მაშინ როდესაც, ყველაზე მეტი გარდაცვლილი სწორედ მათგან არის, რომელთა თავდადების ხარჯზეა პანდემიის მართვაც და უამრავი სიცოცხლის გადარჩენაც.
მინისტრმა ტიკარაძემ გადადგომის წინ მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული და განაცხადა, რომ გარკვეული ეტაპი დასრულდა. ახლა უკვე სამედიცინო სექტორი ახალ ეტაპზე უნდა გადავიდესო. იმედია, ახალ ეტაპს ახალი მინისტრი განახორციელებს.
პარტიებმა არაფრად ჩააგდეს პანდემია, რაც გამოიხატა მრავალათასიანი ურთიერთსაპროტესტო აქციებით
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 596