ამირან გიგინეიშვილის თქმით ახალი მოწვევის საკრებულოს ფაქტიური პირველივე სხდომა კანონდარღვევით წარიმართა
24 ნოემბერს გაიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. აღსანიშნავია, რომ სხდომა მინი-სკანდალით დაიწყო. საქმე იმაშია, რომ 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარდგენა როლანდ ლაშხიამ აიღო თავის თავზე, რაც გააპროტესტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამირან გიგინეიშვილმა, რომელიც ამავდროულად ექსპერტია თვითმმართველობის საკითხებში და უკვე 10 წელია საქარველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგებს ატარებს ამ კუთხით. გიგინეიშვილმა ასევე გააპროტეტა ის ფაქტი, რომ მას, როგორც დეპუტატს დაგვიანებით ეცნობა საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ და არც დღის წესრიგი არ მისვლია: ,,როცა ადამიანს ქორწილში პატიჟებენ, მას ამის შესახებ რამდენიმე დღით ადრე ატყობინებენ, რათა მოემაზადოს და საორგანიზაციო საკითხებიც მოაგვაროს, მირეკავენ ორი დღით ადრე და მეუბნებიან პარასკევს საკრებულოს სხდომა იმართებაო, ხოლო რას განვიხილავთ აზრზეც არ ვარ, რადგან დღის წესრიგი არ მომსვლია“- განაცხადა ამირან გიგინეიშვილმა. მან პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი და სასამართლოს გზით დაანონსა იმის გარკვევა, მერს უნდა წარედგინა ფინანსური დოკუმენტი თუ როლანდ ლაშხიას. უკვე დარბაზიდან გასულ კოლეგას ყველაფერში დაეთანხმა კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ასკურავა, რომლის თქმითაც, როლანდ ლაშხიას მიერ ბიუჯეტის წარმოების წარდეგენა, ორგანული კანონის დარღვევაა. ის ასევე დაინტერესდა, სრულდება თუ არა 2017 წლის ბიუჯეტი სრულყოფილად და კითხვები ამჯერად მერს დაუსვა. ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე სამსახურს მასზედ დაკისრებული გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო, ფინანსთა სამინისტრო დამატებით თანხებს გამოუყოფს. ასკურავა გაკვირვებული დარჩა იმ ფაქტით, რომ ასე წლის მილეურულს ხდება ამ საკითხების მოგვარება და არა, დავუშვათ, 4-5 თვით ადრე. ლანჩხუთელი პირველი ნაციონალის რამდენიმე რეპლიკას დარბაზში მცირეოდენი ხმაური მოჰყვა: ,,ვიცით, თუ რის გამო არ და ვერ დაინტერესდით ამ საკითხებით რამდენიმე თვით ადრე, თქვენ მაშინ არ გეცალათ და დაკავებული იყავით წინასაარჩვნო კამპანიით, ამომრჩევლების მოსყიდვით და შანტაჟით“- განაცხადა ასკურავამ. ამის შემდეგ, უმრავლესობის რამდენიმე წევრი მივიდა მიკროფონთან და ოპოზიციონერ დეპუტატს კორექტულობისკენ მოუწოდა. ,,ადამიანურად ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ვფიქრობ თქვენი გამოსვლა დღეს არ იყო სწორი“- მიმართა გიორგი ჩახვაძემ ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს. თითქმის იდენტური იყო ოცნების სხვა დეპუტატების გამოსვლები ამ საკითხთან დაკავშირებით. კახა ასკურავამ უმრავლესობას პასუხი გასცა და თქვა, რომ რაც განაცხადა სიმართლეა და მის გამოსვლაში არაკორექტული არაფერი არ ყოფილა.
ამის შემდეგ საკრებულომ კომისიის თავმჯდომარეების წარდგინებით მიიღო განკარგულება კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
კომისიების შემადგენლობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
სამანადატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია: ვერიკო კვირკველია (კომისიის თავმჯდომარე), კახა ბოლქვაძე, გოდერძი ქურიძე, კახაბერ ასკურავა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისია: ალექსანდრე მახათაძე (კომისიის თავმჯდომარე), თორნიკე ტიკაძე, გიორგი ჩახვაძე, იოსებ ჩხაიძე, ამირან გიგინეიშვილი, დავით ჩხარტიშვილი, ემზარ თევდორაძე, აკაკი იმნაიშვილი, ზურაბ კუკულავა.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია - გიორგი გვარჯალაძე (კომისიის თავმჯდომარე), ცისანა ურუშაძე, კახა ბოლქვაძე, ბესიკ კუპრაძე, ოთარ პატიეშვილი, სპარტაკ კვაჭაძე, ლელა ჩახვაძე, ზაზა წულაძე, რეზო კვაჭაძე , კახა თედორაძე, იოსებ ჩხაიძე, ემზარ თევდორაძე, ამირან ქანთარია, აკაკი იმნაიშვილი, ელისო ჭიჭინაძე.
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია : ელისო ჭიჭინაძე (კომისიის თავმჯდომარე), რევაზ კვერენჩხილაძე, კარლო კვიტაიშვილი, ამირან ქანთარია, გოდერძი ქურიძე, კახა თედორაძე, რეზო კვაჭაძე, გიორგი გვარჯალაძე, ბესიკ კუპრაძე, ზაალ სანაძე, ამირან გიგინეიშვილი.
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურესბის საკითხთა კომისია: გიორგი ჩახვაძე (კომისიის თავმჯდომარე), ზაზა წულაძე, კარლო კვიტაიშვილი, ალექსანდრე მახათაძე, ზაალ სანაძე, თორნიკე ტიკაძე , ოთარ პატიეშვილი , ზურაბ კუკულავა.
საკითხებზე, რომლებიც კომისიების დებულების დამტკიცებას შეეხება, საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ .
ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, 2018 წლის ბიუჯეტი 8 628 700 ლარით განისაზღვრა. მომხსენებელმა მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითად პარამეტრებზე გაამხვილა ყურადღება. გაიმართა ტრადიციული ,,სხვადასხვა“, სადაც ძირითადად, ბაღებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, მაშინ როდესაც, ბოლო წლების მანძილზე დავით წულაძის გაერთიანებას ყველა ქება-დიდებას ასხამდა.
სხდომის დამთავრების შემდეგ, ,,ჰო და არამ“ გადაწყვიტა ინტერვიუ ჩაგვეწერა ამირან გიგინეიშვილისთვის, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
რამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება, თქვენ პროცედურების დაწყებამდე , სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვეთ დარბაზი...
-ახალი მოწვევის საკრებულოს ფაქტიური პირველივე სხდომა კანონდარღვევით წარიმართა. დაირღვა საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, როდესაც საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტი ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად, არაუფლებამოსილმა პირმა გამოიტანა. კერძოდ, კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერი შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; იმავე კოდექსისი თანახმად, მერს არა აქვს უფლება, მოახდინოს საკრებულოზე გასატანი საკითხის დელეგირება სხვა პირზე, თუ ეს საკითხი, საკრებულოს მიერ დამტკიცებას საჭიროებს. არადა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, სწორედაც რომ დამტკიცებას საჭიროებს საკრებულოს მიერ. აქედან გამომდინარე, როლანდ ლაშხიას მიერ ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება თვითმმართველობის კოდექსს. როცა ამის შესახებ განვაცხადე, საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადამიხადა და ეს საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, რაც კანონდარღვევაა. სრულიად უცერემონიოდ გაგრძელდა სხდომის მიმდინარეობა, რაც ეჭვს ბადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეც არაკომპეტენტურები არიან პროცედურულ საკითხებში. საკრებულოს თავმჯდომარეს ამაში უმრავლესობამაც აუბა მხარი. ახალმა საკრებულომ თავისი საქმიანობა კანონდარღვევით დაიწყო.
როოლანდ ლაშხიამ გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ თქვენ ამხელა პროტესტი გამოხატეთ, მისი თქმით ეს არ იყო ბიუჯეტის წარდგენა და უბრალო მოსამზადებელ პერიოდს გადიოდნენ.
-ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და ზოგადი ადმინისტრაციუკო კოდექსი არ ცნობენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ,,მოსამზადებელი პერიოდის გავლა“. ეს როლანდ ლაშხიამ კარგად იცის. ბიუჯეტთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე კოლეგიალურ ორგანოსთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მხოლოდ მერს და სხვას არავის, ეს ეხება როგორც ადმინისტრაციული წარმოების პერიოდს, ასევე ბიუჯეტის დამტკიცებას.
საკრებულოს სხდომის დასრულებისთანავე, გაიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ალექსანდრე მახათაძის ხელმძღვანელობით. კომისიამ , ბიუჯეტი უკან გაიწვია, მისი არასრულყოფილების და რიგი შეცდომების გამო.
თორნიკე ჯიჯიეშვილი
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომა კანონდარღვევით წარიმართა?!
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 963