ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პოლიტიკური სვარკა ლანჩხუთში!!!

პოლიტიკური სვარკა ლანჩხუთში!!!
23-10-2015, 00:00

`სვარკა~ ვიხილეთ _ დაპირისპირება `ქართული ოცნების~ აქტივისტებსა და `ნაცმოძრაობის~ ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელ კახა ასკურავას შორის.ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში მათ ოფისზე შეტევა წინასწარ `დაანონსა~: `ჩემი ინფორმაციით, გუშინ ბათუმში მყოფი სადღობელაშვილი და მისი ბანდა გზად აპირებს შემოგვიაროს ლანჩხუთში - ველოდებით! მაგრამ `ტიტუშკა~ არაა სტუმარი, `ტიტუშკები~ არიან საქართველოს მტრები!~ _ წერდა ის.ოფისთან ცოცხით ხელში გამოჩნდა `ქართული ოცნების~ აქტივისტი ნუგზარ ცინცაძე. მას კახა ასკურავამ ცოცხის წართმევა მოუნდომა და ეცადა, ოფისთან ახლოს არ მიეშვა._ ხელი გასწი იქეთ, არ მომეკარო _ გაიძახოდა ცინცაძე და იქვე მოუწოდებდა თანამოაზრეებს: _ დროზე `დასვარკეთ~ კარები..._ ზუსტად ვიცი, ხელი რომ დაგარტყა, დამიჭერენ... პროვოკატორი ხარ _ მიმართავდა მას ასკურავა.სიტუაციის განმუხტვას ექს-გამგებელი და `ნაციონალების~ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გოგუაძე ცდილობდა, თუმცა არ გამოსდიოდა.პარალელურად აქციის მონაწილეთა ნაწილი ელშედუღების აპარატის მზადყოფნაში მოყვანას ცდილობდა, რაშიც მათ ხელს ასკურავა უშლიდა. მან რამდენჯერმე ფეხიც გაჰკრა აპარატს._ `დასვარკეთ~ დროზე _ უკან არ იხევდა ნუგზარ ცინცაძე._ ვინ უნდა `დასვარკოს~, მოაშორეთ აქედან _ ოფისის დაცვას კახა ასკურავა ცდილობდა.ამის მერე იყო შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი შეურაცხოფებიც. `გაწი ხელი~, `ვის ექაჩები~, `ხელი არ გაიქნიო, ბიჭო~, `დაახვიე აქედან~ _ ეს ყველაზე რბილი გამონათქვამებია, რაც შეხლა-შემოხლისას ისმოდა დაპირისპირებული პირებისგან.`ხელი გაუშვი, ბიჭო~ _ აქციის მონაწილეებმა ლანჩხუთელ `ნაციონალთა~ თავკაცს ელშედუღების აპარატი ხელიდან გამოგლიჯეს. `ვის აშინებ?~ _ ასკურავა ცინცაძეს მიმართავდა, იქვე მყოფმა გია ფირცხალაიშვილმა რომ ირონიულად `ურჩია~ _ მილიციაში დარეკე, მილიციაში!_ რა მილიციაში? რის მილიციაში? _ დარეკე, მიდი, ხო, დარეკე!ისევ ჩაერთო გია გოგუაძე, თუმცა მოზავეობა კვლავ არ გამოუვიდა: _ რა გინდათ, ვერ გავიგე...მას ცინცაძემ უპასუხა:_ დაიხუროს უნდა ეს ოფისი! მოგწონს, გია, ხალხის მოტ...ნა? ჰოდა, უნდა დაიხუროს ეს ოფისი!მალე მორიგი შეხლა-შემოხლაც მოხდა, რომელიც გაწევ-გამოწევითა და შემდეგი ფრაზით გაგრძელდა: `ვის აგინებ შენი...~_ `დასვარკე~, ბიჭო, დროზე! _ ითხოვდა ცინცაძე._ ასე არ შეიძლება, ხალხო _ თქვა გოგუაძემ._ გია, დამთავრდა `ნაციონალური მოძრაობა~ ლანჩხუთში! არ მინდა შენთან, ჩხუბი, შემეშვი. დამთავრდა `ნაცმოძრაობა~! _ უპასუხა ცინცაძემ.შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებიც აღმოჩნდნენ _ ერთი კახა ასკურავას აკავებდა თავის ოფისთან რომ არ მისულიყო (?), სავარაუდოდ, კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, მეორე კი კარის შედუღების მონაწილეების დარწმუნებას ეცადა, ქმედებაზე უარი ეთქვათ, თუმც ეს ვერ შეძლო._ რა გინდა, ვაშავებთ რამეს? _ უკან არ დაიხია ცინცაძემ _ ქართველი კაცს კიდევ გინდათ ისე მოექცნენ, `დასვარკეთ~ დროზე... პოლიტიკა არაა, ძამა, მაი... მართალი ხარ, მართალი _ ამათთვის საერთოდ არ უნდა გაგვეღო კარი.მიუხედავად მცდელობისა, პოლიცია იძულებული გახდა, `თვალის დევნებით~ შემოფარგლულიყო...აქციის მონაწილეთა უმეტესი ნაწილი გამგეობისა და ა(ა)იპიების თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმიტომ არ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, კუთვნილი შესვენებით სარგებლობდნენ.მომხდარზე პასუხისმგებლო ასკურავამ გურიის გუბერნატორსა და ლანჩხუთის გამგებელს დააკისრა: `ბიძინა ივანიშვილო, შენ თესავ ქარს და მიიღებ ქარიშხალს, თან ისეთს, რომელიც წაგლეკავს შენ და შენს ტიტუშკებს - თან აუცილებლად, თან ძალიან მალე! დღეს განვითარებულ მოვლენებზე კი პასუხისმგებლობა ეკისრება გურიის გუბერნატორს, რომელიც მხოლოდ იმთაა ცნობილი, რომ ძალადობის ამასახველ ფილმებს უჩვენებდა ბავშვებს და გამგებელ ურუშაძეს, რომელიც მხოლოდ თეთრი ლექსების წერითაა დაკავებული!~ მისივე განცხადებით, როცა `ქართული ოცნების~ აქტივისტები იკრიბებოდნენ, ის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით ლანჩხუთის საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე იყო: `ვაკეთებდი საქმეს ხალხის სასარგებლოდ, ვიცავდი იმ ადამიანების ინტერესებს, ვისაც მხოლოდ 3 ლარს აძლევენ მიწის კომპენსაციისთვის. მართლაც დაკავებული ვიყავი საქმით, მაშინ, როცა `ქართული ოცნების~ აქტივისტები დაკავებულები იყვნენ იმით, რაც დღეს მთელმა საქართველომ იხილა. ესაა სხვაობა ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დღეს აქ იმყოფებოდნენ. ისინი საქმის კეთების ნაცვლად დაკავებულები არიან იმით, რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ, მხოლოდ და მხოლოდ ესაა მათი ინტერესი და წამსვლელები არიან ყველაფერზე. თესავენ ქარს და მიიღებენ ქარიშხალს. ესაა აგონიაში ჩავარდნილი ადამიანების ქმედება. ყველა იყო საჯარო მოხელე, მათ ხალხის მხარდაჭერაც კი აღარ აქვთ~. მისმა თანაპარტიელმა გია გოგუაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ლანჩხუთის პირველ პირებს დააკისტა.`როცა დავინახე, რომ ქალაქის ცენტრში შეკრება ხდებოდა, თანაც ყველა საჯარო მოხელე იყო, დავურეკე საკრებულოს თავმჯდომარეს, გოგი ხელაძეს და საქმის კურსში ჩავაყენე. მითხრა, რომ თბილისში იმყოფებოდა და სიტუაციას აუცილებლად გაარკვევდა. შემდეგ გამგებელსაც დავუკავშირდი, რომელმაც გაიკვირვა და თქვა, არაფერი ვიციო. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გელა კილაძესთანაც. ბატონ გამგებელსაც და ბატონ კილაძესაც ვუთხარი, რომ შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდათ. ამის მერე მოხდა ის, რომ გამგებელმა გამოგვიგზავნა მისი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და პირადი მდივანი, რომელიც სურათებს გვიღებდა. ასევე იყვნენ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. ასევე საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი ია ჩხაიძეც, რომელიც თანამოაზრეებს ეუბნებოდა, რომ დღეს ამ სიამოვნებას ვერ მიიკლებდა, ეს უნდა მენახა, ამ ხალხს კიდევ ხელისუფლებაში გონიათ თავი, ისეთი ბრძანებლური კილოთი გველაპარაკებიან საკრებულოშიო. აი, ეს გააკეთა დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა~.ლანჩხუთში მომხდარს `თავისუფლაი დემოკრატების~ ადგილობრივი ლიდერი ვახტანგ ზენაიშვილი ასე გამოეხმაურა: `დღეს, ლანჩხუთში, სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებულმა `ოცნების~ აქტივისტებმა `ნაციონალური მოძრაობის~ ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისის კარი, ვინაიდან რკინის იყო და ვერ `აჭედავდნენ~, ინოვაციური მეთოდით, ერთ–ერთი ა(ა)იპ–ის კუთვნილი `სვარკის~ აპარატის გამოყენებით დაადუღეს. ამ უმსგავსობაზე ერთი შემიძლია ვთქვა: ძალიან მძიმე საყურებელია ბრბოდ ქცეული ბნელი ადამიანები, პრიმიტიული ინსტინქტებითა და ინტერესებით. ამ ველურობის წახალისება გადაიყოლებს `ოცნებას~.ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი მომხდარს `ბესპრედელს~ ადარებს: `დღეს რაც მოხდა პოლიციის თვალწინ, ღიად სცილდება სამართლებრივი ქვეყნის ჩარჩოებს, 1. მოხდა საკუთრების ხელყოფა, 2. მოხდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, 3. მოხდა შეურაცხყოფა. ამას `ბესპრედელი~ ქვია. მნიშვნელობა არა აქვს, ვის მიმართ განხორციელდა ძალადობა, სიმართლის სახეით ძალადობა, უფრო დიდი ძალადობაა, ვიდრე ყაჩაღობა ან რეკეტი. აბსოლუტურ სიმართლეზე პრეტენზია მხოლოდ ციციკორეს ქონდა. თუ პოლიტიკური ორგანიზაცია კანონგარეშეა, ამას სასამართლო ადგენს. მასე შეუძლია ნებისმიერს ერის სახელით და საკუთარი სურვილით ნებისმიერი ჩაქოლოს. ჰოდა, რომელია ისეთი, ქვა რომ აუღია ხელში სხვის ჩასაქოლად და თავად უცოდველია?ლანჩხუთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით კი სამართალდამცველები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ახორციელებენ. პ.ს. გუშინწინ ღამით, `ნაცმოძრაობის~ ლანჩხუთის ოფისის კარზე, ჯერჯერობით დაუდგენელ პირებს შეურაცხმყოფელი წარწერები საღებავით გაეკეთებინათ...

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა