ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც 3 ივლისის დაგეგმილ აქციაზე, ,,შინ ევროპისაკენ,“ ხალხის ინფორმირების მიზნით შეხვედრებს რეგიონებში მართავდნენ, 29 ივნისს, ლანჩხუთში, მოსახლეობასთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს.
ლანჩხუთში იმყოფებოდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხატია დეკანოიძე და ლევან ხაბეიშვილი, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასწარ მობილიზებული იყვნენ ლანჩხუთის საკრებულოს წევრები ,,ქართული ოცნებიდან,“ ,,აიპის’’ რამდენიმე თანამშრომელი და ,,ოცნების“ აქტივისტები. ისმოდა უწმაწური სიტყვები და შიგადაშიგ ხელჩართული ჩხუბიც გაიმართა. რაც შეეხება პოლიციას თითიც არ გაუნძრებია დაპირისპირების აღსაკვეთად. პოლიციის კორდონი იდგა თავისთვის არხეინად.
გავესაუბრეთ რამდენიმე ქალბატონს, რომელებიც სტუმრების დასახვედრად იყვნენ ,,მოწვეული,’’ თუმცა ამტკიცებდნენ, რომ იქ შემთხვევით მოხვდნენ.
იამზე კახაძე - რა უნდათ? ნებისმიერი თვალისმხილველი ადამიანი გეტყვით, რომ ესენი დადიან და შოუს აწყობენ, მე მშვიდობა მინდა იყოს და მეც რომ მეშველოს, ეს მინდა. მეზობელი მეზობელს ნუ უპირისპირდება სკამების გულისთვის და ჯიბის გასქელების გულისთვის. რომ ჩამოვიდა ვინცხაა ის, სულ არ ვიცნობ,იი ხაბეიშვილი მომესალმოს და მკითხოს ერთი რატომ მოხვედიო? არ უნდა ხმა რომ მივცე?
_ ვინ გითხრათ რომ მთავრობაში მოდის?
_ აბა რა უნდოდა? ზუსტად ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, რომ თუ არ მოდის მთავრობაში, ბუნტი უნდა და ჩხუბი უნდა.
ეთერ საგინაძე _ არც სამსახურში არ ვარ არსად, ვიყავი საავადმყოფოში და შევხვდი ამ ამბავს ვერ გავიგე რა ხდებოდა, არ ვიცნობ არც პოზიციას არც ოპოზიციას, აქ რომ მოდიან, ასეთი შეურაცმყოფელი სიტყვები კი არ უნდა იყოს, შევხვდნენ ლამაზად ხალხს, ლამაზად დაელაპარაკონ, გაცვალონ აზრები ერთმანეთში,როგორ შეიძლება ეს? ამ საქართველოს მართლა რა ეშველება მე არ ვიცი.
რამ გამოიწვია დაპირისპირება?
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ემზარ თედორაძის თქმით, ,,ქართული ოცნების“ წევრები ყველა ერთობლივად პარტიის ოფისში იმყოფებოდა და იქედან გამოდიოდნენ, როცა დაინახეს კამერები და ამაზე გაღიზიანდნენ. კითხვაზე თუ რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მან გასცა პასუხი, რომ პირადად არავის არ დაპირისპირებია, მისივე თქმით შეიძლება შესაბამისი რეაქცია, იყო, რაც მიაყენეს იმათმა.
,,მე შემდეგ გამოვედი და უკვე დაპირისპირება იყო, წარმოიდგინეთ, რომ უცხო ადამიანი მოვიდეს თქვენთან და გიღებდეს“ _ განაცხადა თევდორაძემ.
რაც შეეხება გადაღებას, როგორც ჩვენ დავინახეთ კადრებს ასევე იღებდნენ ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატებიც.
ოპოზიციის ხელშეწყობაში მედიაც დაადანაშაულა იქვე მყოფმა ,,ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტმა. მათ შორის იყო ვახტან კუკულაძე. იყო ადგილობრივი მედის საშუალებების წარმომადგენლებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის.
კახა ასკურავა, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი:,, ლევან ხაბეიშვილი ჩამოვიდა, ფეხით წამოვიდა პარტიის ოფისისკენ და მიუვარდნენ. რას კადრულობთ, კაცი ჩამოსულია სტუმრად-მეთქი. რამდენიმე დეპუტატი დაგვდევდა ლაივებით. მერე გამოცვივდა მთელი საკრებულო, ლანჩხუთში მსგავსი რამე არ მახსოვს, ეს ლანჩხუთის სირცხვილია. ისინი დავალებას ასრულებდნენ. ასე მოხდა ოზურგეთშიც. ჩოხატაურმა არ იკადრა ეს.“
ხატია დეკანოიძე-,, ჩვენ დავდივართ რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანი საერთო იდეით, რასაც ჰქვია ,,ევროპა ჩვენი სახლია.“ჩვენ ვესაუბრებით ყველას, განურჩევლად იმისა, ვისაც შეიძლება მოსწონდეს ჩვენი პოლიტიკური ძალა, ან შეიძლება არ მოსწონდეს, ვხვდებით ჩვენს ორგანიზაციებს იმ იდეით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც მას წაართვა ,,ქართულმა ოცნებამ.“
მაშინ, როცა ხელისუფლებას ევროპელმა პარტნიორებმა დეპოლარიზაცია ურჩიეს, სინამდვილეში ხდება ის, რომ ლანჩხუთშიც, ქუთაისშიც, ოზურგეთშიც, ყველგან, საკრებულოს წევრებს ავალებენ გადმოვიდნენ შეტევაზე. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის ძალიან სუსტი. უნდა ესმოდეს ამ საკრებულოს წევრებსაც, რომ ჩვენ ყველა მათი შვილებისთვისაც ვიბრძვით.“
ლევან ხაბეიშვილის განმარტებით: „ივანიშვილი ამ დაპირისპირებას იყენებს ყველა პოლიტიკური კრიზისის დროს, 2012 წლიდან 2022 წლამდე ყველა დაძაბული ვითარების დროს იყენებდნენ მეთოდს, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან, დაპირისპირებასთან და დაყოფასთან. მათი პროპაგანდა ცდილობს მოყვეს, რომ ხალხი უპირისპირდება ოპოზიციას, რაც სიმართლე არ არის. სურთ დადგან სპექტაკლი, მაგრამ იმის თავიც არ აქვთ, რომ უბრალო მოქალაქეები მიიყვანონ, მოქალაქეებთან დასაპირისპირებლად მიჰყავთ ფრაქციის თავმჯდომარეები და საკრებულოს წევრები. ცდილობენ შექმნან პარალელური სამყარო, სადაც მოყვებიან როგორ უპირისპირდება მოქალაქე ოპოზიციას, რეალობაში თავად უპირისპირდებიან ხალხს. ეს არის ძალიან საშიში, ცეცხლს ეთამაშებიან, პოლიტიკოსები ნაჩვევი ვართ თავდასხმას და პროვოკაციას, მაგრამ სტუდენტებს რომ ამას უკეთებენ, წარმოიდგინეთ რაზეა ეს ხალხი წამსვლელი.“
მაია კუკულაძე
ხმაური და დაპირისპირება ლანჩხუთში
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 978