ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თავისუფალი ტრიბუნა(ლი) - ფეხბურთი, ბიუჯეტი და ზაზა ურუშაძე!!!

თავისუფალი ტრიბუნა(ლი) - ფეხბურთი, ბიუჯეტი და ზაზა ურუშაძე!!!
17-08-2015, 00:00

რაღა გვიჭირს! იგი ისე ლაპარაკობს, თითქოს ლანჩხუთის მოსახლეობა დღე და ღამ იმის ფიქრშია, ოღონდ `გურია~ არ გავარდეს ლიგიდან და თუნდაც ბიუჯეტი გამოაცარიელოს. არ მგონია, ლანჩხუთელთა დიდმა ნაწილმა იცოდეს, რომ `გურიამ~ მუნიციპალიტეტის მიერ მისთვის გამოყოფილი ერთი წლის ბიუჯეტი, მილიონ ორმოციათასი ლარი, ექვს თვეში `შეჭამა~, ამ ცოტა ხნის წინ კი 470 000 ლარი დაუმატეს და რომ, წლის ბოლომდე ნახევარი მილიონი კიდევ დასჭირდება. თუ გავითვალისწინებთ ფეხბურთელთა და მომსახურე პერსონალის სახელფასო დავალიანებას, სასტუმროების და ბანკის ვალებს, ჯარიმებს, რომელიც საფეხბურთო კლუბ `გურიას~ მისი არაკომპეტენტური პრეზიდენტის (თუ რამდენად მართებულია გამგებელი ამავე დროს კლუბის პრეზიდენტიც იყოს ამაზე სხვა დროს) ხუშტურების გამო დაეკისრა, თანხა გაცილებით დიდი იქნება. ეს ლანჩხუთის ბიუჯეტისთვის ასტრონომიული ციფრია. რა ხდება? რასთან გვაქვს საქმე? მაშინ, როდესაც ადგილობრივი შემოსავლები 1 200 000 ლარს ძლივს აღწევს, ერთ საფეხბურთო კლუბზე დახარჯო ორმილიონზე მეტი, დანაშაულია, საღი აზრის მიღმაა... თუ ამ მოვლენას სახელს დავარქმევთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ესაა ბიზნესი ბიუჯეტის ხარჯზე!!! და რომ, ამ ბიზნესის ერთადერთი მეპატრონე ზაზა ურუშაძეა.(!!!) ბევრმა თქვა, დაწერა კიდეც, საფეხბურთო კლუბ `გურიაში~ არსებულ ქაოსზე. მაგალითად: გაბერილ შტატებზე (კლუბი ფაქტობრივად გადაქცეულია ზაზა ურუშაძის ერთგულ ქვეშევრდომთა თავშესაფრად), ნაყიდ თამაშებზე, ტოტალიზატორზე და იმაზე, რაც ზევით უკვე ვთქვი. თუმცა ჩვენ საკითხს სხვა, ფუნდამენტურ ჭრილში წარმოვაჩენთ, კერძოდ ლანჩხუთს არა აქვს ფუფუნება თავისი საბიუჯეტო შესაძლებლობიდან გამომდინარე ამხელა თანხა გამოუყოს ერთ საფეხბურთო კლუბს და რომც იყოს შესაძლებლობა ამის გაკეთება მაინც არ შეიძლება, ვინაიდან ყველგან და დღეს უკვე საქართველოშიც, ფეხბურთი ბიზნესია. თუ სხვა კლუბების მეპატრონეები საფეხბურთო ბიზნესში დიდწილად საკუთარი კაპიტალით მონაწილეობენ, იგივეს ზაზა ურუშაძე ბიუჯეტის თანხებით აკეთებს და ფეხბურთელებს ხან უკრაინაში ყიდულობს, ხანაც `სვაზილენდში~. რამდენიც უნდა ვიძახოთ `გურია~ არაკომერციული იურიდიული პირიაო, იგი უკვე გაცდა ამ სტატუსის ფარგლებს და არაკომერციულობის საფარქვეშ ვიღაც-ვიღაცები ფრიად კომერციულ საქმეებს აკვარახჭინებენ. თუ მაგალითად, ბ-ნი ფიფია თბილისის `დინამოში~, თავის კომერციულ ინტერესს ხედავს, ლანჩხუთის ბიუჯეტი რა სარგებელს იღებს უკან როცა თანხას `გურიაში~ დებს?! არავითარს, გარდა იმისა, რომ მავანი ჯიბეებს ისქელებს. ერთია კიდევ, ზაზა ურუშაძე, საკრებულოსთან ერთად, ახდენს რა უზარმაზარი თანხის გადაქაჩვას საფეხბურთო კლუბში, იგი ფაქტობრივად ბიუჯეტის ხარჯზე ინახავს `შტაბს~, მის პირად `გვარდიას~ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ გამგებლის და საკრებულოს უმრავლესობის, საფეხბურთო კლუბ `გურიასადმი~ დამოკიდებულება უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივია. მართალია, სპორტის განვითარებას, მომავალი თაობის აღზრდას ხელი უნდა შევუწყოთ, რასაც, შედარებით მოკრძალებული თანხა, სამასი-ოთხასი ათასი ლარი ეყოფა. მაგრამ ბიუჯეტის ჩართვა საფეხბურთო ბიზნესში ყოვლად შეუწყნარებელი ამბავია. როდესაც, თავის დროზე, მსგავსი ქმედებები გავაპროტესტე (იხ. `გურიის მოამბე~ 2013წ. 13 აგვისტო), ზოგიერთმა ასე თქვა: ვახტანგ ზენაიშვილს ლანჩხუთში ფეხბურთი არ უნდაო. მე, ფეხბურთის სახელით ბიუჯეტის დატაცება არ მინდა, თორემ თავიანთი ხარჯით, რომელ სტადიონზეც უნდათ იქ ითამაშონ და რომელ ტოტალიზატორთანაც სურთ იმასთან გარიგდნენ. ხალხის ფულს და ბიუჯეტის გამოხვრას თავი დაანებონ. ამ თანხებით ჩვენს მუნიციპალიტეტში უამრავი საჭირო საქმის გაკეთება შეიძლება, რომელიც თითოეულ ჩვენს მაცხოვრებელს წაადგება და მათ ოჯახებზე დადებითად აისახება. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. ბიუჯეტის თანხა ყველასია მათიც ვისთვისაც `გურია~ მნიშვნელოვანია (მილევადი, მაგრამ აგრესიული უმცირესობა) და მათიც ვინც `გურიას~ თამაშებზე არათუ სტადიონზე არ დადის, თვალყურსაც არ ადევნებს (აბსოლუტური, მაგრამ პასიური უმრავლესობა). დიახ, ჩვენი პასიურობის გამო აძლევს თავს უფლებას ბ-ნი გამგებელი, მოსახლეობის უმრავლესობის `გურიასადმი~ დამოკიდებულების მიუხედავად, ზემოხსენებულ `აგრესიულ უმცირესობასთან~ ერთად ბიუჯეტი გაანიავოს, გამოიყენოს იგი პირადი კომპლექსების, ახირებების და საპარლამენტო ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით. საკრებულოს დეპუტატები?!, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როგორ იქცევიან?! იმიტომ აირჩია მოსახლეობამ, რომ ოჯახის წევრებისა და ნათესავ მეგობრების დასაქმების გამო, სოფლის პროექტებში და ა.შ. წილებში ჩასმის გამო, მოძალადე გამგებელს ყველაფერზე ხელი აუწიონ?! კი ბატონო, საკრებულოს ზოგიერთი წევრი მოკლებულია რა სადეპუტატო უნარ-ჩვევებს, ვერ ერკვევა პრობლემის არსში და ყველაფერზე ხელს წევს, მაგრამ აქ სხვა მიზეზიცაა, კერძოდ ის რაც უკვე ზევით ვთქვი: საკრებულო და გამგებელი ერთმანეთთან, ერთგვარ, კორუფციულ გარიგებაში არიან. ეს კი ღალატია! ამომრჩევლის ღალატი! ღალატი დეპუტატის პირდაპირი მოვალეობისა: გამოარკვიოს მოსახლეობის ძირეული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები და მოძებნოს მათი გადაჭრის გზები, მათ შორის დაფინანსების წყაროები. ამის მაგივრად რას ვხედავთ? სოციალური და ყოფითი პრობლემების ჭაობში ჩაფლული ადამიანებისთვის მთავარი და, როგორც იტყვიან, პრიორიტეტული თურმე ფეხბურთი ყოფილა. აი, ადგილობრივი საკრებულოს და მისი თავმჯდომარის `იდეურ პოლიტიკური დონე~. აი, `ხალხზე ზრუნვის~ (თვალთმაქცურად რომ აკერიათ პირზე) მაგალითი. აი, მათი მოქალაქეობრივი კულტურა და თვალსაწიერი... მოგეხსენებათ, ზაზა ურუშაძემ საკრებულოს მორჩილ უმრავლესობასთან ერთად ბიუჯეტის დაუსაბუთებელი ზრდა მოახდინა 710 000 ლარით (ეს მაშინ როცა ყველგან ბიუჯეტის შემცირებაზეა საუბარი) სწორედ იმიტომ, რომ `გურია~ დაეფინანსებინა და სხვადასხვა ა(ა)იპ-ში, ხელოვნურად გამოგონილ შტატებზე მოკალათებული, `ქართული ოცნების~ სწავლადაუმთავრებელი აქტივისტებისთვის ხელფასები მიეცა. ესაა კანონის (ბიუჯეტის ფორმირების შესახებ) ფეხქვეშ გათელვა! ესაა მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ფუნდამენტური და პრიორიტეტული საკითხების უგულვებელყოფა! ესაა თვითმმართველობის და ლანჩხუთის მოსახლეობის აბუჩად აგდება! არავინ, ვისაც ღირსება შერჩენია მსგავს ქმედებას არ ჩაიდენს და საკუთარ ამომრჩეველს თავს არ მოახვევს, მაგრამ, როგორც ჩანს ზოგიერთი ვერ ერევა პირად, ანგარებიან ინტერესებს! დიახ, ლანჩხუთის `გურიას~, ამ ლამაზად შეფუთული ე.წ. `ბრენდის~ უკან კორუფციის მახინჯი სახე იმალება! ვფიქრობ, დადგა დრო ლანჩხუთის მოსახლეობამ პირდაპირ, უშუალოდ, პლებისციტის გზით გადაწყვიტოს: ბიუჯეტიდან გამოყოფილი კოლოსალური თანხა ფეხბურთს მოხმარდეს თუ მოსახლეობისთვის სხვა, მწვავე პრობლემების გადაწყვეტას?! ვახტანგ ზენაიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე      

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა