ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ვერ გეტყვით, ვინ რა მაიმუნობაშია გახვეული, მაგრამ თუ არიან, დაფიქრდნენ, თუ შერჩენია ვინმეს რაიმე, ან რა ჯანდაბად უნდათ მსგავსი ხერხებით ნაშოვნი ფული?~

`ვერ გეტყვით, ვინ რა მაიმუნობაშია გახვეული, მაგრამ თუ არიან, დაფიქრდნენ, თუ შერჩენია ვინმეს რაიმე, ან რა ჯანდაბად უნდათ მსგავსი ხერხებით ნაშოვნი ფული?~
24-03-2017, 00:00

„ჰო და არას“ სტუმარია ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, სუფსის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ჯუმბერ ბლაგიძე.
იგი პროფესიით ინჟინერია, წარჩინებით დაამთავრა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. 1998 წლიდან პოლიტიკაშია, ორჯერ მოახერხა და გაიმარჯვა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში, დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში. არის 9 აპრილის აქციის მონაწილე. მკითხველისთვის საინტერესო იქნება როგორ მოახერხა ბლაგიძემ ხელისუფლების კანდიდატების დამარცხება, რას მიაღწია დეპუტატობის დროს, რატომ უნდა ენდოს მას ამომრჩეველი...


_ ბატონო ჯუმბერ, თქვენ უკვე მეორედ ბრძანდებით სუფსის მაჟორიტარი,როგორ მოახერხეთ 2006 და 2014 წლებში გამარჯვება?


_ პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ „ჰო და არას“, სუფსის თემის წინ წამოწევისთვის. თქვენი ბოლოდროინდელი წერილები მართლაც ემსახურება ჩვენი თემის მოსახლეობის დახმარებას და კეთილდღეობას. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებას, დიახ მე მართლაც ხალხის გვერდით დგომით, მოვახერხე ის, რომ დავამარცხე 2006 წელს „ნაციონალების“ კანდიდატი, ხოლო 2014 წელს „ოცნების“ კანდიდატი. მქონდა შესანიშნავი სამსახური ჩემი პროფესიით ფოთში. მოხდა ისე, რომ სუფსის ახალგაზრდობის თხოვნით ჩავერთე პოლიტიკაში 1998 წელს, კომისიის წევრობით დავიწყე. ვიყავი აგრეთვე გამგებლის მოადგილე 2004-2006 წლებში. მქონდა პოლიტიკური წყვეტა 2010-2014 წლებში, თუმცა არასდროს მიმიტოვებია ჩემი მოსახლეობა. ის ნდობა, რაც გამომიცხადა მოსახლეობამ, არის ჩემთვის ყველაფერი და არაადამიანი უნდა ვიყო, რომ ფეხქვეშ გავთელო მათი ინტერესები.


_ სუფსის თემის მოსახლეობა ამბობს, რომ ჯუმბერ ბლაგიძე მათ გვერდით უდგას, ეხმარება მათ პრობლემების წამოწევაში, დაყვება ყველა ინსტაციაში, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან არ არის შესაბამისი ყურადღება მიქცეული.


_ თუ კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იტყვის, რომ მე მათთან ურთიერთობის დროს დავარღვიე ურთიერთობის რაიმე წესი, სამართლებრივი, ადამიანური, გამიკეთებია რამე მათ ზურგს უკან, მაშინ მზად ვარ არც ერთი საკითხი აღარ დავაყენო მათ წინაშე, მაგრამ, ვინაიდან ასეთი რამ არ ყოფილა, მე მაინტერესებს რატომ ხდება მათი მხრიდან რიგი საკითხების უგულებელყოფა. კი ბატონო, რაშიც მოგვეხმარნენ, იმას ვხედავთ და მადლობა, თუმცა სუფსის მოსახლეობა და მე არ ვიმსახურებთ იმ ტყუილებს, რომლებსაც ადგილი აქვს მათი მხრიდან. მე ვაყენებ საკრებულოს დონეზე პრობლემებს, მეძლევა პირობა, რომ მოგვარდება კონკრეტული პრობლემები, მაგრამ რასაც ვიღებ, კი ხედავთ.


_ რას გულისხმობთ, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს?


_ მაგალითად, ბაღის თემა, სუფსის ცენტრალური ბაღის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2016 წელს, ხოლო ახალსოფელის 2017-ში. დღემდე კერძო სახლებშია განთავსებული ბაღები. რატომ მაყენებენ მეც უხერხულ სიტუაციაში, თუ კი დამტკიცდა ეს საკითხი და გადაეცა აღსრულებაში, მაშინ რატომ არიან ასე უმოქმედოდ. დაპირება დაპირებად რჩება, თუმცა ჩვენ ვერ ვითვალისწინებთ ერთს _ ხალხი ყველაფერს იმახსოვრებს. არ შეიძლება ასეთი სუსტი მენეჯმენტის არსებობა, როდესაც ამდენი პრობლემაა. ჩვენ პრობლემას არ წავწყდომივართ, როდესაც მტკიცდებოდა „გურიის“ ბიუჯეტი. სუფსის 5000-მდე მაცხოვრებელი დღეს ცხოვრობს ტყუილში, მოდიან ჩემთან, მივყვები მათ, მეძლევა ზეპირი თანხმობა, ხანაც წერილობითი, მაგრამ სამწუხაროდ, ისე გამოდის, მე მოტყუებული მრჩება მოსახლეობა.


_ თქვენს თემში მართლაც უამრავი პრობლემაა და მკითხველს წინა ნომრებში გავაცანით კიდეც, ჩამოთვლას არ დავიწყებ, იქნებ დააკმაყოფილოთ მოსახლეობის ინტერესი გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებთან დაკავშირებით..


_ დავიწყებ გაკეთებული საქმეებით და მერე ვისაუბრებ იმ უამრავ პრობლემაზე, რაც დღეს გვაწუხებს. რა თქმა უნდა, მოსახლეობის, ჩემი ჩართულობით და მუნიციპალიტეტის დახმარებით გაკეთდა ბევრი კარგი საქმეც. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ნაწილობრივ მოგვარდა წყლის პრობლემა, მოეწყო მოედნები ახალსოფელში, ხიდმაღალასა და ტაბანატში, გაკეთდა მილ-ხიდები და გაიწმინდა სანიაღვრე არხები, ორჯუმალის უბანში მოეწყო გარე-განათება, მალთაყვაში მოწესრიგდა ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთი, ხიდმაღალაში მოეწყო სასაფლაოს ქვა-ყორის ღობე, ასევე უნაგირაზე მოწესიგდა სასაფლაოს ღობე, აგრეთვე შევძელით მოგვეწყო ძალიან ლამაზი სკვერი, მიმდებარე ტერიტორიაზე მოასფალტდა გზა. დაიდგა ურნები, თუმცა დასუფთავება პრობლემაა. ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში გრიგოლეთის ბაზას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.


ახლა შევხედოთ პრობლემებს და გაუკეთებელ საქმეებს, თქვენს გაზეთში იყო გაშუქებული და ვუერთდები ხალხის მოთხოვნას. ამბულატორია, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო ყოველთვის, გათვლილი იყო 70 საწოლამდე, არსად არ შენარჩუნებულა ამდენი აპარატურა, მთავარი ექიმი ავთო ჯიჯიეშვილია, მე მას ექიმ ჰაუსს ვეძახი, სასწაულებს აკეთებს ეს ადამიანი, უამრავი თხოვნა და მოთხოვნაა დაყენებული, რათა კეთილმოწყობილიყო საავადმყოფო, უშედეგოდ. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა, აქაც უხვად იყო დაპირებები. ამორტიზირებულია რკინიგზის სადგური, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სადგური რკინიგზის ბალანსზე, როდემდე ირბინოს მოსახლეობამ და სადგურის უფროსმა ლურსმნებით ხელში, ძვირადღირებულ აპარატურაზე დადის წყალი. კულტურის სახლი ნამდვილად აღარ ჰგავს კულტურისას, სკამი არაა და განათება, ამას დაემატა თანამშრომლების განთავისუფლებაც. გასაწმენდია სანიაღვრე არხებიც, გადარეცხა ქვიშა, წალეკა ეზოები. ჩვენი განთქმული ბოსტანი აღარაფერს ჰგავს, ნავთობტერმინალის გამონაბოლქვი სრულიად ანადგურებს მოსავალს...


