ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ჰო და არას~ ექსკლუზიური ინტერვიუ „დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრის~ დამფუძნებელთან ნიკა ჩხარტიშვილთან

`ჰო და არას~ ექსკლუზიური ინტერვიუ „დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრის~ დამფუძნებელთან ნიკა ჩხარტიშვილთან
7-03-2016, 00:00

ლანჩხუთის მაჟორიტარობისთვისაც კი იბრძოდით. შემდეგ გარკვეული ტაიმ-აუტი აიღეთ, საინტერესო სად იყო და რას მოღვაწეობდა ამდენ ხანს ნიკა ჩხარტიშვილი?!– უპირველეს ყოვლისა მინდა მოგესალმოთ თქვენ და მივესალმო თქვენს ერთგულ მკითხველს, ძვირფას ლანჩხუთელებს, სიხარულით აღვნიშნო თქვენი საქმიანობის გაფართოება, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან წარმატების მაგალითები გადამდებია და ის დადებითად მოქმედებს საზოგადოების განვითარებაზე.რაც შეეხება ჩემს ბოლო წლების აქტივობას: ნაწილობრივ ვეწევი საზოგადოებრივ საქმიანობას, არასამთავრობო სექტორში, გახლავართ „დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრი“-ს დამფუძნებელი, ასევე დრო გამოშვებით ვკითხულობ ლექციებს უცხოელ სტუდენტებთან მათთვის საინტერესო პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე და მაქვს საკუთარი ბიზნესი ამერიკულ კომპანიასთან პარტნიორულ რეჟიმში.ამ ბოლო წლების განმავლობაში ხშირად მიწევდა უცხოეთში ყოფნა, რაც ბუნებრივია, აისახებოდა ჩემი საქართველოში აქტივობების ინტენსივობაზე._ დღეს მოქალაქეთა უმრავლესობას, ის მოლოდინი, რომელიც 2012 წლის წინ ჰქონდა, თუნდაც სამართიანობის აღდგენის კუთხით, ნაკლებად აქვს. რამ გამოიწვია ადამიანებში ნდობის ნაკლებობა?– ლაშა, თქვენ შეეხეთ ერთ-ერთ ძირეულ და რთულ საკითხს, სიღრმეებში რომ შევიდეთ, ამ პროცესის ბევრი მხარე შეიძლება დავინახოთ, სამართლიანობის აღდგენა სოციალურ ნაწილში, სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკურ ნაწილში, სამართლიანობის აღდგენა სამართლებრივ საკითხებში და სამართლიანობის აღდგენა ქონებრივ საკითხებში. აქედან პოლიტიკური, სოციალური, უფლებრივი სამართლიანობა შეგვიძლია ჩავთვალოთ სრულად თუ არა, ძირითადად აღდგენილად, რას ვგულისხმობ ამის ქვეშ: დღეს ფაქტიურად სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული მწვავე პრობლემატიკა სახელმწიფოს შესაძლებლობების ფარგლებში მნიშვნელოვნად გადაიჭრა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის განხორციელებით, პოლიტიკურ ნაწილში ხელისუფლება გათავისუფლებულია ადამიანთა დაყოფის პოლიტიკური ნიშნის მიხედვით. არჩევნები ტარდება დღემდე ყოველგვარი ძალადობრივი და ზეწოლის ინსტრუმენტების გარეშე, მედია თავისუფალია, პოლიცია და ძალოვანი სისტემა სრულიად დეპოლიტიზირებული და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მიუხედავათ მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, არავითარი დაბრკოლება არ ექმნება. სამართლებრივი საკითხებს თუ ავიღებთ გატარდა უამრავი რეფორმა, რომელმაც მაგალითისთვის სისხლის სამართლის კოდექსის სახით მოგვცა შედეგად შეკრებითობის პრინციპის გაუქმება, მოსმენების კონტროლი, პირადი ინფორმაციის, ომბუდცმენის ინსტიტუტის სახით და შინაგან საქმეთა სამინისტროს დეცენტრალიზაციის სახით. აქ თქვენს დასმულ კითხვაში, როგორც აღვიქვამ პრობლემატურია, წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეულ ქონებრივ ნაწილში სამართლიანობის აღდგენის დაბალი ხარისხი. რაშიც ვიზიარებ თქვენს წუხილს, თუმცა ქონებრივი დავების ეფექტურად გადაწყვეტა დაკავშირებულია სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობასა და პროკურატურის კომპეტენტურობასთან, რომელ ნაწილშიც სახელმწიფო ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად მოიკოჭლებს, რასაც ასევე თავისი მიზეზები აქვს. თუმცა აქვე აღსანიშნავია. რომ პროცესები ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. ვისურვებდი, ამგვარი პროცესები გახდეს საზოგადოებისთვის უფრო ხილული, ხელმისაწვდომი და ამ კუთხით სამართლიანობის აღდგენა მიუახლოვდეს უფრო მაღალ სტანდარტებს, ვინაიდან აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობა იწვევს საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი უნდობლობას და სამართლიან პროტესტს._ მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა. ეს ჩვენს რაიონში განსაკუთრებით იგრძნობა. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს პრობლემა შედარებით უმტკივნეულოდ მოგვარდეს? – საკითხი ძალზედ კომპლექსურია, თუმცა უნდა შევძლოთ პრობლემის სწორი ანალიზი. საქართველოს ეკონომიკა დღემდე ითვლება ერთ-ერთ სუსტ ეკონომიკად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, იგი ძნელად უძლებს საგარეო შოკებს, ვინაიდან ქვეყანაში განუვითარებელია საწარმოო ინდუსტრია, მიუხედავათ იმისა, რომ დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუდარებლად მეტი ყურადღება ეთმობა საქართველოში, ვიდრე ოდესმე. ეს მაინც არ იძლევა შედეგს, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის იქნებოდა ხელშესახები, გლეხური მეურნეობები კვლავ განუვითარებელია და მოუწესრიგებელი. ხელისუფლებისადმი რჩევაც იქნებოდა, ხელი შეეწყო, შეექმნა წარმატებული მაგალითები სოფლის მეურნეობის დარგში. მაგალითად, თუნდაც მცირე ზომის საწარმოების დაფინანსებით, რათა სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა თავად დაინახონ და დაიჯერონ შესაძლებლობები, რომელიც სიკეთის მომტანია კონკრეტული ფერმერისა თუ მიწაზე დასაქმებული ადამიანისთვის. საკითხი მარტივ ენაზე რომ გადმოვცეთ, თუ ჩვენს რაიონში იქნება, თუნდაც ათობით სოფლის მეურნეობის წარმატებული მცირე საწარმო (მაგალითად: ბულგარული წიწაკის, კივის, თხილის, კარტოფილის და სხვა კულტურათა), რომლებიც ფინანსურ სიკეთეს მოუტანს კონკრეტულ მეწარმეს ეს პროცესი თავისთავად დაიწყებდა გაფართოებას. უმნიშვნელოვანესია წარმატებული მაგალითების შექმნა, ასეთი მაგალითები ქვეყანაში არსებობს, თუმცა მისი სიმცირის გამო ის ვერ გახდა გადამდები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. აქ საუბარია სახელმწიფო დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამაზე, რომელიც არა 50 000$ პროექტებს დააკრედიტებს, არამედ გაცილებით იაფს, რათა მცირე საწარმოთა რიცხვი, გნებავთ ოჯახური მეურნეობების, იქნას წახალისებული და გაზრდილი, ასევე წვდომა უნდა გაიოლდეს საწარმოო იარაღებზე, შხამ ქიმიკატებზე და ა.შ. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ბაზრის და კულტურების თანამედროვე მოყვანისა და წესრიგის შესახებ და შეიქმნას მეტი დინამიკა და ურთიერთობა სახელმწიფოსა და ამ დარგში დასაქმებულ ადამიანთა შორის. საწყის ეტაპზე ამგვარი რამ უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია, ვინაიდან აღნიშნული დარგის ფორმაც და შინაარსი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, ვიდრე ის ჩვენს მეხსიერებაშია დღემდე. თუმცა სახელმწიფო ცდილობს რაიონებში და სოფლად მცხოვრები ადამიანები ამ გზით დასაქმდნენ. იმედს ვიტოვებ, უფრო ეფექტური მცდელობები ამ პროცესს დააჩქარებს და უმუშევრობის დონე შემცირდება. ასევე სასურველია მეტი ინიციატივა თავად მოქალაქეების მხრიდან, რაც გაადვილებს ჩვენს რაიონში დასაქმების პრობლემის მოგვარებას._ დღეს პოლიტიკურ ორბიტაზე ძირითადად ორი ძალა: `ოცნება~ და `ნაცონალური მოძრაობა~ არის დომინანტის როლში. რამდენად საჭიროა ახალი ძალის გამოჩენა.– ვერ ვიტყვი, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ დომინანტი ძალაა, თუნდაც ოპოზიციურ ფლანგზე, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ დომინანტურია მათი ფინანსური თუ საინფორმაციო რესურსები. რაც შეეხება მხარდაჭერის კუთხით, მისი დომინირების დასრულება დადასტურდა თვითმმართველობის არჩევნების დროს. რაც შეეხება ახალი ძალის გამოჩენას, არ ვფიქრობ, რომ ეს ამ ეტაპისთვის შესაძლებელია. თუ გულისხმობთ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ ქმედებებს, შეუძლებელია მიაღწიო წარმატებას, როცა პოლიტიკურ განაცხადამდე ხარ დისკრედიტირებული და იდენტიფიცირებული სხვა ძალასთან, კონკრეტულ შემთხვევაში `ნაციონალურ მოძრაობასთან~. მიუხედავად ბურჭულაძისადმი პიროვნული პატივისცემისა, პოლიტიკის ნაწილში სრულიად გაუგებარი წარმონაქმნია.მიუხედავად იმისა, რომ მრავალი პრობლემა ამ საარჩევნო ციკლში ვერ იქნა გადაჭრილი, არ გვაძლევს უიმედობის საფუძველს „ქართული ოცნებისადმი“, ბევრი რამ ძალიან საფუძვლიანად და არა ფასადურადაა მოგვარებული. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. მრავალი უმნიშვნელოვანესი პრობლემა იქნა გადაჭრილი საგარეო თუ საშინაო კუთხით. ხელისუფლების მიდგომები აბსოლუტურად სწორია და ეფექტური, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო ხარვეზებს მმართველობაში და სრულიად ალოგიკურად მეჩვენება ხელისუფლების მიმართ გაჩნდეს ნიჰილიზმი და ნდობის ნაკლებობა. ჩვენი უმთავრესი პრობლემა, რაც ეკონომიკური ხასიათისაა და უმთავრესად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, გამომდინარეობს რეგიონში არსებული სირთულეებისაგან. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არსებული პრობლემები დაძლევისკენ მიდის და შემთხვევითი არაა, მსოფლიო ბანკის ეკონომიკის ზრდის წინასწარი მონაცემი 2017 წლისთვის თითქმის ორჯერაა გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, ანუ სახელმწიფოში შექმნილია და იქმნება საფუძვლები ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის. თუნდაც ავიღოთ პრემიერ კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული საგადასახადო კოდექსის ცვლილების ბოლო ინიციატივა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ბიზნეს აქტივობას ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორებისათვის. ასე რომ, ეჭვს არ იწვევს `ქართული ოცნების~ წარმატება საარჩევნოდ, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო განვითარების გზიდან არ გადავიდეს და უკვე განხორციელებული საფუძვლები აღმოჩნდეს კეთილდღეობის მომტანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის._ შეძლებს თუ არა, `ოცნების~ ხელისუფლება იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც დღეს მრავლად დაგროვდა. პირველ რიგში გაუფასურებული ლარი, შეჩერებული ეკონომიკა და გაღატაკებული მოსახლეობა.– ავიღოთ მაგალითები რეგიონის და მსოფლიო ეკონომიკის. თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოხდა მხოლოდ საქართველოში, მაშინ ცალსახად შეგვიძლია დავადანაშაულოთ ჩვენი სახელმწიფოს ხელისუფლება, მაგრამ თუ ეროვნული ვალუტები გაუფასურდა მთელს ევროპულ კონტინენტზე, ასევე ავსტრალიაში, იაპონიაში ჩვენს რეგიონში, კერძოდ თურქეთში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე საქართველოში ეს მეტყველებს იმაზე რომ, ეს არის საყოველთაო პროცესი. 1 ევრო შეადგენდა გასული წლის დასაწყისში 1.37$, დღეს ის შეადგენს 1.10$ ანუ თუ ჩვენ სწორ ანალიზსს ვერ შევძლებთ გამოგვივა პოპულისტური საუბარი და უსაგნო მსჯელობა. ქართული ლარი, მიმდინარე საგარეო პროცესების ფონზე, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. გასაგებია, რომ ეს ჩვენ არ გვაძლეს დამშვიდების საშუალებას, თუმცა ობიექტურობის დაკარგვა გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ პრობლემას და არაფრის მომცემ პრეტენზიებს. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, საგარეო ბაზრების მოცულობა, ქართული სახელმწიფო უკიდურესად ლოიალური და ხელშემწყობი გახდა ბიზნესისადმი და მისი განვითარებისთვის დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, რომელიც ახლო და საშუალო პერსპექტივაში გარდაუვალად იქნება ეფექტის მომცემი. მთავარია მშვიდი და სტაბილური გარემოს შენარჩუნება, რათა ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა მოიტანოს შედეგი, ასევე კონკრეტულად რაც შეეხება ლარის რთულ მდგომარეობას, ყველა მონაცემით ლარი გამყარდება მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში და ეკონომიკური სიძნელეებიც შესამჩნევი ტემპებით იქნება დაძლეული, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული. რომ შევადაროთ წინა ხელისუფლების და ახალი ხელისუფლების მიდგომა ეკონომიკასა თუ ბიზნესთან, ის არის რადიკალურად შეცვლილი საუკეთესო მიმართულებით, გახსნილია მნიშვნელოვნად მეტი ბაზარი, რუსეთი, ევროკავშირი, ჩინეთთან მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება, ბიზნესი სრულიად თავისუფალია სახელმწიფოს წნეხისგან, სასამართლო ასევე თავისუფალია სახელმწიფო ჩარევისგან და ქვეყნის პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით შეუდარებლად აქტიურად მიმდინარეობს. დაგეგმილია და ხორციელდება ორჯერ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, ვიდრე წინა წლებში. შექმნილია თანადაფინანსების ფონდი, წარმოების ხელშემწყობი პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საფუძველი ჩაეყარა და უკვე ხორციელდება აბრეშუმის გზა, რაც უდიდესი მნიშვნელობისაა. შეუძლებელია განვითარების ლოგიკამ არ მიგვიყვანოს წარმატებამდე, თუმცა ბევრია დამოკიდებული ჩვენი ხელისუფლების ყოველდღიურ საქმიანობასა და საქართველოს მოსახლეობის გონივრულ შრომასა და აქტიურობაზე. აბსოლიტურად მესმის თქვენი კითხვის პათოსი, ძნელია დაელოდო ხვალინდელ დღეს, როდესაც ყოველდღე საჭიროებ ფინანსურ უზრუნველყოფას. თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებები გარდაუვალს გახდის ეკონომიკის გაძლიერებას, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმნიშვნელოვანესი და სამართლიანი მოთხოვნაა.ლაშა სარჯველაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები