ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სანამ არის ყველა სიტყვა ყალბი?!

14-05-2021, 12:23

ბეღელი ერთი ძალიან ლამაზი ქართული სიტყვაა. იგი სისავსის, ხვავრიელების, ოქროსფერი შემოდგომის გამოხატულებაა. ბეღლის სისავსე, ოჯახის სისავსის ნიშანია. შესაბამისად _ ოჯახის კარგად ყოფნისაც. ოჯახის კარგად ყოფნა, მოგეხსენებათ, ქვეყნის კარგად ყოფნასაც ნიშნავს. ბეღელთა სიმრავლე კი _ ქვეყნის სივრცელეს. ასე ვფიქრობ, რადგან ჩემი ქვეყანა მხოლოდ იქამდეა, სადამდეც (სადაც) შენა ხარ, ის არის, მე ვარ...
ჩემს ბავშვობაში ბეღელს, რატომღაც სხვა ელფერი ჰქონდა, თითქოს სხვა სიყვარულითაც ივსებოდა. არ ვიცი რატომ? შეიძლება ბავშვური ხედვის ბრალი იყო ყველაფერი. იქნებ დრომ წაშალა ფერები?! იქნებ დრომ წაიღო ხალისი?!
ვფიქრობ...
რატომ არის, რომ დღეს ყველაფერს შიშის ფერი გადაჰკრავს? დიახ, ბეღელში სიმინდის შეტანასაც კი. შიში _რა გზი,საითკენ წარიმართება ეს სიმინდი? რაში გამოიყენებს მას გლეხი? როგორც წესი გემრიელი მჭადების საცხობად, ცხოველებისა და ფრინველების საკვებად თუ სხვადასხვა პროდუქტებზე გადასაცვლელად. როგორც ბოლო წლებში ხდება ძირითადად. ამაშიც ცუდი არაფერია, მაგრამ ამ გადაცვლა-გადმოცვლაში სიმინდი შუა წლამდეც რომ ვეღარ მიყვება ოჯახს, პრობლემა ეს არის. 
,,ბეღელს თაგვი შესევია, 
ხრავს სულ რაც სახრავიაო,
მაგრამ დიდზე დიდი თაგვი
თავად მოურავიაო.”
მოგეხსენებათ, ეს სიტყვები, თავის დროზე თქვა პატარა ბიჭმა, შემდეგ საქართველოს დიდმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა.
დღევანდელ გარემოში ვინ არის მოურავი? ანუ რატომ არის ბეღელი ცარიელი? ან უკეთეს შემთხვევაში, რატომ ცარიელდება ბეღელი ადრე?
რა არ გვწყალობს?
არ გვწყალობს სახელმწიფოსგან შექმნილი გარემო პირობები, რის გამოც გლეხი იძულებულია შემოსავლის ნაწილი ვერ დააბანდოს სამომავლო საქმიანობისთვის. არ გვწყალობს საკუთარი ნებაც, ანუ ვერ ჩამოვყალიბდით კარგ მეურნეებად სხვადასხვა მიზეზების გამო (გამოვყოფდი ქართული ხასიათის ერთ მთავარ ნიშანს _ სიზარმაცეს. ნუ გამიბრაზდებით, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ასეა. რატომ არის ქართველში ეს თვისება ჩამჯდარი, უახლოეს ნომრებში ვისაუბროთ ამაზე, ანუ სიზარმაცის ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებზე, რომელიც შორეული წარსულიდან მოდის და დღესაც ვითარდება).
მოკლედ, ბეღელი, რომელიც წარსულში ძირითადად ივსებოდა, დღეს ნაწილობრივ ცარიელია; ნაწილობრივ _ ნახევრად სავსე და მცირე პროცენტით _ სავსე;
ბეღლის დაცარიელება, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს სიღარიბეს ნიშნავს. ასე ნიშნავდა ადრე, ასეა დღესაც.
ღირს ეს დაფიქრებად, ჩაფიქრებად და მსჯელობის საგნად...
სოფელი ქალაქის მასაზრდოებელი იყო და უნდა გახდეს.
რითი იკვებება დღეს ქალაქი? სადაურ პროდუქტს, საიდან ჩამოტანილს მიირთმევს, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და გაწუხებთ კიდევაც ეს პრობლემა.
ქართულ ბეღელს დღეს სახე ჩამოსტირის. ქართული მიწა იმ მუშახელს ელის, რომელიც თურქეთში და სხვა ქვეყნებში გადახიზნულა ოჯახის გასატანად. ქართველი კაცი კი იმ დროს ელის, როცა მთავრობას არ დაეზარება მუხლჩაუხრელად იშრომოს საკუთარი ქვეყნის (და არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის) ეკონომიკის ასაღორძინებლად.
მანამდე კი... მანამდე... ყველა გზა ცთომილია... მანამდე ყველა სიტყვა ყალბია... მანამდე ქვეყანა მშიშარაა... მანამდე მონები ვართ!..
       ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 1 199
FACEBOOK კომენტარები