ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დაცლილი საქართველო არავის მოსწონს!

დაცლილი საქართველო არავის მოსწონს!
5-10-2022, 12:05

საგარეო პოლიტიკა ქვეყნის მიზნების ერთობლიობაა, რომლითაც ის განსაზღვრავს თავის ურთიერთობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. საგარეო პოლიტიკის მიზანი ასევე ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების, იდეოლოგიური მისწრაფებების და ეკონომიკური განვითარების დაცვაა. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად ასრულებს დღევანდელი ხელისუფლება საგარეო ურთიერთობებს და თუ ხედავთ ქმედით ნაბიჯებს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა? 
გიორგი მორჩილაძე:
ვთვლი, რომ  ხელისუფლება საგარეო ურთიერთობების კუთხით ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას სრულყოფილად. ამას მოწმობს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დასკვნა, რომელიც ,,ოცნების" თავის ტკივილად იქცა და დაგვანახა რეალური პრობლემები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ვერ გამოიყენა ისტორიული შანსი დაეწყო პროცესები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე. უფრო სწორად დაიწყო, მაგრამ ბოლომდე არ მიჰყავს. საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდა, მაშინ, როცა ეს სტატუსი მოიპოვა მოლდოვამ და უკრაინამ. ეს ასე დარჩება მანამ, სანამ მმართველ ელიტასთან დაკავშირებული ჯგუფები დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმით არიან დაკავებულნი; მანამ, სანამ არ გვექნება თავისუფალი სასამართლო, რომელიც არ იქნება პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად გამოყენებული. საგარეო ურთიერთობების კუთხით კრახი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ მეგობარ და ომში მყოფ უკრაინასთან, სანაცვლოდ კი კრემლის მედია-საშუალებები აქტიურად ციტირებენ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებებს რუსეთთან და ე.წ. რუს ტურისტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ ეს მდგომარეობა დარჩა იქ, სადაც ახლა არის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და შანსი, შევასრულოთ 13 პუნქტი, მოვიპოვოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შემდეგ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები დასავლეთთან... ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. 
რომა მახარაძე: 
ამჟამად საქართველო სახელმწიფოებრიობას თამაშობს, ამიტომ საგარეო პოლიტიკაც ერთი დიდი ფარსია. ამ ისტორიულ დროს ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, წინა ხაზზე უნდა ვიდგეთ უკრაინასთან ერთად და ხმამაღლა უნდა ვყვიროდეთ, რომ ჩვენი ხმა ყველამ გაიგოს. ამ დროს გავიძურწეთ და ვცდილობთ თვალში არავის მოვხვდეთ, რომ თავში არავინ წამოგვარტყას. უკრაინამ გააჩინა შანსი, ჩვენ კი ვრისკავთ ამ შანსის არგამოყენებით, ამ შანსის ხელიდან გაშვება ნიშნავს რუსულ ორბიტაზე დარჩენას. სინამდვილეში დასავლეთმაც პირდაპირ გვითხრა, დაასრულეთ ერთპიროვნული მმართველობა და ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ,,გადარჩეთ." ოცნება მაგას არასდროს გააკეთებს, საკუთარ თავს არ წაართმევს საყრდენს, ძალაუფლებას, ამიტომ ყველაფერი ფარსია, რასაც ე.წ. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს და ერთადერთი შანსი, რომ გადავრჩეთ, ამათი გაშვებაა.  
თორნიკე კუჭაშვილი: 
ის, რომ ქვეყანაში ომი არ არის, თავისთავად დადებითი ამბავია, მაგრამ მხოლოდ ამით კმაყოფილებაც არ მგონია სწორი.საერთაშორისო ასპარეზზე, შესაძლოა, მოწინავე ქვეყანა არ ვართ, თუმცა ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით, საქართველო ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების მატარებელია. ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი არ მოგვცეს და ამის მიზეზებს არ ჩავუღრმავდები, ამას ჩემზე კომპეტენტურები უკეთესად ახსნიან. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - ღირსეული და პატრიოტი ოჯახები არ ტოვებდნენ საქართველოს! დაცლილი საქართველო ძალიან არ მომწონს და კიდევ უფრო ვიძაბები, როდესაც, ყოველდღიურად, გადინების ნაკადი იზრდება! 
