თემა ფეხბურთია და დახარჯული მილიონები. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, 12 დეპუტატი სკანდალურ განცხადებებს გააკეთებს და შესაბამის კითხვებს დასვამს. რა თქმა უნდა, ამ თემას `ჰო და არა~ მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი დღევანდელი გამართული ხმაურიანი სხდომის შესახებ: დღის წესრიგით მხოლოდ ერთი საკითხი იყო გათვალისწინებული: `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ~ საკრებულოს 29 დეკემბრის #467 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე~, მაგრამ წინდაწინ იყო ცნობილი, რომ `კაი ამბები~ გახლდათ მოსალოდნელი სესიის მიმდინარეობისას. სხდომა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მას საპროტესტო პაუზის შემდეგ ფრაქცია ,,ლანჩხუთი-ევრო ატლანტიკური მომავლისათვის~ წევრებიც ესწრებოდნენ. დღის წესრიგი თავმჯდომარე გოგი ხელაძემ გააცნო კოლეგებს და ტრიბუნასთან საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი როლანდ ლაშხია მიიწვია. როგორც გაირკვა, რიგგარეშე სხდომის მოწვევა გამგებლის, ზაზა ურუშაძის ინიციატვით მომხდარა და 2016 წლის ბიუჯეტის სეკვესტრს ითვალისწინებდა. როლან ლაშხიამ დეპუტატებს საკითხთან დაკავშირებით განუცხადა: `მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების 11 თვის ანალიზის შედეგად მიზანშეწონილად ჩაითვალა შემცირდეს არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსავალი 55100 ლარი, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებლის შემოსავალი 100 ათასი ლარი, შემოსავლების შემცირების შესაბამისად, შემცირდეს ხარჯვითი ნაწილი 155100 ლარი, მათ შორის: ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება (ჯიხეთი) 55000 ლარით, ინფრასტრუქტურული ობიექტების თანადაფინანსება 85000 ლარით, გამგეობის არაფინანსური აქტივების ხარჯი 14 ათასი ლარით, ასევე გამგეობის ხელფასის ფონდის 18000 ლარით, შემცირების ხარჯზე გაიზარდოს გამგეობის შტატგარეშე მუშაკთა ხელფასის ფონდი 1000 ლარით, ა(ა)იპ გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო–საფეხბურთო სკოლის დაფინანსება 7500 ლარით, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2400 ლარი, ა(ა)იპ სპორტული ცენტრის დაფინასება _ 6000 ლარით. ა(ა)იპ ლანჩხუთის ტექ-სერვისის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლიდან 13630 ლარის და ვალდებულების კლების 1623 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზაროდს სუფსიდიის მუხლის დაფინანსება 15253 ლარით, ა(ა)იპ სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 4607 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს სუბსიდიის მუხლი 4607 ლარით, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 26395 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს სუბსიდიის მუხლი 26395 ლარით.~ როლანდ ლაშხიამ ის იყო, მოხსენება ჩაამთავრა, რომ მიკრიფონთან დეპუტატების რიგი დადგა. პირველი ვინც სიტყვა ითხოვა, ეკონომიკის, ქონების მართვისა დაბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავკაცი გიორგი ჩახვაძე იყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის პროექტების ამოღებას მხარს არ დავუჭერო. ამის შემდეგ მიკროფონთან ეთიკის კომისიის თავკაცი, რომან ბიწაძე მივიდა. მან თავისი გამოსვლა კითხვით დაიწყო: ვინ არის, კაცო, კვირიკაშვილი?! ხომ არის პარტია `ქართული ოცნების~ თავმჯდომარე. მან თქვა, რომ საბიუჯეტო თანხები 10%–ით შეამცირეთო, მაგრამ არსად უთქვამს, რომ ბიუჯეტის შესრულება გააყალბეთ და ხელოვნურად გაზარდეთ ბიუჯეტის შესრულების პროცენტიო. მე წარმოდგენილ ცვლილებას მხარს ვერ დავუჭერ~ _ ამ განცხადების შემდეგ ბიწაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ფრაქცია `მეტი ქალი პოლიტიკაში~ თავმჯდომარე ნონა მურვანიძემ აღნიშნა, რომ ის კოლეგების განცხადებას მხარს უჭერდა: `როგორ შეიძლება დღეს სეკვესტრს დავუჭიროთ მხარი?! 31–მა დეპუტატმა გასულ წელს ტაშის კვრით დავამტკიცეთ ჯიხეთის პროექტი და დღეს გვეუბნებიან, რომ მის ამოღებას დავუჭიროთ მხარი. ხალხო, რასაც ყველამ ერთხმად ხმა მივეცით, ახლა წინააღმდეგ როგორ მივცეთ. 100 ათასი ლარით ბიუჯეტის შემცირება ძალიან ცუდი ფაქტია. ამას ვერანაირად დავეთანხმები~. ნონა მურვანიძემ ბიწაძის მსგავსად სხდომა დატოვა. ნიგოითის მაჟორიტარმა თემურ ალექსაიამ, რომელიც საკრებულოს უმრავლესობის წევრია, მორალურ პასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი: `მე, როგორც ნიგოითის თემის მაჟორიტარს, არ მაქვს მორალური უფლება მხარი დავუჭირო წარმოდგენილ ვარიანტს.~ ალექსაიას განცხადების შემდეგ კომენტარი გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გააკეთა: `მე ველაპარაკე მამაოს, მან მითხრა, რომ კარგი იქნება გაუვალ გზას თუ გაარემონტებთ, იქნებ ბეტონი დამიგოთო. კაცმა ასე მითხრა და თქვენ რა გინდათ. არაფრის ამოღება არ ხდება. ეს არ არის ამოღება, პირიქით, 50 ათასი გვქონდა და 15 ათასს ვამატებთ~. დარეჯან ბურჭულაძემ გამგებელს წინა სხდომაზე გაკეთებული განცხადება შეახსენა: `თქვენ ამბობდით რომ ეს გარდამავალი პროექტია და ამიტომაც ამატებთ ახლა თანხას.~ რაზეც ურუშაძემ განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ უთქვამს. `თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ ჩანაწერი ამოიღოთ, რომ ასე განაცხადეთ. მინდა დავაფიქსირო, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას მხარს ვუჭერს, მაგრამ როცა 31 დეპუტატი გამოდის და ამაყად ამბობს, რომ ჯიხეთის პროექტი დავამტკიცეთო და დღეს ამის შეცვლას ითხოვთ, უბრალოდ სირცხვილია. მარიონეტები არ ვართ, იგნორირება ხდება ბევრი რამის. ასე არ შეიძლება~ _ განაცხადა ბურჭულაძემ და სხდომა დატოვა. სუფსის დეპუტატმა, ფრაქცია მაჟორიტარების თავკაცმა, ჯუმბერ ბლაგიძემ დეპუტატებს მიუგო: `განმარტებით ბარათში წერია, 55 ათასი ლარით შემცირდესო. არ დავუჭერ ამას მხარს. საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობას კენჭისყრაში. სუფსის ცენტრის მაგალითს გეტყვით, იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები როცა ჩატარდა, მოხდა თანხის ეკონომია. იყო დაპირება, რომ სხვა რამ დაემატებოდა იქ, მაგრამ არ მოხდა. დღეს თანხის შემცირებას ინფრასტრუქტურ სამუშაობეზე მხარი როგორ დავუჭირო.~ ალიკო სარიშვილმა საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმკაცმა `ოქროს შუალედი~ შესთავაზა კოლეგებს: `მესმის თქვენი. არ უნდა მოხდეს იმის ამოღება, რასაც ერთხმად დავუჭირეთ მხარი. ეს ინიციატივა საკრებულოდან მოდიოდა და არავინ მოსულა ჩვენთან, ეს პროექტი დაამტკიცეთო. ხალხი ქუჩაში მადლობას გვეუბნებოდა ამის გამო. დღეს როგორ მოვიქცეთ?! დავტოვოთ ეს პროექტი და სხვა ამოვიღოთ. მე სხვანაირად მხარს ვერ დავუჭერ წარმოდგენილ ცვლილებას.~ ფრაქცია `ქართული ოცნების~ თავმჯდომარე კახა ურუშაძემ კოლეგები საბოტაჟში დაადანაშაულა, ხოლო ოპოზიციას ერთიანობა შეუქო: `საერთოდ ხშირი გამოსვლებით თავს არ გაწყებთ ხოლმე, მაგრამ კარგი იქნება თუ ბოლომდე დამათავრებინებთ სათქმელს. ახლა რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის საბოტაჟი. მივესალმები ოპოზიციის ერთიანობას. დღეს აქ იწყება ადმინისტრაციული წარმოება, ეს უნდა გავნიხილოთ ფრაქციებზე, კომისიებზე და მერე გადაგაწყება, რა როგორ იქნება~. კახა ურუშაძეს გიორგი ჩახვაძე გამოეხმაურა: `აქ სად არის საბოტაჟი?! იმ პროექტის ამოღებას რატომ დავუჭირო მხარი, რომლის მიღების მომხრე ვიყავი?!~ ამის შემდეგ დეპუტატების უმრავლესობამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიციონერმა გია გოგუაძემ საფინანსო სამსახურის უფროსს ჰკითხა: `ბატონო როლანდ, აგვიხსენით რას ემსახურება ეს სეკვესტრი? პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, ბიუჯეტი ვიცით, რაც არის და ამიტომ ვკითხულობ. თუ ვერ ასრულებთ ბიუჯეტს, რომელსაც თავის დროზე ჩვენი მხარი არ დავუჭირეთ, ამას რატომ არ ამბობთ?! აქ რა შუაშია ოპოზიცია, პოზიცია. ვინ უნდა რაიონისთვის ცუდი?!~. კახა ასუკარავამ ფრაქცია `ოცნების~ თავკაცს გასულ წელს დადებული სანაძლეო შეახსენა: `ბატონო კახა, ჩვენ გასულ წელს ბიუჯეტს არ დავუჭირეთ მხარი. ვამბობდით, რომ ჩავარდებოდა ეს ბიუჯეტი. ამის დადასტურება დღევანდელი სხდომაა, როცა ითხოვთ სეკვესტრს. მაშინ სანაძლეო დავდევით მე და თქვენ. ფაქტია, რომ წააგეთ~. ურუშაძემ ასკურავას ჰკითხა, თუ რაზე დანაძლევდნენ. ოპოზიციონერმა შეახსენა: რაზე და პურ–მარილზე, მაშინ გითხარით, თუ ასე მოხდებოდა აქ ვინც ვიყავით ყველა პურ–მარილზე უნდა წაგეყვანეთ. სანამ სანაძლეოს ამბავი ირკვეოდა სხდომათა დარბაზში გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე თათბირობდნენ. შემდეგ იურიდიული სამსახურის უფროსი მოიწვიეს და მცირე თათბირიც შედგა. გოგი ხელაძემ სხდომაზე შესვენება ოფიციალურად გამოაცხადა. ჯერ 2-3 წუთიანი ითქვა შესვენება, შემდეგ 15 წუთი. ამ დროს დეპუტატების ნაწილი ცალ-ცალკე მართავდა კონსულტაციებს. სხდომათა დარბაზში მხოლოდ ხუთიოდე დეპუტატი შემორჩა. მსჯელობის შემდეგ ნათელი იყო, რომ გამგებლის ინიციატივით მოწვეული სხდომა ჩაშლას ვეღარ გადაურჩებოდა. გოგი ხელაძემ დეპუტატების რაოდენობა გადათვალა დარბაზში. სულ 8 იყო. ქვორუმს კი 16 სჭირდებოდა. `მეგობრებო, ვინაიდან ქვორუმი არ არის, მაგრამ ვესწრებით დეპუტატების გარკვეული რაოდენობა, უფლება გაქვს, რომ სხდომა ხვალისთვის გადავდოთო და თუ როგორ მოხდება ეს, გავივლით კონსულტაციას, რადგან ხვალ ერთი რიგგარეშე სხდომა ისედაც გვაქვს დაგეგმილი~ _ თქვა ხელაძემ.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0