ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქართველი ბუნებით გმირია, გმირები კი იმარჯვებენ...

20-08-2021, 11:26

ღმერთი ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობებითა და ბუნებით აჯილდოვებს.  ეს ნიშნავს რას? თავშივე გამორიცხულია თანაბრობის პრინციპი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებიან ადამიანები თანაბრები, ანუ განსხვავებული იქნება მათი ცხოვრების წესი, შესაბამისად მათი ყოველდღიურობა, მათი დატვირთვა, რომელსაც ყოველი ადამიანი (თუ კარგად გავიცნობიერებთ) თავად უწესებს თავის თავს. შესაბამისად განსხვავებული იქნება მიღწევები, რომელსაც თითოეული ადამიანი იღებს თავისი გარჯის შედეგად... და გარჯის უნარი? ესეც რომ ღვთისგანაა, გიფიქრია ამაზე ხომ, ჩვენო ძვირფასო მკითხველო? გიფიქრია... და დასკვნაც გაგიკეთებია, რომ შენს ნებაზე თითქმის არაფერია დამოკიდებული ამ ცოდვილ მიწაზე, ყველაფერს ზენაარი წყვეტს. მაშ, რაშია საქმე?!  ღმერთი ხომ კეთილია? დიახ, ღმერთი კეთილია, თან იმდენად კეთილი, რომ ჩვენ, დედამიწელებს არ გვზღუდავს, არ გვიკრავს ხელ-ფეხს და რაც მთავარია არ ზღუდავს ჩვენს ცნობიერს და  და თავისუფალ სამყაროში თავისუფალი ნების წინაშე გვაყენებს _ აჰა, აირჩიე, საით მიდიხარ, კეთილისა თუ ბოროტისაკენ, შავისა თუ თეთრისკენ, ანუ შენს მიერ არჩეული გზა ტაძრისკენ მიდის თუ არა, შენი გადასაწყვეტია, ოღონდაც მერე ღმერთს ნუ მოსთხოვ პასუხს _ ნეტავი რატომ ღმერთოო _ ნუ შეჰღაღადებ... ( ისე რამდენს უნდა გაუძლოს ღმერთმა, თუმცა ის ხომ უსაზღვროა და ყოვლის შემძლე, ყველაფერს იტევს...)ყოველი კაცი პასუხისმგებელია თავისი თავის წინაშე. თუ დააკვირდებით, თუკი ადამიანი პასუხისმგებლობას გაცნობიერებულად იღებს თავისი თავის წინაშე, ანუ მას ამისი უნარი აქვს, ის სხვა ბევრ პასუხისმგებლობასაც აიღებს და შედეგსაც მიიღებს უთუოდ. ღმერთო, როგორ გვჭირდება ასეთი ადამიანები, როგორ გვჭირდება... ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანები თავადაც ბედნიერები არიან და მის ირგვლიც მყოფებიც, თუმცა მათ ირგვლივ ეშმაკისეული ბრძოლებიც ბევრია, ბევრი, მაგრამ ეგ არაფერი, ეს ცხოვრებაა, მას ვერსად გავექცევით... მაინც ასეთ ადამიანებზე მდგარა სამყარა მარად და ასე გაგრძელდება სამარადჟამოდ. ჩემი თაყვანი მათ და სურვილი _ ისინი მრავლად იყვნენ... 
მე კარგა ხანია აღარ ვკითხულობ ზღაპრებს, მაგრამ კეთილის ზეობის მაინც მჯერა;
მე კარგა ხანია აღარ ვკითხულობ ზღაპრებს, მაგრამ მჯერა ქართველის გონიერების; მჯერა ქართველი ბუნებით გმირია, გმირები კი იმარჯვებენ...
ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 588
FACEBOOK კომენტარები