ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,აჯანყებულ გურულს~ რაფერ შევხედოთ თვალებში?!” ანუ რა მოხდა არჩევნებზე?!

6-11-2020, 12:54

,,შეიძლება ევროპაც გავაოცო, ისეთი დემოკრატია შევქმნა საქართველოში" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო პროცესში. ,,არჩევნები ოპოზიციის მიერ გაყალბდა, რომ ჩვენ დაგვბრალებოდა” _ ამბობს ირაკლი კობახიძე.გურია დარჩა ოცნების მწვანე ზონაში, მმართველი პარტიის კანდიდატმა  და პარტიამ მიიღეს ხმების ის რაოდენობა,  რამაც გურიაში  ხალხის გაოცება გამოიწვია. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოსყიდვის, გაყალბებისა და მოსახლეობაზე შავი სამყაროს ზეწოლის შედეგი.

,,დღეს ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, რომელიც გურიის რეგიონის ცენტრალურ ოლქად ითვლება, უნდა განიხილონ ჩვენს მიერ შეტანილი საჩივარები. ამ განხილვის თაობაზე ოლქის მხრიდან უნდა ეცნობოს ყველა უფლებამოსილ პირს, მათ შორის პარტიათა წარმომადგენლებს ოლქებში. ამ სხდომის თაობაზე გავიგე არაოფიციალური წყაროებით, რომ 6 საათზე იყო ჩანიშნული. რა თქმა უნდა, გადავამოწმე ჩემს წარმომადგენელთან ოლქში, თუ გააფრთხილეს, პასუხი არის - არა. ახლა ისევ ჩემი წყაროებით გავარკვიე, რომ გადაუტანიათ ეს სხდომა. აქედან გამომდინარეც ადვილად დასადგენია, რომ გაყალბება გრძელდება’’ _ წერს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა.
სამაგიოროდ ლანჩხუთის არჩევნებს სანიმუშოდ მიიჩნევს ხელისუფლება და მხარდამჭერებს მადლობას უხდის კარგი მუშაობისათვის.
რატომ აღმოჩნდა გურია და ლანჩხუთი პოლიტიკური ,, ოცნების მწვანე ზოლში“ მაშინ, როცა გურიაში და ლანჩხუთში მოსახლეობა უმძიმეს სიდუხჭირეს განიცდის და ყველაზე მეტი პოლიტიკურად აქტიური ადამიანი ცხოვრობს,  ბოლოს და ბოლოს ,,აჯანყებულ გურულს“ რაფერ შევხედოთ თვალებშიო ხუმრობენ ლანჩხუთელები, რაც მართალი, მართალია გურიაში, კერძოდ ლანჩხუთში, მსგავს შედეგს არავინ ელოდებოდა,  გურულებმა მართლა გადარიეს მთელი დუნია. 
მიზეზები და ვარაუდები ბევრია, მთავარი კი ისაა, რომ ციფრები არ შესატყვისება, ხალხის განწყობას.  
ფაქტია, „ოცნებამ“ ეს საპარლამენტო საარჩევნო პროცესი ჩაატარა ხელის გადაგრეხვის პრინციპით. მინდა დავარწმუნო „ოცნების“ ლიდერები, რომ ამ მეთოდს საზოგადოება უკვე აუტანლად მტკივნეულად აღიქვამს და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, მის მიმართ აგდებული დამოკიდებულება, როცა თვლიან, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მისი ხმის ყიდვა, მწარედ შეუბრუნდებათ უკან და ეს მოხდება ძალიან მალე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დანიშვნაც „ოცნებას“ მოუწევს“, ამბობს პარტია ,,ლელოს“ მაჟორიტარი გიორგი სიორიძე. 
,,ოცნების" მთავარი ოპონენტი ეკონომიკის ობიექტური კანონებია. ვერც ფულით იყიდი და ვერც დაპირებებით. ჰოდა, არ იქნება ცუდი, თუ ,,გამარჯვებულს" ეკონომიკასთან პირისპირ დავტოვებთ, ერთი-ერთზე. წელიწადი არ დააგვიანდება, თავისივე ამომრჩეველი გამოენთება კეტით! 
რა ვიცი აბა, ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება არაა, მაგრამ...“ წერს ფეისბუქის გვერდზე  გირჩელი, გურული ვახტანგ ზენაიშვილი.
ეს რომ ასე მოხდება, წყალი არ გაუვა, მაგრამ მერე ჩვენ რა გვეშველება?!  საკითხავი აი ეს არის!
ახლა ლანჩხუთის ცენტრში მდგომი გურულის  ყურადღება მეზობელი ,,ლიბერთი ბანკის“ ტაბლოსკენ არის მიმართული, დოლარის კურსს ადევნებს თვალს, ეს უკანასკნელი კი არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული მიფრინავს.
აღიარებს თუ არა ხელისუფლება, იმას რომ არჩევნები გაყალბდა ლარის კურსი უკვე  ორბიტას კარგავს და სადღაც კოლაფსისაკენ მიგვაქანებს.
აზვირთდა სამართლიანი პროტესთის ტალღა, საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციებია დაანონსებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. მათი განცხადებით, არჩევნებში პროპორციული ელემენტის გაძლიერება პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა წლევანდელი არჩევნები “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ჩატარებულ სხვა არჩევნებს შორის, ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული იყო. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს 24 ორგანიზაცია.
სანამ უცხოეთი შეგვაფასებდეს, ჩვენი თავი ჩვენვე უნდა შევაფასოდ და ასეც მოხდა,  მმართველმა გუნდმა საარჩევნო ხმების გაყალბება აღიარა, თუმცა ეს ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალა და თქვა, არჩევნები ოპოზიციამ გააყალბა ჩვენს სასარგებლოდო.
,,ლანჩხუთის და ჩოხატაურის ყველა საჩივარი დატოვეს განუხილველი. განკარგულებასაც არ იძლევიან, რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება’’ -კახა ასკურავა ლანჩხუთის ენმ-ს თავმჯდომარე
არავის ეპარება იმაში ეჭვი, რომ გურულებს ვინმე რაიმეს გამოგვაპარებს, ორი პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქში შავის და თეთრის გარჩევა არავის ეშლება, სიმართლის პირში თქმა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია.
არჩევნები დასრულდა, ლანჩხუთის ცენტრალური პარკი ნელ-ნელა თავისუფლდება საარჩევნო ნარჩენებისაგან, ხალხიც ნელ-ნელა ალაპარაკდა. ყველას უნდა თვისი შთაბეჭდილება გაგვიზიაროს. იცოცხლეთ, სათქმელი ბევრი აქვთ. მხოლოდ ერთი რამ დავაფიქსირეთ, ცნობილი სიმღერის ახალი ვარიანტი :,,გურულებმა გადარიეს მთელი დუნია, არჩევნები გაგიყალბეს ჩემო გურია!”....

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 151
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა