– ქალბატონო ნონა, თქვენ ხართ პარტიის წევრი, რომლის მიმართაც მუდმივი ინტერესია, არის კითხვებიც, ძირითადად პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანიძის პერსონის მიმართ. _ მიმაჩნია, რომ ნინო ბურჯანაძე არის დიდი პოლიტიკოსი, დიდი ადამიანი, რომელიც მუდმივად ფიქრობს ქართველ ხალხზე. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი სახელის ხსენებაც კი ეშინოდა ზოგიერთს, 2003 წელს მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ სახლში. რომ არა ქალბატონი ნინო, `ნაციონალურ მოძრაობას~ და მის ლიდერს, მიშა სააკაშვილს არ ეყოლებოდა ხელისშემშლელი და გამკონტროლებელი იმ რეპრესიების დროს. მართალია, მაინც ხდებოდა შემზარავი ფაქტები, მაგრამ ამას თუ ვინმე აფერხებდა, ეს ბურჯანაძე იყო. რაც შეეხება კითხვებს და გაურკვევლობას, მაგალითად ამბობენ, რომ ბურჯანაძე და მისი გუნდი არის პრორუსული, ე.ი ადამიანს თუ უნდა, რომ მეზობელთან კარგი, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეს, თავის ეზოში არ ჰქონდეს ომი _ ქვეყნის მტერია? არ არის ასე, ნინო ბურჯანაძეს აქვს უნარი, დიპლომატიური ნიჭი და გამოცდილება, რომელიც მისცემს მას საშუალებას დაალაგოს ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ასევე იმეგობროს ქვეყანამ ამერიკასთან და ევროპასთან. – მოხდა 7 ნოემბერი, უამრავ გახმაურებულ საქმეზე ითხოვდა ხალხი პასუხს, მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომი. თუმცა, ამბობენ ნინო ბურჯანაძე არა ამ მოვლენების გამო, არამედ ხელისუფლებიდან წავიდა იმიტომ, რომ მას აღარ ეყოლებოდა მომდევნო არჩევნებისთვის მრავალრიცხოვანი გუნდი წარმოდგენილი. ამაზე რას იტყვით? _ ვიტყვი იმას, რომ ჩვენ მუდმივად ვემიჯნებოდით მიშასა და მისი გუნდის რადიკალურ ქმედებებს, რეპრესიებს. ვიმეორებ, რომ ნინო ბურჯანაძე შედარებით ახერხებდა გაენეიტრალებინა სიტუაცია და ქვეყნისთვის აეშორებინა სამოქალაქო ომი. სწორედ ამის გამო იყო ის დაკავებულ თანამდებობაზე დიდხანს. დიახ, ის წავიდა სწორედ მაშინ, როდესაც მისი გუნდი დასუსტდა და კიდევ უფრო მცირერიცხოვნობით იქნებოდა წარმოდგენილი, ის ხომ უფუნქციოდ რჩებოდა, თანაც ხელფეხშეკრული. აგვისტოს ომთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ დაურეკა მიშა სააკაშვილს და სთხოვა არ წამოგებოდა პროვოკაციას, არ დაეშვა უპატიებელი შეცდომა. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა და ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა ამ საზიზღარ ომს. – 2011 წელს, 26 მაისს უკვე თავის თავზე იწვნიეს სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე ბურჯანაძემ და მისმა მომხრეებმა. როგორ გადაიტანეთ ის პერიოდი? – ეს იყო ჩემი ოჯახისთვის უმძიმესი პერიოდი, ამ დროს მეუღლე _ პოლიციის პოლკოვნიკი, დაიჭირეს კიდეც. ცრემლების გარეშე ახლაც ვერ ვიხსენებ 26 მაისს, ეს იყო უსასტიკესი დარბევა, დასჯა საზოგადოებრივი პროტესტის. მაგრამ, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩირგვებში დამალული, ვიბრძოდით როგორც შეგვეძლო, რითიც შეგვეძლო. იმ რეჟიმის გახსენებაც არ მინდა, გერმანელების მსგავსად, ბორკილდადებული ადამიანთა კოლონა სად მიყავდათ, სად ასამართლებდნენ, ღმერთმა უწყოდა მხოლოდ. მე ერთნაირად მტკივა 7 ნოემბერი და 26 მაისი, თუმცა როგორც