_ ვნახეთ, რომ შიდა გზები დაზიანებულია, მოსახლეობა ამბობს, რომ ეს ჩინური კომპანიის „დამსახურებაა“, ასე მის ჭკუაზე უნდა იქცეოდეს ყველა ინვესტორი თუ კომპანია?


_ მოგახსენებთ, რომ არ არსებობს ამ „ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს“ მსგავსი მატყუარა ხალხი, არაერთგზის დავაყენეთ საკითხი, რომ მოეგვარებინათ მათ მიერ მომსპარი გზები, მივმართეთ საგზაო დეპარტამენტსაც. მივიღეთ დადებითი პასუხი, გვითხრეს, რომ სამუშაოების დასრულებამდე მოხდებოდა შიდა გზების მოწესრიგება. გეკითხებით _ გლეხმა ელოდოს, როდის დაასრულებენ ესენი სამუშაოებს? გული მწყდება იმაზეც, რომ მიწები თეთრებად შეისყიდეს. ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა ქართველების მიმართ, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ჩვენს მიწაზე იმყოფებიან.


_ სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხალხი ძირითადად თვითდასაქმებულია, მისდევენ მენერგეობას. რითი უწყობთ ხელს თქვენ?


_ ტერმინალმა დაასაქმა ძალიან მცირე რაოდენობა ადგილობრივების, ასევე მცირე ნაწილია დასაქმებული ჩინელებთან. მე გითხარით და გავიმეორებ, მუნიციპალიტეტის მენეჯმენტი არის ძალიან სუსტი, ხომ შეიძლება ამ ხალხს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, სხვა თუ არაფერი, მენერგეობის განვითარებასთან დაკავშირებით, ტარდებოდეს უნდა ტრენინგები, გამგეობას უამრავი სამსახური ჰყავს და თავისუფლად შეიძლება გამოუყონ ხალხს დრო. უამრავი გაჭირვებული მიკავშირდება ყოველდღიურად და მთხოვს დახმარებას, გეფიცებით, გაოგნებული ვარ სოციალური სააგენტოს მუშაობის სტილით, მიდგომით. რატომ უჩერდებათ სოციალური შემწეობა ისეთ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი სიკეთე, არც სახლი, არც სამსახური, არც მიწა. სრული ქაოსია ამ მხრივ, თუმცა მისასალმებელია ჯანდაცვის სისტემის გამონათება.


_ არის პერსპექტივა იმისა, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილი მაინც დასაქმდება?


_ არის საუბარი, რომ გაკეთდება ნავთობგადამამუშავებული ქარხანა, რომელიც სოლიდურ ნაწილს დაასაქმებს. ამ ეტაპზე კი სოფლის მეურნეობის განვითარებაში უნდა მივეხმაროთ გლეხს. თხილის შეწამვლა მოხდება აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისში, იმედია, აქაც ტყუილს არ წავაწყდებით. მეცნიერულად დადგენილია, რომ სწორედ აპრილის ბოლოს არის ოპტიმალური დრო შეწამვლისთვის. ასევე შედგა სუფსის გამგეობის შენობაში კრება, რომელიც ემსახურებოდა ხვნა-თესვის პრობლემებს. საბედნიეროდ, დადგინდა ის მინიმალური ფულადი ზღვარი, რომელიც საკმარისი იქნება 1000 მეტრის დასამუშავებლად. 25 ლარად შესაძლებელი იქნება 1000 კვ. მეტრის დახვნა-დათესვა.


_ გაზი მხოლოდ გრიგოლეთშია...


_ სამწუხაროდ ასეა, მაქვს ამის თაობაზე უამრავი წერილი მიწერილი. გამგებელი დამპირდა, რომ მიმდინარე წელს მოხდება სუფსის თემის გაზიფიცირება.


