. პირველი ტრიბუნასთან კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მივიდა _ ოთარ ჩხაიძემ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ ახალმა ფედერაციამ ეროვნული პირველობის რეგლამენტში ცვლილებები მოახდინა, რამაც ჩემპიონატი უკიდურესად დაძაბაო, რომ დარბაზიდან შეაწყვეტინეს: „არ გვაინტერესებს ჩემპიონატის რეგლამენტი, ჩვენ გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე _ რატომ გავარდა „გურია“ და ვინ არის პასუხისმგებელი?“; „არ გვინდა ეს მონოლოგები, გვირჩევნია ჩვენ კითხვები დავსვათ, გამოვიდეს სამივე დირექტორი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გვიპასუხოს“ _ ისმოდა აქა-იქიდან. თავისი ერთხელაც სცადა საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძემ, იქნებ ხუთიოდ წუთი მივცეთ თითოეულ დირექტორს და კითხვები მერე დავუსვათო, მაგრამ ისე უცებ მიიჭრნენ დეპუტატები მიკროფონებთან, აშკარა იყო, რომ „თამაშის წესებს“ „გურიას“ მესვეურები კი არა, უკვე საკრებულოს „აბუნტებული“ წევრები კარნახობდნენ. _ შენ და შენი გუნდი ვერ დასვამთ აქ კითხვებს! _ ელგუჯა ჩხაიძისკენ გაიწია ნუგზარ ცინცაძემ, რომელიც გოგი ხელაძის მოწოდების მიუხედავად არ ჩერდებოდა და ხელს გოგუაძე-ასკურავა-ჩხაიძის ფრაქციისკენ იშვერდა _ თქვენმა გუნდმა დაანგრია სტადიონი და ჯართში ჩააბარა! არც ელგუჯა ჩხაიძე დარჩენია ვალში: _ შენმა ყვირილმა მიიყვანა ლანჩხუთი და „გურია“ ამ მდგომარეობამდეო. მოგვიანებით ის იტყვის: „დღეს საკრებულოს სხდომაზე დარბაზში მყოფმა ქართული ოცნების „თვალმა“ ცანცუამ საკითხების გარშემო კამათში გამოსვლის უფლება ამიკრძალა. მისი თარეშის განმუხტვა შეუძლია ვინმეს? ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. ზუსტად ცანცუას გამო რამდენიმე თვეა არ შევდივართ სხდომაზე“. ხმაურს საკრებულოს თავჯდომარის მკაცრი გაფრთხილება მოჰყვა. ნუგზარ ცინცაძე გაჩერდა, რომან ბიწაძე ალაპარაკდა: _ აგერ მაქვს ოფიციალური მონაცემები: 2009-10 წელს „გურია“ დაფინანსდა 150 ათასი ლარით, 2011-ში _ 260 ათასით, ხოლო 2012 წელს _ 478 ათასით! ახლა შევხედოთ, რა დაფინანსება მიიღო გუნდმა 2013 წლიდან: პირველ წელს 632 ათასი, 2014-ში _ 975 ათასი, 2015 წელს _ 1,5 მილიონი, ხოლო წელს _ 1,3 მილიონი. თუ „გურიამ“ სამ წელიწადში მიიღო 900 ათასამდე და უმაღლეს ლიგაში გადავიდა, მარტო ბურთის გაგორებაში და გავარდნაში ბოლო 4 წელიწადში გადავიხადეთ ამდენი მილიონი! რატომ ხდება, რომ ზოგს საერთოდ არ აქვს ანაზღაურება მიღებული და ვალები გვადევს და ზოგი კი სრულად არის გასტუმრებული? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული... ბიწაძეს „გურიას“ დირექტორმა შეაწყვეტინა: _ ბევრს აქვს ამ დარბაზში სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი _ თქვა ოთარ ჩხაიძემ. ამის გამო მოგვიანებით ის ბოდიშს მოიხდის, რადგანაც მისმა სიტყვებმა საკრებულოს წევრები აღაშფოთა და აღამსრულებელ დირექტორს დამნაშავეების დასახელება რომ მოთხოვეს _ არავის არ ვგულისხმობდი, გაცხარებულმა ვთქვიო. ამაზე ბიწაძემ უთხრა: _ აწი შენი აღარაფერი მჯერა, ორი წუთის წინ ნათქვამი სიტყვები უკან რომ წაიღეო. ლანჩხუთის გამგებელმა საკადრო შეცდომები აღიარა, თუმცა გაკეთებულსაც ნუ დაივიწყებთო: _ არ უარვყოფ, შეცდომები დავუშვით, თუნდაც საკადრო კუთხით და ბევრმა მიზეზმაც შეგვიშალა ხელი. რა თქმა უნდა, მე არ ველოდი აქ მადლობას მეტყოდა ვინმე, მაგრამ გაკეთებულსაც ნუ დავივიწყებთ. სტადიონი და ბაზა არ გვქონდა. ჯერ სტადიონი გავაკეთეთ და „გურია“ საკუთარ მოედანზე თამაშობს. მერე გრიგოლეთის ბაზა ლანჩხუთის საკუთრებაში გადმოვიყვანეთ, 12 მილიონიანი ქონება მიიღო მუნიციპალიტეტმა და მადლობა არავის არ უთქვამს. იმის მიუხედავად, რომ კლუბზე გადაყოლილი ვარ, ვიცოდი, ლანძღვა მომიწევდა და ამისთვის მზადაც ვიყავი. ვთქვათ და რომ დამენებებინა თავი, ერთ წელსაც ვერ გაძლებდა „გურია“. ვიცი გამგებლები, რომლებმაც თავიანთი გუნდის თამაშის დღეც არ იციან! არც ერთი ბენზოგასამართი სადგური არ არის, სადაც ვალი არ მქონდეს _ „გურიას“ ბაზაზე ყოველდღიურად 100 ლიტრი საწვავი სჭირდება.“ _ თქვა ზაზა ურუშაძემ. მას საკრებულოს წევრებმა უთხრეს _ თუ იმის გამო გავვარდით, რომ ფული არ გვეყო, იქნებ დამატებით 100 და 200 ათასი მოგვეძიებინაო, რაზეც გამგებელმა ასე უპასუხა: „იცით, ფულს ფონდის გავლით ვიღებდით და მეტი თანხაც რომ მოგვეძიებინა, სპონსორის მიერ თუ არ იქნებოდა, არ გაგვიტარებდა ფონდი. ამიტომაც დავუჩოქე მერაბ ჟორდანიას. ხომ არ გგონიათ, მაგას უხარია პირველი ლიგის გუნდში მოსვლა?“ როგორც ყოველთვის, კორექტული, მაგრამ მწვავე იყო ნონა მურვანიძის გამოსვლა _ ის კოლეგების განცხადებებითაც გაკვირვებული ჩანდა: „ვერ გამიგია, რატომ უნდა ეთმობოდეს ამდენი თანხა და დრო „გურიას“! ნუთუ ისე კარგად გვაქვს ყველაფერი, რომ მეტი საზრუნავი არ გაგვაჩნია? ლანჩხუთის ბიუჯეტის 11% „გურიას“ მივეცით და კეთილი ინებეთ და გვითხარით, როგორ დაიხარჯა თითოეული თეთრი“. მერე დეპუტატებმა შეცვლილი მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზე მოითხოვეს პასუხი. დირექტორატის წევრებმა ვერ დააკონკრეტეს, თუ ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს. ბოლოს ოთარ ჩხაიძემ თქვა _ ყველა ერთად ვსჯელობდითო. ზაზა ურუშაძემ დაამატა _ მწვრთნელი, რომელმაც ვერ გაამართლა, არ უნდა შეგვეცვალაო? _ მერე ვინაა პასუხისმგებელი ასეთ მწვრთნელებს რომ იწვევდით? ან წარმატებული ვინც იყო, ის რატომ გაუშვით? _ ისმოდა დარბაზიდან. _ ვინ იყო წარმატებული? _ იკითხა გამგებელმა. _ თემურ ლორია, დავით მახარაძე... _ იყო პასუხი და გამგებელს აღარ გაუგრძელებია პოლემიკა. მერე საკრებულოს წევრები კვლავ გამოყოფილი თანხის ხარჯვას მიუბრუნდნენ... დაისვა კითხვა: ვინ შეიყვანა კლუბში ანტიკორუფციული სამსახური? იგივე ჰკითხეს გამგებელსაც. _ მე რა ვიცი _ გაკვირვებული ჩანდა ზაზა ურუშაძე. რომან ბიწაძე ახლაც სკანდალური იყო: _ თქვენ შეიყვანეთ! კვლავ ნუგზარ ცინცაძე ჩაერთო ხმაურით: _ მან როგორ შეიყვანა? თავის თავს იჭერს? აბა, დირქეტორები აქამდე უნდა წასულიყვნენ სახლში _ არ ცხრებოდა `ცანცუა~. დარბაზიც ახმაურდა. რეპლიკები ისმოდა უკანა რიგებიდან: `რა უნდა ფეხბურთში ადამიანს, `აფსაიტი~ რომ არ იცის?~; `ჩაის ფაბრიკის დირექტორს რა უნდა გუნდში?~; `ფედერაციაში დაგვცინიან, ასეთი ხალხი რომ ჩადიან~ და ა. შ. ამის მერე კლუბის ფინანსური დირექტორის გამოსვლის დროც დადგა _ თენგიზ კიკვაძემ ციფრებით დაიწყო: _ 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კლუბს ჰქონდა 890 ათასი ლარის დავალიანება, აქედან 200 ათასი იყო სახელფასო, 137 ათასი _ პრემიალური, ხოლო 550 ათასი მომწოდებლების მიმართ არსებული დავალიანება, მათ შორის _ 377 ათასი ბანკის. აქ ითქვა, თითქოს 460 ათასი დაჯდა უმაღლეს ლიგაში გადასვლა, სინამდვილეში ამას უნდა დავუმატოთ საბანკო სესხი 400 ათასი ლარი, რომელიც იმ დროს იქნა აღებული (მეტი სიზუსტისთვის: უმაღლეს ლიგაში გადასვლას მოხმარდა 2013 წლის ნოემბერში "პროგრეს-ბანკიდან" გამოტანილი სესხი 250 ათასი ლარი _ რედ.). მე კლუბში მივედი 2015 წლის 1 ივნისს, ამ დროისთვის კლუბს მიღებული ჰქონდა 1066 ათასი ლარი, საიდანაც 258 ათასი ძველი დავალიანების გასტუმრებას მოხმარდა, დანარჩენი თანხით კი დაფინანსდა წლის პირველ ნახევარში გამოსვლა. 2016 წლის 1 იანვრისთვის ვალი 874 ათასი იყო, მივიღეთ დაფინანსება 1,25 მილიონი, აქედან 100 ათასით სტადიონი გავიყვანეთ ცალკე. _ გამოცდილი თენგზ კიკვაძე აშკარად მომზადებული ჩანდა. მას გოგი ხელაძე `ჩაეკითხა~: _ ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ერთი რამის დაზუსტება მინდა _ თქვენ ფიქრობთ, რომ ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 1,25 მილიონი ცოტა იყო? _ არ ვამბობ ამას! რაც შეეძლო ლანჩხუთს, ის მოგვცა, თუმცა დამეთანხმეთ, უმაღლესი ლიგისთვის ეს საკმარისი არაა _ უპასუხა კლუბის ფინანსურმა დირექტორმა. _ ცოტა იყო, 7 მილიონი უნდა მიგვეცა ყოველწლიურად _ ისროლეს დარბაზიდან. მერე ისევ კიკვაძემ განაგრძო: _ ახლა 614 ათასიანი ვალდებულება გვაქვს. ფონდმა ძველი ვალების გასტუმრების უფლება არ მოგვცა. ამდენი ხნის მანძილზე კლუბმა პირველად აიღო ლიცენზია, რაც ძალიან რთული იყო და დიდ შრომად დაგვიჯდა. სხვანაირად კლუბი საერთოდ ვერ იასპარეზებდა უმაღლეს ლიგაში. ათჯერ ვიყავი ამ თვეში თბილისში, რომ ახალი ლიცენზია მივიღოთ. მევალეებს ვეხვეწები, არ მიჩივლონ, თორემ ლიცენზია რომ ვერ ავიღოთ 28 დეკემბერს, პრო-2-ში მონაწილეობაზეც პრობლემა შეგვექმნება. კლუბში რომ მივედი 93 თანამშრომელი იყო, 59 დავტოვეთ, აქედან 18 სალიცენზიოდ აუცილებელი თანამდებობაა. ორი თვეა, არ გვქონია თანხა. თბილისში სამი დღე ვეხვეწე სასტუმროს, რომ ნისიად შევეშვით. მილიონი ვერ გავხადე ორ მილიონად _ თქვა თენგიზ კიკვაძემ. მანვე იმაზეც ისაუბრა, თუ რა საკითხს სწავლობს ანტიკორუფციული სამსახური: _ არავინ არ მითხრა და დამაკვალიანა, თუმცა ასეთი გამოცდილების მქონეს არ უნდა გამომპარვოდა. გრიგოლეთის ბაზაზე ნარჩენი ქონება _ სამშენებლო მასალა გადმოგვცეს. მაშინ უნდა მივხმდარიყავი, რომელი სამშენებლო კომპანია მე ვიყავი. ფინანსურად არასდროს გვილხინს და კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვიწვიეთ აუდიტი, ქონება შეფასდა 7900 ლარად და ელექტრონულ აქუციონზე თითქმის 4-ჯერ ძვირად, 27 ათასად გაიყიდა. ყველა თეთრი კლუბს მოხმარდა, თუმცა მუნიციპალიტეტის ქონების გაყიდვის უფლება არ გვქონდა, ამის გამო ანტიკორუფციულში 5 საათი მკითხავდნენ _ თქვა კიკვაძემ და იქვე დაამატა, რომ მზად არის დატოვოს თანამდებობა, ოღონდ არა ისე, რომ ვიღაცამ ჩირქი მომცხოსო. კიკვაძემ საკრებულოს თხოვა კომისია გაგზავნოს კლუბში, რომელიც მოიკვლევს, თანხა რამდენად კანონიერად დაიხარჯა. გამოსვლელს საკრებულოს წევრები ყველა მხრიდან გამოეხმაურნენ: შენ რატომ იღებ ყველაფერს შენს თავზე, ფინანსების ხარჯვას არ გედავებით _ ვითხოვთ რამდენად სწორად გაიხარჯა თანხები და გუნდის სპორტულ შედეგზე პასუხს ვინ აგებსო. ფინანსურ დირექტორს ხელი არც დირექტორატის სხვა წევრებისკენ გაუშვერია და არც გამგებლისკენ, ვისზეც, სავარაუდოდ, მიანიშნებდა ზოგიერთი დეპუტატი. ძალიან რომ `მიჩიხეს~, ფინანსურმა დირექტორმა აღიარა _ `გურია~ არასწორმა მენეჯმენტმა გააგდოო. თუმცა გასაკვირად, კიკვაძე თავის თავზე იღებდა ყველა `დარტყმას~ და ისე გამოყავდა, გადაწყვეტილებებს თითქოს ერთპიროვნულად იღებდა. ეს არაერთხელ გააპროტესტეს დეპუტატებმა და ჯიუტად ითხოვდნენ სხვა პასუხისმგებელი პირების დასახელებას, მაგრამ პასუხისმგებლობა მარტო თენგიზ კიკვაძემ აიღო, შესაბამისად, გადადგომაზე მზადყოფმაც მხოლოდ მან დააფიქსირა. არადა, მთელს შეხვედრას გასდევდა მოთხოვნა _ პასუხისმგებლობა სხვებსაც აეღოთ და პოზიცია თუ ოპოზიცია კლუბის მენეჯმენტის სრულად დათხოვნაზე მიუთითებდა. მერე მიკროფონთან გია გოგუაძე მივიდა და კითხვები დასვა: `ვინ იღებს პასუხისმგებლობას? რატომ მივედით ამ დღემდე? რატომ გაუშვით ხალხში ის ხალხი, ვინც პროფესიონალია და ეს საქმით დაამტკიცა? გუნდში ირაკლი ვაშაკიძე რატომ გყვადათ, ხომ გეუბნებოდით, ეს კაცი `დინამოდან~ გამოაგდეს-თქო? ან რატომ დაანგრიეთ გურიის ფეხბურთის ფედერაცია _ კახა ებრალიძე რომ წასულიყო სახლში? ახლა ხომ მიხვდით, ფედერაციასთან დალაგებული ურთიერთობა რომ აუცილებელია~ _ ექსგამგებელი განაგრძობდა კითხვების დასმას. ალაგ-ალაგ ნუგზარ ცინცაძე მასაც ხმაურით აწყვეტინებდა და `სტადიონის დანგრევასა და ჯართში ჩაბარებას~ ახსენებდა. ცალკე გოგი ხელაძე მოუწოდებდა `მეამბოხეს~, ხმაური შეეწყვიტა, იქით საკრებულოს წევრებიც ცდილობდნენ იგივეს. გია გოგუაძე კითხვების დასმას განაგრძობდა: `თუ გუნდის გადარჩენა გვინდოდა, პლეი აუტამდე რატომ იყვნენ ფეხბურთელები გათბობისა და საჭმელის გარეშე 5 დღის მანძილზე? ან მომავალი წლის ბიუჯეტში 0 რომ გაქვთ, როგორ ვიხდით დავალიანებას?~ _ `ცანცუას~ ხმაურის ფონზე სვამდა კითხვებს ყოფილი გამგებელი. მერე ნუგზარ ცინცაძე ოთარ ჩხაიძესაც მიუბრუნდა: _ ამათ რას ალაპარაკებთ, ვერ გაართვით საქმეს თავით და სამივე დირექტორი სახლში წადითო! თემურ ალექსაიამაც დასვა კითხვა: `როგორც საკრებულოს წევრი, თანხის გამოყოფაზე მეც ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენ გვაქვს კითხვა _ როგორ დავხარჯეთ ეს თანხა და რატომ გავარდა `გურია~? მისი კოლეგა გიორგი ჩახვაძე კონკრეტიკაზე გადავიდა _ 15 ათასებს ლეგიონერების დამტკიცებაში რატომ ვიხდიდით, როცა ზოგი საერთოდ ვერ თამაშობდა, ზოგი კი გუნდიდან გავეპარა, ამ დროს კი ადგილობრივები უყურადღებოდ დაგვრჩაო. მას ფინანსურმა დირექტორმა ასე უპასუხა _ ეს ლეგიონერები სპონსორმა მოიყვანა, მანვე გადაიხადა დასამტკიცებელი თანხა 60 ათასი ლარი, ჩვენ კი ხელფასად მაქსიმუმ 2 ათას ლარს ვუხდიდითო... არ მიიღეს ეს არგუმენტი შეკრებილებმა _ ბურკინა ფასოელს, პანამელსა და კოსტა-რიკელს რაღას ვარჩენდით, თუ უნდა გავვარდნილიყავით, ლანჩხუთელები გვეთამაშებინაო... საუბარში გამგებელი ჩაერთო: `თქვენ რა გგონიათ, ლანჩხუთელს ვინმე ხელს ჰკრავს? ეს გამორიცხულია. ზოგი მზად არ იყო უმაღლესი ლიგისთვის, ვინც გამოგვადგებოდა, სხვა გუნდები არჩიეს. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, ალბათ, მეც დავაკელი ხელი გუნდს, როცა წაინასაარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული და შტაბს ვხელმძღვანელობდი~ _ თქვა ზაზა ურუშაძემ. `ვინ იღებს პასუხისმგებლობას 9 მწვრთნელის მოყვანასა და 250 ფეხბურთელის მიღება-გაშვებაზე? ან რომ გთხოვდით სპონსორი გვანახეთო, რატომ მალავდით? ვის მოვთხოვოთ პასუხი, კლუბმა ლიცენზირება რომ არ გაიარა და 50 ათასით დაჯარიმდა? ან 40 ათასი რომ გადაუხადა უკანონოდ მოხსნილ მწვრთნელებს? და 55 ათასი რომ დავკარგეთ ბავშვთა ფეხბურთისთვის მისაღები, ლიცენზიიის მიუღებლობისთვის? ამ 150 ათასის დაკარგვაზე პასუხი არავინ უნდა აგოს? ან რად გვინდოდა ორ თამაშში ისეთი მწვრთნელი, რომლის ოცნება იყო `გურიას~ გავარდნა?~ _ მორიგი კითხვები დასვა გია გოგუაძემ. კვლავ თავის თავზე `აიღო~ თენგიზ კიკვაძემ და სხვისი საპასუხო ექს-გამგებელს მან უაპსუხა: _ თუ ესაა ქვეყნის დაქცევა, რომ 7 ათასიანი ქონება აქუციონზე 27 ათასად გავყიდეთ, კი, ბატონო, ასე იყოს! მაგრამ მითხარით, რამდენი შენობა დაიშალა ლანჩხუთში და თუ შევიდა ბიუჯეტში რამე? თუნდაც თქვენს დროს? არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ იძულებული გახმადეთ, გაგახსენოთ _ თქვენს დროს, მიხეილ სააკაშვილს რომ გახარებოდა, სტადიონზე `ვიშკები~, რომელიც უფუნქციოა, გადაღებეთ და ამაში 98 ათასია გადახდილი. მას მეორე ექს-გამგებელმა კახა ასკურავამ უპასუხა: _ აქაც ითქვა და არ მორჩა ამაზე საუბარი! სტადიონი არავის დაუნგრევია, უნდა გაკეთებულიყო ახალი და მაკეტი გამგებლის კაბინეტში დევს. რაც შეეხება ჯართის დატაცებას, ამის თაობზე პროკურატურას პირადად მივმართე. აქაა შოთა ჩაგუნავა და დამეთანხმება, როცა ჩამოსული იყო ის ადამიანი, ვინ ეს გააკეთა, ასე მითხრა _ გამგებელი იყავი, გინდ მინისტრი, სადაც გინდა მიჩივლე _ ვერაფერს დამაკლებო. ასეც მოხდა! როგორც ჩანს, იმ ადამიანს ჩვენი ხელისუფლების დროსაც და ახლაც გარკვეული აქვს პროკურატურასთან. არაერთხელ ვუთხარი გია გოგუაძეს, ამდენ ცილისწამებას რომ ითმენ, გამოდი და აუხსენი ლანჩხუთის საზოგადოებას, რა როგორც იყო. რაც შეეხება ანძების შეღებვას, სრულად გეთანხმებით, რომ ეს გაუმართლებელია და ეს არ იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, სავარაუდოდ, ადგილზე ვიღაცის სულელ ტვინში გადაწყდა ამის გაკეთება. კახა ასკურავამ ისიც თქვა, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, ფეხბურთის ცოდნას არ დავიჩემებო: `პირადპირ ვიტყვი, ზაზა ურუშაძე `გურიას~ დაფინანსებაზე უარს ვერ იტყოდა! მაგრამ პოლიტიკა არ უნდა ჩართულიყო. ვისაც შედეგი ჰქონდა, თემურ ლორია ხომ უკანონოდ გავუშვით და ფულიც ზედ მივაყოლეთ. ან ის მეგრელი რომ იყო ფედერაციის პრეზიდენტი, მაგ კაცმა რაც ლანჩხუთს გაუკეთა, ამდენი ლანძღვა ეკუთვნოდა? ან კახა ებრალიძეს მიტინგებს რომ ვუწყობდით, არ უნდა დავფიქრებულიყავით?~ თავისი ხედვა წარმოადგინა დავით ჩხარტიშვილმა: _ ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ადგილობრივებზე ვიფიქროთ. გვაქვს ჭაბუკთა ჯგუფები, მაგრამ იმის მერე ვეღარ მივდივართ _ დუბლებში პირობები არაა, ხოლო მთავარ გუნდში ადგილობრივს ნაკლები შანსი აქვს. თუ უცხოელებითაც გავვარდით, რა მოხდებოდა ადგილობრივებით მომხდარიყო ასე? ჩვენი მეზობელი, ჩვენი ბიძაშვილი ითამაშებს და ის მიიღებს გაცილებით ნაკლებს _ ვთქვათ, 1000 ლარს. ბურკინაფასოელს რომ ვუხდით 2 ათას ლარს, ჩვენს გადავუხადოთ ამის ნახევარი. ხან გავვარდებით, მერე რა მოხდება, ისედაც გავვარდით, აგერ ამდენი ლეგიონერი გვაყვდა და ფულიც ბევრი დავხარჯეთ. გიორგი მორჩილაძემ მოსწრებული რეპლიკა ისროლა: _ ლანჩხუთელები რომ იყვნენ, გუნდი არ ვარდებოდაო. რომან ბიწაძე `გააგრძელა~: _ ამათმა (დირექტორატმა _ რედ.) არ იცოდნენ მენეჯმენტი და ვერ გაართვეს თავი, ესენი ვინც მოიყვანა, დამნაშავეც ისააო. ელისო ჭიჭინაძემ თქვა, არასდროს ვინანებ, `გურიას~ რომ ფული გამოვუყავით, მაგრამ ეტყობა, საკრებულომაც შეცდომა დავუშვით და სოციალურ კომისიასაც მეტი კონტროლი გვმართებდაო. ამან სოციალური კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძის აღშფოთება გამოიწვია: _ არალანჩხუთელისგან (?! _ რედ.) შენიშვნებს არ მივიღებ და `გურიას~ სიყვარულშიც ნუ შემეჯიბრებაო. მისი თქმით, კომისიამ ყოველ სამ თვეში მოისმინა ანგარიში, უბრალოდ, ფული არ იყო საკმარისიო. ცოტა დაძაბული ვითარება დარბაზში ბესიკ ტაბიძემ განმუხტა: _ ნაწვალები არის და არ გამოვიდა. დუბლებს არ აქვს ბურთი, ჩვენი ჭაბუკები მარტვილსა და სხვა ქალაქების გუნდებში არ უნდა თამაშობდნენ. გადასარჩენია `გურია~. მას ადგილობრივების აუცილებლობაზე ელგუჯა ჩხაიძე დაეთანხმა: _ როცა 1984 წელს, `გურიას~ დუბლები გაუქმდა, მთავარ გუნდს იმხელა ამბიცია ჰქონდა, იქ ადგილობრივები ვერ მოხვდებოდნენ და შევქმენით საბაზო გუნდი `ჩიბათი~. მაშინ მახსოვს, 6 ბურთი იქით ვათხოვეთ მთავარ გუნდს. როცა გაუჭირდა `გურიას~, სწორედ ამ ადგილობრივებმა შეინახეს გუნდი, მათ შორის უმაღლეს ლიგაშიც. ერთხელაც თენგიზ კიკვაძე გადავიდა შეტევაზე _ ჩემამდე ლიცენზია რატომ ვერ აიღეთო? მას ორმა უპასუხა: გურული ფეხბურთის ექს-თავკაცმა კახა ებრალიძემ თქვა, ადრე ამის შანსი არ იყო და თუ ვერ ვიღებდით, ულიცენზიოდ მაინც ვთამაშობდითო, ბოლოს კი, ისეთ 5 თვეს მოგვიწია ყოფნა, სხვისი დაწყებული უნდა გაგვეგრძელებინა და როცა სალიცენზიო დრო მოვიდა, კაი ხნის სახლში გაშვებულები ვიყავითო. თემურ ალექსაიამ კი რეპლიკა ისროლა _ ულიცენზიოდ უმაღლესში ყოფნა გვერჩივნა, ლიცენზირებულ გავარდნასო: `ჩვენ დროს იმიტომ ვერ ავიღეთ, რომ არ იყო სტადიონი და ინფრასტრუქტურა. თქვენ ხართ არაპროფესიონალები. არ უნდა მისულიყავითY გუნდში, ეს არის თქვენი დანაშაული. პატერსონს თუ აძლევდით 4500 ლარს, ვანო წილოსანისთვის 5 ათასი რომ მიგეცათ და `ტორპედოში~ არ გაგეშვათ, არ გამოგადგებოდათ პატერსონზე მეტად?~ _ მწვავე იყო დეპუტატის გამოსვლა. ამას რეპლიკებიც მოჰყვა: ან ის რა სპონსორი გყავდათ, ხელფასს იქით რომ უხდიდითო? გიორგი ჩახვაძემ მოითხოვა: _ არავის დაჭერა არ მინდა, მაგრამ გაგვაგებინეთ, რატომ გავარდა გუნდი და ლანჩხუთელებს ბოდიშს მაინც ვინ მოუხდისო. ეს კითხვა სხვებსაც ჰქონდათ. დარეჯან ბურჭულაძემ კობა მირზაშვილის დირექტორობის დრო და მარინა თოთლაძის გვერდზე დგომა გაიხსენა _ მიზერულ თანხად კლუბი სამეულშიც იყოო. გოგი მორჩილაძე და ალეკო მახათაძე ითხოვდნენ კითხვაზე პასუხს _ რატომ გავარდა `გურია~ და არავის აკმაყოფილებდა პასუხი _ ფული არ გვეყოო! `დამერწმუნეთ, ფული არაა ყველაფერი. ასე, თბილისის `დინამოს~ პრეზიდენტი მილიონებს ხარჯავს, თქვენსავით ცვლის ფეხბურთელებს და მწვრთნელებს. შედეგი რა აქვს? გამგებელმა `გურიაში~ მენეჯმენტი თუ არ შეცვალა, ეს გუნდი პირველი ლიგიდანაც გავარდება. აქ ითქვა, ადგილობრივმა ფეხბურთელმა ბევრი მოითხოვაო. ვიმეორებ, მარტო ფულში არაა საქმე _ ურთიერთობა და ადამიანური მოქცევაა მთავარი. გურიის ფედერაციაში აქციებს და მიტინგებს რომ მიწყობდნენ, დღეს სად არიან, ერთი წელია, წავედი და ფედერაციის კარიც არავის გაუღია. რატომ არ ვარ მე დღეს ფეხბურთში? იმიტომ, რომ თავის დროზე, გია გოგუაძეს დავუჭირე მხარი და არა თემურ ჩხაიძეს _ ეს იმიტომ, რომ გოგუაძეს უყვარს ფეხბურთი და `გურიას~ გვერდში ედგა~ _ თქვა გურიის ფეხბურთის ფედერაციის ექს-თავკაცმა კახა ებრალიძემ. თითქმის ყველა იმ აზრზე იყო, რომ `გურიას~ გავარდნაში კლუბში პოლიტიკის ჩარევის წვლილიცაა. გაისმა შერიგების მოწოდებები _ თუ ვინმე დასაბრუნებელია და პროფესიონალი, უნდა დაბრუნდეს, ყველამ ჩვენი შეცდომები უნდა ვაღიაროთო... ძველი დაპირება გაახსენა `გურიას~ მესვეურებს ალეკო სარიშვილმა:L`მახსოვს, თქვენ 2,25 მილიონს ითხოვდით და ევროსაგზურისთვის ვიბრძოლებთო, 1,25 მილიონად კი ლიგაში დავრჩებითო, მაგრამ ხედავთ, ვერ დავრჩით~. როგორც ყოველთვის, ჩამჭრელი კითხვა დასვა კაკო იმნაიშვილმა. ჯერ ის იკითხა, რამდენი ხანია მერაბ ჟორდანიასთან მოლაპარაკებას მართავთო და როცა გაიგო, რომ უკვე 5 თვეა _ ალალად იკითხა: _ თუ ხედავდით, რომ მენეჯმენტს თავს ვერ ართმევდით, აქამდე რატომ არ მოიყვანეთ ჟორდანია, პირველ ლიგაში გავარდნას ელოდებოდითო? მერე დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად უნდა ჟორდანიას პირველ ლიგაში მყოფ `გურიაში~ მოსვლა. ითქვა, რომ სფფ-ის ექს-თავკაცი თანახმაა და 26-ში ლანჩხუთში ელოდებიან. ემზარ თედორაძემ მოითხოვა _ ჯერ ის ვნახოთ, რა პირობით მოდისო... ყველა დაეთანხმა, ჟორდანიას ჯერ მოვუსმინოთ და მერე გადავწყვიტოთო. ბოლოს მეორჯერაც მივიდა კახა ებრალიძე მიკროფონთან: `დამავიწყდა მადლობა მეთქვა გამგებლისთვის, რომ გრიგოლეთის ბაზა ლანჩხუთის საკუთრებაა, საკრებულოს წევრებს კი გთხოვთ, ყოველთვის ყურადღებით იყავით, შეცდომა არ დავუშვათ, თორემ მერე ამ ბაზის გარეშე `გურიაში~ არავინ მოვა~. ბოლოს გოგი ხელაძემ, რომელმაც ხმაურიან, უაღრესად დაძაბულ და გაწევ-გამოწევამდე არაერთხელ მისულ სხდომაზე წაყვანის მასტერკლასი აჩვენა (აქამდე მხოლოდ მშვიდი და გაწონასწორებული, ერთგვარად ფრთხილი ჩინოსანი საჭირო დროს მკაცრიც გახდა, ოღონდ ზღვარს არასდროს გადასცდენია), საკრებულოს სახელითYგამგებელს იანვრის ბოლომდე კლუბში საკადრო ცვლილებების განხორციელების რეკომენდაცია მისცა. პ.ს. გუშინწინდელ სხდომაზე წინადღეს ჩაშლილი სხდომის ერთადერთი საკითხიც განიხილეს, იქაც და კვლავაც იყო ხმაური და გაწევ-გამოწევა, მაგრამ `გურიას~ თემის აქტუალურობის გამო, მისი გაშუქება მომდევნო ნომრისთვის გადავდეთ.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0