– პირველ რიგში მივესალმები ჩვენს ამომრჩევლებს. მათ 8 ოქტომბერს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევთ. მე გახლავართ გურანდა მანაგაძე, უკვე 2 წელია პატრიოტთა ალიანსის ლანჩხუთის რაიონულ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ. ჩვენი პარტია პირველად იღებს საპარალამენტო არჩევნებში მონაწილებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება წარმატებული დასაწყისი. ცოტა ხნის წინ დამასახელეს ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის 6 სოფლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად. პირველივე დღიდანვე წავაწყდით ბარიერებს, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. – ვარ პროფესიით იურისტი, ადვოკატი. 17 წელი ვიყავი ემიგრაციაში და 6 წლის წინ დავბრუნდი. არაერთი სისხლის სამართლის საქმეს გაუვლია ჩემს ხელში, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხოეთში. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი მიხსნია სიკვდილისაგან და ციხის გისოსებისგან. მყავს მეუღლე აკაკი სალუქვაძე, რომელიც ეწევა კერძო ბიზნესს და სამი შვილი. უფროსი გერმანიაში სწავლობს დოქტორანტურაში, შუათანა – ბათუმში სასულიერო გიმნაზიაში, ხოლო პატარა მყავს 5 წლის. ჩემი მეუღლე არის ნიგვზიანიდან და მამა–პაპისეულ ოჯახში დავბრუნდით 6 წლის წინ, სადაც ვეწევით მეურნეობას და ვცდილობთ, ბევრს ხელი გავუმართოთ. – რამდენიმე დღეა რაც დავიწყეთ ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია, ავიყვანეთ კოორდინატორები და უკვე წავაწყდით პრობლემებს. ჩვენს კოორდინატორებს ეუბნებიან, რომ შეიძლება მათ ოჯახის წევრი დარჩეს სამსახურის გარეშე და ა.შ. ამის მაგალითი იყო სოფელ ნიგვზიანსა და სოფელ ძიმითში. მინდა მათ ვუთხრა, რომ ნუ შეეშინდებათ, მსგავსი გამოწვევები იქნება, მაგრამ უნდა გაუძლონ, რათა ავირჩიოთ ისეთი პარლამენტი, სადაც იზრუნებენ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს. – არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მრავალი ფაქტი. მაგალითად, სოფელ ნიგვზიანში26 აგვისტოს სამუშაო საათებში გაიმართა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, თემურ ჭკუასელის შეხვედრა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა თემის წარმომადგენელი საკრებულოში ბესიკ ტაბიძე. ეს შეხვედრა შედგა დილის 11 საათზე სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ–მუზეუმში, შემდეგ სოფელ ჯუმათში იგივე კანდიდატთან შედგა შეხვედრა დღის 1 საათზე შედგა. აქაც აქტიურობდა ტაბიძე. ეს არის კანონდარღვევა, რადგან ჩემი ინფორმაციით ამ დროს ტაბიძე შვებულებაში არ იმყოფებოდა. ამის შესახებ პრესაშიც დაიწერა და ფოტოებიც გამოქვეყნდა. იმ შეხვედრაზე, რომელიც პარასკევ დღეს გაიმართა, ხალხი მეჩეთიდან გამოიყვანეს და დაახვედრეს ოცნების კანდიდატს. მე უკვე მზად მაქვს საჩივარი და მტკიცებულებებთან ერთად უწეყაბათაშორის კომისიას გადავუგზავნი. ყველა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ჯარიმდება 2000 ლარით. ასეთი შემთხვევა ხშირია. ჩვენ ყველას დავაფიქსირებთ და შემდგომი რეაგირებისთვის გადავუგზავნით შესაბამის ორგანოებს. – საერთოდ ძალიან ცუდი გზებით მიდის ბრძოლა. ბევრი სიბინძურე იქნა აღმოჩენილი ამ საარჩევნოდ. ჩვენმა კოორდინატორებმა მოგვიტანეს ამბავი, რომ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები სოფელ ჩიბათში დადიან და 150 ლარს არიგებენ. დღეს არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე ადამიანების ხმების ყიდვა ადვილია და ამიტომ ქუდზე კაცია საჭირო, რათა ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე რეჟიმის რეაბილიტაცია არ მოხდეს და ისინი მეორე ადგილზე არ აღმოჩნდნენ ჩვენს რეგიონში. – ჩვენ დიდ ფინანსებთან გვიწევს ბრძოლა მოკრძალებული თანხებით. მილიონერებთან რას გავაწყობთ, მაგრამ გვაქვს ხალხის გონიერების იმედი და ვფიქრობთ, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, ეს კი ქვეყნის კეთილდღეობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება. ,,ქართული ოცნებას“ 800 ათასი ლარი აქვს იმისათვის, რომ არჩევნები მოიგოს ჩვენს ოლქში, ფულს არიგებს ,,ნაციონალური მოძრაობა“, ფული აქვს ბურჭულაძე–გირჩის გაერთიანებას, რომელიც უკვე ყველამ იცის, რომ ნაციონალების განშტოებაა. – მინდა განსაკუთრებით მივმართო ნიგვზიანის თემის მოსახლეობას, სადაც 6 წელია დარეგისტირებული ვარ და ვცხოვრობ რეალურად. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ თემის წარმომადგენელი პარლამენტის წევრობის კანდიდატი ყოფილიყო. მათ ეძლევათ საშუალება, რომ თავისი ხმა ჰქონდეთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ამიტომ მათი მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს. ჩემო ნიგვზიანლებო, გამოიყენეთ ეს შანსი და თქვენში არსებული პრობლემების მოგვარება უფრო მაღალი ტრიბუნიდან იქნება შესაძლებელი. – იმედი მაქვს, რომ ჩემი ხალხი გაუძლებს იმ მაცდურ წინადადებებს, რომელიც მოდის ფულის შემოთავაზების კუთხით, გაუძლებს სხვა წნეხსაც და გააკეთებს სწორ და სამართლიან არჩევანს. – ჩვენი პარტიის მთავარი სლოგანია: საქართველოს გადაარჩენს განათლება და მრავალპარტიული პარლამენტი. არჩევნები გაიმართება 8 ოქტომბერს, ჩვენი საარჩევნო ნომერია – 8. კენჭისყრა მიმდინარეობს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ასე რომ, 8 ოქტომბერს შემოხაზეთ #8–იანი, შემდეგ რომ არ იყოს გვიანი.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0