სტუმრის სტატუსით სხდომაზე საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია, ბაღების ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე და აუდიტის სამსახურის უფროსი გია ნაჭყებია იმყოფებოდნენ. სხდომას ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე უძღვებოდა. მართალია დღის წესრიგით თავდაპირველად სხვა საკითხები იყო ჩანიშნული განსახილველად, მაგრამ ცვლილებები შევიდა და პირველად ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ `გურიას“ აუდიტორული შემოწმების საკითხი განიხილეს. ფრაქციის წევრებმა, გია გოგუაძემ და კახა ასკურავამ ბოლო საკრებულოს სხდომებზე გაჟღერებული წინადადებები შეასსენეს დამსწრეებს. გია გოგუაძემ კახა ასკურავას გამგებლობის დროინდელი ფაქტიც ახსენა _ ვალად 250 ათასი ლარის აღება, რომელიც 2013 წელს უნდა დაბრუნებულიყო. `როცა კლუბზე ვსაუბრობთ, გვაინტერესებს დღეს არსებული ვალები. ისიც გავარკვიეთ, უფრო სწორად გვეუბნებიან, რომ სპონსორი იმ შემთხვევაში მოვა, თუ მოხდება ვალის აღიარება. მაგრამ ისმის კითხვა, რამდენია ეს ვალი. ამის მოკვლევა საკრებულომ აუდიტს თხოვა, მაგრამ გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ეს არ დაავალა გია ნაჭყებიას სამსახურს. კიდევ ერთხელ მოხდა საკრებულოს ნების წინააღმდეგ წასვლა. გვაინტერესებს, რას შვება გამგეობის შიგა აუდიტი“ - განაცხადეს ფრაქციის წევრებმა. გია ნაჭყებიას განმარტებით, მისმა სამსახურმა გასულ წელს შეამოწმა კლუბი და შესაბამისი დასკვნაც დადო. ამ ეტაპზე კი მის აუდიტორულ შემოწმებას არ ატარებს. `გიდასტურებთ, რომ გამგებლისგან მსგავსი დავალება არ მიგვიღია. ჩვენ ვმუშაობთ გეგმის მიხედვით, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან არის შეთანხმებული. ჩვენ ახლა ვამოწმებთ ბაღების ცენტრს და ასე უცებ ვერ შევწყვეტთ და ვერ წავალთ კლუბში. როგორც ვიცი, კლუბის საქმიანობას სწავლობს ანტიკორუფციული სამსახური და ის იგივეს ამოწმებს ციფრების კუთხიც, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ჩემთან, კიდევ ვიმეორებ, შემოწმებაზე დავალება არ მოსულა. მხოლოდ საკრებულოს სხდომის ოქმი მოვიდა, სადაც საუბარია, რომ ჩვენმა სამსახურმა შეამოწმოს კლუბი“ - განაცხადა აუდიტის სამსახურის უფროსმა, რომელმაც ისიც დასძინა, რომ ა(ა)იპ წელს ვალით ამთავრებდეს, ჩემი აზრით, ეს დარღვევააო. ფეხბურთის თემა სხდომაზე მოგვიანებითაც გაჟღერდა. ფრაქციის წევრებმა გრფფ-ს პრეზიდენტად დავით მუჯირის არჩევა კიდევ ერთხელ წამოწიეს. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერმა ფრთამ განაცხადა, ის რაც წლებია ლანჩხუთში იყო, ერთი ხელის მოსმით ოზურგეთში უნდოდათ გადაეტანათ. `საკრებულოს წევრები ოზურგეთში წავედით, როცა იქ ჩავედით, ყრილობა დაწყებული იყო. მოხდა მუჯირის არჩევა იმ პირობით, რომ ფედერაციის ოფისი, რომელიც ცხონებული იმედო დუნდუას პერიოდში დაარსდა ლანჩხუთში და მაშინ საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო, ჩვენთან დარჩებოდა. ახლა ვიგებთ, რომ ცვლილებები განუზრახავთ, ჯერ ფედერაციის დამფუძნებლებში, ხოლო შემდეგ ოფისი ოზურგეთში მონდომებიათ. ეს არის მზაკვრული გეგმა და მადლობა გაზეთ `ჰო და არას~ რომ დროულად ჩაგვაყენა საქმის კურსში~ - ითქვა ფრაქციის სხდომაზე. კახა ასკურავამ კი მისი ხელისუფლების დროს შექმნილი საჯარო რეესტრის კარგი ელექტრონული სისტემა ახსენა _ სწორედ საჯარო რეესტრმა არ გაატარა ახალი მზაკვრული გეგმა რეგისტრაციაში და შესაბამისად არც დამფუძნებლები შეცვლილანო... ბაღების თემას რაც შეეხება, როგორც ცნობილია ახალი კანონმდებლობით, ბაღებს მალე სხვა სტატუსი ექნებათ. საკრებულოს სოციალური კომისიის ხელმძღვანელის თქმით, ყველა მათგანისთვის 2020 წლიდან სავალდებულო იქნება ავტორიზაცია. `დღეს გვაქვს ვადა პირველ აპრილამდე, რომ გარკვეულ ჩარჩოებში მოვაქციოთ ბაღები. მე გახლდით თბილისის საკრებულოში, როცა სხვებთან ერთად ეს თემები გავიარეთ, ახლა მოხდება დროებითი ავტორიზაცია და მომზადება შემდგომი ეტაპებისთვის. ბაღი გახდება დამოუკიდებელი, დაახლოებით იგივე, რაც სკოლის შემთხვევაშია. ეყოლება დირექტორი, ბუღალტერი და ა.შ~ - განაცხადა ია ჩხაიძემ. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა იმ სამსახურის შექნაზე ისაუბრა, რომელიც ბაღებს მონიტორინგს გაუწევს და ზედამხედველობას. ეს შეიძლება იყოს გამგეობის სამსახური, ასევე დღეს არსებული ა(ა)იპ. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური უზრუნველყოფა. როგორ კი ფინანსები ხსენდა, მაშინვე დაიძაბა სხდომაზე ვითარება. რომან ბიწაძემ ბაღებთან მიმართებაში ფულს თუ არ ახსენებთ, თქვენთვისვე არის უკეთესიო. კახა ასკურავამ დავით წულაძეს ჰკითხა: `კლუბ `გურიას~ რომ ფული ასესხე, საიდან გქონდაო და ვისთან შეათანხმეო~. დავით წულაძის თქმით, კონსულტაცია იურიდიული სამსახურის უფროსთან გაიარა. რაც შეეხება თანხას, ის ზედმეტად მისთვის არავის გამოუყვია, ეკონომია გააკეთა და გაასესხა, რომელიც უკვე დაუბრუნდა. რომან ბიწაძემ _ მოსაკითხია, ეს ყველაფერი და საერთოდ რა პრინციპით მოხდა ფულის სესხება ერთი ა(ა)იპიდან მეორესთვის. სხდომის თავკაცმა ასე საკითხს ავცდებით და სჯობს, იმაზე ვიმსჯელოთ, რა და როგორ იქნებაო. გია გოგუაძემ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ახსენა და ისიც იკითხა, რეფორმის შემდეგ ცენტრიდან გათავისუფლებული ხალხი სად წავაო. როგორც განმარტეს, პოლიტიკა ბაღებში არ უნდა გაერიოს, რადგან ის საკმაოდ ფაქიზი თემაა, თუმცა ნათელია, რომ არჩევნებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ამაზე სხდომაზეც გაკეთდა გარკვეული მინიშნებები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საკრებულოს სოციალური კომისიის და გამგეობის კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტები თითქოს შეთანხმებული იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ია ჩხაიძე ამბობს, რომ გამგეობის მიერ წარმოდგენილი პროექტში დუბლირებაა და რეალურად 2 სამსახურის შექმნას ემსახურება. `ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რატომ მოხდა ასე არ ვიცი. ერთი სამსახური სჯობია. კანონში წერია, რომ ის შეიძლება იყოს ა(ა)იპ ან გამგეობის სამსახური. მე არც ერთის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ერთი უნდა იყოს~ _ განაცხადა ქალბატონმა იამ. დავით წულაძის მტკიცებით, ა(ა)იპ-ად დარჩენა უფრო უმჯობესია, რადგან გამგეობიდან ბაღების გაკონტროლება უფრო რთული იქნება. `იქ დღეში 9 რამ შეიძლება გაფუჭდეს. ყოველ წუთს ვაკეთებს მონიტორინგს, გამგეობიდან მისი მართვა ვერ მოხერხდება. სოციალურ სამსახურს თუ უნდა ამ ფუნქციის დამატება, ის ორი კაცით ამას ვერ შეძლებს~ _ განაცხადა ბაღების ცენტრის ხელმძღვანელმა. რომან ბიწაძემ თქვა, სოციალურ სამსახურს ისიც ეყოფა, რაც აქვს გასაკეთებელი და რასაც ვერ აკეთებსო. ეთიკის კომისიის თავკაცმა შესაბამისი ფაქტებიც ახსენა და დასძინა, მოვა დრო და ყველას მოეკითხება ხალხის აბუჩად აგდებაო. საკმაოდ ხმაურიან სხდომაზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბაღები ცალ-ცალკე ა(ა)პებად ჩამოყალიბდება, ხოლო მას მონიტორინგს ბაღების ცენტრი გაუწევს, რომელიც ისევ ა(ა)იპ-ად დარჩება. თუმცა, ეს ფრაქციის რეკომენდაციაა, ხოლო გაითვალისწინებს თუ არა ამას საკრებულოს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სხდომაზე ისიც ითქვა, რომ დღეს არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, პირდაპირ ავტორიზაციას არსებული ბაღებიდან, ალბათ, შუხუთისა და მაჩხვარეთის ბაღები თუ შეძლებენ, რადგან მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვთ მოწყობილი, საუბარია სათამაშო მოედნებზე. ვინაიდან დროებითი ავტორიზაცია მოხდება, ალბათ, ყველა ბაღი ისარგებლებს ამით. `დღეს ბაღების მშენებლობა მიდის რამდენიმე სოფელში. ვიცით, რომ ახალმა ბაღმა შესაძლოა კანონით დადგენილი ახალი სტანდარტი ვერ დააკმაყოფილოს, ხომ შეიძლება კორექტირება შევიტანოთ პროექტში და კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ მომავალში უხერხულ სიტუაციაში. გავხსენით ბაღი, რომელიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ამიტომაც არის, სოფლის კანტორებში და მის ერთ ოთახში ბაღი არ უნდა იხსნებოდეს~ _ ითქვა სხდომაზე და კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ იმ ადამიანების ბედით, რომლებიც დღეს ბაღების ცენტრში მუშაობენ და ხვალ შემცირებაში მოჰყვებიან, რადგან რეორგანიზაცია გარდაუვალია. როგორც განმარტეს, ყველა ბაღს სჭირდება დირექტორი და ბუღალტერი, შესაძლოა სწორედ ჩვენთან არსებულ 22 ბაღში გადანაწილდნენ ცენტრში დასაქმებული ადამიანები. `ცენტრში მომუშავება რიცხოვნობა მცირდება, მაგრამ ბაღებში მეტი კადრი იქნება საჭირო და ის ხალხი იქ გადანაწილდება~ _ განაცხადეს შეხვედრაზე.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0