ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დავით ბაქრაძე: `გურიაში როცა მოდიხარ, კარგი მომზადებული უნდა იყო, ჩათვალეთ, გამოცდაზე ხარ და ჩამჭრელ კითხვებს უნდა ელოდე~

დავით ბაქრაძე: `გურიაში როცა მოდიხარ, კარგი მომზადებული უნდა იყო, ჩათვალეთ, გამოცდაზე ხარ და ჩამჭრელ კითხვებს უნდა ელოდე~
22-08-2016, 00:00

მათ ქალაქის ცენტრალურ სკვერში მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო კვიტაიშვილი ოფიციალურად წარუდგინეს ადგილობრივ მოსახლეობას. ქალაქის ცენტრში დაგეგმილი შეხვედრა ცოტათი დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გურულებისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება სტუმრების მოსვლამდე გაერჩიათ. `ახლა შენ მეტყვი რეიზა ვარ აქანე, ჰოდა სანამ პასუხს გაგცემ გეტყვი, აგენი საქმეს აკეთებდნენ და იმიზა. ამ დროშას რომ უყურებ, პაწა დასვრილი კია, მარა ეს ვარდების რევოლუციის დროინდელია და მაშინ დეისვარა. უნდა ეტყობოდეს რა აქვს გამოვლილი. სათუთად ვინახავ. აგენმა და მიშამ მოიტანეს რევოლუცია და ნამეტანი მიყვარს ესენი~. ერთი ქალბატონი კითხულობს: ვინები ჩამოდიანო. როცა სტუმრების ვინაობას იგებს ჩუმად ამბობს: `ახლა გევიპარო უნდა აქიდან, თვარა დავკარგე სამსახურიო.~ ამ საუბარში ადგილობრივი ორგანიზატორები გაიძახიან, სცენასთან მოიწიეთ, სტუმრები სადაცაა მოვლენო. ნაციონალთა ლიდერების გამოჩენას შეკრებილები ტაშით ხვდებიან. ვერ ვიტყვით, რომ დამხდურები ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ ერთი გულმხურვალე `ნაციონალი~ მეორეს ეუბნება: `მეტი არც `ოცნების~ კანდიდატის წარდგენაზე არ ყოფილა და გულს ნუ გაიტეხო~. პარტიულ ლიდერებს ხალხი ტრიბუნისკენ მიაცილებს და ძველ შეხვედრებს ახსენებენ. აქა-იქ ბავშვების სიმღერა ისმის, ეტყობათ, რომ ნამეცადინები არიან: `დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია!~ შეხვედრის წამყვანად დავით ბაქრაძე გვევლინება, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და თან გურულებს მადლობას უხდის თბილი დახვედრისთვის: `გურიაში როცა მოდიხარ, კარგი მომზადებული უნდა იყო. ჩათვალეთ, რომ გამოცდაზე ხარ და ჩამჭრელ კითხვებს უნდა ელოდე. ასე რომ, მოგესალმებით ჩემო თბილო ხალხო და მზად ვართ ეს კითხვები მოვისმისოთ. დღეს ქვეყანას ძალიან უჭირს. მე მახსოვს, როცა 2012 წლის არჩევნების წინ შეხვედრა გაიმართა ამ პარკში, ცოტა უკანა მხარეს. მაშინაც იყო კითხვები და პასუხების მოლოდინი. მახსოვს, ის არჩევნები, როცა დავმარცხდით, ისიც მახსოვს, როცა მოვიგეთ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის მართვა და არჩევნებში გამარჯვება. ეს 4 წელი რისი მომტანიც იყო ყველამ კარგად ვიცით. ივანიშვილმა გვითხრა, რომ მეოთხე წელი იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ ეს 4 წელი მათთვის ძალიან მალე გავიდა. ახლა გვეუბნება, რომ 2030-ში იქნება კარგი ცხოვრება. სადმე გინახავთ მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ახლა ამირჩიე და 15 წლის შემდეგ გეშველებათო. დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ, გვეშველება თუ არა რამე?! დიახაც გვეშველება თუ ჩვენი გუნდი გაიმარჯვებს. არჩევნებამდე 49 დღით ადრე კონკრეტული პროგრამა არ გააჩნია ხელისუფლებას, რომელიც კიდევ აპირებს გამარჯვებას. ჩვენ კი კონკრეტული გათვლებით მოვდივართ. მოვიგებთ არჩევნებს ოქტომბერში, ნოემბრიდან პენსიონერი მიიღებს 50 ლარით გაზრდილ პენსიას; სამი თვის შემდეგ პედაგოგი მიიღებს მინიმუმ 650 ლარიან ხელფასს; დაწესდება საგადასახადო შეღავათები, გაუქმდება ფინანსური პოლიცია, შეიქმნება სამუშაო ადგილები. ჩვენი გამარჯვება ხალხის გამარჯვება იქნება. ნინო კვიტაიშვილის მხარდაჭერით თქვენ გეყოლებათ ღირსეული წარმომადგენელი ქვეყნის პარლამენტში~. ყოფილმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა თავის გურულ ფესვებს გაუსვა ხაზი: `ჩემთვის ძალიან საამაყოა თქვენთან სტუმრობა. ეს ჩემი მშობლიური მხარეა და ყოველთვის მიხარია, როცა ამ გზის გავლა მიწევს. ერთად დგომით ჩვენ 8 ოქტომბერს შევცლით არსებულ რეჟიმს და უკვე მეორე დღიდან ვიგრძნობთ იმ სიკეთეს, რაც შემდგომში აუცილებლად გაგრძელდება~. გიორგი კანდელაკის წარდგენისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, _ `მართალია ის გურული არ არის, მაგრამ გურულების დამახასიათებელი მებრძოლი ხასიათი აქვს. ამ ხელისუფლებას რომ ვკითხოთ, ევროპასა თუ დასავლეთში მას დიდი წონა გააჩნია და ყველაფერს მართავსო.~ კანდელაკმა გურულებს კვიტაიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ერთიანი ეროვნული გამოცდები ახსენა და ის სავალალო მდგომარეობა შეახსენა შეკრებილებს, რომელიც წელს მის ინფორმაციით, შედეგებში ყოფილა. გიგა ბოკერიამ ხელისუფლებას ცუდი საქმეები შეახსენა და იმედი გამოთქვა, რომ ხალხის ერთიანობით ივანიშვილის მმართველობის ხანა 8 ოქტომბერს დასრულდება. ბოლოს შეკრებილებს მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო კვიტაიშვილმა მიმართა: `მე შემოვივლი ყველა ოჯახს, მინდა ყველას მხარდაჭერა ვთხოვო, რათა არსებული უიმედობა დავამარცხოთ. მე მხარს მიჭერს აგვისტოს ომში დაღუპული რუსლან წულაძის დედა, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრ ოჯახში ვიყავი, მოვიარე ლანჩხუთში არსებული ყველა მაღაზია და გადავაწყდი ბევრ პრობლემას. მოვივლი ოზურგეთს და ჩოხატაურსაც. ყველას მადლობას ვუხდი გვერდით დგომისთვის. მე ვმუშაობდი განათლების სამინისტროში, მაგრამ იქ არსებული მანკიერების გამო დავტოვე იქაურობა. მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს გამარჯვება ჩვენი გუნდის იქნება და ქვეყნის შენება სწრაფად დაიწყება.~ მაჟორიტარობის კანდიდატს რამდენჯერმე შეაწყვეტინეს სიტყვა: ნინო, ნინოს! _ შეძახილით. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარდამჭერები ლიდერებთან ფოტოების გადაღებით და ავტოგრაფების ჩამორთმევით დაკავდნენ. გიორგი კანდელაკთან კი ორი ხანშიშესული ქალბატონი მივიდა: `ნენა, ჩვენ, მოხუცი გურულები მივესალმებით თქვენს ახალგაზრდა გუნდს და აბა თქვენ იცით. თუ მეიგებთ, იცოდეთ საქმე გააკეთეთ, თვარა ჩვენ რაფერც არჩევა ვიცით, ისე გადარჩევაც ვიცით და აი, 2012-ში ერთხელ უკვე გავაკეთეთო.~

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები