ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნინო წილოსანი: „შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ მზად ვარ პარლამენტის წევრობისა და ყველა დაპირების შესასრულებლად!“

ნინო წილოსანი: „შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ მზად ვარ პარლამენტის წევრობისა და ყველა დაპირების შესასრულებლად!“
19-10-2016, 00:00

30 ოქტომბერს მოსახლეობამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ნინო წილოსანსა და დამოუკიდებელ კანდიდატ აკაკი ჩხაიძეს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. ამ დღის მიმართ კონკურენტ კანდიდატებს, მათი გუნდების წარმომადგენლებს და მოსახლეობას განსხვავებული მოლოდინები და ინტერესი აქვთ. პირველი ტურის გამარჯვებულ ნინო წილოსანთან გავარკვიეთ, თუ რა განწყობაა „ქართული ოცნების“ შტაბში და რა შეიცვალა მეორე ტურში მაჟორიტარობის კანდიდატისთვის. - ქალბატონო ნინო, თქვენ ბოლო მომენტში ჩაერთეთ წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორ შეაფასებთ პირველ ტურს, რა გასწავლათ ამ ერთთვიანმა მარათონმა? - მე პირველ ტურს მოკლე მანძილზე გარბენს უფრო ვუწოდებდი, ვიდრე - მარათონს, რადგან დრო ნამდვილად ცოტა იყო. მიუხედავად ასეთი მოცემულობისა, ჩემთვის საამაყო შედეგს მივაღწიეთ, რამაც ბევრი გააოცა. ამ წარმატების საიდუმლო კი, ჩემი აზრით, ორი ფაქტორია: გუნდის სიძლიერე და ჩვენი პოლიტიკური ძალის გულწრფელობა. ჩვენი შტაბი, კოორდინატორები, მხარდამჭერები - ყველა ერთსულოვნად და სინქრონულად ვმუშაობდით და ჩვენი მთავარი მიზანი იყო არა - ხმების მოპოვება, არამედ მოსახლეობამდე ჩვენი სათქმელის, ჩვენი გზავნილების სწორად მიტანა. პირადად მე არჩევნების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა და გამიხარდა, როცა „ქართული ოცნების“ და ჩემი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა - ეს კამპანია არ ემყარებოდა ტყუილ დაპირებებს ან მოქრთამვას. ჩვენ ვსაუბრობდით როგორც გაკეთებულ საქმეებსა და მიღწევებზე, ასევე პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც დაესწრო ჩვენს შეხვედრებს, ვინც მოგვისმინა და, რაც მთავარია, თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა და კარგი აზრი მოგვაწოდა. მე თავიდანვე ვაცნობიერებდი, თუ რას ნიშნავს, იყო პარლამენტის წევრი და, მით უმეტეს, წარმოადგენდე ლანჩხუთსა და ჩოხატაურს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ქვეყნის ბედი წყდება. მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიამ და განსაკუთრებით მოსახლეობასთან შეხვედრებმა კარგი გაკვეთილი მომცა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ახალი გავიგე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში. - ახლა რას აპირებთ, თქვენი კონკურენტისგან განსხვავებულს რას ჰპირდებით ამომრჩეველს? - მე კონკურენტებს არ ვედრები, მე ჩემი ხედვა და პოზიცია გამაჩნია. ვაგრძელებ საარჩევნო კამპანიას. პირველ ტურში მიღწეული შედეგი, მინიმუმ, უნდა გავიმეორო და მჯერა, რომ მეორე ტურში უკეთესი რეზულტატი იქნება. ამასთან, ახლა ჩვენ უფრო მეტ კონკრეტულ პროექტს და ინიციატივას წარვუდგენთ ამომრჩეველს და ეს არ იქნება ზოგადი დაპირებების კამპანია. ახლა მეტ ყურადღებას დავუთმობ ამომრჩევლამდე ჩემი მიზნების უკეთ მიტანას. ამ ეტაპზე ჩვენ გამოვყავით ოთხი პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა განვითარებაზეც ვიზრუნებ დეპუტატად არჩევის შემდეგ. სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარება, სხვა საკითხებთან ერთად, ის ძირითადი სფეროებია, სადაც კონკრეტული პროექტების განხორციელებას, ჩემს გუნდთან ერთად, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს. სოფლის მეურნეობის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა გადამწყვეტი პირობა იქნება რეგიონის კეთილდღეობისთვის. ჩვენ ადგილობრივი ფერმერებისთვის შევქმნით სპეციალურ რესურსცენტრს, სადაც გავაცნობთ სიახლეებს და მივაწვდით ინფორმაციას იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებითაც ნებისმიერ გლეხს შეუძლია სარგებლობა. ამასთან, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან“ ერთად, შევქმნით ბიზნესინკუბატორს, სადაც მოვიწვევთ წარმატებულ ბიზნესმენებს, გვექნება გადამზადების და ტრენინგების პროგრამა, რაც ასევე, ძირითადად, ფერმერული მეურნეობის და წვრილი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. განათლების კუთხით მნიშვნელოვანია ალტერნატიული საშუალებებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ინფორმაციის მიღების სივრცეების შექმნა, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ, დისტანციურად ისწავლონ, გაიარონ პოპულარული ონლაინკურსები და შეძლონ საკუთარი იდეებისა და პროექტების სხვებისთვის გაზიარება. ამასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს. ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ გამოწვევად რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ გზების მშენებლობას, გაზიფიკაციის ქსელის განვითარებაზე ზრუნვას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია 2017 წლის ბიუჯეტში. პარლამენტში ლანჩხუთსა და ჩოხატაურს ჩემი სახით ისეთი ხმა ექნება, რომელსაც ანგარიშს გაუწევენ. ტურიზმის მიმართულებითაც ბევრი სამუშაოა. წინ გვაქვს ბახმაროს რეაბილიტაცია. იგი მსოფლიო დონის, ოთხი სეზონის კურორტად უნდა ვაქციოთ, რაშიც მე აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. ასევე, გურიის ტერიტორიაზე არსებობს კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების შესანიშნავი ძეგლები, რომლებსაც მეტი მოვლა და ერთიან ტურისტულ რუკაზე დატანა სჭირდება. ლანჩხუთი და ჩოხატაური, პირველ რიგში, ქართველ და შემდეგ უკვე უცხოელ ტურისტებს ახალი კუთხით უნდა დავანახოთ. ეს ჩემი, როგორც პარლამენტარის, საქმიანობის ზოგადი მიმართულებებია. უფრო კონკრეტულ პროგრამას საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპზე შემოგთავაზებთ და თქვენც მოგაწვდით, რათა პარლამენტში ყოფნის პერიოდში მაქსიმალურად გამაკონტროლოთ და ხშირად გამახსენოთ ჩემი დაპირებები. - როგორ ოპონირებას გაუწევთ თქვენს კონკურენტს? - ვისურვებდი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იდეებისა და ინიციატივების შეჯიბრი იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, მთლად ასე არ გამოვიდა. ძირითადი ოპონენტები არ ერიდებოდნენ „აკრძალული ილეთების“ გამოყენებას და, ვფიქრობ, ამ მხრივ არც მეორე ტური იქნება გამონაკლისი. თუმცა, პირადად მე პირობას გაძლევთ, რომ ჩემი გუნდი არ აჰყვება მსგავსი სტილის დაპირისპირებას. ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რის გაკეთებას ვაპირებთ, ვაგრძნობინოთ ჩვენი დაპირებების გულწრფელობა და დავარწმუნოთ, რომ ჩვენ სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი. ეს არის მთავარი ამოცანა და კინკლაობაში ნამდვილად არ დავკარგავთ დროს. ხალხი თვითონ დაინახავს და, დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს. შევეჯიბროთ იდეებითა და პროექტებით. ეს უფრო სამართლიანი იქნება. აქვე, ღია დებატებში ვიწვევ ჩემს კონკურენტს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში. ამომრჩეველს აუცილებლად უნდა მივცეთ საშუალება, რომ ერთმანეთს შეადაროს ორი კანდიდატის ხედვები და პროგრამები. პოლიტიკური კინკლაობის დრო აღარ არის, ხალხმა უნდა იცოდეს, როგორ იმუშავებს და რას მოუტანს რეგიონს მათი რჩეული. - მოსახლეობას ახსოვს გამარჯვებული დეპუტატები, რომლებიც არჩევნების მეორე დღიდან მომდევნო არჩევნებამდე აღარავის უნახავს. თქვენ რას გააკეთებთ არჩევნების მეორე დღეს? - წინასაარჩევნო პერიოდშივე გავაცნობიერე, რომ არჩევნების მეორე დღეც ისეთივე დაძაბული და საქმიანი იქნება, როგორიც იყო ნებისმიერი დღე კენჭისყრამდე. უკვე ახლა ვემზადები ჩემს გუნდთან ერთად, რათა მყარი გარანტიები მოვიპოვო იმ პროექტების და იდეების ხორცშესასხმელად, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში წარვუდგინეთ ლანჩხუთელებსა და ჩოხატაურელებს. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემთვის მთავარი აქტივი, მთავარი ღირებულება ხალხია, ვისიც ყველაზე მეტად მეიმედება. ამ პერიოდში ჩემ გარშემო უძლიერესი გუნდი შეიკრიბა - შტაბის წევრები, კოორდინატორები, მხარდამჭერები, რომელთა შორის ბევრი ახალგაზრდაა და მე შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ ხალხთან ერთად, ბოლომდე მზად ვარ პარლამენტის წევრობისთვის. R

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა