რეპორტაჟი ლანჩხუთში გამართული სოლიდარობის აქციიდან
ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში, ჯვართან, გაიმართა უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია, სადაც შეიკრიბა ლანჩხუთის საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის იყვნენ სასულიერო პირები.
მამა დავითი (წულაძე): ,,კიდევ ერთხელ მადლობას შევწირავ უფალს ამ ერთობისთვის. ნამდვილად დიდი საქმეა იდგეს ამდენი ადამიანი ერთი მიზნისთვის, რომელ მიზანსაც კაცობრიობის მშვიდობა ჰქვია, გაერთიანდეს ერთად დადგეს ღვთის წინაშე და ერთად შეავედრონ უფალს ერთმანეთი და მთელი მსოფლიო. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ როგორც ქრისტიანი მართმადიდებელი ერი ვემიჯნებით გამოთქმას, ,,სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“, სხვისი ჭირი გვაღელვებს და გვტკივა, მითუმეტეს, როცა გასაჭირშია ჩვენი მოძმე და მეგობარი უკრაინელი ხალხი.
ნონა მურვანიძე: დიდ მადლობას ვუხდი საზოგადოებას იმისათვის, რომ გულთან მიიტანა ჩვენი მოძმე ხალხის, უკრაინელების, გასაჭირი და დღეს აქ ამდენი ხალხი შეიკრიბა. ამხელა საპროპტესტო მუხტი არ მინახავს სხვა დროს, დიდი ხანია არ მახსოვს ასეთი ერთსულოვანი ვყოფილიყავით. როგორც ხედავთ, ყველა ერთად ვდგავართ, დიდი და პატარა.
დიდება უკრაინას! მართლაც გმირი ხალხია უკრაინელები, საკუთარ პრეზიდენტთან ერთად, თავისუფლების მოყვარე ერია. დიდება უკრაინას!
ელისო ჭიჭინაძე: ბედნიერი ვარ, რომ ამდენ მხარდამჭერს ვხედავ. ცრემლებით სავსე თვალებით მოდიან ადამიანები. გულითადი მხარდაჭერა უკრაინას, განსაკუთრებული ხალხია! უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა!
ია ფირცხალაიშვილი ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ ეს შეიძლება მომხდარიყო 21ე საუკუნეში, რაც ახლა ხდება. გვერდით ვუდგევართ უკრაინელ ხალხს, ვუსურვებთ გამარჯვებას!
ლადო აფხაზავა: მიხარია ამდენ ლანჩხუთელს რომ ვხედავ ამ საპროტესტო აქციაზე. ასევე ძალიან მიხარია, რომ აქ ბევრი ახალგაზრდაა. ვფიქრობ, რომ ეს არის ის თაობაა, რომელიც შეცვლის საქართველოს და ამ ცვლილებებით ჩვენც გავიხარებთ.
ამირან გიგინეიშვილი: მე დღეს, როცა თანამოძმე უკრაინაში მიმდინარეობს სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლა უკრაინელად ვთვლი თავს.
როცა საქართველოს უჭირდა, უკრაინა ყველა შემთხვევაში გვერდით გვედგა, ოთხმოცდაათიან წლებშიც და 2008 წელსაც ჩვენი ვალია მორალურადაც და ფიზიკურადაც გვერდით დავუდგეთ უკრაინელებს. განსაკუთრებით კი ლანჩხუთთან დამეგობრებულ ქალაქს, ,,ნოვა კახოვკას.“
წარმატება უკრაინას, დიდება გმირებს!
ჯუმბერ ბლაგიძე: ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ლანჩხუთელებმა გამოხატეს სოლიდარობა, იმსახურებს უკრაინელი ხალხი ამ თანადგომას. მზად ვარ, რითაც შემეძლება გვერდით დავუდგე და რამდენიმე ოჯახი მივიწვიო ჩემს ოჯახში, რითაც შეგვიძლია დავეხმარო მათ.
ჩვენ სხვა მრავალი ლანჩხუთელი გამოვკითხეთ, რომელთაც ერთსულოვნად გამოხატეს მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს უკარაინის სატკივარი ჩვენი სატკივარიაცაა. აგერ უკვე ოცდაათი წელია საქართველო იბრძვის დამოუკიდებლობისათვის. ჩვენ საერთო მრავალსაუკუნოვანი მტერი გვყავს, რომელიც ამჟამად უკრაინულ მიწას ბომბავს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება და გმირი უკრაინელი ხალხი ზოგჯერ შიშველი ხელებითად კი მედგრად დგას აგრესიის შესაკავებლად. მათ თავიანთ პრეზიდენტთან ერთად საკუთარ თავში იპოვეს ძალა, ბაბაია არ დაეძახათ გახელებული აგრესორისათვის.
გვჯერა, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.
მიზანი _ კაცობრიობის მშვიდობა
მაია კუკულაძე
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 694