ლია მელიქაძე, სოფელი ქვიანი: რა თქმა უნდა, ფასების ზრდამ დაგვაზარალა. წამლებს ისედაც ვერ ვყიდულობდით, რადგან შემდეგ სხვა პროდუქტის ყიდვა გვიჭირდა. ახლა კი, კიდევ უფრო რომ გაძვირდა, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდით. ალბათ, წამალი ერთადერთია, რომელსაც ვერ მოიკლებ, თორემ ჯანმრთელობა ძალიან შეგერყევა, მერე კი მკურნალობა ძალიან ძნელია. რამდენი ადამიანი ვიცი წამალს ვერ ყიდულობს, ამას ემატება საკვებ პროდუქტებზე ფასების მატება, კომუნალური გადასახადები და სხვა. ყოველივეს კი ჩვენი პენსია ვერ წვდება. ვფიქრობ, მთავრობა მეტად უნდა ზრუნავდეს ამ პრობლების მოგვარებისთვის. ჟუჟუნა დოლიძე, სოფელი ნიგოითი: მთავრობა მეტად უნდა ზრუნავდეს ხალხის ჯანმრთელობაზე, შესაბამისად უნდა არეგულიროს ფასები წამლებზე, რადგან ისედაც მომატებულ ფასიან წამალს კიდევ უფრო მეტად ძვირად ვყიდულობთ. ვფიქრობ, მთავრობა უნდა აგვარებდეს ამ პრობლემებს სხვა ქვეყნების სააფთიაქო ქსელებთან და შედარებით იაფად შეიძინონ სხვადასხვა წამლები. ია კვასხვაძე, ქალაქი ლანჩხუთი: წამლებზე ფასების ზრდამ ჩვენი ოჯახების ბიუჯეტზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისი ყიდვა ხშირად მიწევს და ძალიან აღშფოთებული დავრჩი, რომ ისედაც ძვირ წამლებს კიდევ უფრო მოუმატეს ფასი. მაგალითად, `კორსიზი~ ღირდა ერთი ლარი, ახლა 1,5 ლარია. როცა წამალზე ხარ დამოკიდებული, ძალიან ძნელია 150 ლარიანი პენსიით არსებობა. მართალია, პენსია იზრდება 10 ლარით, მაგრამ ფასებმა ისე მოიმატეს, რომ ის 10 ლარი ალბათ, 1 ლარიც აღარ იქნება. მთავრობა აქტიურად უნდა ზრუნავდეს ხალხის ჯანმრთელობაზე, რადგან ჯანმრთელი ადამიანი, ეს მთელი ქვეყანაა. მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს ესა თუ ის მედიკამენტი სხვა ქვეყნებიდან იაფად შემოიტანონ კერძო კომპანიებმა. იამზე მახარაძე, სოფელი ნიგოითი: ყველაფერზე ძალიან ძნელია ფასების მომატება, მაგრამ წამალზე კიდევ უფრო ძნელი, რადგან ადამიანს, რომელსაც წამალი სჭირდება და ფასების გამო ვერ ყიდულობს, მისი ჯანმრთელობა უარესდება. ამას ემატება საკვები პროდუქტები და გადასახადები. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ გვაწევს მხრებზე. მთავრობა ყველაფერ ამას უნდა არეგულირებდეს და ზრუნავდეს ამ აუცილებელი საკითხების მოგვარებაზე. უნდა დაამყარონ კავშირები სხვა ქვეყნებთან, რომ შედარებით იაფად შემოიტანონ წამალი, რადგან ყველაზე უფრო მეტად წამალი სჭირდება ავადმყოფს. თუ წამალი ვერ იყიდა, ჯანმრთელობაც არ იქნება. ეს კი დაღუპვის ტოლფასია. ენვერ ანდღულაძე, სოფელი ჩოჩხათი: ძალიან მძიმე გადასატანია ფასების ზრდა, მით უმეტეს წამლებზე. მართალია, ეს ყველაფერი კერძო კომპანიების ბრალია, ისინი ზრუნავენ მაღალ ფასებზე, რათა მეტი მოგება ნახონ. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ მოქმედებს ადამიანებზე. რა ჰქნას გაჭირვებულმა ადამიანმა, წამალი რითი იყიდოს; ან საკვები პროდუქტები რითი შეიძინოს, ან გადასახადები როგორ გადაიხადოს. მით უფრო მაშინ, როცა არავითარი შემოსავალი არ გააჩნია პენსიის გარდა. მთავრობა მეტად უნდა ერეოდეს კერძო კომპანიების მუშაობაში, რომ ვითარება სავალალო არ გახდეს. ისედაც მცირე პენსია პურის ფულადაც არ გვყოფნის, წამალი კი რითი ვიყიდოთ? ვანო მეგრელიშვილი, სოფელი ნიგოითი: მე პენსიონერი ვარ და თან ავადმყოფი, ახლაც აფთიაქში წამოვედი წამლების შესაძენად, მაგრამ ძალიან გაძვირებული დამხვდა და ზოგიერთი წამალი ვერ ვიყიდე. ყველაფერს მოითმენს ადამიანი, მაგრამ საკვებს და წამალს ვერა. თუ ჯანმრთელობა არ გვექნა, ოჯახიც ვერ იარსებებს. მთავრობა აუცილებლად უნდა ზრუნავდეს ადამიანების ჯანმრთელობაზე. კერძო კომპანიებთან ურთიერთობები უნდა მოაგვაროს და შედარებით იაფად ყიდდეს აფთიაქები. ასე თუ გაგრძელდა, ხალხის მდგომარეობა ძალიან დამძიმდება. თუ ჯანმრთელი ადამიანები არ გვეყოლება ქვეყანაც ვეღარ იარსებებს. აბა, მთავრობა რისთვის გვჭირდება, თუ ქვეყანას და ხალხს არ მიხედა?! მარიამ სამხარაძე, ქალაქი თბილისი: ხალხისთვის ძალიან მძიმე ასატანია ფასების მატება, როგორც პროდუქტებზე, ისე სხვა ყველაფერზე, მაგრამ ყველაზე მეტად მძიმეა ფასების მომატება წამლებზე. როდესაც ადამიანს წამალი სჭირდება, აუცილებლად უნდა იყიდოს, რათა მდგომარეობა გაიუმჯობესოს. წამალზე ფასის ზრდა ყველაზე მეტად მძიმეა ავადმყოფებისთვის, რადგან აუცილებლად სჭირდება წამალი. ამაზე სახელმწიფო და მთავრობა აუცილებად უნდა ზრუნავდეს. მართალია, წამლების შემოტანა კერძო კომპანიების პრეროგატივაა, მაგრამ მთავრობა აქტიურად უნდა ერეოდეს ამ პროცესში, რათა არ მოხდეს დიდი უკმაყოფილება ხალხში. ქვეყნისა და ხალხის ბედი დამოკიდებულია მთავრობის მუშაობაზე. მთავრობის უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს ხალხის ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. იგორ ჭითანავა, ქალაქი სენაკი: ჩვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის პენსია, რომელიც საკვები პროდუქტებისთვის ძლივს გვყოფნის. ამას ემატება წამლები, რომლებიც აუცილებლად გვჭირდება. ფასების ზრდის გამო მათი შეძენა ძალიან გაგვიჭირდა. კომუნისტურ ხანაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ფასებიც ნაკლები იყო როგორც პროდუქტებზე, ისე სხვა საქონელზე. წამლები ხომ რაღაც კაპიკები ღირდა. საავადმყოფოებში წამლები და მკურნალობა უფასო იყო. პენსიაც დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით ინიშნებოდა და პენსიონერს ცხოვრება აღარ უჭირდა. როგორ შეიძლება წამლის შემოტანა ბიზნესად აქციო და ფული იშოვო, როცა გაჭირვებული ადამიანი წამლის მიუღებლობით იღუპება. ხალხმა როდემდე უნდა ითმინოს უპურობა, უწამლობა და როგორ იარსებოს. მახსოვს საავადმყოფო ზამთრობით გადავსებული იყო პენსიონერებისგან. თუ ის მატოხელა იყო, მით უმეტეს. გამოსაზამთრებლად წვებოდნენ საავადმყოფოებში. ყველაფერი უფასოდ ჰქონდათ, ასევე უფასო იყო სამჯერადი კვება. ხელისუფლება დღეს მხოლოდ პირადი კომფორტისთვის ზრუნავს. თუ რამე არ გამოასწორეს, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება და ამბოხებაც გარდაუვალი იქნება. ამიტომაც გახშირდა გაფიცვები. რუსუდან მანაგაძე
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0