მზიური ვადაჭკორია, ჭანჭათი:
_ ამ არჩევნებით არაფერს ველოდები, რადგან ყოველთვის იმედგაცრუებული დავრჩით. ღმერთმა ყველაფერი მშვიდობიანად ჩაატაროს და უკეთესობისაკენ შეიცვალოს.
მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობ. ყოველი წვიმის დროს მიწის ჩამოშლის საშიშროებაა. რამდენჯერმე მივმართე გამგეობას განცხადებით, მაგრამ არაფერი შედეგი არ მოჰყოლია. გადმოგვასახლეს ჩვენი სახლიდან და სხვის სახლში შეგვასახლეს ქირით. ქირას მთავრობა გვიხდის, მაგრამ მაინც ვერ ვცხოვრობთ დალხინებულად. ყველაფერში გასაჭირი გვაქვს. თუ არჩევნებამდე დაგვეხმარებიან, მაშინ მივცემ ხმას არჩევნებზე. ერთი სოციალური დახმარება გვაქვს და იმით ვცხოვრობთ. 4 შვილი მყავს, ოთხივე სკოლადამთავრებულია, არსად არ მუშაობენ, ხანდახან შარშან თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ახლა კი ამის საშუალება არ არის. ამიტომ ძალიან გვიჭირს.
დარეჯან სოდერნიშვილი, ლანჩხუთი:
_ ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში გვინდა ყველაფერი კარგად იყოს. მთავარია არჩეული მთავრობა ხალხზე ფიქრობდეს და მასზე ზრუნავდეს.
ზაირა გოგიბერიძე, ლანჩუთი:
_ მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. ბევრჯერ შეიცვალა მთავრობა, მაგრამ იმედები ვერავინ გაამართლა. ხალხს მთავრობის ნდობა არა აქვს. დაიღალა ამდენი გაჭირვებით.
ნატო ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
_ ხალხს მაინც და მაინც დიდი იმედი არა აქვს არჩევნების, მაგრამ მაინც რაღაცის იმედი არსებობს.
პაატა ჩიხლაძე, ლანჩხუთი:
_ მინდა იმედი მქონდეს, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. ხალხი იმდენჯერ დარჩა იმედგაცრუებული,რომ არჩევნების ნაკლებად სჯერა, მაგრამ ისე ძალიან უნდა ცვლილებები მოხდეს, რომ არჩევნებზე ყველა დიდი იმედით წავა.
ნინო ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ მინდა ყველაფერი მშვიდობიანად და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ახლად არჩეულმა მთავრობამ კი მაქსიმალურად იზრუნოს ხალხზე.
კახა ტაბატაძე, ლანჩხუთი:
მინდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად ჩატარდეს. ხალხი დაიღალა უკეათესობის მოლოდინით. ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა და ახლა მაინც უნდა ყველაფერი შეიცვალოს უკეთესობისკენ, რომ შედარებით კარგად ვიცხოვროთ.
ქეთევან ლაღიძე, ლანჩხუთი:
_ ჩემი აზრით არაფერი შეიცვლება. ხალხი დაიღალა ამდენი გაჭირვებით და უკეთესობის მოლოდინით. ასარჩევი კანდიდატები ხალხს არჩევნებამდე ყველაფერ სიკეთეს პირდებიან, მაგრამ არჩევის შემდეგ ყველაფერს ივიწყებენ. ღმერთმა ქნას, ისეთი მთავრობა მოვიდეს, რომ სირცხვილის გრძნობა გააჩნდეს და პირველ რიგში ეკონომიკას მიხედონ და ხალხი დაასაქმონ, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაიზარდოს. აფთიაქებში წამლებსა და მაღაზიებში პროდუქტებს ცეცხლი არ ეკიდებოდეს.
რუსუდან მანაგაძე
რეპორტაჟი ქუჩიდან. როგორი განწყობით ხვდებით არჩევნებს?
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 944