დრომ გამოსცადა ადამიანები.
ბევრმა ვერ გაუძლო გამოცდას...
დრომ შეარყია ადამიანთა ზნეობა, დრომ დააკარგვინა ღირსება;
დრომ შვა გმირიც და მკვლელიც;
რამდენი მკვლელი დააბოტებს დღეს ქართულ მიწაზე, აღიარებელი თუ აუღიარებული, მაგრამ არსებული, რომელიც თავისი ცოდვით კიდევ უფრო აცოდვილებს ამ ცოდვილიან დედამიწას.
და დედამიწა ირყევა...
...მრავალი სახის მსხვერპლი შვა დრომ.
მსხვერპლი _ სამშობლოდან გადაკარგულნი, თვისტომს მოწყვეტილნი, კერაწართმეულნი, საკუთარ მიწას დანატრებულნი;
მსხვერპლი _ დაკარგული თაობა _ დროგამორჩენილი, თავჩახრილი და იმედგაქცეული.
მსხვერპლი _ უიმედობით გულგახეთქილნი, მიწასმიშურებულნი;
მსხვერპლი _ მოწუწუნეთა არმია, დროსგამკლავებულთა ფონზე საწყლად ჩენილნი;
მსხვერპლი _ სხვა საქმის უქონლობის გამო პოლიტიკაში ჩართულნი, პოლიტიკანებად ქცეულნი და უფრო დიდ პოლოტიკანებთან შებრძოლებულნი;
მსხვერპლი _ მე თავად, ვინც ამ სტრიქონებს ვწერ, შეწუხებული ამ ყველაფრით და თქვენაც, ვინც მას კითხულობთ, იზიარებთ, მეთანხმებით და განიცდით;
მსხვერპლი მთავარი _ ჩვენი სამშობლო _ ცრემლიანი, დარდიანი, ფიქრიანი, შეწუხებული, გასაცოდავებული, ჩვენი ლამაზი სამშობლო, ცრემლადქცეულს სუდარა რომ ვერ მოუშორებია...
და ათასი კითხვა, რომელთაგან უმთავრესი _ რატომ ეს ყველაფერი? რატომ ეს ღვთის სასჯელი? _ პასუხგაუცემელია. ასეთ შემთხვევაში პრობლემა არ გვარდება; ასეთ შემთხვევაში უბრალო ადამიანთა ჩაგვრა გრძელდება; უ-ბ-რ-ა-ლ-ო, ანუ იმ ადამიანთა, რომელთაც ბრალი არაფერში მიუძღვით.
დადგება დრო ბრალმდებელი გამოჩნდება და ეს იქნება თავად ხალხი, რომელიც პასუხს მოითხოვს ყველა კითხვაზე.
ჯერჯერობით კი, სამწუხაროდ, მსხვერპლათა რიცხვი იზრდება და იზრდება...
ნონა გიგინეიშვილი
მსხვერპლი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 758