ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვისთვის ჩინური და ვისთვის გასაგები ბიუჯეტი!

ვისთვის ჩინური და ვისთვის გასაგები ბიუჯეტი!
30-11-2017, 08:06

28 ნოემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე განიხილებოდა ერთი საკითხი : „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების შესახებ!“- მომხსნებელი როლანდ ლაშხია. სანამ მომხსენებელი სიტყვით გამოვიდოდა, წინა სხდომის მსგავსად, ამირან გიგინეიშვიმა გააპროტესტა ბიუჯეტის წარდგენა როლანდ ლაშხიას მიერ. მისი თქმით: ,,დაირღვა საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, როდესაც საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტი ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად, არაუფლებამოსილმა პირმა გამოიტანა. კერძოდ, კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერი შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; იმავე კოდექსისი თანახმად, მერს არა აქვს უფლება, მოახდინოს საკრებულოზე გასატანი საკითხის დელეგირება სხვა პირზე, თუ ეს საკითხი, საკრებულოს მიერ დამტკიცებას საჭიროებს.“ამირან გიგინეიშვილმა შესთავაზა უმრავლესობას, რომ ცვლილება შეეტანათ პროცედურულ საკითხებში, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გზით მოუწევს ამის გაკეთება. მას პასუხი გასცა ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ვერიკო კვირკველიამ. მისი თქმით, როლანდ ლაშხია ბიუჯეტის წარდგენას არ აკეთებს და ეს უბრალოდ შინაარსის მოყოლაა. ამის შემდეგ როლანდ ლაშხიამ მოხსენება გააკეთა:
,,მიმდინარე წლის 9 ნოემბერს დაგვეწერა N1373 წერილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა,განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ბიუჯეტის დამტკიცებულ ასიგნების ფარგლებში სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამის 13186 ლარის შემცირების ხარჯზე, გაიზარდოს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა 500 ლარით; ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა 6336 ლარით; სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა 6350 ლარით; ასევე სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 400 ლარით და სხვა ხარჯების მუხლის 500 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს სოც:უზრუნველყოფის მუხლი 900 ლარით; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 1012 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს შრომის ანაზღაურების მუხლი 1012 ლარით; წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის 4000 ლარით შემცირების ხარჯზე გაიზარდოს: მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა ხარჯების მუხლი 1050 ლარით, მუნიციპალიტეტის გარე განათების ელექტროენერგიის ხარჯის არაფინასური აქტივების ზრდის მუხლი გაიზარდოს 450 ლარით და ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალური შენობა ნაგებობაში დახარჯული წყლის გადასახადის ოფისი მუხლი 2500 ლარით. საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის შესყიდვა სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 157353 ლარის ხარჯზე გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 157353 ლარით. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქონელი და მომსახურების მუხლი 4000 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს საკრებულოს ტრანსპორტის მუხლი 4000 ლარით. მუნიციპალიტეტის მერიის საქონელი და მომსახურების მუხლის 3600 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს ტრანსპორტის მუხლი 3600 ლარით. მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაცის სამსახურის საქონელი და მომსახურების მუხლი 900 ლარის შემცირდების ხარჯზე გაიზარდოს ტრანსპორტის მუხლი 900 ლარით.“
ამ მოხსენებას დიდი პროტესტი მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ასკურავას მხრიდან. ის დაინტერესდა, არის თუ არა ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ჩაბარებული ის ობიექტი, რომლის კომუნალურ გადასახადებსაც მუნიციპალიტეტი გადაიხდის, მაგრამ მისი მთავარი სამიზნე მოხსენების ის პუნქტი იყო, სადაც წერია, რომ ,,საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის შესყიდვა სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 157353 ლარის ხარჯზე გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 157353 ლარით.“ ასკურავა ითხოვდა, რომ პასუხი გაეცათ, რატომ ხდება ამხელა თანხის გამოყოფა წლის მიწურულს. მას უთხრეს, რომ ხდება თანხის მუხლიდან-მუხლში გადანაცვლება და ეს თანხა აუცილებლად უნდა გამოიყოს განხორციელებული პროექტების ინსპექციისთვის. ასკურავას თქმით, მისთვის გაუგებარია, საერთოდ რას ნიშნავს რეგიონალური ტენდერი და რა მიზნებისთვის მიიმართება ასეთი დიდი თანხა. მისი სიტყვით გამოსვლის დროს, არ წყდებოდა სხვადასხვა სახის რეპლიკები უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან, ისინი მოუწოდებდნენ ასკურავას დამშვიდებულიყო და თავგამოდებით ამტკიცებდნენ, რომ მათთვის ყველაფერი გასაგები იყო. ამ დროს კახა ასკურავამ ერთ-ერთ დეპუტატს, ელისო ჭიჭინაძეს მიმართა:,,ელისო, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს თემა შენთვის ჩინურივითაა და მაცალე აზრის გამოხატვა“. თავის მხრივ, ელისო ჭიჭინაძემ ,,არ აპატია“ ოპოზიციონერ კოლეგას ასეთი მიმართვა და ეთიკის კომისიას სთხოვა, რომ ასკურავას ჭკუა ასწავლონ. ,,ძალიან გთხოვთ, რომ კახა ასკურავას მისამართით გაატაროთ შესაბამისი სანქციები, ეს არ არის პირველი გამოსვლა, სადაც ზრდილობის ფარგლებიდან გამოდის, თქვენ თუ არ გააკეთებთ ამას, მაშინ არსებობს ჭკუის სწავლების სხვა ხერხები“ - ცხარობდა ჭიჭინაძე. სანამ კახა ასკურავას გაშოლტავენ, ან დასჯის სხვა მეთოდს მიმართავენ, მანამდე სხდომის მიმდინარეობას დავუბრუნდეთ.
უმრავლესობის თქმით, მნიშვნელობა არა აქვს იმას, ჩაბარებულია თუ არა ობიექტი, კომუნალური გადასახადები აუცილებლად უნდა ანაზღაურდესო. ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან სხვადასხვა სახის რეპლიკები ისმოდა, ისეთი რომელზე იტყვიან, რომ ,,ტყემალზეა და ბალს ჭამსო“. ნებისმიერ მოქალაქეს ამ სხდომის შემხედვარე გაუჩნდებოდა აზრი, რომ ზოგიერთისთვის დეპუტატის მანდატი სრულიად არაადეკვატურია და მათთვის საკრებულო ხელფასიან, გასართობ ადგილს წარმოადგენს.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლას: ლელა ჩახვაძეც დაინტერესდა იმ თანხის მიზნობრიობით და აუცილებლობით, რომელსაც მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 157 353 ლარის სახით ტექნიკურ ზედამხედველობას. ასევე, ჩახვაძემ აღნიშნა, რომ,, განსხვავებული აზრის, მტრის აზრს სულაც არ ნიშნავს და უნდა ისწავლონ პოლიტიკური დებატების მცნება. სოსო ჩხაიძე დაინტერესდა, ლანჩხუთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს აქვს თუ არა უფლება, რომ ზედამხედველობა თვითონვე განახორციელონ, რაზეც უპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მათ ეს უფლება ჩამორთმეული აქვთ. ასევე ასკურავამ და ჩხაიძემ, ბოლოს მაინც ,,გამოტეხეს“ ინფრასტრუქურის სამსახურის უფროსი, რომ ობიექტი, რომლის კომუნალურ გადასახადებში 2500 ლარი მიდის, ჯერჯერობით ჩაბარებული არ არის, მთლიან ობიექტზეა აქ საუბარი.
საბოლოო ჯამში საკითხი მხარდაჭერილი იქნა უმრავლესობის მიერ.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 809
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა