2024 წელი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ბევრ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი და ბუნებრივია, მის შედეგებზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მართალია არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა, ყოველდღიურად იწევა და ამ ფონზე საინტერესოა, რა ხდება პოლიტიკურ პარტიებში, რა გამოწვევები ექნება ოპოზიციურ სპექტრს და რა ფორმაში ხვდებიან პარტიები საარჩევნო მარათონს.
ამჯერად საუბარი გვექნება, პარტია „ლელოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერთან, გოჩა ჯანაშიასთან, რომელიც ამავდროულად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიც გახლავთ.
- ბატონო, გოჩა, საპარლამენტო არჩევნების წელი დადგა და საინტერესოა, როგორ ხვდება პარტია „ლელო“ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რა გეგმები გაქვთ და რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში?
- უპირველესად, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მინდა თქვენს რედაქციას, ლანჩხუთს და სრულიად საქათველოს, მივულოცო შობა-ახალი წლები და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. დიახ, მართლაც გარდამტეხი წელია და ძალიან ბევრი რამ წყდება ქვეყნისათვის. ფაქტობრივად, ქვეყანა დასაბრუნებელია, იმ ფონზე, რომ ქართული ოცნების მმართველობის მეთორმეტე წელი დაიწყო, მაგრამ ეს დრო ამ მავნებელმა ძალამ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დასასუსტებლად გამოიყენა. დიახ, სამწუხაროდ, მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ, ქვეყანა იცლება ქართველებისგან, ადგილზე კი 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავს, ეკონომიკა წინ ვერ მიდის, ადამიანების ყოფა-ცხოვრება ყოველდღიურად მძიმდება, ხელისუფლება კი ჯიბის გასქელებაზე და ძალაუფლების ბოროტი გზებით შენაჩუნებაზე ფიქრობს, თანაც ეს ყველაფერი ბუნებრივია ქვეყნის ხვალინდელი დღის საზიანოდ ხდება. რაც შეეხება „ლელოს“, გასული წლის ბოლოს, პარტიამ რიგით მეორე ყრილობა გამართა, იქ წვეულმა 800-ზე მეტმა დელეგატმა პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო აირჩია. სწორედ რომ აირჩია და არა ისე, როგორც ხშირად ხდება, წინასწარ იწერება სცენარი და დანარჩენი ფორმალობაა. „ლელო“ ყოველნაირად ცდილობს, ისეთი პარტიული მართვის სტილი დანერგოს, სადაც ყველას თავისი წონა ექნება. პარტიის მართვა სტანდარტულად ზემოდან ქვემოდ კი არა, პირიქით, დაფუძნებული იქნება ფართო კონსესუსის შედეგებზე. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ არჩევნებში არავის არ ჰქონდა გარანტირებული პოლიტსაბჭოში ადგილი და პარტიის რიგითი წევრების ხმათა უმრავლესობით მოხდა წევრების შერჩევა. საერთოდაც, პარტიის ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თანხმდება რეგიონულ ლიდერებთან და ეს ერთი-ორად ზრდის შიდაპარტიულ დემოკრატიას, რომლის გარეშე პარტიის სწორად მართვა წარმოუდგენელია.
- ამბიცია „ლელოს“ არასდროს აკლდა, მაგრამ ამ საპარლამენტო არჩევნებზე, რას უნდა ველოდოთ?
- ფაქტია, რომ ბოლო რეიტინგებით „ლელო“ პროგრესირებს და ამ მხრივ სხვებისგან გამორჩეულია. ეს საკმარისი როდია და ჩვენ ვაპირებთ ისეთი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას, რომლის შედეგები „ლელოს“ ანგარიშგასაწევი ძალად წარმოაჩენს. მიზანი ბარიერის უბრალოდ გადალახვა კი არა, ორნიშნა მაჩვენებლის დაფიქსირება იქნება და იმ გუნდით, რაც დღეს არსებობს პარტიაში, ეს სრულიად შესაძლებელია. მთავარი მაინც ეფექტური კამპანიის გაშლაა, სადაც „ლელომ“ ისეთი მკაფიო და დამაჯერებელი მესიჯები უნდა გაავრცელოს, ამომრჩეველს არანაირი კითხვა არ უნდა დარჩეს. ვინმეს ლანძღვაზე აქცენტის გაკეთებამ, დაღალა ჩვენი მოსახლეობა. გასაგებია, ცუდია ქართული ოცნება, მაგრამ შენ რით ხარ უკეთესი, ეს უნდა დაანახო ხალხს. საარჩევნო პროგრამა მაქსიმალურად უნდა მიიტანო იქ, სადაც საჭიროა, თან ეს უნდა გააკეთო სადად, დამაჯერებლად, ისე, რომ გლეხი იქნება თუ საჯარო მოხელე, ყველა დაარწმუნო შენს სისწორეში, გულწრფელობასა და ეფექტურობაში. სხვაგვარად არაფერი გამოვა და ვნახოთ, როგორ შევძლებთ ამ ყველაფრის რეალობაში ასახვას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მცდელობას არ დავაკლებთ, ბოლომდე დავიხარჯებით, რამეთუ ვხედავთ, ქვეყანა იღუპება, ჩვენს შვილების ნათელი მომავალი საფრთხეშია.
