ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას ითხოვენ ლანჩხუთის სოფლების მაჟორიტარები?

რას ითხოვენ ლანჩხუთის სოფლების მაჟორიტარები?
26-05-2016, 00:00

საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“. ასევე განკარგულების პროექტები, რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემას გულისხმობს. სხდომაზე დაამტკიცდა განკარგულებები საკრებულოს კომისიების შემადგენლობების ცვლილებების შესახებ. აღნიშნული საკითხები საკრებულოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ წარმოადგინა. ბიწაძის მიერ წარმოდგენილ სიახლეებს დეპუტატთა ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა _ ამდენ ხანს სად იყო. რასაც ეთიკის კომისიის თავკაცმა უპასუხა, _ ეს დღეს დადგა დღის წესრიგში, აქამდე საჭირო არ იყო და რას ვიზამდიო. ,,სხვადასხვა“ საკითხის ფორმატში დეპუტატებმა სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. სუფსის მაჟორიტარმა ჯუმბერ ბლაგიძემ ეროვნული პარკის შესახებ უამბო დეპუტატებს და ზომების მიღება თხოვა. როგორც სესიაზე განმარტეს, საკრებულომ პარლამენტს უნდა მიმართოს, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით და ამის შემდეგ მოხდება ეროვნული პარკის ისეთი რეგულაციებით დაკანონება, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ხელსაყრელი იქნება. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ელჯუგა ჩხაიძემ რეზო ჭანიშვილისთვის ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის მინიჭება გააპროტესტა: `მე ამ ადამიანს 45 წელია ვიცნობ, ვიცი მისი დამსახურება ქართული კულტურის წინაშე. არის არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი, მაგრამ როდესაც ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეობას ანიჭებ, ცოტა ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ვუწოდებ. მას ლანჩხუთისთვის არა მგონია ისეთი საქმეები ჰქონდეს გაკეთებული, რომ ეს წოდება მიგვენიჭებინა. ლანჩხუთში ისეთი ადამიანები, რომლებიც საპატიო მოქალეობას იმსახურებენ, ბევრია. ჩვენი ფრაქცია ალბათ, მალე შემოვა ინიციატივით, დოკუმენტაციის შეგროვება უკვე დაწყებული გვაქვს, გვინდა საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭოს ბეგი სიხარულიძეს. ამ კაცმა `გურია~ უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და არა მგონია, ასეთი სიხარული ბევრს მოეტანოს ჩვენთვის, რაც მან 1986 წელს მოგვიტანა. დაფასება სჭირდება ასეთ ადამიანს. მე ვფიქრობ, რომ საფეხბურთო წრის სახელით საუბრის უფლება მაქვს და ამიტომ ვაყენებ ამ საკითხს~. შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა გზებზე ავტომობილებისთვის სიჩქარის შემაფერხებლის გაკეთებას ითხოვს: `ბავშვების უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია შემაფერხებლის დამონტაჟება. მაგისტრალის ის მონაკვეთი, რაზეც მე ვსაუბრობ, საკმაოდ გადატვირთულია, აცანა-მამათის გზა აქ უერთდება ცენტრალურ საავტომობილო გზას. მოსახლეობის დიდი სურვილია, რომ სკოლასთან გადასასვლელზე შემაფერხებელი გაკეთდეს, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ შეძლონ გზის გადაკვეთა. მით უმეტეს ბოლო დღეებში არაერთი ავტოავარია მოხდა ლანჩხუთში და ამის ფონზე ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა. იქ რომ შემაფერხებელი ყოფილიყო, შესაძლოა ის ტრაგედია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატრიალდა, არ მომხდარიყო.~ ნიგოითის მაჟორიტარმა თემურ ალექსაიამ სოფლის პროგრამების შესახებ ისაუბრა. `ტენდერი მოიგო ვიღაც ცაგერელმა. რაც თანხა იყო გათვალისწინებული იმაზე იაფად. როგორც ვიცი, ამ თანხით პროექტების გაკეთება ხარისხიანად ვერ მოხდება. ხალხი შემდეგ ჩვენ გვეკითხება, ამდენი რომ იყო გამოყოფილი, სად წავიდაო. თუ ნაკლებად შეიძლება პროექტის გაკეთება, მაშინ ამდენ თანხას რაღას ყოფენ?! ვიცი, ის ხარისხიანი არ იქნება. სამხარაულის ექსპერტიზის გარეშე არ ჩაბარდება პროექტიო, მე რა ვიცი, ეგებ ჩაიბაროს, მერე რა ვქნათ?! ეს ყველაფერი დროში გაიწელება. ცაგერელი წავა თავის გზაზე და ვის მოვთხოვო პასუხი.~ ალექსაიას წუხილი რამდენიმე მაჟორიტარმა გაიზიარა. მათი თქმით, ლანჩხუთელ ინდმეწარმეებს ტენდერში არ გაუმარჯვიათ. `ისინი მუშაობდნენ და ადგილობრივებსაც ამუშავებდნენ. თან უფრო მოთხოვდი ხარისხს. როცა იცი, რომ 28 ათასად კეთდება საქმე, ის 18-ად როგორ გაკეთდება. ამაზე რაიმე მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ ასე არ მოხდეს.~ საკრებულოს წევრმა ადამ ხუხუნაიშვილმა ლაშისღელის უბნის საძოვრის შესახებ ისაუბრა: `ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხალხი. მე ამ უბანში ვცხოვრობ და კარგად ვიცი რა პრობლემები აწუხებთ. საძოვრების ნაწილი შემოღობეს და იქ საქონელს ვერ ჩაუშვებს ხალხი. მოსაკვლევია, რა და როგორ იყო. ასევე ერთ ფაქტსაც უნდა გავუსვა ხაზი _ ვინმე დადის ლაშისღელის უბანში, რომელსაც მოსახლეობასთან კონტაქტი ევალება?! რომ ვიცნობდე, შეიძლება არც ვთქვა, ახლობელი ადამიანი გამოდგეს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ვინაა და ამიტომ ვამბობ. ჩვენ ამ ადამიანებს ხელფასს ვუხდით~. ნონა მურვანიძემ ჯურუყვეთში არსებულ საბავშვო ბაღზე ისაუბრა: `მე ვნახე, თუ რა მდგომარეობაა იმ ბაღში, რაც ძალიან შემაშფოთებელია. როგორც მითხრეს იგივე მდგომარეობაა წყალწმინდაზე. იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ჯურუყვეთში რაც ვნახე, ის ძალიან არასასიამოვნოა.~ დეპუტატების დასმულ საკითხებს პასუხი მუნიციპალიტეტის გამგებელმა გასცა. ზაზა ურუშაძე: _ საძოვრების თემაზე გეტყვით, რომ ჩვენს მიერ თანხმობა არ გაცემულა მათ გასხვისებაზე, საუბარია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულზე. თუ საძოვარი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, მაშინ მან ეკონომიკის სამინისტრო განკარგავდა და ჩვენ ვერაფერს ვიზამდით. გზის შემაფარხებლებთან დაკავშირებით, რომელზეც შუხუთის დეპუტატმა ისაუბრა, საჭიროა საპატრულო პოლიციას მივმართოთ წერილობით. ტენდერებზე ითქვა აქ. გპირდებით, რომ არასწორად გაკეთებულ პროექტს არ ჩავიბარებთ. ამ ხალხმა მოიგო ტენდერი და თუ ვერ გაკეთდება, სამხარაულის ექსპერტიზა შესაბამის დასკვნას დადებს. თუ კაცმა 50 პროცენტი დააკლო, ასეთი პროექტს სამხარაული შეამოწმებს და დიდი ალბათობით არც მოიწონებს. წინასწარ ნუ ვიძახით, რომ არ გაკეთდებაო. არც ფული დაიკარგება სადმე. ვერ მოიტანს ექსპერტიზის დასკვნას, ის დისკვალიფიკაციას მიიღებს. მე გაძლევთ პირობას, თანხა, რომელიც სოფელს ეკუთვნობა, ისევ სოფელში დარჩება. თქვენც გაქვთ უფლება შეხვიდეთ იმ კომისიაში, რომელიც პროექტს იბარებს, არ მოგეწონებათ, ნუ მოაწერთ ხელს და არავნ ჩაიბარებს. ადამ ხუხუნაიშვილს მინდა ვუთხრა, მე დღეს მაქვს თათბირი რწმუნებულებთან და მათთან ვიკითხავ, ლაშისღელეში ვინ არის და მოსახლეობასთან რამდენად თანამშრომლობს. ნონა მურვანიძემ ჯურუყვეთის ბაღის პრობლემა ახსენა. ამ ბაღში ზამთარში გაკეთდა სამუშაოები. გაშრობა ვერ მოასწრო კედელმა და ამიტომ მოხდა საღებავის ჩამოცვენა. გპირდებით, პირველი სექტემბერისთვის საუკეთესო ბაღს გავხსნით. ასევე იქნება ყველგან. თქვენ იცით რამდენი თანხა შემოვიდა ბოლო წლებში რაიონში, ძალიან ბევრი. ქალაქში ასფალტი დაიგო ბევრ ქუჩაზე. ყველა ქუჩა რომ მოვიცვათ, 25 მილიონი უნდა. მომავალი წლის ბოლომდე ბევრს გავაკეთებთ. ყველა ქუჩას მოვიცავთ, რომელსაც პრობლემა აქვს. ვცდილობთ, თანხები მაქსიმალურად მოვიძიოთ. მაღალსართიანი ბინების სახურავების შეკეთებაზე წამოვიდა ახლა თანხები, კიდევ ველოდებით სხვა თანხებსაც. ასე რომ, ბევრი რამ გაკეთდება.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა