40-60 წლამდე ისეთი ასაკია, ცოტათი ჭირს სამსახურის პოვნა, არც ის პერიოდია პენსიით რომ შეძლოს ადამიანმა თავის გატანა. რითი ირჩენთ თავს და ოჯახს, მაშინ როცა ქვეყანაში პროდუქტებზე კატასტროფული ფასებია?
ნუნუკა ვერულიძე, 59 წლის: მივესალმები მონატრებულ ლანჩხუთსა და ლანჩხუთელებს. ერთი წლის წინ ვმუშაობდი ლანჩხუთში. დღიური ანაზღაურება მქონდა 15 ლარი... შემდეგ მომემატა ხელფასი და უკვე დღიურად მქონდა 20 ლარი, ბონუსები და საბოლაო ჯამში 700 ლარზე ავდიოდი. ოჯახში ორი მეწველი ძროხა მყავდა. კვირაში თუ არა, ათ დღეში ერთხელ 100 ლარის ყველს ვაბარებდი. მყავდა ქათმები, ღორი; მქონდა ბოსტანი. ასე თუ ისე, არ გვიჭირდა... რა თქმა უნდა, ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობდნენ, მაგრამ როცა სერიოზულმა პრობლემამ იჩინა თავი, გადავწყვიტეთ, რომ დამეტოვებინა საქართველო და დავტოვე კიდეც. ხუთი წლის შემდეგ ისევ გავხდი ემიგრანტი... დღეს ისეთი კატასტროფული ფასებია ყველაფერზე, არ ვიცი როდის მომიწევს დაბრუნება. ნეტავ მომცა საშუალება და ყველა აქეთ წამომაყვანინა... ქვეყანააა, სადაც პენსიონერს დაფასება აქვს და არც ერთი ხანდაზმული ადამიანი ბაზარში არ დგას ყინვასა თუ სიცივეში... სულ მაწუხებს ფიქრი, როდის შეიცვლება მდგომარეობა?!
ანა კვიტაიშვილი, 48 წლის: მე ვარ 3 სრულწლოვანი შვილის დედა. მყავს დიდი ოჯახი. ოჯახში ყველა დასაქმებული ვართ. ვმუშაობ კერძო კომპანიაში. მეუღლე სახელმწიფო სამსახურშია. სტატისტიკის მიხედვით საქართველოს ბაზარი ათჯერ ძვირია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ვერანაირად ვერ ვირჩენდით თავს. ეკონომიურად საშუალო ფენას მივეკუთვნებით. შემოსავალი, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი. აქედან გამომდინარე, ვცდილობ მქონდეს დამატებითი შემოსავალი და დავდივარ მეზობელ ქვეყანაში, საიდანაც გადმომაქვს პროდუქცია რეალიზაციისთვის. 7 წლის წინ მეც ვიყავი ემიგრანტი. ვერ გავუძელი. საშინელ პირობებში მომიწია მუშაობა და წამოვედი. ჩემი ისტორიით წიგნი დაიწერება იმდენი ამბავი გადამხდა თავს.
ნინა ჭყონია, 42 წლის - დღეს ძნელია სამსახურის შოვნა. არა მარტო ასაკობრივი ზღვარი, არამედ უცხო ენებიც უფრო პრიორიტეტულია, ვისაც სჭირდება ეს უცხო ენები გასაგებია, მაგრამ უბრალო დამლაგებლად ვერ იმუშავებ თუ არ იცი ან რუსული ან ინგლისური. რუსული კი ბატონო, ჩვენმა თაობამ იცის, მაგრამ ინგლისური ცოტამ ალბათ, სამსახური არის, ვერ იტყვი არ არისო, მაგრამ 8 საათიანი გრაფიკით 35 40 ლარი, დღეს ეს თანხა არაფერია, ისეა გაძვირებული ყველაფერი. ჩემი მეუღლე მუშაობს, მაგრამ თავის რჩენა ჭირს და ვიკლებთ ბევრ რამეს უფროსები, ბავშვებს ვერ მოვაკლებთ მხოლოდ, სამსახურში ხელფასის ზრდას თუ გვპირდებიან, სამაგიეროდ პროდუქტების ფასები ორმაგად იზრდება.
ქრისტინა მოისწრაფეშვილი, 42 წლის: სამწუხაროდ, თავის რჩენა არ შეესაბამება დღევანდელ ჩვენს ცხოვრებას, თავის გატანა უფროა ეს. სამსახური რომც იშოვნო, ანაზაღაურება იმდენად დაბალია, ელემენტარულ პირველად მოხმარების პროდუქტს ვერ იყიდი, წამალი და ფუფუნების საგნებზე საუბარი ზედმეტია. ღმერთმა დაიფაროს ექიმი დაგჭირდეს და სერიოზული დაავადება აღმოგაჩნდეს, არც ბაზა გვაქვს შესაბამისი და არც ფინანსი. მე უკვე ოთხი წელია იძულებით ემიგრაციაში ვიმყოფები საფრანგეთში, ვინაიდან ჩემს შვილს აღმოაჩნდა ღვიძლის სიმსივნე და სასწრაფოდ ლანჩხუთელების გვერდით დგომით წამოვედით აქ. მშიერი არიან ადამიანები და მომავლის იმედის გარეშე. მალე მიწევს დაბრუნება საქართველოში და უკვე ვნერვიულობ ოთხი შვილი როგორ ვარჩინო, გამოვკვებო, განათლება მივცე, ჩავაცვა და მივხედო. ორ უკიდურესობაში ვარ, ან დავრჩე აქ და მოვწყვიტო ბავშვები ქართულ მიწას და სამშობლოს და აქ იცხოვრონ, როგორც ადამიანებმა, ან ჩამოვიდე, გამოვიჩინო პატრიტიზმი და გავუზარდო ოთხი შვილი სამშობლოს, სადაც ელემენტარულ პირობებს ვერ მივცემ მათ. აი, ესაა ჩვენი დღევანდელი ყოფა, სამწუხაროდ.
მაია თაბაგარი, 46 წლის: ამჟამად ვმუშაობ მარკეტ ,,ნიკორაში“. 750ლარი მაქვს ხელფასი, მაგრამ არანაირად არაფერში არ მყოფნის. 14 წელი ვიყავი თურქეთის ემიგრანტი. ჩამოვედი ლირის გაუფასიურების გამო. იქაც აღარაფერი გამოდიოდა. ახლა გაქცევაზე ვფიქრობ, გერმანიაში ვაპირებ წასვლას. ჩვენს ქვეყანას ეშველება ნეტავ როდისმე რამე?
,,ორ უკიდურესობაში ვარ, ან დავრჩე აქ და მოვწყვიტო ბავშვები ქართულ მიწას ან ჩამოვიდე იქ, სადაც ელემენტარულ პირობებს ვერ მივცემ მათ...”
მოამზადა ნინია ბარამიძემ
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 722