ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ა(ა)იპ-ებში ხელფასების ზრდის ნაცვლად შემცირებები იწყება?

ა(ა)იპ-ებში ხელფასების ზრდის ნაცვლად შემცირებები იწყება?
30-11-2016, 00:00

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძემ გააცნო დეპუტატებს და ტრიბუნასთან ეთიკის კომისიის თავკაცი რომან ბიწაძე მიიწვია. ბატონმა რომანმა შეკრებილებს გრიგოლეთის და წყალწმინდის სანაპირო მდგრადი განვითარების ინტეგრირებული გეგმის დამტკიცების შესახებ ესაუბრა: `ეს პროექტი მოიცავს 5 წლიან გეგმას, რომელიც 2021 წელს სრულდება. პროექტს ლობირებას უწევდნენ ჯუმბერ ბლაგიძე და თემურ მარშანიშვილი. მისი გაკეთება მოხერხდა ამირან გიგინეიშვილი მიერ. მეც მაქვს თავის დროზე ის იდეები მონასმენი, რომელიც შემდგომ ქაღალდზე გადავიდა. ძალიან კარგი იყო ყველაფერი, მაგრამ ამას სჭირდებოდა პროექტის სახე. ეს პროექტი მარტო აღნიშნულ სოფლებს არ ეკუთვნის. ის არის შავი ზღვისპირა სოფლები და მეტი დატვირთვა აქვთ. პროექტის დეტალების შესახებ სჯობია ბატონ ამირანს მოვუსმინოთ, რომელიც აქვეა და უფრო გავაცნობს რა ხდება~. ამირან გიგინეიშვილმა მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა დეპუტატებს: `აქ შეიძლება დაისვას კითხვა, თუ რა საჭიროა ეს სტრატეგიული გეგმა. ახლავე მოგახსენებთ. აღმოსავლეთ ევროპაში, როცა დაიწყეს მსგავს თემებზე საუბარი, ვიღაცამ გააკეთა ეს გეგმა, ვიღაცამ _ არა. 5-8 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვინც გააკეთა, ის ქალაქი თუ სოფელი უფრო იყო განვითარებული. კიდევ იკითხავთ, რატომ მდგრადი განვითარებაო?! ეს არის ისეთი განვითარება, რომ არ დაზიანდეს ბუნება. თუ გინდა გეგმა იყოს მუშა, მასში აუცილებელია ადგილობრივების ჩართვა. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ როგორც გრიგოლეთლები, ასევე წყალწმინდელები. ეს იმიტომ არის კარგი, რომ მათ ადგილზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. ადრე, კომუნისტების დროს გეგმა იწერებოდა მოსკოვში, ლანჩხუთის გეგმაც იქ ეწერებოდა, შესაბამისად ის არ იყო კარგი. რისგან შედგება ჩვენი გეგმა: სოფლის ყველა ინფორმაცია ჩადებულია გეგმაში, მოსახლეობის კვლევის შედეგები, 5 წლიანი გეგმა თუ როგორი იქნება ეს დასახლებები. ვინ უნდა განახორციელოს ეს ყოველივე _ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უფრო მეტი წილი ეკუთვნის ცენტრალურ ხელისუფლებას და კიდევ უფრო მეტი დონორ ორგანიზაციას. რატომ არ დაიწერა გეგმა ჯურუყვეთისთვის, იმიტომ რომ ის არ არის სანაპირო სოფლელი. ასეთი შემთხვევაში, დონორის ადვილად მოიპოვება. თანაც ჯურუყვეთის შემთხვევაში არ არის ეროზიის პრობლემა, რადგან ის არ არის ზღვისპირას მდებარე სოფელი. ჩვენს პროექტში ექსპერტებიც იყვნენ ჩართულები: მამუკა გვილავა, შუქრი თავართქილაძე და გიორგი მესხიძე~. ბატონი ამირანის განმარტებების შემდეგ დეპუტატებმა შეფასებები გააკეთეს. დარეჯან ბურჭულაძემ პროექტი მოიწონა და იმედი გამოთქვა, რომ ყოველივე ქაღალდზე არ დარჩება. ღრმაღელის მაჟორიტარმა თემურ მარშანიშვილმა განაცხადა, რომ `ჩვენს მიერ ბევრი პროექტი განხილულა და არც ერთი პროექტი არ დარჩენილა გაკეთების გარეშეო~. მის შენიშვნას ბურჭულაძემ უპასუხა: `ბატონო თემურ, 31-ვე დეპუტატმა დავუჭირეთ მხარი შარშან ჯიხეთის მონასტერში განსახორციელებელ პროექტს, მაგრამ ყოველივე ქაღალდზე დარჩა. დასრულდა ეს 2016 წელი თითქმის და ხედავთ სადმე, რომ განხორციელდა.~ ნონა მურვანიძემ კოლეგებს გასულ წელს დარეჯან ბურჭულაძის მიერ წარდგენილი ინიციატივა შეახსენა: `ის თითქმის ანლოგიური იყო, მაგრამ შემოიდო თაროზე. როცა ჩვენ შევუდექით დეპუტატობას, მოვიკითხე რაიონის სტრატეგიული განვითარების გეგმა, მაგრამ არ არსებობდა. ეს გეგმა რომ იყოს, უფრო კარგი იქნება.~ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმდჯომარემ ია ჩხაიძემ გრიგოლეთის საკურორტო ზონად გამოცხადება ახსენა: `როცა ეს თემა განიხილებოდა, დაისვა საკითხი, პირველი ნაბიჯები რა უნდა გადაგვედგა: ითქვა, კარგი იქნება თუ გრიგოლეთის კურორტად აღიარება მოხდება. ამისთვის ფინანსები უნდა გამოიყოს. მაქვს ინფორმაცია, რომ გრიგოლეთში იგეგმება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ეს ხომ არ შეუშლის ხელს სტრატეგიული გეგმის განვითარებას~. ამირან გიგინეიშვილმა განმარტა: `როცა ხდება ასეთი საწარმოს მშენებლობა, მას უნდა ახლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება. თუ ასე არ იქნება, ყველას შეგვიძლია პროტესტი გამოვთქვათ. იქ არის სხვა სტრატეგიული ქარხანა, მაგრამ პრობლემები არ შექმნილა. დღეს 21-ე საუკუნეა, არის თანამედროვე ტექნოლოგიები და არა მგონია, ეს პრობლემა დადგეს.~ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პროექტს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. გოგი ხელაძემ კი წინამორბედს თხოვა: `მადლობა ბატონ ამირანს და განსაკუთრებულად ვთხოვ, ფონდების მოძიებაში დახმარებას~. ამის შემდეგ ტრიბუნასთან ისევ რომან ბიწაძე მივიდა და დეპუტატებს გააცნო წერილი, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ლესის საჯარო სკოლისთვის გიორგი ლომაძის სახელის მინიჭებას: `წერილით მოგვმართა ქალაქ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, რომლის თანახმადაც სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლისთვის 2004 წლის აგვისტოში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაღუპული გიორგი ლომაძის სახელის მინიჭებაზე.~ საკრებულო წევრმა ადამ ხუხუნაიშვილმა განაცხადა: `რას ნიშნავს ქართულ-ოსური კონფლიქტი. რატომ ხდება ამ გმირების დაკნინება. არანარი ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ არსებობს. სად ჰყავდა კოკოითს არტილერია. გახსოვთ, ალბათ, მთელი კვირა იბომბებოდა ჩვენი მხარე. ეს იყო ქართულ-რუსული კონფლიქტი, უფრო სწორად, ომი. ბატონო რომან, შეგახსენებთ, ჩემსა და თქვენს შეხვედრას ლევან სანიკიძესთან. მაშინ მას ვუსაყვედურე, რომ არასწორად ამბობდა, როცა ქართულ-ოსურ კონფლიქტს ახსენებდა. შემდეგ ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, რომ ამის გამო მისაყვედურესო. დიახ, ბატონებო, არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული ომი, რომელიც დაიწყო 1801 წელს და დღესაც გრძელდება.~ ლესის მაჟორიტარმა ელისო ჭიჭინაძემ თქვა, რომ ლესის სკოლის სახელთან დაკავშირებით კურიოზული სიტუაცია არის შექმნილიო: `ძალიან კარგია და მივესალმებით ამ ინიციატივას. მადლობას ვეტყვი ბატონ გოგი ხელაძეს, მისი დახმარებით ეს პროცესი უფრო დაჩქარდა, მაგრამ ლესაში გვაქვს კურიოზული სიტუაცია. მთელმა სოფელმა, სკოლამ იცოდა, რომ მას მინიჭებული ჰქონდა გიორგი ლომაძის სახელი. 8 წელია ვიცით ამის შესახებ, აბრაც ეკეთა შესაბამისი, ვიგებთ, რომ სკოლას გიორგის სახელი ახლა ენიჭება. ასევე მინდა შევეხო ერთ ფაქტს, როცა სოციალური პროექტების განხილვა ხდება, გიორგი ლომაძის სახელი არსად ჩანს. კარგი იქნება თუ ამ ფაქტს მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ.~ ცხარე კამათი მოყვა დეპუტატების მიერ იმ საკითხის განხილვას, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ითვალისწინებდა. თითქმის ყველა გამომსვლელმა დაგმო წარმოდგენილი ბიუჯეტი და აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელფასების მატებისკენ მოუწოდა და პრიორიტეტების უკეთ განსაზღვრა მოთხოვა. რომან ბიწაძემ თქვა, – დღეს ჩვენს ქვეყანაში მინიმალური პენსია 180 ლარია, არ შეიძლება დასაქმებულს ამაზე ნაკლები ჰქონდეს ხელფასი. ეს არის ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვაო. მას რამდენიმე დეპუტატი დაეთანხმა. საკითხის წარმომდგენმა, საფინანსო სამსახური უფროსმა როლანდ ლაშხიამ თქვა, რომ ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 10 დეკემბრამდე შევა საკრებულოში და იქ იქნება ის შენიშვნები გათვალისწინებული, რომელიც არსებული რეალობით შესაძლებელი იქნება. როგორც მომხსენებელმა განმარტა, _ კარგია ხელფასების ზრდა, მაგრამ რამდენად გვაქვს ამის საშუალება, ესეც უნდა გავითვალიწინოთ, რადგან ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის შემცირებული პარამეტრები გადმოგვცაო. დეპუტატთა ნაწილმა იმასაც გაუსვა, ხაზი, რომ შესაძლოა ა(ა)იპ-ებში კადრების შემცირება მოხდეს, რათა ამის ხარჯზე მოხერხდეს დანარჩენებისთვის ხელფასის ზრდა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 80-90 ლარია. მოკლედ, ცხარე კამათის შემდეგ ისიც გაიხსენეს, თუ რომელ ა(ა)იპ-ებს ჰპირდებოდნენ ახალი წლიდან 50 ლარიან სახელფასო მატებას (საუბარია ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულ ადამიანებზე) და თქვეს, დაპირება თუ არ გახსოვთ, ჩვენ შეგახსენებთო. ამის შემდეგ სხდომაზე `სხვადასხვა~ უნდა განეხილათ, მაგრამ რადგან სუფსის მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძე ამ დროს დარბაზში არ იმყოფებოდა (ბოლო საკითხს `ჯუმბერის საკითხს~ ეძახიან) სხდომა დასრულებულად გამოცხადდა.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები