ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთის საკრებულოსა და გამგებელს ბრალს სდებენ!

ლანჩხუთის საკრებულოსა და გამგებელს ბრალს სდებენ!
21-04-2017, 00:00

`ჰო და არას~ სტუმარია ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის~ თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე. ის აფხახეთის ომის ვეტერანია, 1993 წლიდან არის სხვადასხვა თანამდებობებზე, ზოგჯერ არჩეული, ზოგჯერ დანიშნული. განსხვავებული აზრის გამო, ბევრჯერ მოსვლია უსიამოვნებები. მკითხველს ემახსოვრება მისი დაპატიმრების, იარაღის ჩადების, `კვერცხისმდებელი~ ავტომატის ისტორიაც. ელგუჯა ჩხაიძე დღეს ოპოზიციაშია, თუმცა 2012 წელს სწორედ ის იყო კოალიცია `ქართული ოცნების~ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. რა მოხდა მას შემდეგ, რატომ გაირიცხა `თავისუფალი დემოკრატებიდან~, რას ფიქრობს რაიონში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, ამას ბატონი ელგუჯას ინტერვიუდან შეიტყობთ... წინასწარვე გეტყვით, რომ ჩვენი რესპონდენტის განცხადებები, ტრადიციულად, სკანდალურია და პირდაპირობით გამოირჩევა... - ბატონო ელგუჯა, ცნობილია, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი, რომლის ზურგზეც გადაიარა 2012 წლის მოვლენებმა, როგორ ჩაერთეთ ამ პროცესებში? - დიახ, ნამდვილად ასე იყო. როგორც იცით, მე ჩამიდეს იარაღი, ამასთან დაკავშირებით ჩამოვიდა პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია, დაჩქარდა შტაბების გახსნა. მეც მკითხეს აზრი, ბატონ რომან ბიწაძეს, სხვებსაც, საბოლოოდ შეირჩა სახლი, სადაც იქნებოდა შტაბი. მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღე ვალაგებდით და ვასუფთავებდით სახლს, რაშიც პირველად ჩემი შვილი და მისი მეგობრები მეხმარებოდნენ, შემდეგ მოვიდა რომან ბიწაძე დამხმარეებთან ერთად, მოვიდა ალეკო სარიშვილი, მოდიოდნენ სხვადასხვა სოფლებიდანაც, სოსო ბოლქვაძე გვირეკავდა ხშირად, დახმარებას გვთავაზობდა. ძალიან რთული იყო აქტივის შეგროვება, გაზეთის გავრცელებაც პრობლემა იყო. 15 ნომერი გაზეთი, ჩემი ხარჯით დავარიგე, კარდაკარ დავდიოდით. დაფინანსება რამდენიმე თვე საერთოდ არ ყოფილა. მქონდა კოალიციაში ავტორიტეტი და ბევრ საჭირბოროტო საკითხებზე მეკითხებოდნენ აზრს. ისე, თემურ ჩხაიძეს სწორედ მე გავუწიე რეკომენდაცია (იღიმის). დამირეკეს და მკითხეს, ვინ გეგულება ისეთი, რომელიც ღირსეულად წარსდგება ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევნებზეო. მე მათ ვუთხარი, არის წესიერი, პატიოსანი კაცი, რომელსაც 22 ათასი კაცი უკრავდა ტაშს მოედანზე -თქო, თან ისიც დავძინე, 15-20 პროცენტს თვითონ აიღებს დაუხმარებლად-მეთქი. კიდევ შემეკითხეს ყრილობაზე თბილისში, ისევ მაგ აზრზე ხარო? დავეთანხმე. არ ვიცი, რა როლი ვითამაშე თემურ ჩხაიძის პარლამენტარობაში, თუმცა ფაქტია, მისი კანდიდატურა დაყენებული და შემდგომ არჩეული იქნა. - თქვენ იყავით პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების~ წევრი, რომელიც შედიოდა კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში~. პარტია გავიდა კოალიციიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცოტა ხანში თქვენც გიშვებენ პარტიიდან, რა მოხდა? - ლანჩხუთის საკრებულოში ჩვენს პარტიას გვყავდა ოთხკაციანი ფრაქცია, საიდანაც ერთი გადავიდა კონსერვატორებში. დაიწყო ნამდვილი ნადირობა ფრაქციის დაშლაზე. ახლა, ალბათ, უარყოფენ ბატონები, მაგრამ პარლამენტშიც კი იყვნენ ჩასულები ლანჩხუთიდან, სადაც პასუხი გასცეს - თქვენ მეტი საქმე არ გაქვთო? ერთი სიტყვით, დაიშალა ფრაქცია, მე გადავწყვიტე `ნაციონალებთან~ ერთად შემექმნა ახალი ფრაქცია, რომელსაც დავარქვით ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის~. ნამდვილად ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს, ჩვენ გუნდი ვართ და საკმაოდ ძლიერი. რაც შეეხება ,,თავისუფალ დემოკრატებს~, მათ პრინციპულად არ სურთ რომელიმე პარტიასთან ურთიერთობაში შესვლა. ასე რომ, ჩვენი გზები დროებით გაიყო. მე ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე, რათა უფუნქციოდ არ დავრჩენილიყავი საკრებულოში და რაღაც ძალა მქონოდა. - როგორ ფიქრობთ, რაიმე ძალა აქვს დღეს საკრებულოს? - საქმეც ამაშია, რომ არა! უმრავლესობა ,,აპრავებს~ გამგებლის გადაწყვეტილებებს და შეგნებულად მიდიან არასწორი გზით. მე ხომ ვიცი, რომ უმეტეს გადაწყვეტილებებზე ძალიანაც არ სურთ მხარის დაჭერა, მაგრამ რას იზამენ, ასეთია `ძლიერთა~ ნება. დღეს ლანჩხუთში, ისევე როგორც ქვეყანაში, ყველაფერი ერთი ადამიანის ხელშია. ჩვენს რაიონში ეს გამგებელია, რომელსაც ჰგონია, ყველაფერი იცის და სინამდვილეში არაფერიც მაგან არ იცის... - სუსტ მენეჯმენტზე მიუთითებს დეპუტატთა უმრავლესობა, თქვენ რას იტყვით? - კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ შეფასებას, იქ უამრავი გამოცდილი, ჭკვიანი და წარმატებული კადრია. მაგალითად როლანდ ლაშხია, უძლიერესი ფინანსისტი, თქვენ როგორ გგონიათ გამგებლის დაუკითხავად ან დავალების გარეშე აკეთებს ასეთ არაადეკვატურ ბიუჯეტის წარდგენებს? ან ლევან ჩხაიძე, კაცი ,,ატეკას~ მართავდა, ინფრასტრუქტურაში შეეშლება რამე? მაგრამ ხომ გეუბნებით, ისინი ვერაფერს წყვეტენ. კადრები ხომ ხელმძღვანელმა უნდა გაზარდოს და ჩამოაყალიბოს პროფესიონალად, ამ ხელმძღვანელის ხელში ეს შეუძლებელია. ასე რომ, ხელს ნურავის შევახოცავთ, დამნაშავე დღეს გამგებელი და მისი საკრებულოს უმრავლესობაა. - გამგეობის სამსახურებზე რა აზრის ბრძანდებით, გაბერილი ხომ არ გეჩვენებათ? - სწორედ ეს არის არის ამ ხელისუფლების მთავარი უნიათობა, იმის გამო, რომ გარკვეული ხმები მოაგროვონ, მიზანმიმართულად ასაქმებენ ხალხს საჯარო სამსახურში, ნაცვლად იმისა, რომ კერძო სექტორი განავითარონ. სად გინახავთ თქვენ, ვინმე ბიუჯეტის ფულს გაფრთხილებოდეს, აბა შეუწყვე კერძო საქმიანობაში ხელი, როგორ დაზოგავს თანხას და ჭკვიანურად გამოიყენებს. მაგრამ, თითოეული საჯარო მოხელის უკან ოჯახი, ანუ ხმები დგას, ამით ყველაფერია ნათქვამი. კარგია საარჩევნო წლები... ისე, გამგებელი ძველებურად ვეღარ `იჯგიმება~, რადგან მოუახლოვდა არჩევნები. დარწმუნებული ვარ, გაცილებით დიდი ცოდნის მქონე ადამიანები სხედან სახლში უმუშევარი, იმის გამო, რომ `კაცი~ არ ჰყავთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს ეს მიდგომა. რახან შტატების გაბერვაზე ვსაუბრობთ, დავამატებ, რომ არც პარლამენტშია საჭირო 150 და არც ლანჩხუთის საკრებულოში 31 ადამიანი.. - სოციალურ ქსელში თქვენ ამაზე ბევრს საუბრობთ, აღნიშნავთ, რომ რეგიონალური მოწყობის ქვეყანაში ამხელა თვითმართველობები არ უნდა იყოს... - კი ბატონო, ნამდვილად ასე ვფიქრობ. ვიცი ეს არაპოპულარული იქნება ჩემთვის, მაგრამ მთავარია ქვეყნისთვის და ჩვენი რაიონისთვის რა ჯობია. სწორედ ამხელა ბიუროკრატიულმა აპარატებმა ჩაყლაპეს საქართველოს ბიუჯეტი. რა, 11 კაციანი საკრებულო არაა საკმარისი ლანჩხუთისთვის? ან რას ნიშნავს გუბერნატორის ინსტიტუტი. არჩეული პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა რწმუნებულმა რა უნდა გააკეთოს არჩეულ გამგებლებთან. მაქსიმუმ დააბეზღოს მთავრობაში. მაგრამ სამწუხაროდ ასე იყო და ასე იქნება, ხალხს ლამაზად შეფუთული ტყუილი დაპირებები ურჩევნია რეალობას. - თუმცა, თქვენც იყავით ამ დაპირებების ავტორთა სიაში. თავის დროზე ძალიან ბევრი დაპირება გასცა ,,ქართულმა ოცნებამ~. - მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, ბოდიშს ვუხდი ჩემს მოსახლეობას ყველა ტყუილი დაპირებისთვის. მაგრამ, როგორც ცნობილ ქართულ მხატვრულ ფილმშია, `მეც მწარედ მომატყუეს~. მჯეროდა ყველა იმ დაპირების, რასაც უხვად გასცემდნენ ივანიშვილი და მის ირგვლივ მყოფნი. რა გამოსწორება, რის უკეთესობა, ან რა სამართლიანობა აღადგინეს, ყველა ის პირი, ვინც ძალადობებში, მუქარებში იღებდა მონაწილეობას, დღესაც იქ არის, ან უფრო ზევით. რადგან ამათმა იციან, ვის რა შეუძლია და ცდილობენ `კოზირები~ არ დაყარონ. - სოციალური მდგომარეობა, არცთუ სახარბიელოა. რას ან ვის აბრალებთ შექმნილ სიტუაციას? - კიდევ ერთი არაპოპულარული რამის თქმა მიწევს (იღიმის). ვიტყვი იმას, რომ აქ მარტო ხელისუფლება არაა დამნაშავე. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილები, გახსნას საწარმოები, მაგრამ, დალოცვილო, ხომ ხედავ, რომ არ გაქვს სახელმწიფო, ჩვენ შევეცადოთ, შევდგეთ მოქალაქეებად. ცოლს, დას, ან დედას საზღვარგარეთ რომ უშვებენ სამუშაოდ და თვითონ წამოწოლილები არიან, ზუსტად აქ გვაქვს პრობლემა. შეიძლება, მთები ვერ გადადგას კაცმა, თუმცა ოჯახი კი უნდა არჩინოს თავისი შრომით. თუ სოფელში ხარ და ღორს, ქათამს, ძროხას არ კადრულობ, ან მიწა გაქვს და თოხს, ბარს არ გააკერებ, ნამდვილად მოგშივდება. ჩვენ გაცილებით დიდ პრობლემებთან გვაქვს საქმე ვიდრე ხვნა-თესვა ან სოციალური დახმარებაა. ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ხელისუფლებას, რომ გაცილებით მეტს ვიმსახურებთ, ვიდრე სოციალური პროექტებია. უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ თვითონ დავამუშავებთ მიწას, თუ კი დაფასდება გლეხის შრომა და ნაშრომი. ჩვენი მთავარი პრობლემა დუმილია... - მაინც, ვინ უნდა ამოიღოს ხმა? ფაქტია, თქვენ საკრებულოში ხართ და ვერ აწვდენთ ხმას... - ახალგაზრდობამ. დღეს, როგორც არასდროს, ისე დუმს ახალგაზრდობა. საქართველოში ყოველთვის მომავალი თაობა წყვეტდა საკითხებს. ამაზე კრიტიკული დრო ჩვენს სამშობლოში არ ყოფილა, მე ვერ ვხედავ, არ მესმის, რომ სადმე ვინმეს ხმა ამოეღოს და ჭეშმარიტებისთვის ებრძოლოს. ძალიან მძიმე გზას ვადგავართ, რომელსაც მორჩილად მივყვებით. სამწუხაროდ. - არჩევნები მოდის, რისი იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს, ან რას უნდა ელოდნონ? - რაც შეეხება მოლოდინს, პოლიტიკოსები იმდენ სანახაობასა და ინტრიგას შესთავაზებენ, რომ ნამდვილად არ მოიწყენენ, ეს ხუმრობით. საზოგადოება უნდა მიხვდეს, რა არის კარგი და რა _ ცუდი, უნდა მიხვდეს, რომ ბიუროკრატიული ხარჯებია ხელისუფლების საფიქრალი და არა ხალხზე ზრუნვა. მე არ ვამბობ, რომ სულ უნდა გაუქმდეს თვითმართველობა, ადამიანს არ უნდა ჭირდებოდეს ყველა საბუთზე დედაქალაქში სირბილი, მაგრამ ეს უფუნქციო აპარატები მხოლოდ ფულის გაკეთების საშუალებაა. მაგალითად, `ჰო და არა~ მიდის თითქმის ყველა ოჯახში, ყველაზე დიდი აუდიტორია გყავთ, ხომ კითხულობენ გაზეთის ფურცლებზე, რა ხდება რაიონში, ვინ რას აკეთებს, როგორი მიდგომა აქვს ხალხის და საქმის მიმართ, ჰოდა, გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. კარგად გაიხსენონ, რას დაპირდნენ და რა შეუსრულეს. - ამბობენ, ,,თავისუფალ დემოკრატებში~ ბრუნდებაო ელგუჯა ჩხაიძე... - არ ვიცი, ჯერ ნამდვილად არაფერი არ მაქვს გადაწყვეტილი. ახლა მე ვარ ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოში და ვცდილობთ, გონივრული გადაწყვეტილებები მივაღებინოთ მთავრობას. რაც მკითხეთ, ვფიქრობ მაგ საკითხზე და პირველი თქვენი გაზეთი შეიტყობს, თუ რამე შეიცვალა. თორნიკე ჯიჯიეიშვილი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა