არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს ქართველი კაცი და ელის. ელის და ელის... ეს არ არის სასურველი მდგომარეობა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ვერა და ვერ არის საქმე კარგად, წლები ვერ ცვლის ეკონომიკურ მდგომარეობას. დიახ, ეკონომიკა არის თავი და ბოლო არსებობის და თუ ეს მხარე მოწესრიგებული აქვს ადამიანს, ის ნაკლებად მორჩილია და უფრო მეტიც, მას ამ შემთხვევაში, თითქმის არ აინტერესებს პოლიტიკა.
არჩევნები არის მოლოდინი უკეთესი მომავლის. ლანჩხუთელი მოსახლეობაც ამ იმედით მივიდა არჩევნებზე. იყო საკმარისი აქტივობა, რომელიც, ჩვენის აზრით, პარტიების აქტიურობით არ იყო გამოწვეული. მოსახლეობას თავად მოსწყურდა სიახლე, მაგრამ რამდენად გამართლდა მოლოდინი, ამას დრო გვიჩენებს.
ეს არჩევნები ჩვეულებრივისგან განსხვავდებოდა. ოპოზიციამ მას რეფერენდუმი დაარქვა, რითაც სურდა მოსახლეობაში მეტი აქტიურობა გამოეწვია. ნაწილობრივ ასე მოხდა კიდევაც. არც ერთ შეხვედრაზე ოპოზიცია არ საუბრობდა საარჩევნო მიზნებზე. მაგალითად, მომეცი ხმა და ჩვენ გავიყვანთ გზას, აგიშენებთ საბავშვო ბაღებს და ა.შ. არამედ ამბობდა, მოგვეცით ხმა, ჩვენ გავიმარჯვებთ რეფერენდუმში. მერე მოვაწყობთ დიდ აქციებს და მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც შევცვლით ხელისუფლებას, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამაზე თანახმა იყო მოსახლეობის 30 პროცენტი. დანარჩენმა აირჩია ისევ არსებულ მთავრობასთან დარჩენა. ასეთ შემთხვევაში, როგორც ლენინი იტყოდა, წინასარევოლუციო სიტუაცია არ იყო მომზადებული. მიმდინარე მოვლენებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჩამოსვლამ. მაგალითად, კახი კალაძემ, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ არა ბოლო დღეების მოვლენები, გულისხმობდა სააკაშვილის ჩამოსვლას, ის პირველ ტურშივე იმარჯვებდა. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა კი განაცხადა, სააკაშვილის ჩამოსვლამ მათ 7-8 პროცენტი დააკარგვინა, მაგრამ, ვფიქრობთ, საქართველოში უცნაურად დაბრუნებულ სააკაშვილს, გაცილებით მეტი ზეგავლენა ექნება საქართველოს პოლიტიკაზე, ვიდრე დღეს ჩანს.
ამ არჩევნებმა გვიჩვენა, რომ საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია, დაპირისპირება, კიდევ უფრო ღრმავდება და ადამიანები მზად არიან უკიდურესი სიტყვებით ლანძღონ ოპონენტები, იმის გამო, რომ მათ არ მოსწონთ მოწინააღმდეგე მხარე, ფაქტიურად ეზიზღებათ ერთმანეთი. დიახ, ზიზღი და ბოღმა მეფობს... როცა ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბისვილს, ჰკითხეს ვის მისცა ხმა, მან უპასუხა, რომ დეპოლარიზაციას. ანუ, ამ სიტყვებით მან აღიარა, ქვეყანა არის პოლარიზებული. ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი იქნებოდა გამოჩენილიყო რეალური, ალტერნატივა, იგივე მესამე ძალა, რომელიც გარკვეულწილად დააბალანსებდა ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირებას, მაგრამ ოპოზიციაში ასეთი ძალა ვერ შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ დაირქვეს ასეთი სახელი. აქ, გახარიას პარტიის, ,,საქართველოსთვის,“ შემოსვლით ერთგვარი სიახლე შემოვიდა პოლიტიკურ ველზე, მაგრამ მხოლოდ ის შეძლო, რომ მე-3 ადგილზე გავიდა. მესამე ძალად ვერც ის ჩამოყალიბდა, თუმცა ახლადშექმნილი პარტიისთვის, რომელსაც ყველაზე მთავარი ორი პარტია აქტიურად უპირისპირდებოდა, მაინც წარმატებულად უნდა ჩაითვალოს მათი მიღწევა.
ლანჩხუთში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა. საკრებულოში შევიდა ოპოზიციის 8 წარმომადგენელი, რაც ოპოზიციის ერთგვარ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. ეს საკრებულოს ცხოვრებას უთუოდ გამოაცოცხლებს. საკრებულოში ოპოზიციის სახით ძირითადად გამოცდილი ხალხი შევიდა. სასურველია მათ ეს გამოცდილება სასიკეთო საქმეს მოახმარონ და არა ერთმანეთთან დაპირისპირებას.
საკრებულოში შესული პარტებისთვის ახალი მოცემულობა დადგა. საინტერესოა, როგორ მოახერხებენ ისინი თავიანთი დანაპირების შესრულებას. ნაციონალური მოძრაობა გაძლიერებული შემადგენლობითააა წარმოდგენილი და ეს მის ამბიციას კიდევ უფრო გაზრდის. ნაციონალებს ფართო ასპარეზი მიეცემათ ხელისუფლებასთან პირდაპირ რეჟიმში ოპონირების. ნაცმოძრაობასთან კარგად ითანამშრომლებს ,,ლელოს" წარმომადგენელი ჯოჩა ჯანაშია, რომელიც ნაციონალური მოზრაობის ყოფილი წევრია და საკრებულოს წევრიც იყო მათი ეგიდით. რაც შეეხება გახარიას პარტიას ,,საქართველოსთვის," პირველი ნომრის ჯუმბერ ბლაგიძის, აქტივობა ძალიან კარგად გვახსოვს ერთ-ერთი წინა მოწვევის საკრებულოში. მას შეუძლია დაუღალავი ოპონირება, მაგრამ ამავე დროს შეუძლია იყოს კონსტრუქტიული და საქმიანი.
საკრებულოში რამდენიმე ახალი წევრია, როგორც ოცნებიდან, ისე ოპოზიციიდან. მათ გაუმართლათ, იმ ახალწვეული ფეხბურთელებისა არ იყოს, რომელიც გუნდში ხვდებიან გამოცდილ ფეხბურთელეთან ერთად. მათი ახალგაზრდული ენერგია საშუალებას მისცემთ თავი გამოიჩინონ და დაიმკვიდრონ.
საბოლოო ჯამში ამომრჩევლის სურვილი იქნება ამ საკრებულომ ლანჩხუთს დაატყოს თავისი ამბიცია, რათა სულ სხვა ლანჩხუთი ვიხილოთ მომავალ არჩევნებზე.
,,ჰო და არა“ ბოლო თვეების მანძილზე საკრებულოს სხდომებს ნაკლებად აშუქებდა. დიდი იმედი გვაქვს იმდენად საინტერესო და მოქმედი გახდება საკრებულოს სხდომები, რომ მის გაშუქებას ჩვენი მედია გვერდს ვერ აუვლის. ვეცდებით მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ვეცდებით დაგანახოთ როგორ საქმიანობენ თქვენი რჩეულები.
პ.ს. ჩვენი დაკვირვებით, ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვერ შეძლო სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება ცენტრიდან ნულოვანი დაფინანსების გამო. აქაც ჩანს პერიფერიების მიმართ ცენტრის დამოკიდებულება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი საფიქრალია _ ეს თავკომბალობა ანგრევს სწორედ ქვეყანას...
ნონა გიგინეიშვილი
როგორც ლენინი იტყოდა...
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 737