ასპარეზი კოლეგას!
ჩვენს ისედაც რთულ და ნევროზულ გარემოში პანდემიამ კიდევ უფრო დაძაბა სოციალური ფონი და ადამიანები კიდევ უფრო დააშორა ერთმანეთს. თითქოს ყველა თავის პრობლემასთან ჩაიკეტა, განცალკევდა, გათითოკაცდა.
ეს მდგომარეობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ერთმანეთი დავივიწყოთ, მადლობა არ ვუთხრათ ღვაწლმოსილ ადამიანებს გაწეული შრომისთვის, არ დავაფასოთ მათი ამაგი და საქმისადმი თავდადება; დღეს შემოგთავაზებთ ინტერვიუს ადამიანთან, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია და ნახევარ საუკუნეზე მეტია მოღვაწეობს ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო სფეროში.
რაც მთავარია, ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას. არასდროს უღალატია ჟურნალისტიკის პრინციპებისთვის. ის არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს არჩეული პროფესია. ჩემთვისაც დიდი მაგალითია ჟურნალისტიკის სფეროში მის მიერ განვლილი გზა. გაზეთ ,,ლანჩხუთი პლუს”-ის რედაქტორზე, ქალბატონ ქეთევან ნაკაშიძეზე მოგახსენებთ.
,,ჰო და არასა” და ,,ლანჩხუთი პლუს”-ს შორის 2020 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და თავისუფალ პრესის ორ სუბიექტს შორის ურთიერთთანამშრომლობას, ერთმანეთის ინტერესების დაცვის მხარდაჭერას.
ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ ,,ჰო და არას” ფურცლებზე ადგილი დაგვეთმო ჩვენი პარტნიორი გაზეთის ,,ლანჩხუთი პლუს”-ის რედაქტორისთვის, რაც, ვფიქრობთ, მეტად საინტერესო იქნება თქვენთვის.
- ქალბატონო ქეთევან, უკანასკნელ ხანს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რა შეფასებას მისცემდით ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას და რა პერსპექტივას ხედავთ სამომავლოდ?
ქ.ნ. _ დიდი მადლობა, რომ გამიხსენეთ თქვენი ხანდაზმული კოლეგა. ვეცდები ვიყო მართალი, ობიექტური და არც თუ მთლად მკაცრი ჩემს შეფასებებში.
- მოდით მაშინ დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ ხედავთ თქვენ ქართული მედიის, ელექტრონულის თუ ბეჭდურის მდგომარეობას, საით მივდივართ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ?
ქ.ნ._ ისტორიას თუ გადავხედავთ, ოცდაათი წელი ძალიან ცოტაა, მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ რეგიონში ყველაზე ძლიერები, ყველაზე მეტნი და მიუხედავად ამისა საუკუნეები გამოვატარეთ ჩვენი ენა, კულტურა, თვითმყოფადობა... ერთი რამ შემიძლია მხოლოდ თავდაჯერებით ვთქვა, ნამდვილად ღმერთს ვუყვარვართ, თორემ რამ გადაგვარჩინა ამ აგრესიულ და მუდმივად ცვალებად ისტორიულ თუ გეოგრაფიულ გარემოში?
იმ ღირებულებათაგან, რომლებიც ქართველებს გაგვაჩნია, პირადად მე ყველაზე წინ დავაყენებდი ჩვენს მშობლიურ ენას და თქვენთვის იოლი გასაგები გახდება ჩემი მიკერძოებულობა, რომელშიც ერთ დიდ ქართველს დავიმოწმებ: „რა ენა წახდეს, ერი დაეცეს, ჩირქი მოეცხოს ტაძარსა წმინდას“.
- ჩვენი გულისტკივილიც ეს არის. წარმოიდგენდით, რომ დემოკრატიული საქართველო, თავისუფალი საქართველო უფრო მზაკვრულად მოექცეოდა ქართულ სიტყვას, ვიდრე ოდესმე ყოფილა? მედია მხოლოდ ლიანგის დონეზე დავიდოდა, ინფორმაციის წყაროდ კი მხოლოდ „მთავარი არხის“ და „იმედის“ იმედად დარჩებოდა?
ქ.ნ. _ მეც ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ ამდენი უმაღლესი განათლების მქონე ხალხის პირობებში ჩვენი ტელევიზიებიდან არ უნდა ისმოდეს დამახინჯებული ქართული. ჟურნალები და გაზეთები უფრო მკაცრად უნდა იცავდნენ ენის ნორმებს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამდენი პრობლემის პირისპირ დარჩენილ საქართველოს მოსახლეობას ენის საკითხი ყველაზე ნაკლებად აწუხებს იქნებ.
_ არ მეთანხმებით, რომ ჩვენი რაიონი, ანუ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სადაც სამი გაზეთი გამოდის, ეკონომიკის თვალსაზრისით ყველაზე გაჭირვებულთა შორის პირველია. აქ თითქმის ყველაფერი ადგილზე გაიყინა და საღათას ძილს მიეცა. რას ურჩევთ ახალგაზრდა კოლეგებს? რა გზას დავადგეთ? დავიხუროთ ქუდი და სახლებში წავიდეთ თუ ჩვენც გასართობ-თავშესაქცევი ამბებისთვის გავიმეტოთ ჩვენი შრომით ამდენ ხანს შენარჩუნებული ადგილობრივი გამოცემები?
ქ.ნ. _ საკმაოდ რთულ კითხვაზე მთხოვთ პასუხის გაცემას. რა დროს თავის შექცევაა, თუკი ხედავთ ქვეყანა ლამის თავზე გვექცევა? ჩვენ, ჟურნალისტებს უდიდესი ძალა გვაქვს ხელში, უნდა მოვიკრიბოთ მხნეობა, პრინციპულად დავდგეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე. უნდა გვეყოს ძალა და გონიერება საიმისოდ, რომ მედროვე და უნიჭო კაცებს და ქალებს არ გავაცამტვერებინოთ ეს ქვეყანა.
მაია კუკულაძე