ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შალვა ნათელაშვილი: `ლანჩხუთი არის პოლიტიკის მექა და ყველა გურული ხართ უნიჭიერესი და უმაგრესი ხალხი~

22-08-2016, 00:00

კვირას ლანჩხუთში `ლეიბორისტთა~ ლიდერი შალვა ნათელაშვილი იმყოფებოდა. სანამ #1 `ლეიბორისტი~ `აჯანყებულ გურულთან~ გამოჩნდებოდა, მისმა მხარდამჭერებმა ქალაქის ცენტრში ქართული სიმღერები `გაუშვეს~. გურულებზე მიძღვნილი სიმღერის ფონზე გამოჩნდა ოპოზიციონერი ხალხში, რასაც შეკრებილების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. მიუხედავად ძლიერი სიცხისა, ბატონი შალვა ტრიბუნასთან საკმაოდ დიდ ხანს იდგა და არსებულ პრობლემებზე ჩვეული რიხით საუბრობდა.


`რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბახმაროში და მინდა ვთქვა, რომ ვისაც ბახმარო არ უნახია, მას საქართველო არ უნახია. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც ხელისუფლების მიერ მიტოვებულია. ამიტომ გპირდებით, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ ამ კურორტს, ისევე როგორც სხვა კურორტებს მივხედავთ~ _ დაიწყო ნათელაშვილმა და ლანჩხუთს პოლიტიკის მექა უწოდა.


`ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება და გესალმებით ჩემო მეგობრებო. სიმღერა მომესმა წეღან, სანამ შემოგიერთდებოდით, რომ სიყვარულის გულია გურია. ნამდვილად ასეა. უფრო მეტსაც გეტყვით, ლანჩხუთი არის პოლიტიკის მექა და ყველა გურული ხართ უნიჭიერესი და უმაგრესი ხალხი. როგორ შეიძლება აქაურობა არ გიყვარდეს, როცა ამდენ ნიჭიერ ადამიანს ხედავ. თქვენი მხარის შვილები იყვნენ: ნოდარ დუმბაძე, ანა კალანდაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი. ასეთი ხალხი ეს უდიდესი სიმდიდრეა. მახსოვს ნოე ჟორდანიას შთამომავლების წიგნში ეწერა, დედამისი თურმე ნოეს საგზალს ლანჩხუთიდან უგზავნიდა. არადა, ეს კაცი ქვეყნის პირველი პირი იყო. ისინი კი არ იპარავდნენ, პატიოსნად ცხოვრობდნენ. დღეს მილიონრებს პარლამენტარობა უნდათ. რა ესაქმება პარლამენტში. ფული აქვს ჩადოს ეკონომიკაში, ბიზნესში, შექმნას სამუშაო ადგილები~, _ განაცხადა ნათელაშვილმა.


ბატონმა შალვამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკაც არ დაიშურა: `რეჟიმი გაკოტრებულია, მათ პარტიას არანაირი შანსი არ გააჩნია, ერთადერთი იმედი ახლა მიპყრობილი აქვთ მილიონერ მაჟორიტარებზე, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გაათრევენ ვერცხლით და ფულით. ჩვენ დავუპირისპირეთ აი ამ მტაცებლურ ინსტიქტს, ღირსეული პიროვნება მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში ბატონი ტარიელ კალანდარიშვილი, რომელიც ისტორიაში არსებული ყველა სახელოვანი გული პოლიტიკოსების სიმბიოზია. როგორც ყოველთვის გურულები იღებდნენ სწორ გადაწყვეტილებებს და დარწმუნებული ვარ 2016 წლის 8 ოქტომბერსაც გააკეთებენ სწორ არჩევანს, რითაც ბოლო მოეღება საქართველოში ოლიგარქების პარპაშს. ჩვენ დავანგრევთ იმ ჯებირს, რომელიც ამ ხელისუფლებამ ტყუილებით, ცრუ დაპირებებითა და ხალხის გადაგდებით ააშენა, ქვეყანას გავიყვანთ განვითარების და გადარჩენის ახალ ეტაპზე. მე ამომრჩეველს არ ვპირდები არაფერს, მე ვიღებ ვალდებულებებს ქვეყნის მრავალწლიანი ჭაობიდან გამოსაყვანად. ივანიშვილი გვპირდებოდა, მეოთხე წელი იქნება ძალიან კარგიაო?! სად არის მერე?! საკონცერტო დარბაზი რომ გახსნა, ეს არის კარგი?! თუ 100 წლოვანი ტიტა რომ დაცურავდა შავ ზღვაში ის იყო უკეთესი?! მის შვილს თურმე 50 მილიონიანი სტუდია შეუძინა. მე არ ვიცი, რა ვოკალური მონაცემები აქვს იმ ბავშვს, მაგრამ ვიცი, რომ 50 მილიონით ბევრი კარგი საქმე გაკეთდებოდა. დღეს დაპირებების გაცემის მეც მერიდება, რადგან ძალიან ძნელია დანგრეულ ქვეყანაში რაიმე გაკეთდეს. ამიტომ ცოტათი მიჭირს ამაზე საუბარი. რომ გითხრათ, რომ პენსიებს უცებ გავზრდით-თქო, მოტყუებული დამირჩებით. პენსიის გაზრდას სჭირდება ეკონომიკა, რომელიც დანგრეულია. მილიონერმა ამაში უნდა ჩადოს ფული და არა იმას ფიქრობდეს, რომ როგორმე პარლამენტში მოვხვდებიო. ჩვენ გპირდებით, რომ საპენსიო ასაკი დაიწევს და იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ქალი 55 წელი, კაცი 60 წელი. ეს ძალიან მარტივად გაკეთდება. დღეს ჩვენს ხელისუფლებას ძალიან უყვარს _ მე-13 ხელფასი, მე-13 პრემია, მე-13 ბინა, მე-13 ჯიპი, მე-13 ჯანდაბა და ოხრობა. ამიტომ, ჩვენს ყველა პენსიონერს მივცემთ მე-13 პენსიას. ეს მოხდება მის დაბადების დღეზე და პენსიონერი სტუმარს ტორტით გაუმასპინძლდება. ასევე, 80 წელს ზემოთ ყველა მიიღებს დანამატს 100 ლარს, თითო წელზე. ასი წლის ადამიანს მე თვითონ ჩამოვუტან 2000 ლარიან პენსიას და გადამცემ. პენსიონერი უნდა იყო უზრუნველყოფილი და მისი სიბერე უნდა იყოს მშვიდი. მოხდება პენსიის დანიშვნა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. არ შეიძლება, მთელი ცხოვრება რომ დომინოს თამაშის მეტი არაფერი უკეთებია, იმასაც იმდენი ჰქონდეს პენსია, რამდენიც ათობით წლების მანძილზე მომუშავე ადამიანს. ჩვენ 8 ოქტომბერს უარი უნდა ვუთხრათ `ქოცებს~ და არ უნდა მოვიყვანოთ `ნაცები.~


ტრიბუნასთან მყოფ ნათელაშვილს წყალი მიაწოდეს, სიცხეა, პაწა ყელი გაიგრილეო. #1-მა `ლეობირისტმა~ ამას `ადესა~ მოგეწოდებინათ, სჯობდაო.


ბატონმა შალვამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ლანჩხუთელებს მხარი დაეჭირათ კალანდარიშვილისთვის და სიტყვა მაჟორიტარობის კანდიდატს გადასცა. თუმცა, მანამდე შეგვახსენა, რომ ლანჩხუთთან მეუღლის მხრიდან ნათესაობა აკავშირებდა: `ჩემი მეუღლე 25%-ით აქაურია. სოფელ აცანიდან იყო მისი წინაპარი. ასე რომ, ბევრი საერთო გვაქვს~.


ბატონმა ტარიელმა ნათელაშვილს ქვეყნის პრეზიდენტობა უსურვა: `მე მჯერა, რომ ლანჩხუთიდან დაიწყება მისი არჩევა პრეზიდენტად და ამით ქვეყანა გადარჩება.~


შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა უკვე მაჟორიტარად დასახელებულმა კალანდარიშვილმა: `დღეს შედგა ძალიან თბილი, კონსტრუქციული და სტუმარ-მასპინძლობის სითბოთი გაჯერებული შეხვედრა რაიონის მოსახლეობასა და `ლეიბორისტული~ პარტიის ლიდერს, ბატონ შალვა ნათელაშვილს შორის, რომელიც გურიას პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ეწვია. შეხვედრაზე ბატონმა შალვამ მოსახლეობას გააცნო პარტიის საარჩევნო პროგრამის ძირითადი პოსტულატები, რომელიც შეეხებოდა: განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის დარგში გასატარებელ ცვლილებებს, მახინჯ მაჟორიტარულ სისტემას, საგარეო პოლიტიკას, საპენსიო რეფორმას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმებსა და ოპტიმალურ გზებს, ანაბრების დაბრუნების საკითხსა და ა. შ. შეხვედრაზე ასევე მოხდა თქვენი მონა-მორჩილის წარდგენა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლეიბორისტული პარტიიდან ლანჩხუთი-ჩოხატაურის გაერთიანებულ ოლქში. მოსახლეობას მეც მოვახსენე ჩემი აზრი და ხედვები ზემოთ ჩამოთვლილ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრამ უაღრესად თბილ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. ბატონმა შალვამ გურიასა და ლანჩხუთს მსოფლიო დონის პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა სამშობლო და აკვანი უწოდა და გამოთქვა დიდი იმედი და მოლოდინი იმისა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა ცხელი გულით, ცივი გონებითა და სუფთა ხელებით გააკეთებს სწორ, ისტორიულ არჩევანს და დადგება დრო, რომ ბოლოს და ბოლოს ხალხის ხმა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში. ვის სურს და შეუძლია ეს თუ არა ხალხის წიაღიდან წამოსულ და ხალხზე მოამაგე `ლეიბორისტულ~ პარტიას, მის ლიდერს, მის აქტივსა და მის მიერ წარდგენილ `ლეიბორისტული~ პარტიის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებსა და ჩვენს მოსახლეობას ღირსეული სტუმარ-მასპინძლობისათვის.~

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 767
FACEBOOK კომენტარები