ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გიორგი ჩახვაძე: `დღეს მუნიციპალიტეტის მმართველობის ძირითადი რგოლები სუსტია, მენეჯმენტი დაბალი დონისაა, რაც იწვევს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებას, ინფრასტრუქტურის დანგრევას...~

გიორგი ჩახვაძე: `დღეს მუნიციპალიტეტის მმართველობის ძირითადი რგოლები სუსტია, მენეჯმენტი დაბალი დონისაა, რაც იწვევს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებას, ინფრასტრუქტურის დანგრევას...~
3-03-2017, 00:00

მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, გიორგი დიდი ხანია პოლიტიკიშია, ის 2006 წელს აირჩიეს ჩიბათის მაჟორიტარ დეპუტატად, 2009 წელს გახდა ჩიბათის რწმუნებული, 2010 წელს _ ისევ დეპუტატი, ამავდროულად დაინიშნა ლანჩხუთის სატყეო სამსახურის უფროსად, სადაც თითქმის სამი წელი მუშაობდა, იყო მრავალი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, 2014 წელს საკრებულოს წევრია პარტიული სიით... - ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, როგორია დღეს საკრებულოს როლი ლანჩხუთის რეალობაში? - პირველ რიგში, მინდა მივულოცო ლანჩხუთის მოსახლეობას, მთელ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიღება, ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და იმედია, შევძლებთ ეს მხარდაჭერა პროდუქტიულად გამოვიყენოთ და განვვითარდეთ. რაც შეეხება საკრებულოს, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი გადაწყვეტილებებით, ჩვენი აქტიურობით სიტუაცია გამოვიყვანოთ ჩიხიდან, რეალურად დავეხმაროთ მოსახლეობას და ჩვენი საქმიანობა არ უნდა იყოს ფარსი. არსებობს უამრავი პრობლემა, რომელიც საჭიროებს დროულ გადაწყვეტას და არა ცარიელ სიტყვებს. - ბოლო სხდომაზე თქვენ საკმაოდ ემოციურად გამოხვედით, ბრძანეთ, რომ თუ არ ამოვიღეთ ხმა, მალე ფოთს ან ოზურგეთს მიგვაერთებენო... - დიახ, საუბარია იმაზე, რომ ტყე გადაეცა ეროვნულ პარკს, რისკია იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაციის შენობა გადავა ოზურგეთში. ისედაც თითქმის უფუნქციოდაა დარჩენილი მუნიციპალიტეტის გამგეობა და მართლაც ვამბობ, ბარემ მიგვაერთონ ოზურგეთს ან ფოთს. 1998 წლიდან იბრძოდა ლანჩხუთის მოსახლეობა, დეპუტატები, საინიციატივო ჯგუფები, რათა არ გადასცემოდა ჩვენი ტყე ეროვნულ პარკს, არსებობს 15 000 ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ მოსახლეობა ითხოვს ტყე დარჩეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე. არსებობს პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულება, სადაც ის მინისტრ ჩხობაძეს ავალებს საფუძვლიანად შეისწავლოს ეს საკითხი და მაქსიმალურად გაითვალისწინონ საზოგადოების აზრი. კანონშიც გარკვევით წერია, რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ საზოგადოებრივი აზრი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2015 წლის მაისს-ივლისში მოხდა ტყის გადაცემა კოლხეთის ეროვნული პარკისთვის. - ანუ რა გამოდის _ თქვენივე ხელისუფლების დროს მოხდა ეს ფაქტი და ვის აბრალებთ? - სამწუხაროდ, ასე მოხდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, ცენტრალური ხელისუფლება და გარემოს დაცვის სამინისტრო არის შეყვანილი შეცდომაში, გურიის სამმართველოს მიერ. იმედია, მალე სიმართლე დადგინდება და ტყე დაგვიბრუნდება. გაკეთებულია უამრავი მოთხოვნა, განცხადება ამასთან დაკავშირებით და მოლოდინის რეჟიმში ვართ. მიუხედავად განსხვავებული პარტიული ნიშნისა, 31-ივე დეპუტატი აწერს ხელს იმას, რომ ეს არის კანონდარღვევა და ტყე უნდა დაუბრუნდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. - ხომ არ იკვეთება რაიმე პირადი ინტერესები? - ვერაფერს გამოვრიცხავ. არსებობს ამის შესახებ გონივრული ეჭვი. ყველა ვარიანტში,საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან, საზოგადოებრივი ინტერესის გაუთვალისწინებლობასთან, ძალიან დიდი იმედი მაქვს ცენტრალური ხელისუფლების. აუცილებლად მინდა დავამატო, რომ წარმოუდგენლად რთულია სამასალე ხე-ტყის მოპოვება, გეტყვით რატომ: პიროვნებამ უნდა დაწეროს გუბერნატორის სახელზე განცხადება, გუბერნატორი ელოდება განცხადებების დაგროვებას, შემდეგ განიხილავენ, გამოყოფენ ტყეკაფს, ეს მასალები გადაეცემა ოზურგეთის სატყეო სამმართველოს, იქიდან გადააგზავნიან სამინისტროში და ამის შემდეგ ეძლევა უფლება ადამიანს მოჭრას ის სამასალე ტყე, რაც გამოუყვეს. რა უბედურებაა, აბა, რისთვის ჰყავს მუნიციპალიტეტს არჩეული გამგებელი, გამგებელს ჰყავს წარმომადგენელი და სწორედ მას უნდა ევალებოდეს თვალყური. უფუნქციოდაა დატოვებული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. რაც შეეხება საშეშე მასალას, მისი გამოყოფა უნდა ხდებოდეს კოლხეთის დაბლობის სპეციფიკადან გამომდინარე. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატისტიკას და ნახავთ, რომ სამასალე ხე-ტყე ათვისებულია მოსახლეობის 1 (!!!) პროცენტის მიერ, ხოლო საშეშე მასალით 10 პროცენტიც არ იყო დაკმაყოფილებული. აუცილებლად უნდა შეიცვალოს მიდგომა. - ხვნა-თესვის პერიოდი მოდის, რისი იმედი ჰქონდეს მოსახლეობას? - ჩვენ დავაყენეთ საკითხი, გამოყოფილიყო თანხა, რათა უფასო კრედიტები მისცემოდა ტრაქტორისტებს და აგრეთვე შემცირებულიყო ხარჯი მოსახლეობის მხრიდან. საუბარია 100 000 ლარზე, მივიღეთ თანხმობა, რომ როგორც კი მარტის თვეში მოხდება ბიუჯეტის ზრდა, განხორციელდება ეს პროექტი. - მთავარ პრობლემად რჩება თხილის შეწამვლის საკითხი, მოგეხსენებათ, ძალიან ცუდი მოსავალი იყო შარშან, დაეხმარება ხელისუფლება წელს მოსახლეობას? - ვესაუბრე ბატონ ნუგზარ ცინცაძეს, აგრეთვე ჩემი მოპოვებული ინფორმციითაც ვიცი, რომ იგეგმება თხილის შეწამვლა, ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას, ალბათ, მალე მიეწოდება სრული და ამომწურავი ინფორმაცია. მეც ძალიან ვარ დაინტერესებული ამ საკითხით და ყურადღებით დავაკვირდები მოვლენების განვითარებას. _ თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მოსახლეობასთან და გეტყვით, რომ ნდობა ხელისუფლების მიმართ არის ძალიან დაბალი, ისინი ეჭვის თვალით უყურებენ ჩატარებულ ტენდერებს, გაკეთებული სამუშაოების ხარისხს და კეთილსინდისიერებას, რას იტყვით კორუფციულ სქემებზე? - თუკი ვინმე იტყვის, რომ გიორგი ჩახვაძე ან ადრე, ან ახლა მონაწილეობდა რაიმე ბინძურ გარიგებაში და დაამტკიცებს ამას, მზად ვარ საკუთარი სიცოცხლით ვაგო პასუხი. რაც შეეხება სხვათა კორუფციას, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ გეტყვით, რომ არავის არაფერი შერჩენია საბოლოოდ. ასე რომ, თუ ვინმემ გაბედა და მონაწილეობა მიიღო რაიმე სახით კორუფციაში, აუცილებლად მოეთხოვება პასუხი. - თქვენ ახსენეთ ფედერაციის შენობის გადატანა ოზურგეთში. რა ხდება დღეს ლანჩხუთის ფეხბურთში? - 10 მარტს არის დანიშნული არჩევნები და არის იმის რისკი, რომ გადავა ფედერაცია ოზურგეთში. მე ვთხოვე დეპუტატებს, მივიდეთ ამ დღეს არჩევნებზე და არ მივცეთ ვინმეს უფლება ლანჩხუთელები დაჩაგროს. ჩემთვის ძალზედ მძიმე თემაა დღევანდელი ლანჩხუთის `გურია~, მერწმუნეთ, ძალიან განვიცდი მის დღევანდელ მდგომარეობას და ვიმედოვნებ სიტუაცია გამოსწორდება. როგორც იცით, კლუბში შესულია ანტიკორუფციული სამსახური და ველოდებით დასკვნას. ამის შემდეგ მოგახსენებთ, ვის, როგორ და როდის მოვთხოვოთ პასუხი. საკრებულომ განაცხადა მზაობა გადაიხადოს ბანკის ვალი, როცა ბიუჯეტში იქნება თანხა, მაგრამ მანამდე უნდა გავიგოთ ვინ დახარჯა ეს ფული, როგორ დახარჯა და რატომ არის გუნდი ასეთ დღეში. _ ,,ახალი უმრავლესობის~ ლიდერად მოგიხსენიებენ. ინტერესთა კონფლიქტია თქვენსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შორის? _ არ დაგიმალავთ, არის საკითხები, რომლებზეც ვთანხმდებით, მაგრამ ძირითად, პრიორიტეტულ თემებთან დაკავშირებით აცდენილია ჩვენი გზები. ვერასდროს შევთანხმდებით ტყის კოლხეთის ეროვნული პარკის გადაცემასთან დაკავშირებით, უღარიბეს მუნიპალიტეტად ყოფნაზე, ფეხბურთის ასეთ მდგომარეობაზე. ხმამაღლა ვამბობ, რომ დღეს მუნიციპალიტეტის მმართველობის ძირითადი რგოლები არის სუსტი, მენეჯმენტი დაბალი დონის, რაც იწვევს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებას, ინფრასტრუქტურის დანგრევას. _ ცენტრალურ ხელისუფლებაზე რას იტყვით, თქვენი აზრით, ყველაფერი რიგზეა? _ არ ვამბობ, რომ ყველაფერი რიგზეა, თუმცა ნამდვილად არის სასიკეთო ძვრები. გამოვყოფ საგარეო ურთიერთობებს, ჯანდაცვის სისტემას, შედარებით გამოსწორებულ სასამართლო სისტემას. ჩემთვის, მაგალითად, სერგეენკო ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრია, მაგრამ მარსზე არ ვცხოვრობ და ვხედავ, როგორ უჭირს ხალხს, ზღვაში წვეთია, რაც კეთდება, თუმცა ვხედავ დადებით ტენდენციებს. ბიძინა ივანიშვილმა გამოყო თანხა ლანჩხუთის ჩაჩავას სახელობის საავადმყოფოს გასარემონტებლად. - ისევ ივანიშვილი... აღარ არის ეს კაცი პოლიტიკაში... - გასაგებია, აღმასრულებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ და გარდა ამისა, ამ კაცს აქვს ფინანსური შესაძლებლობაც დაეხმაროს ხალხს, როგორც ბიზნესმენი, კერძო სექტორის წარმომადგენელი. - თქვენ წლების განმავლობაში იყავით ჩიბათის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლო სხდომაზე აღნიშნეთ კიდეც იქ არსებული პრობლემების შესახებ. რისი გაკეთება შეძელით ჩიბათისთვის? _ მოგახსენებთ, რომ მე არ ვარ კაბინეტური მუშაობის მომხრე პიროვნება. ყველა დაგიდასტურებთ, რომ მე ვიყავი და ვარ ყველა სიტუაციაში _ ყანაში, ტყეში, ლხინში, ჭირში, საფეხბურთო მოედანზე. მე ვარ რიგითი ჩიბათელი, რომელსაც ძალიან სტკივა სოფლის პრობლემები და ძალიან უხარია მისი კარგი. დავიწყოთ იმით, რომ გავაკეთეთ სასაფლაოებთან მისასვლელი გზები, ნაწილობრივ მოწესრიგდა მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება, საყანე ფართობები შემოიღობა, მოეწყო სკვერი, აშენდა სკოლა, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. სამწუხაროდ, მეტია პრობლემა. გასაკეთებელია სანიაღვრე არხები, მთლიანად მოუწესრიგებელია შიდა გზები, ავარიულ მდგომარეობაშია ბაქანი, ჩემი ხელით შევიტანე ორასზე მეტი ხელმოწერით განცხადება მის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, მაგრამ დღესაც გაუკეთებელია. სკოლას არ აქვს დარბაზი, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს, მინდა დავეთანხმო თქვენს გაზეთში ქალბატონ ეთერ კუკულაძის გამოთქმულ მოსაზრებას და გითხრათ, რომ გარეგანათება მართლაც მოსაწესრიგებელია. ჩვენ ამოვიღეთ საპრივატიზაციო ნუსხიდან ყოფილი ადმინისტრაციული შენობა, არის დაპირება დეპუტატ ნინო წილოსანის მიერ იუსტიციის სახლის აშენების შესახებ. რწმუნებული და მისი თანაშემწეც როდემდე უნდა იყვნენ ქოლგის ქვეშ? ჩიბათს ჰყავს უპატიოსნესი მაჟორიტარი სოსო გვარჯალაძე და ისიც იბრძვის პრობლემების მოსაგვარებლად. - ჩიბათის მოსახლეობას აინტერესებს გაზიფიცირების საკითხი. - თბილისიდან დამირეკა ჩვენი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელიც ხვდებოდა `სოკარის~ წარმომადგენლებს და დამპირდა მიმდინარე წელს ამ პრობლემის მოაგვარებს. - თვითმმართველობის არჩევნები მოდის, ალბათ, აპირებთ კენჭისყრას? - ნამდვილად არ ვიცი ჯერ, მაგრამ ვფიქრობ. არ აქვს მნიშვნელობა, მე დავრჩები თუ არა პოლიტიკაში, მე დავრჩები ჩემი ხალხის გვერდით, ჩემი პრინციპების ერთგული, ზემოხსენებული საკითხების მოგვარებით დაინტერესული. ყველამ იცის, ამ 12 წლის განმავლობაში, არაფერი მე და ჩემს ოჯახს ფინანსურად არ მოგვიგია და არც მქონია ამის სურვილი არასდროს. - ხალხს მობეზრდა მუდმივი მტრობა, ქიშპობა, თითის გაშვერა - შენ `ნაცი~ ხარ, შენ _ `ქოცი~... არ მიგაჩნიათ, რომ რეალური პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება და ეს ,,დაპირისპირება~ არის მთავარი თემა? _ გეთანხმებით, ნამდვილად დაიღალა ხალხი ამ იწილო-ბიწილოთი. დავამთავროთ უნდა იმაზე აპელირება ,,შენ უარესს შვებოდი, შენ რა გაქვს სათქმელი~... ჩვენ აგვირჩია მოსახლეობამ და ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ასაღები მიმდინარე მოვლენებზე და არა _ ოპოზიციას. მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მოვეფერო თითოეულ ლანჩხუთელს და ვუთხრა, რომ არაფერს არ მოგვიტანს ეს დაპირისპირება და მტრობა. გავერთიანდეთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, დავირაზმოთ პრობლემების მოსაგვარებლად. პიროვნებების ოპოზიცია კი არ ვიყოთ, არამედ ცუდი საქმის, არაპროფესიონალიზმის, კორუფციის, ხოლო კარგი ავიტაცოთ და განვავითაროთ. თუკი ჩემზე მეტად ესმის კონკრეტული საქმე, ის დავაყენოთ და არა გიორგი ჩახვაძე, იქნება ეს `ნაციონალი~, `ოცნების~ მომხრე, `პატრიოტთა ალიანსიდან~ თუ სხვა პარტიიდან... თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა