ჩვენო მკითხველო, ახლა ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყართან.
საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში პოლიტიკური მმართველობა ვერ გაცდა ერთპარტიულ დიქტატურას, თუ არ ჩავთვლით შევარდნაძის დროინდელ პარლამენტს, როცა შვარდნაძემ სწორად ჩათვალა, რომ დაეწია ბარიერი და ყველა აქტიური პოლიტიკური ძალის მოქმედება პარლამენტში გადაეტანა, რის შედეგადაც ქუჩის აქციები დაცხრა. მაშინ პარლამენტში 26 პარტია იყო. ყველაზე მეტი ხმა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას ჰქონდა. ეს დემოკრატიული განვითარების გზაზე თითქოს კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ პარლამენტი არაეფექტური გამოდგა. იმდროინდელი მმართველობა ხალხს უფრო კურიოზული და გროტესკული გამოსვლებით დაამახსოვრდა, ვიდრე პარლამენტის ეფექტური ნაბიჯებით ქვეყნის განვითარებისთვის. თუმცა ეს, ალბათ, იმ პერიოდისთვის გამართლებული ნაბიჯი იყო, პოლიტიკური სტაბილიზაციისათვის შევარდნაძის მიერ გადადგმული. შემდეგ იყო მოქალაქეთა კავშირის ჩამოყალიბება და საქართველოს გადაყვანა ერთპარტიულ, ერთ ლიდერზე აწყობილ პოლიტიკურ სისტემაზე. შევარდნაძე და მოქალაქეთა კავშირი, საკონსტიტუციო უმრავლესობა, შემდეგ მიშა სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა და ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა... შემდეგ იგივე პრინციპი წარმატებით გააგრძელა ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ. არ ვაპირებ ამათი შედარებითი დახასიათება მოვახდინო. ყველამ რაღაცა წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში და დღემდე ასე მოვედით.
და ახლა, სულ რაღაც ორიოდე კვირაში უნდა ავირჩიოთ ისეთი პარლამენტი, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის და ამ სამივეზე რაღაცით უკეთესი. არც ისევ ერთპარტიული ძალის უპირობო გამარჯვება იქნება განვითარების მომტანი და არც 26 პარტიიანი პარლამენტი ეფექტური. უმჯობესია ამომრჩეველმა საღი გონებით ხმა მისცეს პოლიტიკურ ძალებს, რომელიც შეძლებს აქამდე მიღწეული ყველა წარმატება განავითაროს და ახალ მიღწევებისკენ წარმართოს ქვეყანა, წყალს არ გაატანოს დადებითი ტენდენციები და ხელი არ შეუწყოს კრიზისის გაღრმავებას. ახლა ურაპატრიოტიზმის დრო არ არის. შიგა და გარე კრიზისები იმდენად ძლიერია, მხოლოდ პრაგმატულ, პოლიტიკაში ჩახედულ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალებს შეუძლიათ ქვეყანა გამოატარონ ყველა განსაცდელს და შეძლოს ყველაზე მტკივნეული კრიზისის დაძლევა.
ახლა ყველაზე დამღუპველია ამომრჩეველის ნიჰილიზმი, ისეთი განწყობა, თითქოს მაინც არაფერი გვეშველება. არც იმ აზრის აყოლა გვარგებს, რომ თითქოს ზოგიერთ პარტიას რაღაც უნიკალური პროგრამები აქვს, რომელიც ქვეყანას პირველ ნოემბრიდანვე კრიზისიდან გამოიყვანს და ააყვავებს. ისე ნუ ვიზამთ, რომ ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ და პირადი ამბიციებისა და შურისძიების, რევანშიზმისა და ახალი მესიების ძიებაში, საფრთხის ქვეშ მყოფი ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენოთ. არჩევნები ბევრ საქმეს აგვარებს. ჩვენმა ქვეყანამ უნდა უჩვენოს მსოფლიოს, რომ მას ყველაზე კრიზისულ მომენტშიც კი შეუძლია პრაგმატულად გადადგას სწორი ნაბიჯები, მაგრამ არჩევნები ყველაფერს არ წყვეტს. ამის შემდეგ ყველამ ერთად უნდა დავუდგეთ ჩვენს მიერ არჩეულ პარლამენტს გვერდით და ხელები დავიკაპიწოთ, ვიშრომოთ ქვეყნის გადარჩენისათვის, განვითარებისათვის, წინსვლისთვის.საფრთხე დიდია, ჩვენი ორი მეზობელი ერთმანეთს ზარბაზნებს და რაკეტებს უშენს. მათი ნასროლი ჭურვები ჩვენს ტერიტორიაზეც ცვივა... კიდევ ორი მეზობელი ერთმანეთს ემუქრება - რუსეთი და თურქეთი კავკასიის ხელახალი გადანაწილებისათვის იბრძვის. ახლა მოზომილი ნაბიჯების დროა. ხელისუფლება მხოლოდ ბრძენ ადამიანებს უნდა ვანდოთ. შიდა დაპირისპირების კი არა ერთიანობასა და ურთიერთკონსესუსით ქვეყნის გადარჩენისთვის თავდადებული ზრუნვისა და ფიქრის დრო მოვიდა.
მტერი ბევრი გვყავს, ზოგს ერთი სული აქვს გამოიყენოს არჩევნების შემდგომ დამარცხებული და ხელმოცარული პარტიების, ამომრჩევლების ბრაზი და რევოლუციის ხანძარი ააგიზგიზოს საქართველოში, მაგრამ ზუსტად აქ არის საჭირო ჩვენი სიბრძნე, რომ ეს ყველაზე მეტად დამღუპველი ნაბიჯი არ გადაიდგას. ბოლოს და ბოლოს, არჩევნები მისი დიდი აქტუალობის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი პოლიტიკური მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში. მთავარი ის არის მაინც, როგორ შევინარჩუნებთ ამ პოლარიზაციის შემდეგ სტაბილურობას და გადავდგათ სწრაფი ნაბიჯები ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, სოციალური პრობლემების დასაძლევად. როგორ გადავიტანთ ზამთარს კოვიდპანდემიის პირობებში და სწრაფად გავატარებთ იმ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის გადარჩენისათვის და ეკონომოკური წანსვლისთვის.
ასე აკეთებს მთელი მსოფლიო. ასე ფიქრობს და ასე იბრძვის ევროპული დემოკრატიის ქვეყნები. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ქაოსი და დესტაბილიზაცია, თორემ საბოლოოდ დავკარგავთ ყველაფერს და მათ შორის დამოუკიდებლობასაც.
დღეს არჩევანი იმ პოლიტიკური ძალებისაა, რომელთაც ძალუძთ, აიღონ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, გვერდით გადადონ პირადული ამბიცია თუ შურისძიების განწყობა და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან, რათა მსოფლიოს დაანახონ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები იმარჯვებს და ჩვენ მზად ვართ დემოკრატიული განვითარებისათვის, მაშინ ჩვენ მხარს დაგვიჭერენ მსოფლიოს დემოკრატიული ძალები და მათთან ერთად უფრო იოლად დავამარცხებთ ყველა გამოწვევას და მივაღწევთ წარმატებას.
სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა მიგვიყვანს ქვეყნის დაღუპვამდე.
ქვეყანას გაამარჯვებინებს მისი მოსახლეობის გონიერება და გადაწყვეტილება მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას და გადარჩენას.
თქვენს ხელშია თქვენი მომავალი!
გია ჭანტურია ამბობდა _ ბევრს ჰგონია პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ პოლიტიკა ზნეობრივი უნდა იყოს და მაშინ გავიმარჯვებთო.
საქართველო არ არის ხელისუფლების, საქართველო არ არის ოპოზიციის, საქართველო ყველასია, პირველ რიგში შენი, ვინც ახლა ამ წერილს კითხულობ, და სწორედ შენ გაწყობს, რომ პოლიტიკა საქართველოში ზნეობრივი იყოს. შენ ეს გჭირდება და შენ ამას ითხოვ. სწორედ ამიტომ შენ სწორ არჩევანს გააკეთებ.
შენ ბედნიერ საქართველოს იმსახურებ!
ავტორი: ნონა გიგინეიშვილი
შენ ბედნიერ საქართველოს იმსახურებ!
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 793