ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორი განწყობით ხვდებით არჩევნებს? - რას ფიქრობს ხალხი

16-09-2020, 12:31

ლელა ცანავა, ლესა:
მინდა, რომ უკეთესობისაკენ შეიცვალოს ხალხის მდგომარეობა. სიღარიბე აღარ იყოს და ყველა კარგად ცხოვრობდეს.
თამარ კიკვაძე, ლანჩხუთი:
არავის იმედი არ მაქვს, გარდა ღმერთისა. ღმერთს შევთხოვ საქართველოს ამოესუნთქოს და ყველაფერი უკეთესობისაკენ  შეცვლილიყოს. 
კობა ჩაჩავა, ლანჩხუთი:
არ დავდივარ არჩევნებზე, რადგან არავის იმედი არ მაქვს. მხოლოდ თავისა და ღმერთის იმედი მაქვს.
ხატია იმნაიშვილი, გვიმბალაური:
კარგი განწყობით ვხვდები არჩევნებს. მაქვს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. მართალია, ბევრმა კანდიდატმა გაგვიცრუა იმედი, მაგრამ ღვთს ნებით ყველაფერი კარგად შეიცვლება.
თენგიზ ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
არაფერი არ შეიცვლება, რადგან უკვე  იმდენჯერ გაგვიცრუეს იმედი, რომ აღარავის იმედი არ მაქვს. იქნებ ღმერთმა გადმოგვხედოს და ისეთი პოლიტიკური ძალა მოვიდეს არჩევნების შემდეგ, რომ ხალხს მიხედოს და მის პრობლემებზე იზრუნოს. 
ნინო გიორგაძე, ნიგვზიანი:
უკვე ყველაფრის იმედი დავკარგე. იმედი არ მაქვს, რომ არჩევნებით რაიმე გამოსწორდეს. ძალიან მძიმე ცხოვრება მაქვს. დედა პენსიონერი, წნევით დაავადებული, ძმა ავადმყოფი მყავს. სახლი ავარიულ მდგომარეობაში მაქვს. რაც აშენდა, მას შემდეგ გაურემონტებელია. ყველგან წყალი ჩამოგვდის, რაც ტაშტები და გობები მაქვს, ყველაფერი შედგმული მაქვს, რომ წყალმა არ დაგვაზარალოს. არც წყალი, არც გაზი არ გვაქვს. ჩვენ საშუალება არ გვქონდა, რომ გამოგვეყანა და მთავრობა არ დაგვეხმარა. წყალს 12 კილომეტრიდან ვეზიდები, ხელები მტკივა, ან რამდენი  უნდა მოვიტანო რომ მეყოს. ღელეში ვრეცხავთ სარეცხს. სოციალური დახმარებით ვცხოვრობთ, დედაჩემის პენსია წამლებში არ გვყოფნის. საჭმელს შუა ცეცხლზე ვაკეთებთ. არ ვიცი რა ვქნა. ზამთრისთვის შეშასაც ვერ მოვიმარაგერბთ. არც ფეჩი მაქვს. არ ვიცი რა გვეშველება. ამ უკიდურეს გაჭირვებაში კიდევ უპატრონო ძაღლები შემოგვეკედლა. გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ისეა ჩემი საქმე. ვერც გავაგდეთ, რადგან გვეშინია არ დაგვჭამოს. დედაჩემი წააქცია პურის გადაგდების დროს. ერთი პური არ ყოფნის, ძაღლის საჭმელი კი არა, თავი რომ გავიტანოთ, ჩვენთვის არ გვყოფნის. იქნებ ეს წერილი ვინმე მადლიანმა წაიკითხოს და დაგვეხმაროს, მხოლოდ ამის იმედი დამრჩა.  
რუსუდან ჭანტურიშვილი, ნიგოითი:
არც ერთი არჩევნების დროს არაფერი გამოსწორებულა, არც ახლა მაქვს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება. უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობ. ერთი სოციალური დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნეს, ახლა პენსიის იმედზე ვცხოვრობ. არც სახლი მაქვს გარემონტებული. როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნით. სოციალური დახმარება მომიხსნეს. პენსია არაფერში მყოფნის, ყველგან ნისიით მაქვს აღებული პროდუქტი, რომ საჭმელი ვჭამო. უკიდურეს დღეში ვცხოვრობ, იქნებ დამეხმაროს ვინმე, რომ თავი გავიტანო. არჩევნები კი არა, ცოცხალი თუ გადავრჩი, ამაზე ვფიქრობ.
დავით მოისწრაფეშვილი, ნიგვზიანი:
არ მაქვს იმედი, რომ არჩევნებით რაიმე შეიცვლება, ძალიან მინდა, რომ რაიმე შეიცვალოს და ხალხი ასეთ გაჭირვებაში არ ცხოვრობდეს.  
გრიშა კუკულავა, ლანჩხუთი:
არ მაქვს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება. არაფრის იმედი არა მაქვს. არჩევნებზე ასარჩევი კანდიდატები ახლა გააქტიურდებიან და ყველაფერს დაგვპირდებიან, არჩევნების შემდეგ კი თუ პარლამენტში მოხვდნენ, მხოლოდ ფულის მოხვეჭაზე  გადავლენ. ხალხი კი ფეხებზე ჰკიდიათ. ასე იყო შევარდნაძის დროიდან და ასეა ახლა. ამ ხელისუფლებას მაინც ყველაფერი სჯობია, დავიღალეთ ამდენი იმედგაცრუებით. ახლა კიდევ ეს კორონა დაგვემატა, გაჭირვებულს ქვა აღმართში მოგვეწია და არაფრის იმედი არ დაგვიტოვა. 4 მილიარდნახევარი თანხა სად გაფლანგეს და სად წაიღეს, არ ვიცი.  ხალხი დაუცველად და შიმშილისათვის გასაწირად დააგდეს. ახლა რომ იძახიან, აგვირჩიეთ და ყველაფერს გავაკეთებთო, ვინაა რამეს გამკეთებელი?  სულ არ წავალ არჩევნებზე, მაგრამ თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ. ხალხის ფულს ამ არჩევნებში ჩაყრიან და  ხალხს გაჭირვებაში დატოვებენ. გაჭირვებულმა რომელ ერთზე იფიქროს, თავი როგორ გაიტანოს, თუ კორონას გადაურჩეს? 
მაგული კაჭახმაძე, ლანჩხუთი:
არაფრის იმედი არ მაქვს. რომელი მთავრობა მოვიდა და ხალხისთვის რამე კააკეთა? ოღონდ პარლამენტში მოხვდნენ და ყველაფერს იკადრებენ, ხალხი დაავიწყდებათ. სასახლეებს აიშენებენ, საქართველოს მიწებს თუ კიდევ არის რაიმე გაუყიდველი, იმასაც იყიდიან და თავის ცხოვრებას მოიწყობენ. მაინც როგორ არ რცხვენიათ? რამდენჯერ უნდათ მოგვატყუონ? როგორ უნდა აგვიგდოს ჩვენმა არჩეულმა მთავრობამ?  თვალებში ნაცარს გვაყრიან. არ მჯერა, რომ რამეს შეცვლიან ხალხის სასარგებლოდ.
        რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 30
FACEBOOK კომენტარები