სოფია ჩხაიძე:
ქვეყნის საგარეო კურსიდან და საგარეო ურთიერთობიდან, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ყველაზე აქტუალურ, მნიშვნელოვან, მტკივნეულ მომენტს რუსეთთან ურთიერთობას გამოვყოფ. ომი მინდა?! არაა!!! უბრალოდ ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ყველაფერს თავისი სახელი ერქვას, მით უფრო მტერს. რუსეთი რომ საქართველოს მტერია, ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს ჩემი ქვეყნის 20%, ვიცი, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება საქართველოში რუსების უკონტროლო შემოდინებით, ამის სახელი დიდი ხანია ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე.
,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახოო”, ესაა ყველაზე უღირსი ანდაზა, რაც კი მსმენია და დღეს რუსეთთან საქართველოს ურთიერთობით ზუსტად ამ უღირსობას ვხედავ.
ომი დამთავრდა?! ვფიქრობ რომ არა,  რადგან ყოველ დღე მცოცავი ანექსია ხორციელდება ჩემი ქვეყნის მიწა-წყალზე და თუ ვიღაცისთვის დამთავრდა, მშვიდობის არ უნდა გვეშინოდეს ხალხო!!! რაც შეეხება ქმედით ნაბიჯებს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თამამად შემიძლია ვთქვა, ამ კურსით და მოცემულობით, ვერც შინ და ვერც წინ ევროპისკენ ვერ წავალთ.
ზაქრო გოგატიშვილი: 
32 წლის ადამიანი ვარ, მე მოვესწარი სამ ხელისუფლებას. მოქალაქეთა კავშირს, ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ ოცნებას. წინა ორ ხელისუფლებას, უამრავი შეცდომა ჰქონდა საგარეო პოლიტიკის კუთხით, ომები ამის ცალსახა დადასტურებაა. ჩემი უმთავრესი არგუმენტია, ვერც ერთმა ვერ მოახერხა ომის აცილება, საგარეო პოლიტიკის ისე წარმართვა, რომ მინიმუმ ომი აეცილებინა თავიდან. ომის მოგებაზე საუბარი ზედმეტია, ვერც ევრო ინტეგრაცია შეძლეს, ვერც ნატოში შესვლა, ვერც ევროკავშირ, ქართული ოცნების 10 წლიანი მმართველობის, უმთავრესი მონაპოვარი, რის გამოც მე პირადად, უამრავ მათ საშინაო პრობლემებზე ვხუჭავ თვალს, და კიდევ ვაძლევ არჩევნებში ხმას, არის ის რომ, ქართულმა ოცნებამ, 10 წლის თავზე შეძლო, საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა ისე, რომ ომი აეცილებინა თავიდან, მეტ-ნაკლებად სტაბილური და უსაფრთხო გაეხადა საგარეო კუთხიდან მომდინარე საფრთხეები, მოაწერა ხელი ვიზალიბერალიზაციას, ვფიქრობ უფრო მყარი სუვერენული ქვეყნად გავიქეცით საერთაშორისო ასპარეზზე? თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერა, ევროკავშირთან, ნატოსთან მჭიდრო კავშირი, რამაც ჯარი სრულად ინტეგრირებული და უნარიანი გახადა, ასევე ამერიკის პარტნიორობის უმაღლესი სტანდარტი, რაც აქადე არ ყოფილა, ამას თავად ამერიკელები უსვამენ ხაზს. სამეზობლო პოლიტიკაც დაბალანსებულია, სომხეთსა და აზერბაიჯანის ომის დროს, შუამავალი ქვეყანა ვიყავით, თურქეთთან მჭიდრო მეზობლობა, უამრავი ახალი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა და ეკონომიკური ორმხრივი ფორუმები ჩატარდა, ასევე გამოვყოფდი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა უამრავი რეზოლუციის თანაავტორი გახდა, ჰუმანიტარული კუთხით პირველ ადგილზე ვიყავით, მე ვფიქრობ, მოცემული პოლიტიკური სპექტრიდან, ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა ყველაზე დაბალანსებული, ქვეყნის საჭიროების გამტარებელი და დიპლომატიურია, ნაკლებად ხისტი და ადეკვატურია, წინა ხელისუფლებების პოლიტიკას ვერც კი შევადარებ. უკეთესი გვინდა, თუმცა მე მხარს ვუჭერ დღევანდელ კურსს, ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას.        

მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 696
FACEBOOK კომენტარები