_ მკითხველისთვის საინტერესოა ჯუმბერ ბლაგიძე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.


_ წავიკითხე თქვენი წერილი საკრებულოს შესახებ (იღიმის) და გეთანხმებით, მართლაც საკითხავია, რატომ არ სრულდება საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი საკითხები და რატომ ენიჭება პრიორიტეტი ცალკეულ თემებს. მაგალითად, იქნებ ამიხსნას გამგეობამ, რატომ ხდება 31-ივე დეპუტატის იგნორი ტყის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ან ჯიხეთის მონასტერზე ჩასატარებელ სამუშაოებზე, უამრავ სხვა გადაწყვეტილებაზე, მაგრამ არ გასჭირვებიათ ლანჩხუთის „გურიის“ დაფინანსება მილიონებით. მე ვარ კოლეგიალური სამსახურის წევრი და ვითვალისწინებ ყველა თემის პრობლემას, მაგრამ სუფსა ნამდვილად უნდა იყოს გამორჩეული გამომდინარე მისი ტერიტორიიდან, მოსახლეობის რაოდენობიდან. ვიმეორებ, ვხედავთ მხარდაჭერილ პროექტებს, თუმცა ეს ნამდვილად ძღვაში წვეთია. ვეთანხმები ჩემს კოლეგა გიორგი ჩახვაძეს, აღარაა, ხალხნო, მტრობის და ქიშპობის დრო, რა გვენაცება და გვექოცება, ქვეყანა თავზე გვენგრევა. იმედია, დროზე მოვეგებით გონს. ჩვენ გვაქვს მანდატი, რომელიც მოგვანიჭა ხალხმა და უნდა ვიყოთ მათი მსახური.


_ კორუფციულ გარიგებებს ხომ არ აბრალებთ იმას, რომ სუფსის თემს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან, თუმცა არც სხვა თემებია ყურადღების პიკში.


_ აი, რა უნდა გააკეთოს მეტი ჯუმბერ ბლაგიძემ, რომ ის პრობლემები, რომლებზეც ვისაუბრე, დროულად მოგვარდეს. ნუთუ შესაძლებელია უფრო მეტი აქტიურობა ადამიანისგან. თქვენ სადაც იყავით, ხომ ყველგან დაგხვდით, ეს ხომ არ იყო დაგეგმილი. მერწმუნეთ, ასეა სხვა დროსაც. ვერ გეტყვით, ვინ რა მაიმუნობაშია გახვეული, მაგრამ თუ არიან, დროულად გადახედონ ისტორიას, თუ შერჩენია ვინმეს რაიმე. რა ჯანდაბად უნდათ მსგავსი ხერხებით ნაშოვნი ფული. პირადად მე ვცხოვრობ ჩემი ძმის სახლში, მყავს 19 წლის მანქანა. მშობლებმა შემიძინეს ბინა ფოთში, თუმცა ვერ ვახერხებ იქ მუდმივ ცხოვრებას, გამომდინარე ჩემი სამსახურიდან. ისე, ჩვენ პარლამენტში ორი წარმომადგენელი გვყავს და იმედი მაქვს არ დარჩება ჩვენი ხმა „მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.


_ ორჯერ დამოუკიდებელი კანდიდატი იყავით, ორჯერვე მოიგეთ. ლოგიკურია, გექნებათ სურვილი, ისევ იყაროთ კენჭი.


_ ჩემი განვლილი ცხოვრება, ხალხის ნდობა მაძლევს უფლებას ისევ ვემსახურო ჩემს ხალხს. თუმცა მანამდე დროა და უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი. მექნება ნდობა, ვიქნები ამ დონიდან სუფსელების გვერდით, არ მექნება ნდობა და ჯუმბერ ბლაგიძე მაინც იქნება მათ გვერდით. გურამ დოჩანაშვილს აქვს შესანიშნავი ნაწარმოები „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. მე მინდა, როცა წავალ, თქვან _ კაცი, რომელიც ძალიან უყვარდათ.


თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 690
FACEBOOK კომენტარები