- რაზე გააკეთებს „ლელო“ ძირითად აქცენტებს მაშინ, როცა მთლიანად ოპოზიციური სპექტრი დასუსტებულია?
- მოდით ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ოპოზიცია აშკარად ვერ არის ფორმაში, მაგრამ ეს არაფერია, 2011 წელსაც ასე იყო, პულსი არ ესინჯებოდა მაშინდელ ოპოზიციას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ და რაც მთავარია, დიდმა ფულმა, ყველაფერი შეცვალა. ღმერთმა დაიფაროს კიდევ ივანიშვილისნაირების მოლოდინში ვიყოთ, ისიც გვეყოფა რომ გვყავს, მაგრამ ოპოზიცია თავის სათქმელს მალე იტყვის. რაც შეეხება „ლელოს“ მთავარ აქცენტებს, ამაზე მუშაობა მიდის, ანუ იქმნება წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც იქნება რაც შეიძლება სრულფასოვანი, იოლად აღსაქმელი და რაც მთავარია რეალური. მამუკა ხაზარაძეს და მასთან ერთად ენერგიულ, პროფესიონალურ ახალგაზრდა გუნდს, აშკარად ხელეწიფება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა და სწორი გამოსავლის პოვნა. მთავარია როგორ მივიტანთ ადგილზე და როგორ დავაჯერებთ მოსახლეობას, ჩვენი არჩევანის სისწორეში.
- რეალობა გვიჩვენებს, რომ ქართული ოცნების შეცვლა მხოლოდ კოალიციურ ერთობას შეუძლია.
- რა თქმა უნდა, სხვა ალტერნატივა არაა და არცაა საჭირო. დავიღალეთ ერთპარტიული მართვით, დროა ვსინჯოთ კოალიციური მართვის სისტემა, სადაც გადაწყვეტილება ერთპიროვნული არ იქნება და მხოლოდ კონსესუსის შედეგად მიიღწევა. იქნება აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, მაგრამ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების ჭეშმარიტება სწორედ კამათში უნდა დაიბადოს. ესაა დემოკრატიის ხიბლი და არა ის, რასაც ოცნება თავს გვახვევს, ვითომ უცოდველი კრავია, მაგრამ რეალურად ცხვრის საფარში გახვეული მგელია. რაც შეეხება საკოალიციო კონფიგურაციას, ამის ნიშნები მალე სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება და გვერწმუნეთ, „ლელოს“ წვლილი იქ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
- საუბრები მიდის ამა თუ იმ ოპოზიციური ძალის გაერთიანებაზე და ამ კუთხით „ლელოსაც“ ახსენებენ. რა ხდება რეალურად?
- „ლელო“ ამა თუ იმ ნაბიჯს ისე არ გადადგამს, წინასწარ რომ არ განჭვრიტოს, რა შედეგის მომტანი იქნება ეს. ამ კუთხით მიმდინარეობს შიდა კვლევა, რომელიც ამ თვის ბოლოს დასრულდება და შედეგები აჩვენებს რა და როგორ სჯობია. მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის დაინტერესებულ ძალებთან შექმნას ერთობა არა დროებითი, არჩევნებისთვის გათვლილი, არამედ წმინდა იდეური, საერთო მიზნების ირგვლივ. თუ მოხერხდება ასეთი გაერთიანება, ხომ კარგი, თუ არადა, „ლელო“ მზადაა არსებული ძალებით მიაღწიოს სასურველ შედეგს.
- ამასობაში ბიძინა ივანიშვილი ისევ დაუბრუნდა აქტიურ პოლიტიკას. რას ნიშნავს მისი მესამედ მოვლინება?
- დაბრუნდაო, ვამბობთ, მაგრამ სად იყო წასული? კულისებიდან მართავდა ყველაფერს და ვინმეს თუ ჰგონია, მის გარეშე ვინმე ნაბიჯს დგამს, ძალიან ცდება. ამ ქვეყანაში ინსტიტუცია არ არსებობს, ამ ქვეყანაში ერთი ივანიშვილია, დანარჩენები კი მისი თოჯინები არიან. მარიონეტების ამ თეატრში ზოგს უფრო ფასეული ძაფი აბია ხელ-ფეხზე, სამართავად, ზოგს ისე რა, მაგრამ ეტყობა მოვიდა, დრო ივანიშვილი კვლავ იძულებით გამოსულიყო ავანსცენაზე. უბრალოდ არ ენდობა თავის ხელისბიჭებს და ესაა, არადა, რომ რამე, დასაკარგი ძალიან ბევრი აქვს და გარისკვა შეუძლებელია.
- ფაქტია, რომ ივანიშვილი უკმაყოფილო ჩანს საკუთარი გუნდით და თავის გამოსვლაში ამის ერთ-ერთ მიზეზად კორუფციის ზრდა დაასახელა. რას ფიქრობთ ამაზე?
- ეს სრული ზღაპარია, რა არ იცოდა მან რა ხდებოდა აქამდე მის გუნდში? ყველაფერი კარგად იცოდა. საერთოდ, მისი სტილია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს უფლება გაისვაროს კორუფციაში, ეს ელიტური იქნება, თუ სხვა დონის. სამაგიეროდ, ამით ყურებით იჭერს ყველას და თანაც აგრძნობინებს, რომ რამე, დასაკარგი ბევრი გაქვთ და შეაკვდეთ უნდა ამ სისტემასო. განა თავის დროზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ სანათესაოს მიერ გაჩაღებული კორუფციის გამო არ დაითხოვა, მოგვიანებით კი ისევ დააბრუნა? გამოსწორდებოდა თუ რა? ან იმას რა ჰქვია, რომ განაცხადა, ღარიბაშვილს გინდ ჩემი პირადი მდივანი, ან რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ჩემს ფინანსებში როგორ ჩავახედებდიო. ჰოდა, ორჯერ ქვეყნის მმართველობა კი ჩააბარა და თავად განსაჯეთ, ამ კაცს საქართველო რამედ მიაჩნია? ბიძინისტები გვაყვედრიან, რომ მილიარდები დახარჯა ამ კაცმა ქველმოქმედებაშიო. კი დახარჯა, ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ ისიც ხომ იკვეთება, რისთვის დახარჯა? მიზნის მიღწევის შემდეგ, აიღო კალკულატორი და ყველაფერი „მოჩოთქა“. არა ბიჭოს, მე გავაქრე საყდრისის ოქროს საბადო, მე შევქმენი მუქთა ელექტროენერგიის ხარჯზე ბიტკოინების გამომუშავების მთელი სისტემა, მე არ ვიხდი გადასახადებს, მე გადავყლაპე მთელი ბიზნესი, მე დავითრიე ქვეყნის ყველა საუკეთესო ადგილი და ა.შ. ჰოდა, ხარჯებიც ამოღებულია და ეს ქველმოქმედება კი არა, ანგარებაა.
- ამასობაში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა და ეს ქართული ოცნების აქტივში არ ჩაითვლება?
- ოცნება ვირეშმაკობის დიდოსტატია და ამ შემთხვევაშიც იყენებს ამ რეალობას. „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო“ და წინასაარჩევნოდ ევროპასთან ურთიერთობის გართულების თავიდან ასაცილებლად, გადაიდგა ეს ნაბიჯი. აბა რეალურად, ივანიშვილს ეს სტატუსი მხოლოდ სავაჭროდ რომ სჭირდება, ეს ფაქტია. ჯერ იყო და რუსთაველზე წამოსული პროტესტის შემდგომ დაიწერა ეს განაცხადი, რასაც ლაძღვა-გინების მთელი კორიანტელი მოჰყვა იმ ევროპელი პარტნიორების მიმართ, ვისი მხარდაჭერაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. აქეთ სახელდახელოდ დასავლეთის სალანძღავად შექმნეს ე.წ. ხალხის ძალა, იქით ალტინფოს აყეფებდნენ წაღმა-უკუღმა. თავადაც ოცნების ე.წ. ლიდერები რა სიტყვებით არ ამკობდნენ სტატუსის მნიშვნელობას და აბა გაწევრიანებისთვის საჭირო 12 პუნქტზე მუშაობას, ხომ ჯვარი სწერია. მთლიანად რუსული, ავტოკრატიული მართვის სტილის მქონე ხალხს, ევროკავშირის მითითებების შესრულება უბრალოდ არ შეუძლია. ევროპამ იგრძნო რა, სტატუსზე უარის თქმა ჩვენს ქვეყანას ჩიხში შეიყვანდა, ჩვენს რუსულად მოაზროვნე ხელისუფლებას კი სათქმელი ექნებოდა, ნახეთ, ხალხნო, ევროპამ გვიგანა და მიგვატოვა იმიტომ, რომ ომი არ გავაჩაღეთო, გვიბოძა ეს წყალობა და შანსი მოგვცა წლის ბოლომდე დემოკრატიული ცვლილებები განახორციელეთო. ჰოდა, ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილების ხარჯზე მივიღეთ, ის, რაც მივიღეთ, ხელისუფლებამ კი სათავისოდ გამოიყენა ეს წყალობა და კარგადაც იზეიმა კიდეც, რეგიონებიდან წაყვანილ საჯარო მოხელეებთან ერთად. ეს ზეიმი და პომპეზურობა, აშკარად ნაცებზე უკეთ გამოსდით, ეს ფაქტია.
- ომის თემას რომ იყენებს ხელისუფლება, ეს ცხადია.
- იყენებს, ვითომ მათი დამსახურებაა აქ რომ ომი არ არის. ვის უნდა ჩვენთან ომი, ვის გავეჩხირეთ ყელში? რუსეთს სულ ენის მოჩლექვით ვესაუბრებით, უკრაინასთან ომშიც კი მათი მხარე დავიჭირეთ და სამარცხვინოდ უკრაინელი ერის უბედურებით, ხელიც მოვითბეთ, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაათმაგებით. ომის თემა სპეციალურად შემოაგდეს, ნახეთ, რა მაგრები ვართ, არ ავყევით პროვოკაციასო. და საიდან მოდიოდა ეს პროვოკაცია? რუსეთს ამისთვის არ სცხელა, რომც უნდოდეს, ომი არ სჭირდება, ისე გეგმაზომიერად სწევს მავთულხლართებს და ზრდის ოკუპაციის არეალს, ჩვენს ხელისუფლებას საპასუხოდ ხმის ამოღებისაც ეშინია. სამაგიეროდ, საკუთარ მომხრეებს აპურებს, მშვიდობას და სტაბილურობას ვინარჩუნებთო. ქართველებისგან დაცლილ ქვეყანას, რუსეთის მოქალაქეები ანაცვლებენ, ხალხს ძალიან უჭირს ეკონომიურად და ესაა მშვიდობა და სტაბილურობა?
- დავუბრუნდეთ საპარლამენტო არჩევნების თემას. როგორ წინასაარჩევნო გარემოს ელით?
- სამწუხაროდ ძალიან ბინძურს. უკვე ცხადია მმართველი ძალის ტრადიციული ლანძღვის სტილი, რომლის გარეშე უბრალოდ არ შეუძლიათ არსებობა. კორუფციაში ჩაფლული ქვეყნის მმართველობას დიდძალი შავი ფული ასაზრდოებს, ეს ფული „ატკატებიდან“ შედის ოცნების პარტიულ ყულაბაში და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსასყიდად თუ სხვადასხვა მანიპულირებებისთვის იხარჯება. ამავდროუად ამოქმედდება სახელმწიფო მანქანა, რომელიც მორიგ სპეცოპერაციას ჩაატარებს ქართული ოცნების გადასარჩენად და ტრადიციულად მასში ყველა უწყება იქნება ჩართული. არცერთი ხელისუფლება არ გვყოლია, ასე დახვეწილად და გეგმაზომიერად აყალბებდეს არჩევნებს და ეს ყველაფერი ხდება არა არჩევნების დღეს, არამედ წინაასაარჩევნო პერიოდში. როგორც ბოლო არჩევნებში ხდება, დიდ ქალაქებს კვლავაც წააგებს მმართველი ძალა, სამაგიეროდ რეგიონებშის ხარჯზე ეცდება შედეგის მიღებას, თუმცა, რეალობიდან გამომდინარე, ესეც რთული მისაღწევი იქნება. ბევრი რამ დამოკიდებულია ოპოზიციის ეფექტურ მუშაობაზე. ხალხს მკაფიო და დამაჯერებელი სიახლეები სჭირდება და რაც მთავარია, უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ამ ქვეყნის მართვა ბევრად უკეთესად შეიძლება, თუ შევაჩერებთ კორუფციას, თუ აღვადგენთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ სასამართლოს, პროკურატურას, შევქმნით ეფექტურ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც მართლა გააკონტროლებს ჩინოვნიკების გაზრდილ მადას.
- საკრებულოს წევრის თვალით, რა გამოწვევებია დღესდღეობით ჩვენს მუნიციპალიტეტში?
- სამწუხაროდ, თვითმმართველობის დაბალი ხარისხი აკნინებს მუნიციპალიტეტის ეფექტურობას. როცა ცენტრიდან ხარ ფინანსებზე დამოკიდებული, რთულია მოაგვარო ის პრობლემები, რაც ადგილზე აწუხებს მოსახლეობას. კი ბატონო, როგორც ყველგან, აქაც იგება გზები, შენდება საბავშვო ბაღები, სკოლები და საერთოდაც პრიორირეტულია ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს ძალიან კარგია, მაგრამ რეალურად ვისთვის ვაგებთ ამ გზებს, ან ბაღებს, როცა მოსახლეობისგან იცლება სოფლები, შობადობამ კატასტროფულად იკლო და საბავშვო ბაღებში ბავშვებზე მეტი მომსახურე პერსონალია. არც პერსპექტივა ჩანს, რომ ხვალ ან ზეგ, რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება. დასაქმება მხოლოდ საჯარო სექტორშია შესაძლებელი და ისიც იმდენად გადატვირთულია, მეტი რომ არ შეიძლება. ადგილობრივი არაკომერციული იურიდიული პირები ნამდვილი ბეღელია ამ მხრივ, სადაც მინიმუმ გაორმაგებულია დასაქმებულთა რიცხვი. ანუ, 20 კაცის საქმეს 40-50 ასრულებს. არის სრულიად უმოქმედო შტატები. იყო რეორგანიზაციის შედეგად ოპტიმიზაციის მცდელობა, მაგრამ უშედეგო, ფასადური და საუბედუროდ, ეს მარტო აქ არ ხდება, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ასე და ჩვენი მთავრობის დასაქმების ეს მახინჯი პოლიტიკა უფრო ამძიმებს ქვეყნის ბიუჯეტს. სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს თუ რა ხდება სოფლებში, სადაც გლეხს ძალიან უჭირს, თუნდაც საყანე ფართობების მოვლა-პატრონობა. მოძველებული ტექნიკით დამუშავებული ნიადაგით ვერ ხდება კარგი მოსავლის მიღება, ეს კი ოჯახს არ აძლევს საშუალებას იყოლიოს ძროხა, ღორი, შინაური ფრინველი... სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა, მინიმუმ გამართული ტექნიკით სარგებლობის შანსი მიეცეს მოსახლეობას.
-ადგილობრივ პრობლემებზე შემდგომ აუცილებლად გვექნება საუბარი, ახლა კი, დროა შევაჯამოთ ჩვენი საუბარი...
- მოკლედ ვიტყვი, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ხალხზე, მათ სწორ გადაწყვეტილებებზე. 2024 წელი მართლაც გარდამტეხი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. გვინდა რომ ვიყოთ გაცილებით უკეთესი ქვეყანა? თუ გვინდა, მაშინ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ, სწორი არჩევანი გავაკეთოდ და ხმა ღირსეულს მივცეთ და რაც მთავარია, დიდი იმედი მაქვს, ხალხმა სწორი არჩევანი რომ გააკეთოს, ამას ოპოზიციური პარტიები საკუთარი სწორი წინასარჩევნო ხედვებით უზრუნველყოფენ. რა თქმა უნდა, პარტიების მხრიდან იქნება დაპირებები, ზოგჯერ არარეალურიც, მაგრამ „ქართული ოცნების“ ძველი, შეუსრულებელი დაპირებებისგან მწარე გამოცდილება ხალხს უკვე გააჩნია და კიდევ ერთხელ, იმედია, თავს არავინ მოიტყუებს.
არჩევნებზე ველით სპეცოპერაციას „რიგითი ოცნების“ გადასარჩენად
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 949