ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, 2017 წლიდან საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდა შეჩერებული იყო, გარდა გარკვეული მიმართულებებისა, რამაც გამოიწვია კვალიფიციური კადრების გადინება საჯარო სამსახურებიდან კერძო სექტორში.
ერთის მხრივ კვალიფიციური საჯარო მოხელე, რიგითი ადამიანის ინტერესიცაა, იმიტომ რომ, ბევრი პრობლემა, რომელიც საჯარო სექტორში ჩანს და გამოწვეულია საგარო მოხელის დაბალი კვალიფიკაციით, არასაკმარისი კომპეტენციით, აისახება მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებაზე.
ერთის მხრივ სახელმწიფო ხარჯავს ფულს საჯარო მოხელის მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ანუ საჯარო მოსამსახურე ძვირი უჯდება და მისი დაკარგვა, არის პრობლემა საჯარო დაწესებულებისათვის, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაზარდოს ხელფასები საჯარო სექტორში და დამატებით შეიმუშაოს ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა მიბმული იქნება ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე, ისე, როგორც პენსიების ზრდა, ანუ საჯარო მოხელის ხელფასიც ყოველწლიურად გაიზრდება.
ეს პრობლემა მეტად თვალშისაცემია დიდ ქალაქებში, რადგან იქ მეტია მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე კერძო სექტორში, ამიტომ საჯარო სექტორში დასაქმებული კვალიფიციური კადრი შეიძლება დაუფიქრებლად გადავიდეს სამუშაოდ კერძო ბიზნესში, უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოზე.
რეგიონებში ასეთი არჩევანის საშუალება თითქმის არ აქვს საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის თითქმის არ არსებობის გამო.
ხელფასების გაზრდა საჯარო სამსახურებში, მათ შორის ახალი საშტატო ერთეულების შექმნა, საკრებულოს ე.წ. ,,მოადგილიზაცია“, შესაბამისად გაზრდილი ხელფასებით, რიგითი, უმუშევარი და სოციალური დახმარების იმედად მყოფი ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია. მათ მიაჩნიათ, რომ მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებისა, ხელისუფლებამ პირველ რიგში საკუთარ თავზე დაიწყო ზრუნვა და თუ ეს მაღალანაზღაურებადი, უზრუნველი თვითმმართველობა ვერ შეძლებს რაიონში ეკონომიკის გაჯანსაღებას, ვერ მოიზიდავს ინვესტიციებს, არ შექმნის ახალ საწარმოებს და შესაბამისად, სამუშაო ადგილებს, სადაც ,,ღირსეული დასაქმება“ იყო დაპირებული, მაშინ რიგითი ადამიანები ჩათვლიან, რომ თვითმმართველობა, ანუ ხელისუფლება, კიდევ უფრო დაშორდა ხალხს და შეიქმნა რაღაც კასტა, რომელსაც ნაკლებად ესმის მოქალაქეთა პრობლემების.
ბურთი ხელისუფლების მხარესაა...
მოსახლეობა ელოდება დანაპირების შესრულებას.
ოფიციალური სტატისტიკით ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული, მოსახლეობის 2,3 პროცენტია. საქართველოში კი _ 26 პროცენტზე მეტი. რაც თვალში საცემი განსხვავებაა. ... და კიდევ _ არაფრით არ ესმით ევროპელ პოლიტიკოსებს, რატომ უნდა უნდოდეს წარმატებულ ბიზნესმენს დეპუტატობა ან მთავრობის წევრობა.
მომავალი გვიჩვენებს საით გადაიხრება ვექტორი. ხელისუფლება მართლა იზრუნებს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე თუ კიდევ უფრო დაშორდება მას.
რას ფიქრობენ უმუშევარი და სოციალური დახმარების იმედად მყოფი ადამიანები ხელისუფლებაზე
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 582