აღვნიშნე, მაისის მოვლენებმა უშუალოდ ჩვენს ოჯახზე გადაიარა. აუცილებლად მინდა დავამატო, რომ 7 ნოემბერს ნინო ბურჯანაძე უმოქმედოდ არ ყოფილა, მან გააღო ალაყაფის კარები, ჩავიდა ხალხთან, აიღო თავის თავზე ბევრი რამ და ვფიქრობ, გადაარჩინა ქვეყანა სამოქალაქო ომს. მე ნინოს ღირებულებების დიდი გულშემატკივარი ვარ, ისევე როგორც პარტიის. – როგორც ვიცი, თქვენ პოლიტიკაში აქტიურად ჩაებით 2013 წელს, ხოლო 2014 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით მოხვდით საკრებულოში. როგორ მიდის თქვენი პოლიტიკური ცხოვრება არჩევიდან დღემდე? – დიახ, მე ჩავერთე 2013 წელს აქტიურ პოლიტიკაში, მაშინ ჩემი მეუღლე იყო ადგილობრივი პარტიის თავმჯდომარე. 2014 წელს უკვე ვიყავი პარტიის თავმჯდომარეც და პირველი ნომერი. გეტყვით, რომ არჩევნებში ყველაზე დიდი ნაშთი ჩემმა პარტიამ მიიღო, თუმცა მახინჯი საარჩევნო სისტემის გამო, ჩვენი ადგილობრივი პარტიის მეორე ნომერი ბადრი ესართია ვერ მოხვდა საკრებულოში. თუ მიშას რეჟიმი მძაგდა და კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, დღევანდელ ხელისუფლებაზე გეტყვით, რომ ამათმა გვისროლეს ღრმა რეგრესში. ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა ხალხს. რა თქმა უნდა, გამონათებაა სიტყვის თავისუფლების თემა. სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი უხერხულად მეჩვენება, როდესაც 7 ნოემბერი და 26 მაისი არ არის გამოძიებული ბოლომდე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს - ორ სიტყვას ვიტყვი მასზე: მან ,,შეუსრულა“ ქართველ ხალხს. – ვინ ქმნის დღეს ლანჩხუთში პოლიტიკურ ამინდს? _ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკის დეფიციტი, განსაკუთრებით ჩვენთან, ლანჩხუთში. ძალიან მინდა, რომ საკრებულოს ჰქონდეს ხელთ მართვის სადავეები, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელშია, ხოლო საკრებულოში არსებული უმრავლესობაც ეთანხმება მას. მსმენია კლანებზეც, რაც ძალიან საწყენია. ლანჩხუთში მიმდინარე მოვლენებზე და მის მაჯისცემაზე, ასე მარტივად არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი ყველას, ვისაც გაუხარდება თბილისიდან თუ სხვა ტერიტორიიდან. თუმცა კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. – თქვენ ხართ ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ _ თავმჯდომარე, ვისაუბროთ ამ ფრაქციაზე და მის ფუნქციაზე. _ ჩვენი ფრაქცია ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია საკრებულოში, ელისო ჭიჭინაძე და დარეჯან ბურჭულაძე პროფესიონალები არიან. ჩვენ ყველა საჭირბოროტო თემასა და პრობლემასთან დაკავშირებით გვაქვს პოზიცია. ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი გეგმიურ ოპერაციებზე თანადაფინანსებას, უფრო სწორად თანადაფინანსების კიდევ უფრო გაზრდას. ანუ, როგორც ვიცით, 70 პროცენტს მთავრობა აფინანსებს, თუმცა იმ 30 პროცენტსაც ვერ იხდის მოსახლეობა, ამიტომ ჩვენმა ფრაქციამ დააყენა საკითხი, რა თქმა უნდა, გარკვეული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, რომ 30 პროცენტის ნახევარი რაიონის რეგისტრირებული მოსახლეობისთვის, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დაგვეფინანსებინა, რაც 100 000 ლარს მოითხოვდა. ამ თემასთან დაკავშირებით შეგვხვდა ისეთი წინააღმდეგობა, რომ სახტად დავრჩით. ეს წინააღმდეგობა არ ეხებოდა ფინანსურ კუთხეს, პრეტენზიები იყო ინიციატივასთან დაკავშირებით. ანუ, თურმე ამაზე მმართველი გუნდი, სოციალურ საკითხთა კომისია ჩვენამდე ფიქრობდა. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ ფრაქციას არ უნდა მიწეროდა ეს საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ დავწვრილმანებულვართ, მთავარი იყო ამ პროექტის განხორციელება. მართლაც, ბედნიერი ვარ, რომ ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მოხდება იმ 30 პროცენტიანი გადასახადის შეღავათი, თუმცა ამისთვის ბიუჯეტიდან შედარებით მცირე 60 000 ლარი გამოიყოფა. _ თქვენს გამოსვლებში თუ კომენტარებში ყოველთვის ხაზს უსვამთ რაიონის დღევანდელ მდგომარეობას, მის სიდუხჭირეს, როგორ ფიქრობთ თავად საზოგადოებაც ხომ არაა დამნაშავე იმაში, რასაც იღებს? _ მე ყოველთვის ვეუბნები აღმასრულებელ ხელისუფლებას, უმრავლესობის დეპუტატებს _ მოდი, წავიდეთ 16-ივე თემში, თუ სადმე ბოლომდე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დაგვხვდეს, ან მოსახლეობა იყოს მაძღარი და კმაყოფილი, მაშინ მადლობას გეტყვით-მეთქი. მაგრამ არ არის ასე, ძალიან უჭირს მოსახლეობას, უჭირს იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ანდა როგორ შეიძლება ულხინდეს ასეთი ხელისუფლების ხელში, იქნებ ვინმემ წარმომიდგინოს ცნობები, სად ითხოვს მოსახლეობა საფეხბურთო კლუბისთვის მილიონების გადაცემას, თანაც ისე, რომ ამ თანხის კონტროლი მინიმუმამდეა დაყვანილი. კომუნიკაციაა დაკარგული ხალხსა და ხელისუფლებას შორის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, იქნებ ხალხია დამნაშავე, რატომღაც ხდება ისე, რომ საზოგადოებას ურჩევნია იცხოვროს ტყუილში, ცრუ დაპირებებით. მე მგონი მოსახლეობა უკვე უნდა ხვდებოდეს, ვისთან აქვს საქმე და რა მოუტანა ამ ხელისუფლებამ. თუმცა ხალხი ყოველთვის მართალია, თუნდაც იმიტომ, რომ ოპოზიციაც ვერ ახერხებს დაარწმუნოს ისინი თავის უპირატესობაში, პროფესიონალიზმში. ამ დროს კი ხელისუფლება შესანიშნავად იყენებს თავის კოზირებს, ვგულისხმობ ადგილობრივ რესურს, ხალხის მოსყიდვას, ხმების გამო ადამიანების დასაქმებას და ა.შ. _ თვითმართველობის არჩევნები კარს მომდგარია, როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ, ან რის გაკეთებას აპირებს თქვენი პარტია? _ რა თქმა უნდა, ბინძური ხერხებით ჩვენ არ ვიბრძოლებთ, მაგრამ შევეცდებით ხალხს ჭეშმარიტი გზა დავანახოთ, გამოსავალი ამ ჩიხიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი პარტიის ლიდერს აქვს კოლოსალური გამოცდილება დაგროვილი, მის დიპლომატიურ ნიჭს და უნარს აღიარებენ დიდი პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, პარტიაც კვალში უდგას ქალბატონ ნინოს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც გაამართლებს. რაც შეეხება რაიონის სინამდვილეს, ვერაფერს გეტყვით წინასწარ, ცუდი ის არის, რომ შესაძლოა ადამიანები უმცირესობაში იყვნენ, მაგრამ გაცილებით სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ, თუმცა მათ უმრავლესობის სურვილი შთანთქავს ხოლმე. უნდა ვიფიქროთ ყველაფერზე, არა მარტო წარსულზე და აწმყოზე, არამედ რა გვინდა მომავალში. თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0