ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სახლი, რომელიც საქართველოს ძლიერ ჰგავს!

10-09-2021, 13:16

სახლი - სახურავშელეწილი, ფანჯრებშეხურული, კარ გა­მოკეტილი, დაობლებული.
ეზო - ბარდ-ნარ-ეკალმოდებული, სიხარულისგან დაცლილი, ადამიანთა ღიმილს დანატრებული, პატარების კისკისის მომლოდინე.
რამდენი ასეთი სახლია საქართველოში - ერთ დროს ბედნიერი, სამყაროსავით ფერადი და ადამიანის სულივით მრავალფეროვანი რომ იყო.
ახლა?
ახლა გამქრალა სილამაზე, სახლის პატრონთა ნაკვალევს გაჰყოლია.
საით მიდის ნაკვალევი, რამ აიძულა ქართველი - მამა-პაპისეული ეზო-კარი გამოეკეტა, ვერანად ექცია?!
გაუსაძლისმა ყოფა-ცხოვრებამ აიძულა იგი სხვაგან ეძებნა თავშესაფარი, ლუკმა-პურის უქონლობამ ამოაძირკვინა პაპისეული ტრადიციები და გაჰყვა დაძრულ ქარავანს სხვადასხვა მხარეს.
მიმოიხედეთ, რამდენი ასეთი სახლია ჩვენს ირგვლივ.
ბევრია, ძალიან ბევრი...
უყურებ და თავის დახრა გინდება, როგორც მიცვალებულის წინაშე, რომელიც ამ ქვეყნიდან მიდის.
საინტერესოა, ხელისუფალთ თუ ეუფლებათ მსგავსი განწყობილება მომაკვდავი ეზო-კარის ხილვისას?
ვფიქრობ, არა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ შეიხივით ცხოვრებას, მილიონებთან შეთამაშებას და გადამკვდარი პატრიოტის ყალბი ნიღბის აფარებას.
რა მნიშვნელობა აქვს სახლ-კარს მოსული მტერი გაგაჩანაგებს თუ ის პირობები, რომელშიც ცხოვრობ? თუმცა მოსული მტრის შემთხვევაში ღირსებას არ კარგავ, სხვა შემთხვევაში კი ღირსებააყრილი დადიხარ ამ ცოდვიან დედამიწაზე და უსუსურობის საშინელი შეგრძნება გაწუხებს.
ვინ აგებს პასუხს?
მთავარი დამნაშავე, ალბათ, მაინც ეზო-კარის პატრონია, რომელსაც არ ეყო ძალა სიდუხჭირის დასამარცხებლად, მაგრამ მჯერა - ღვთისგან მაინც იმ ხელისუფალთ მოეკითხებათ, რომელთა ხელდასმით უსაშველოდ მომრავლდა დაობლებული სახლების რაოდენობა. სახლებისა, რომელიც საქართველოს ძლიერ ჰგავს.
ნონა გიგინეიშვილი                  2018 წელი

გადასვლები: 24
FACEBOOK კომენტარები