ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინ იბრძოლებს გურიის მაჟორიტარობისთვის?

17-08-2020, 13:01

 როგორც ცნობილია, მმართველი პარტია ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეს კანდიდატურის გამარჯვებას აპირებს საპარლამენტო არჩევნებში, ასევე ცნობილია ,,ლელოს“ მაჟორიტარი კანდიდატი-გიორგი სიორიძე, ,,ევროპული საქართველო“ ფსონს გამოცდილ პოლიტიკოსზე და მრავალგზის პარლამენტარზე ხათუნა გოგორიშვილზე აკეთებს. ამ დრომდე უცნობია, დააყენებს თუ არა კანდიდატს გურიაში გაერთიანებული ოპოზიცია, თუმცა დიდია ალბათობა მათ გიორგი ბარამიძე წარადგინონ.
•ჩიგოგიძეს კარგად იცნობენ ჩოხატაურსა და ოზურგეთში, უფრო ნაკლებად ლანჩხუთში, ვიცით რომ ის ყოფილი პარლამენტარია და წარმატებული ბიზნესმენი. მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები და საქმიანობა  რკინიგზას უკავშირდება, მუშის და გამცილებლის პოზიციიდან დაწყებული დიდი თანამდებობებით დამთავრებული. ამჟამად ვასილ ჩიგოგიძის სახელზე რამდენიმე ათეული კომპანიის წილები ირიცხება. მათ შორისაა 25%-იანი წილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამასთან, ჩიგოგიძე არის შპს “ჩიგოს” დირექტორი, შპს“ვიტეშოპის” დირექტორი, ასევე არის შპს “გუბაზეული 2018”-ის დირექტორი. ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა. შანსი, გავხდე თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და უდიდესი გამოწვევაა. ჩვენ, თქვენთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას”, -ამბობს ვასილ ჩიგოგიძე. ,,ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათ ვასილ ჩიგოგიძის გამარჯვების მტკიცედ სწამთ. ჩოხატაურელი ბიზნესმენი 1967 წლის 17 ნოემბერს გახლავთ დაბადებული. დამთავრებული აქვს  ვ.ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
რაც შეეხება ,,ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ხათუნა გოგორიშვილს: იგი გახლავთ მეექვსე, მეშვიდე , მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ბიოლოგიის, ასევე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები. წლებია გოგორიშვილი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პოლიტიკოსად ითვლება, ხშირად იყენებს საპარლამენტო და არა მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნას, ალბათ სწორედ მისი ცნობადობა გახდა იმის მიზეზი, რომ საკმაოდ რთულ რეგიონში დააყენა პარტიამ მისი კანდიდატურა. როგორც თავად კანდიდატს, ასევე მის პარტიას დიდი ამბიციები და გეგმები აქვს როგორც გურიაში, ისე  მთელს საქართველოში, ასე რომ საინტერესო მოვლენები გველის წინ. ევროპელების კანდიდატი სამი წლით უფროსია მთავარ კონკურენტ ვასილ ჩიგოგიძეზე, იგი 1964 წლის 4 სექტემბერს არის დაბადებული. თავის დროზე, ხათუნა გოგორიშვილი ითვლებოდა ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრად. 
,,ლელოს“ კანდიდატი გიორგი სიორიძე ოზურგეთელი ამომრჩევლის იმედად უნდა იყოს, ყველასთვის ცნობილია ამ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის ნაციონალიზმი, ასე რომ სიორიძე ,,პაიკი“ არ იქნება. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა მისი მხრიდან ფურორის მოხდენა ჩოხატაურში და მითუმეტეს ლანჩხუთში. გიორგის მამა ზაზა სიორიძე ვანო ჩხარტიშვილის უახლოეს გარემოცვად ითვლებოდა, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. აღსანიშნავია, რომ ,,ლელოს“ მიერ მისი კანდიდატურის წარდგენას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა მისივე სანათესაოში. გიორგი სიორიძე არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი(მათ შორის გერმანულ ენაზე). იგი არის გერმანიის ქალაქ კიოლნის სამართლის მაგისტრი, არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მის განათლებაზე და ხარისხებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. გიორგი სიორიძე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია ქვეყნის მასშტაბით, იგი 1987 წელს არის დაბადებული, ხელმოკლედ არც მისი ოჯახი ცხოვრობს.
როგორც მოგახსენეთ, ჯერჯერობით უცნობია ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის გაერთიანებული ოპოზიციის გეგმები გურიის მაჟორიტართან დაკავშირებით, თუმცა აქტიურად საუბრობენ გიორგი ბარამიძეზე. საქართველოს პარლამენტის ხუთგზის მოწვევის დეპუტატი და ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი (2006-2012 წლებში)ერთ-ერთი მათგანია, ვინც განსაკუთრებულ აგრესიას იწვევს ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში, მის სახელს უკავშირებენ ,,აფრასიძეების საქმეს“. ბარამიძე მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა და ნაკლებ სავარაუდოა ვინმეს აგრესიულობამ ან თვდასხმებმა შეაშინოს. იგი ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და ოკუპანტთა ენას. არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი ფარიკაობაში და ,,კარატე დოს“ ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი. 1990 წელს საქართველოს მწვანეთა პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ამ პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრი. მირებული აქვს განათლება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბარამიძეს განსაკუთრებული შემხებლობა არ აქვს გურიასთან, გასათვალისწინებელია მისი პარტიის მყარი ელექტორატი, რაც შანსს ნამდვილად აძლევს. 
მოახლოებული შემოდგომა ნამდვილად იქნება პოლიტიკურად ცხელი, მთავარია ადამიანური ურთიერთობები არ დაიძაბოს კიდევ უარესად. ჩამოთვლილი კანდიდატებიდან პირდაპირი შემხებლობა ლანჩხუთთან არცერთს არ აქვს, ასე რომ გადამწყვეტი იქნება პარტიების მიმართ სიმპათიები და ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობა. ,,ლეიბორისტები“, ,,ბურჯანაძე-დემოკრატები“ , ,,გირჩი“ და გიორგი ვაშაძის მხარდამჭერები ალბათ ოპოზიციის კანდიდატებს დაეხმარებიან, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსი“ დიდი ალბათობით ვასილ ჩიგოგიძეს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 306
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა