ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ იცავდა უმრავლესობა აღმასრულებელი ხელისუფლების სხდომაზე არყოფნას ხმალამოღებული და ვის აქვს პრეტენზია მერიასთან, რომ მიხედონ საკუთრებას

29-01-2024, 13:13


2024 წლის პირველი სხდომა, რომელსაც 27 დეპუტატიდან 24 ესწრებოდა,  ლანჩხუთის საკრებულოში გასულ ხუთშაბათს გაიმართა და  წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირი ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა ჩავლილი დღესასწაულები მილოცვით გახსნა, რის შემდეგაც ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გაცნობაზე მიდგა. სხდომის დღის წესრიგი კი ხუთ ძირითად საკითხს მოიცავდა, რომლის დამთავრების შემდეგ, საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან სკითხზე მართებდათ მსჯელობა. 
თავშივე უნდა ვთქვათ, რომ ,,სხვადასხვა" დიდად საინტერესო ვერ გამოდგა. სხდომის მიმდინარეობისას თავისუფალი იყო პრეზიდიუმის ის ნაწილი, რომელსაც ტრადიციისამებრ მერი ან მისი მოადგილე იკავებს, ჰოდა, ოპოზიციამაც, რა აზრი აქვს ერთმანეთში კითხვების დასმასო.
პირველი საკითხად, მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა საკრებულოს წევრებს 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების თაობაზე საკითხი წარუდგინა,  რასაც სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების განხორციელების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ეხებოდა, რომელიც მერიის საფინანსო სამსახურის პირველმა პირმა, როლანდ ლაშხიამ გააცნო საკრებულოს წევრებს. ლაშხიას განმარტებით,  მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 2 მილიონ 100 ათასი ლარი, რისთვბისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით უნდა მიიმართოს 110527 ლარი, სულ პროექტის ღირებულება შეადგენს 2210000 ლარს. მთავრობისვე განკარგულებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 748000 ლარი  გამოიყო 
,,აღნიშნული ღონისძიებების ასახვის მიზნით მიზანშეწონილია დაიწყოს ბიუჯეტში ცვლილების შეტანაზე ადმინისტრაციული წარმოება" – განმარტა საფინანსო სამსახურის უფროსმა, რასაც საკრებულოს წევრებმაც მხარი დაუჭირეს.
შემდეგ ტრიბუნასთან ადგილი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ალეკო კირვალიძემ დაიკავა და  საკრებულოს წევრებს მოსაწონებლად მუნიციპალიტეტში  2024 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული  პროექტების ნუსხა წარუდგინა. მისი მოხსენებიდან გაირკვა, რომ მიმდინარე წლისთვის რეგიონული ფონდის დაფინანსებით 16 მილიონ 200 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება მუნიციპალიტეტისთვის, რაც ქალაქსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ძირითადად გზების მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს.
საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია გოგუაძე დაინტერესდა თუ რა ჯდება ერთი კილომეტრი გზის სრული მოწესრიგება, თავისი სანიაღვრე არხითა და მოასფალტებით. ,, დაახლოებით ერთ მილიონ ლარამდე" – იყო კირვალიძის პასუხი. დეპუტატი იმითაც დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სრულად არ მოხდება ზემოთ ნახსენები თანხის გამოყოფა და ის ნაწილობრივ დააკმაყოფილებს მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ მოთხოვნას, ამ შემთხვევაში რა პრინციპით მოხდება ქუჩის შერჩევა. კირვალიძის თქმით, რომელსაც უმრავლესობის წევრი დეპუტატებიც აშველებდნენ სიტყვას, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ქუჩის მდებარეობა და მდგომარეობა იქნება. 
ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ასკურავა,  როგორც ჩანს, ვერ დარჩა კმაყოფილი ალეკო კირვალიძის მხრიდან მიღებული ამ პასუხებით და აღმასრულებელი ხელისფლების ხელმძღვანელ პირთა სხდომაზე არყოფნა ხმამაღლა გააპროტესტა. 
,,აქ შეკითხვები საკრებულოს წევრებს ძირითადად აღმასრულებელ რგოლთან გვაქვს და სხდომას მერი ან მისი რომელიმე მოადგილე თუ არ დაესწრო, რა აზრი აქვს ჩვენს ერთმანეთში კითხვის დასმას?! სხდომა თვეში ერთხელ იმართება და კითხვები რომ დაგროვდება რაა გასაკვირი?! მერმა ან მისმა მოადგილემ პასუხი რომ უნდა გაგვცეს კითხვებზე, ეს სადაოა?!" – ცხარობდა ასკურავა. უმრავლესობა კი, აღმასრულებელი ხელისუფლების სხდომაზე არყოფნას,  ლამის მთელი შემადგენლობით ხმალამოღებული იცავდა. ,,კანონი არ ავალდებულებს მერს დაესწროს სხდომებს" – განუმარტეს ასკურავას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ, ტრიბუნასთან ადგილი მოქალაქე მარიკა მენაღარიშვილმა დაიკავა და  საკრებულოს წევრებს ის პრობლემა გააცნო, რომელიც ერთ-რთი კერძო პირისგან ექმნება მასსა და კიდევ 15 კერძო მესაკუთრეს. 
პრობლემის არსი, როგორც მენაღარიშვილი განმარტავდა, ისაა, რომ ქალაქის ცენტრში, ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი სავაჭრო ობიექტი მდებარეობს, ეს პირი პერიოდულად კეტავს იქ გამავალ სანიაღვრე არხს, რის შედეგადაც ყოველი გაწვიმებისას იტბორება მიმდებარე ტერიტორია და ყოფილი უნივერმაღის შენობის ქვედა სართულზე განთავსებული ობიექტები, რის გამოც ზარალი ადგებათ კერძო მეწარმეებს. თუმცა, ვინ იყო ის ინკოგნიტო კერძო პირი, ხანგრძლივი პოლემიკის მიუხედავად, არც თავად მენაღარიშვილს და არც ადგილობრივი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს დაცდენია. არადა, დეპუტატთა ნაწილი ამ საკითხზე მსჯელობისას პერიოდულად ითხოვდა, ეთქვათ ვინ იყო პირი, ვის მიმართაც მოქალაქე მენაღარიშვილს და კიდევ სხვა კერძო მესაკუთრეებს პრეტენზიები აქვთ. თუმცა, ამაოდ.
,, ყოფილი უნივერმაღის გვერდით, ყველამ იცით, რომ ჩაედინება მთავარი სანიაღვრე არხი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ექვსი თვეა კატასტროფული მდგომარეობაა აქ. კერძო პირი ხელოვნურად ბლოკავს, ხერგავს ამ არხს და არ აძლევს წყალს გასვლის საშუალებას, რის გამოც ჩვენ ვზარალდებით.  წვიმის დროს სრულად იტბორება მიმდებარე ტერიტორია და იქ არსებული სავაჭრო ობიექტები. ამის გამო უკვე თანამშრომელივით, ყოველდღიურად  დავდივარ მერიაში და დახმარებას ვითხოვ. ბოლოს 16 იანვარს ვიყავი მერთან თხოვნით. ყველა საქმის კურსშია: მერი, მისი მოადგილეები, ქალაქის დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიცია. უამრავი განცხადებითაც მივმარტეთ მერიას, მხოლოდ ჩემი პრობლემა არ გეგონოთ, 15 მესაკუთრეს აწუხებს ეს მდგომარეობა. ათასობით ლარის ზარალი გვადგება, რაც დათვლილი და დასურათებულია კიდეც. ეს ადამიანი ფაქტობრივად, ტერაქტს გვიწყობს, თუმცა, ჩვენ პრეტენზია მასთან კი არა, თქვენთან, მერიასთან გვაქვს, რომ მიხედოთ თქვენს საკუთრებაში არსებულ სანიაღვრე არხს, რომლის მოუვლელობის გამოც ვზარალდებით. პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს არხი გაეწმინდა, მარა რად გინდა, პოლიციის დახმარებით გაწმენდილი არხი იმ ადამიანმა მეორე დღესვე ამოავსო ათასი უბედურებით. ყველაფერთან ერთად ანტისანიტარიაა იქ.  მიუხედავად ყველაფრისა, ამ ადამიანის მიმართ არანაირი რეაგირება არ ხდება, არც გაფრთხილებას აძლევენ და არც ჯარიმას უწერენ. რაღაცა შემაკავებელი ხომ უნდა არსებობდეს, რომ ეს არ გააკეთოს. ერთ დღესაც სულაც ტრაქტორით გადაასწორა ეს სანიაღვრე არხი. ვერ გავიგეთ რა უნდა ამ ადამიანს. მისი ახირების გამო კი ბიუჯეტიდანაც, არხის ამდენ გაწმენდა-გასუფთავებაზე, თანხები იხარჯება, მაგრამ არაფერი. ბოლოსდაბოლოს იღონეთ რამე და გაგვარკვიეთ რა უნდა ადამიანს. დაგვეხმარეთ!" –ამბობდა ტრიბუნიდან მოქალაქე მენაღარიშვილი.
ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა კვიტაიშვილის თქმით, იმ პირთან, ვისი სახელიც რატომრაც არ ითქმის, შეთანხმება მიღწეულია, რომ სამომავლოდ სანიღვრე არხს აღარ შეეხება. იგივე თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ და ტრიბუნასთან მერიის იურისტი, შოთა ჩაგუნავა იხმო, რომელმაც, რა თქმა უნდა, პერსონალიების დასახელების გარეშე, პრობლემის შესახებ ისაუბრა. მისი საუბრიდან გაირკვა, რომ ეს პრობლემა წლებია არსებობს, მაგრამ მიზეზთა გამო მისი გადაწყვეტა ვერ ხერხდება. გაირკვა, ეს სანიაღვრე კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. საქმე ისაა, რომ  არსებული სადაო ტერიტორია ჯერ კიდევ 2008 წელს გასხვისდა, ოღონდ მაშინ იქ სანიაღვრე არხი არ არსებობდა. შემდეგ, როცა გარემოებათა გამო მოხდა არხის გაჭრა, პრობლემაც აქედან წარმოიშვა. ჩაგუნავას თქმით, საქმე ახლა სასამართლოშია.
,,ამ პიროვნებას წერილობით აქვს ჩვენგან გაფრთხილება მიღებული, რომ  ჩვენს მიერ, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება  მის კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული სანიაღვრე არხის გაწმენდა.  ყოველ ჯერზე ჩვენგან მყისიერად იყო მოქმედება და ეს არხი დღესაც გაწმენდილია. მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, რომ ეს სიტუაცია სამართლებრივ ჩარჩოებში დავაბრუნოთ. მანამდე კი სხვას ვერაფერს ვერ ვიზამთ" – განმარტა ჩაგუნავამ.
მოკლედ, საკითხზე პოლემიკა ისე დასრულდა, დეპუტატთა ნაწილმა, დაინტერესების მიუხედავად, ვერაფრით გაარკვია ვინ იყო ის ინკოგნიტო პირი.
                                                                                                                             სოფო წილოსანი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 145
FACEBOOK კომენტარები