– ბატონო დავით, დღეს ბევრი ექიმი–დეპუტატი გვყავს ლანჩხუთის საკრებულოში, თქვენ რატომ და როგორ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა? _ ისე ხდებოდა, რომ ყოველთვის ოპოზიციაში ვიყავით მე და ჩემი ოჯახი, არასდროს არ ვეპუებოდით უსამართლობას, ამის გამო ვიყავი ,,ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ უთანხმოებაში. მე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მუდამ ხალხის გვერდით ვიყავი, მიცნობდა და ვიცნობდი ხალხს, ალბათ ამან განაპირობა ის, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ მე წარმადგინა ნინოშვილის თემის დეპუტატობის კანდიდატად, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. არ ვიცი, ჩემმა ავტორიტეტმა უფრო დიდი როლი ითამაშა, თუ ბიძინა ივანიშვილისამ (იღიმის), ფაქტია, გავიმარჯვე და ჩემს თემს წარმოვადგენ საკრებულოში. _ ,,ჰო და არა“ იმყოფებოდა ნინოშვილში, იქ არცთუ ცოტა პრობლემაა, როგორ ფიქრობთ, მაქსიმალური უკვე გაკეთებული გაქვთ? _ დავიწყებ იმით, რომ, ალბათ, ყველაზე უხერხული დეპუტატი ვარ ჩემი პარტიისთვის, არასდროს ხელი არ დამიფარებია, არ ,,გამიპრავებია“ მთავრობის უმოქმედობა თუ უყურადღებობა. დღეს სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შიდა გზების მოწესრიგება და მავნებლებისგან თავის დაღწევა. ის პირები, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამსახურში არიან და კაბინეტიდან არ გამოდიან, ფიქრობენ, რომ სოფლის გზა კეთილმოწყობილია, სინამდვილეში თქვენაც ნახავდით რა დღეშია გზა. ბეტონის გზა მოიცავს 15 პროცენტს, მაგრამ რა ვუყოთ დანარჩენს? მოსახლეობას ეუბნებიან, რომ მოხრეშვა იქნება წყალში ჩაყრილი თანხა, არც ასფალტს უგებენ. ეს არის არასწორი მიდგომა, საბედნიეროდ ნინოშვილს გააჩნია ისეთი ინერტული მასალა, რომელიც შეიცავს თიხას, უნდა მოიხრეშოს ამ მასალით გზები, შემდეგ დატკეპნოს ე.წ ,,კატოკმა“, გაუკეთდეს შესაბამისი სანიაღვრე არხები, ეს გზა მინიმუმ 10 წელს გაძლებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელია მეტი კრეატიულობით, გაცილებით იაფად, მოგვარდეს გზის პრობლემა. ახლა რაც შეეხება მავნებლებს, წლებია ღორის, ქათმის, ძროხის დაავადებებმა გლეხი გაასწორა მიწასთან. გასაგებია, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზღვარზე სანიტარული ნორმების რეგულაციას, შემოდის ეს დაავადებები, მაგრამ ახლა, როდესაც მთელი მწვანე მასა განადგურების პირასაა, ამაში მაინც მომეხმარე, რომ შევწამლო და დავიცვა გაჩანაგებისგან. ახლა შემოვიდა პრეპარატი, რომელსაც მოჰყვა ამერიკელი ინსტრუქტორი და გაგიჟდა ადამიანი, როგორ შეიძლება ამ პრეპარატის თქვენ რეალობაში გამოყენებაო, ეს წამალი კანცეროგენულია, რომელიც საზიანოა როგორც ადამიანებისათვის, ასევე შინაური პირუტყვისთვის. იქ, სადაც ეს წამალი აპრობირებულია, ნაკვეთები აქვთ დაშორებული მინიმუმ 30 კილომეტრით, ის ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს. კომპეტენტური პირები უნდა იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში და არა კაბინეტიდან მომზირალნი. ჯერ კიდევ მარაბდის ბრძოლის დროს თქვა თავადმა ციციშვილმა შემდეგი სიტყვები _ ,,თუ ამოსწყდეს გლეხი კაცი, მაშინ საქართველოც დაძბუნდესო“. გლეხი დღეს ყურადღების მიღმაა. – ექიმი ბრძანდებით, თქვენ სოფელში ბევრი ადამიანი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, უმრავლესობა მედიკამენტებზე მაღალ ფასებს ჩივის, თქვენი რეაქცია როგორია? _ სამწუხაროდ ასეა, ფასები საკმაოდ მაღალია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჯანდაცვის სისტემის პროგრესი, დღეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პრობლემა არაა. თუმცა ამბულატორიულ პაციენტებთან ამის თქმა, მათთვის ვერაფერი შეღავათია. მქონდა ამასწინათ შემთხვევა, როდესაც პაციენტს დავუნიშნე ნემსები, გარკვეული დროის შემდეგ გადავამოწმე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩემდა გასაკვირად უარესობა იყო. როცა მიზეზი გავიგე, გული ჩამწყდა, აღმოჩნდა, რომ ნემსები ვერ უყიდია და სრული კურსიც ჩააგდო. ვეჩხუბე, ჩემთვის გეთქვა-მეთქი, ან ნისიად გამოვუტანდი, ან ვუყიდდი, ყოველ შემთხვევაში, ასე არ დავტოვებდი. უამრავი ასეთი შემთხვევაა და სამწუხაროდ მე ვერ ვწვდები ყველაფერს, აუცილებლად უნდა მოხდეს მედიკამენტების ფასების ოპტიმიზაცია. ქვეყანაში უსახსრობის გამო არ უნდა კვდებოდნენ ადამაიანები. – საკრებულოს წევრი ბრძანდებით, როგორ ფიქრობთ იღებს ეს ინსტიტუტი შესაბამის გადაწყვეტილებებს? _ ამასწინათ სხდომაზე განვაცხადე, რომ საკრებულო იმყოფება ორ ცეცხლს შორის. ახლაც ამავეს გეტყვით, არის შემთხვევები, როცა არ მინდა რაღაცას დავეთანხმო, მაგრამ გამომდინარე პარტიული ვალდებულებებიდან მაინც მიწევს მხარისდაჭერა. მაგალითად, ძალიანაც არ მსიამოვნებდა სპორტისთვის თანხის შემცირება, მაგრამ ჩემი ხელის აწევით არაფერი შეიცვლებოდა, პირიქით, ამით დაზარალდებოდა რაიონი. ეს ვინმემ ისე არ გაიგოს, თითქოს ვინმესი მეშინოდეს. ჩემი აზრით, საკრებულო, მაქსიმალურად პროდუქტიულად მუშაობს, იყო შეცდომები, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის დადებითდ ვერ აისახა მოსახლეობაზე, თუმცა ეს მუშა პროცესია. ლანჩხუთის ,,გურიის“ ამბავიც ერთ-ერთი მათგანია, ვის ეგონებოდა, რომ კლუბი ასეთ დღეში ჩავარდებოდა, მე არ ვთვლი, რომ მაშინ ხმა არ უნდა მიმეცა დაფინანსებისთვის. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ის ნდობა, რომელიც მაშინ გამოვუცხადეთ გუნდს, იყო აუცილებელი. – ფაქტია ეს იყო შეცდომა, რომლისგანაც მოსახლეობამ ვერც სპორტული და ვერც მატერიალური შედეგი ვერ მიიღო. ფიქრობენ, რომ ამ თანხით სოციალური პროექტების ნაწილი მაინც მოგვარდებოდა. _ მაშინ, როდესაც ქვეყანაში გუნდების უმრავლესობა სახელმწიფო დაფინანსებაზეა, ისინი არ არიან დაინტერესებული მარკეტინგით, შესაბამისად, მოშლილია ე.წ სკაუტების ინსტიტუტი, რომელიც ნიჭიერ ბავშვთა სელექციას უზრუნველყოფს. ფედერაციამ მკაცრად უნდა დაავალოს გუნდებს ამ კუთხით ფინანსების მიმართვა, თორემ ,,გურია“ შეიძლება ჩემპიონიც გახდეს უცხოეთიდან მოყვანილი ფეხბურთელებით, მაგრამ ეს ქართულ ფეხბურთს არაფერში წაადგება. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სკაუტის სკოლა, არ ინტერესდებიან ბავშვები, რადგან ისინი მომავალს ვერ ხედავენ. სოფელ-სოფელ, კარდაკარ უნდა ეძებდნენ ნიჭიერ ბავშვებს, უნდა უზრუნველყოფდნენ მათ ვარჯიშს, კვებას, სპორტულ ინვენტარს. უცხოეთში ასე ხდება და აქვთ იმ ხალხს შედეგი. როგორ შეიძლება ამ პირობებში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რაიმე შედეგის მიღწევა. – თქვენი თქმით, საკრებულო ეფექტურია, მაგრამ ამ აზრს ბევრი არ იზიარებს, მათ შორის დეპუტატები. მათი ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ გამგებლის მორჩილებაშია ,,უმრავლესობა“. ეთანხმებით? _ მე აღვნიშნე, რომ იყო შემთხვევები, როდესაც გაგვითვალისწინებია ხელისუფლების პოზიცია, მიუხედავად პროტესტისა. მაგრამ, კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ ვინმეს რამეს ,,ვუპრავებთ“. გამგებელზე კი ვიტყვი, რომ არა მგონია ზაზა ურუშაძეს მენეჯმენტში რამე ეშლებოდეს, სხვა საკითხია დაპირებები და მისი შეუსრულებლობა არასაკმარისი ფინანსების გამო. ზოგადად ყველა პრობლემის საწყისი და ბოლო ხომ ფულია, ვფიქრობ, შეიძლებოდა უფრო დიდი ფულის გამოყოფა ლანჩხუთისთვის. ვინმეს არ ეგონოს დათო ჩხარტიშვილი ნინოშვილის პრობლემებს არ აყენებდეს სხდომებზე, არ ესაუბრებოდეს მათ, ვისაც ხელეწიფება რამის გაკეთება, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა. მე ვხედავ, როგორ იბრძვის ყველა დეპუტატი თავისი თემის პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ცენტრალური ხელისულუფლებები ვერასდროს აცნობიერებდნენ იმას, რომ სახელმწიფო დგას გლეხზე. ვერც იმას ხვდებიან, ასეთი მძაფრი შიდა მიგრაცია რას გამოიწვევს. – ანუ, რა გამოდის, თქვენ აღიარებთ, რომ ,,ქართული ოცნება“ მოიკოჭლებს? _ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა დიდი სტაგნაცია, ანუ, დაიწყეს ძალიან მაგრად, ომახიანად, გაატარეს უამრავი რეფორმა საწყის წლებში, მაგრამ მერე თანდათან რეგრესისკენ წავიდნენ. ასევე ხდება ,,ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც. თავდაპირველად გატარდა ბევრი კარგი რეფორმა, საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო ხვნა–თესვა, პენსიის ზრდა, ტარიფების გაიაფება და ა. შ. ახლა უკვე ხელისუფლებას უჭირს რაიმე კარგის, ახალის მოფიქრება, მეტიც, არსებულის შენარჩუნება. ასე რომ, გაცილებით დიდი სამუშაოებია შესასრულებელი, კაბინეტებიდან გამოსვლაა საჭირო, რათა ხალხის ნდობა შენარჩუნდეს და ქვეყანა წინ წავიდეს. ნინოშვილის მაგალითზე გეტვით ისევ, თუ მათ შიდა გზები არ მოუწესრიგდათ, მავნებლები ვერ მოიშორეს, შინაური პირუტყვი ვერ გაამრავლეს, მათი მოპოვებული სახსრებით მედიკამენტები ვერ შეიძინეს, ვერ მოიგვარე ელემენტარული სოციალური პირობები, ახალგაზრდები წავლენ. – როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორც პოლიტიკოსმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა გაამართლეთ? _ ეს ხალხს უნდა ჰკითხოთ (იღიმის). საბედნიეროდ, მე მაქვს პროფესია, ვმუშაობ ამ სფეროშიც. ჩემი მოსვლის მიზანი ნამდვილად არ ყოფილა დეპუტატის ხელფასი. ალბათ, ჩემი ინტერვიუდანაც ჩანს, რომ ვინმეს ხოტბის შესხმით არ ვარ დაკავებული. ჩვენ პრობლემებზე ვისაუბრეთ და მინდა გითხრათ, რომ იმასაც ვერავინ იტყვის, არაფერი კეთდებაო ნინოშვილში, გინდ ინფრასტრუქტურა თქვით, გინდ სოციალური პროგრამები, სოფლის მხარდაჭერი პროგრამითაც ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მე შეგნებულად არ ვაპელირებ ამაზე. რადგან სწორედ ამისთვის ვარ აქ, რომ მოსახლეობას დავეხმარო და მათი პრობლემები მოვაგვარო, ესაა ჩემი ვალდებულება. როცა ამის დრო მოვა, მე მექნება შეხვედრა მოსახლეობასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ ჩემზე, შემეძლო მეტი გამეკეთებინა და არ გავაკეთე, იქნებ ვინმეს არ მოვუსმინე, გულგრილი ვარ და ა. შ თუ მოსახლეობაში იქნება ნეგატიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რა თქმა უნდა, მეტს აღარ შევაწყენ მათ თავს ჩემი დეპუტატობით და გავგრძელებ მათ სამსახურში ყოფნას, მხოლოდ ექიმის რანგში. ჩემის მხრივ კი ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე მართალია. თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0