ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთის გამგებელმა წითელი ბარათი უკვე ამოიღო, ექს-მოადგილე კი ემუქრება

ლანჩხუთის გამგებელმა წითელი ბარათი  უკვე ამოიღო, ექს-მოადგილე კი ემუქრება
23-09-2015, 00:00

ლანჩხუთის გამგებლის ექს-მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილმა ჯერ კიდევ მაშინ, როცა კახა გოგიჩაიშვილის სკამი ახალშერყეული იყო, შემდეგი პოზიცია დააფიქსირა: `ლანჩხუთის გამგებელმა მწვრთნელად, ვინც უნდა, ის დანიშნოს, ლანჩხუთელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეს ნაკლებად აღელვებს. ოღონდ ბიუჯეტს ჩამოეხსნას, ორ მილიონამდე ლარი უკვე გახარჯულია, ნახევარი მილიონი კლუბის დაგროვილი ვალები აქვს ბიუჯეტს გადასახდელი და წლის ბოლომდე ნახევარ მილიონზე მეტი კიდევ დასჭირდება. ამ დღეებში ურუშაძე საკრებულოში შევა აღნიშნული თანხის მოთხოვნის წინადადებით. კიდევ ერთხელ შეეცდება, `ჯიბის საკრებულოს~ მიაღებინოს ლანჩხუთელთა უმრავლესობისათვის საზიანო გადაწყვეტილება. როდემდე შეიძლება ამ და სხვა მრავალი უმსგავსობის მოთმენა?!~ ამ პოზიციას საფეხბურთო კლუბ `გურიას~ საპასუხო განცხადება მოჰყვა: `სამწუხაროდ, გამგებლის ექსმოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი პირადი და პოლიტიკური შურისძიებისთვის კვლავ თავს ესხმის საფეხბურთო კლუბ `გურიასა~ და მის პრეზიდენტს - ზაზა ურუშაძეს. ცნობილი ფაქტია, რომ ვახტანგ ზენაიშვილი ლანჩხუთის ფეხბურთის მოწინააღმდეგედ უკვე კარგა ხანია გვევლინება, იმ დროიდან, როცა ფეხბურთი ნაგვის ურნებს შეადარა. ასევე, როგორც ჩანს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მისთვის ზაზა ურუშაძის დისკრედიტაცია ყველაზე მთავარ მიზნადაა ქცეული. სხვას არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ კლუბში სამწვრთნელო შესაძლო გადაადგილებასაც იყენებს საიმისოდ, რათა კლუბსა და მის მესვეურებს თავს დაესხას. როგორც ჩანს, ვახტანგ ზენაიშვილს ძალიან `აღელვებს~, რომ `გურია~ ლანჩხუთის სავიზიტო ბარათად და ქართული ფეხბურთის ელიტაში თავის ადგილზე ბრუნდება; რომ ცენტრალურ თამაშებზე ათასობით ლანჩხუთელი მოდის და არა _ `რამდენიმე ათეული კაცი~ (როგორც ამას ვახტანგ ზენაიშვილი აცხადებს); რომ პირველად არსებობის ისტორიაში, გრიგოლეთის ბაზა ლანჩხუთის საკუთრება გახდა და ათწლეულების შემდეგ იქ შენდება თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი; რომ ასზე მეტი ახალგაზრდა მოწყვეტილია ქუჩას და ირიცხება `გურიას~ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ეჭვგარეშეა, პოლიტიკური ოპონენტის ეს წარმატებები ვახტანგ ზენაიშვილს ძალიან აშფოთებს და ბრძოლას `წესების გარეშე~ აწარმოებს. უკვე კარგა ხანია მიზანმიმართულად ეწევა პროპაგანდას, რომ ლანჩხუთის `გურია~ არ დაფინანსდეს, მაგრამ ვერ გათვალა, რომ ლანჩხუთელებში ეს მხარდაჭერას ვერ მიიღებდა და ფაქტია, ვერც მიიღო, ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ გასული სეზონის მიხედვით `გურიას~ ცენტრალური სტადიონი დასწრების მხრივ მოწინავეთა შორისაა. დასასრულ, ვიტყვით, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ ვახტანგ ზენაიშვილის პირად ახირებებზე პასუხის გაცემას, საუკეთესო შემფასებელი საზოგადოებაა, რომელმაც კარგად იცის, ვინ ვინ არის და რა ინტერესი ამოძრავებს~, _ ნათქვამია განცხადებაში.თავის მხრივ, ვახტანგ ზენაიშვილმაც უპასუხა: `ერთი მითხარით, რას ეძახით კლუბზე თავდასხმას?! თუ გავბედეთ და ვთქვით, რომ ლანჩხუთის მასშტაბებისთვის ასტრონომიული თანხა, თითქმის სამი მილიონი ლარი ბიუჯეტმა ფეხბურთისთვის არ უნდა გამოჰყოს, ეს `გურიაზე~ თავდასხმაა?! წინა მთავრობა 400 000 ლარის ფარგლებში აფინანსებდა `გურიას~, თქვენ რა? იქნებ, საბიუჯეტო შემოსავლები გაზარდეთ? იქნებ ეკონომიკა აამუშავეთ და ოაზისად აქციეთ ლანჩხუთი? და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ვინ მოგცათ უფლება, მილიონები ბიუჯეტს წაღლიტოთ და ფეხბურთს შეაჭამოთ?! ვინ მისცა უფლება თავგასულ ურუშაძეს, რომ თანხა, რომელითაც შეიძლებოდა სუფსაში საბავშვო ბაღი აშენებულიყო, გრიგოლეთში გადაისროლოს საფეხბურთო ბაზის რეკონსტრუქციისთვის?! ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მე ფეხბურთს და `გურიას~ კი არ `ვესხმი თავს~, არამედ ვეწინააღმდეგები ფეხბურთის საფარქვეშ საბიუჯეტო სახსრების განიავებას და დატაცებას. თუ ჩემი პოზიცია მავანთ იმის უფლებას გაძლევთ, რომ `ფეხბურთის მტერის~ იარლიყი მომაკეროთ, დაე ასე იყოს, მაგრამ გახსოვდეთ, ხალხის ფულზე მონადირეებს ხელებს დაგიმოკლებთ~ _ აცხადებს ზენაიშვილი.მისივე განცხადებით, `მე არ მაინტერესებს ზაზა ურუშაძე, როგორც `გურიას~ პრეზიდენტი და არც მაშინ დავინტერესდები მისით თუ ფრენბურთის, კალათბურთის, მოტობურთის და სხვა მრავალი `ბურთის~ პრეზიდენტი გახდება. მე მასთან პრეტენზიები მაქვს როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რომელიც ზეწოლით, გარიგებით, არარსებულ ინვესტორზე აპელირებით, პრინციპით _ ხელი ხელს ბანს _ ახდენს მსხვილი თანხების გადაქაჩვას საფეხბურთო კლუბში და შემდეგ, ამ თანხების ხარჯვას თავადვე განაგებს, როგორც კლუბის პრეზიდენტი, ფრიად ბუნდავან და ქაოტურ ვითარებაში~. საფეხბურთო კლუბი საპარლამენტო მანდატზე მეოცნებე ზაზა ურუშაძემ საარჩევნო შტაბად გადააქცია, რომელსაც ბიუჯეტის ფულით ინახავს. ნახეთ, რამდენი ადამიანი მუშაობს, გადავსებულია იქაურობა ერთგული ქვეშევრდომებით და `ოცნების~ არასპორტული წარსულის მქონე აქტივისტებით. რატომ უნდა იქცეს ბატონი გამგებლის საპარლამენტო ზმანებანი და `ოცნების~ აქტივისტების ხელოვნურად გამოგონილ, უფუნქციო შტატებზე წამოსკუპება ბიუჯეტის თავისტკივილად?! არასოდეს ვიფიქრებ ვინმეს დისკრედიტაციაზე. მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მან თავად მოახდინა თავისი თავის დისკრედიტაცია იმ ქოსატყუილა პოლიტიკით, რომელსაც იგი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენს მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ჰოდა, ჩემი მიზანია დისკრედიტირებული და პოლიტიკურად გაკოტრებული ხელმძღვანელი თანამდებობას ჩამოვაშორო. დარწმუნებული ვარ, ეს ლანჩხუთელთა დიდი უმრავლესობის სურვილიცაა. ამიტომ უახლოეს დღეებში, საჯაროდ გამოცხადდება საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც აღნიშნულ თემაზე იმუშავებს~ _ დასძენს გამგეობლის ექს-მოადგილე.დასასრულ, პოლიტიკურიდან წმიდა საფეხბურთოს დავუბრუნდეთ. `გურია~ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კახა გოგიჩაიშვილმა და მისმა შტაბმა კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დათქმული პირობა ვერ შეასრულა (აუცილებელი გამარჯვება `საბურთალოსთან~ 20 სექტემბერის მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა), რაც იმას ნიშნავს რომ კლუბს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება. მანამდე კი, `გურიას~ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებას გაეცანით: `ლანჩხუთის `გურიას~ მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, დათხოვნილნი არიან გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი და მისი სამწვრთნელო შტაბი. ასევე, 30%-ით დაჯარიმდნენ კლუბის დირექტორატის წევრები - სპორტულ დირექტორს არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგის, ფინანსურ დირექტორს - ფინანსური სანქციების არგატარების, ხოლო აღმასრულებელ დირექტორს არაორგანიზებულობის გამო, დაექვითებათ 10-10 დღის ხელფასი. მათ მიეცათ ბოლო გაფრთხილება და თუ წარუმატებლობა გაგრძელდება, ისინიც დათხოვნილები იქნებიან~.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები