ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როდის გავიღვიძებთ?!

5-03-2021, 11:19

ვაგრძელებთ ერთად ფიქრს და ვსვამთ კითხვას _ როდის გავიღვიძებთ?
სამწუხაროა, რომ ეს შეკითხვა თითქოს მარადიული გახდა ქართველისთვის.
,,ოჰ, ღმერთო ჩემო სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!” _  ბრძანებდა ილია.
მოკლეს ილია... მისი მთელი შემოქმედება ხომ ქართველთა გაღვიძებას, გააქტიურებას, მოძრაობის აუცილებლობას მიეძღვნა. ,,მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის ძალისა და ღონის მომცემიო”... 
ილიას სიდიადე ვერ შეირგეს ქართველებმა. მოკლეს ილია...
 ქართველს ისევ სძინავს...
 არადა, არ სცალია ქართველს ძილისთვის _ მიწაწართმეულ ქართველს, სახლკარწართმეულ ქართველს, ძმადაკარგულ ქართველს, განათლებაწართმეულ ქართველს, გაღატაკებულ ქართველს, იმედგაცრუებულ ქართველს...
მოკლეს ილია, იქნებ სწორედ მაშინ დაიძინა საბოლოოდ საქართველომ, სასოწარკვეთილმა... და ძინავს და ძინავს...
მძინარე საქართველოს კი ისე აბურთავებენ, ისე აგორავებენ აქედან იქეთ, რომ ქართველებს აღარ სურთ გაიღვიძონ და სიმართლეს ჩახედონ თვალებში, რადგან იქ თავის დამარცხებას დაინახავენ მხოლოდ. მარცხის აღიარება კი ქართველისათვის სიკვდილის ტოლფასია... მაგრამ ძილში გატარებული სიცოცხლე სიცოცხლეა ვითომ?! გეკითხებით სიცოცხლეა?!
რა ვუთხრათ იმ ბიჭებს, რომლებიც ბოლო 30 წლის მანძილზე ომებში დაიღუპნენ?! მათ არ ეძინათ... მათ სამუდამოდ დაიძინეს...
ჩვენ კი ისეთ ღრმა ძილში ვართ, ხან მეეჭვება, მათი ღვაწლიც ხომ არ დაგვავიწყა ჩვენმა ღრმა ძილმა. ისინი საქართველოს, ჩვენი შვილების მომავალს შეეწირნენ...
ჩვენ?! ჩვენ რა გავაკეთეთ?! ჩვენ დავიძინეთ...
ჩვენ არ გვეყო სული, გული, მრწამსი, სიყვარული, რომ ცოცხლებს გვებრძოლა თამარის, დავითის ღირსი საქართველოსთვის.
ჩვენ დავიძინეთ...
ჩვენ გვაჯობეს მათ, ვინც საქართველო თავის სახრავად გადააქცია, თავის ეზო-კარად გადააქცია, სხვათა სისხლის, სხვათა შრომის, სხვათა ტკივილის დაუნახავობის ხარჯზე.
როდის გავიღვიძებთ?
მე არ მსურს მძინარე საქართველოს ვხედავდე; ვიცი არც თქვენ გსურთ.
მე არ მსურს დაჩაგრულ საქართველოს ვხედავდე; მე არ მსურს უიმედო საქართველოს ვხედავდე; 
როდის გავიღვიძებთ?
მაშინ, როცა მეობას აღვიდგენთ და ვიტყვით _ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
ეს როგორ მოხდება? 
რწმენით მომავლის.
როგორ გავიღვიძებთ?!
ამაზე დავფიქრდეთ და ერთად გავაგრძელოთ საუბარი.

                ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 850
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა