რა თქმა უნდა, არ გესაუბრებით რომელიმე ძვირფას, ანუ ძვირადღირებულ თვალზე, მაგალითად, როგორიცაა ბრილიანტი. არც იმ თვალზე - ქვეყანას ზემოდან რომ დასცქერის და მისი კეთილი ნების გარეშე არაფერი ხდება ამ საუფლოში. უფლის თვალს ვგულისხმობ. მაშ, რატომ ამდენი ბოროტებაო, იტყვით თქვენ. გიპასუხებთ, იმიტომ რომ, უფალი არჩევანის თავისუფლებას აძლევს ადამიანებს. მათთვის განაჩენი კი თავად გამოაქვს, რომელიც შეიძლება დროში გაწელილი იყოს, მაგრამ მაინც გამოაქვს.
ამქვეყნიურ ცოცხალ თვალზე მინდა გითხრათ, რომელიც მეტად ჯანსაღია, იმდენად ჯანსაღი, რომ მოვლენებსა და ფაქტებს სხვა ნებისმიერ თვალზე უფრო ზუსტად და ჯანსაღად ხედავს და აღიქვამს.
არა, ეს არ არის პრეზიდენტის თვალი (ზოგადად პრეზიდენტს ვგულისხმობთ და არა კონკრეტულს, რა თქმა უნდა).
ეს არ არის პარლამენტარის ან სხვა სახელმწიდო მოხელის თვალი, რომელიც, რაც უნდა საღი იყოს, ყველაფერს მაინც თავისი გადასახედიდან დაინახავს.
ეს არ არის, არამც და არამც სასულიერო პირის თვალი, რომელიც სიკეთის დანახვისაკენ მოუწოდებს ადამიანებს.
ეს არის ქართული საზოგადოებრივობის იმ ნაწილის თვალი, რომელიც არავის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. თვალი, რომელიც მეტად საღია, მოვლენებისა და ფაქტების ობიექტურად დანახვა და აღქმა შეუძლია.
დიახ, არავის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის, და შესაბამისად, არც მოჩვენებები ჭირს.
და რას ხედავს ეს თავისუფალი თვალი?! როგორ აღიქვამს გარემოს?
- საქართველო მავანთა ერთმანეთზე გაწევ-გამოწევის შედეგად ავარდნილ ბუღში იხრჩობა. ადამიანები, საქმის კეთების სურვილჩამკვდარნი, მომავალს ვერ ხედავენ. თითქოს იმედი გამოჩნდა, მაგრამ ის ჯერჯერობით რეალობაში არ არის. იმედი, რომელიც განსაკუთრებით სოფელს სჭირდება, ვერა და ვერ გაცოცხლდა.
- ცრემლი სდის ამ მრავალჭირნანახ თვალს და გზას გასცქერის, იმ გზას სამშობლოდან გადახვეწილი ქართველები რომ უნდა დაბრუნდნენ, რათა საკუთარ კერას მოუარონ, საკუთარი ვაზი გასხლან, ჩაის ბუჩქი გააახლონ, ახალი ნერგი დარგონ.…
- გაბრწყინებული თვალების მოლოდინშია ჩვენი მშობლიური მიწა, წარსულში ქართველთა სისხლით და ოფლით ნაპოხი.
გაბრწყინებული თვალები კი არსად არის.
არსად...
გაბრწყინებული თვალების ძებნაში თვალები საერთოდ დაგვეკარგა, საერთოდ...
თვალი
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 872