ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სახალხო ზეიმი ,,აკეთობა“ ანუ გურულების ღიღინი

12-08-2020, 12:00

 10 აგვისტოს, სოფელ ზემო აკეთს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სხვა სტუმრებთან ერთად სტუმრობადა. მიზეზი ამ გრანდიოზული სტუმრობისა გახლდათ ანსამბლ ,,შვიდკაცას“ ანუ ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების უკვე რესტავრირებული საფლავების მონახულება.
საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის თავკაცი ავთანდილ თურქია ედგა. აკეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში, ხალხური სიმღერები გასაოცარი შემსრულებლების საფლავების   რესტავრაცია განახორციელეს, საექსპედიციო ჯგუფს ამ საქმეში გვერდით სოფელ აკეთის მოსახლეობა და მუნიციპალიტეტის მერია დაუდგა, ადგილობრივმა  მოსახლეობამ ძალღონე არ დაიშურა იმისათვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ. როგორც ჩვენთან საუბარში ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ აღნიშნა, სოფლის მოსახლეობამ სრულიად უანგაროდ და თავდადებით იმუშავა, საკუთარი ძალებით გაწმინდა ტერიტორია და თავდაპირველად საფლავების მიგნებაც მათი მინიშნების მიხედვით მოხდა. 
სახალხო ზეიმი, აკეთის მაცხოვრის სახელობის ტაძარში წირვით დაიწყო. ჩვენი გადამღები ჯგუფი დილიდანვე იმყოფებოდა აკეთის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ეზოში, სადაც ისმოდა ხუხუნაიშვილების სახელობის მგალობელთა გუნდის ხმები,  ტაძრის ეზოში ხალხური სიმღერები შეასრულა ქალთა ტრიომ ,,ცისიერი“. ტრიოს წევრი ქალბატონები აქ  საკუთარი ინიციატივით იმყოფებოდნენ.  შემდეგ კი, შეკრებილებმა ზემო აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის  ეზოში გადაინაცვლეს,  სადაც დილიდანვე მოდიოდნენ ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აქვე იყვნენ ხუხუნაიშვილების შთამომავლები და სოფლის მოსახლეობა.
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ზემო აკეთს 5 საათისათვის ეწვია, მან სტუმრებთან ერთად მოინახულა ანსამბლ ,,შვიდკაცას” წევრების აღდგენილი საფლავები და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის აღდგენა ჯერ კიდევ იდეის დონეზეა.  ამ ეკლესიის აღდგენა-რესტავრაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავწერეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ზურაბ გიორგაძე, მან გვიამბო, იმ პროცედურების შესახებ, რაც აღდგენა რესტავრაციამდე, ძეგლმა უნდა გაიაროს, მისივე თქმით: ცნობლია როგორ მძიმე მდგომარეობაშია ტაძარი, გადახურვა ჩაქცეულია მთლიანად, საყრდენი აღარა აქვს და შემორჩენილია კედლები,გადმოცემის მიხედვით მეოცე საუკუნის 20-იან წლებში სავარაუდოდ 1924 წელს, ტაძარში ხელყუმბარაა შეგდებული და ამან გამოიწვია ნგრევა. მას შემდეგ ტაძარს რესტავრაცია არ განუცდია მთლიანად  მოდებულია: ხავსი, სურო და ნახევრად მიწითაა დაფარული. პირველ ეტაპზე უნდა მოიჭრას მცენარეოლი საფარი, უნდა გაიწმინდოს და საძირკვლის დონეზე. გასუფთავდეს, ასევე  ტაძრის როგორც გარე ისე შიდა  სივრცე, ამასთან დაკავშირებით თავდაპირველად იქმნება არქეოლოგიური სამუშაოების პროექტი, რომელიც შეთანხმდება საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და  რესტავრაციის  საბჭოსთან. საბჭოზე დამტკიცების შემდეგ გაეგზავნება  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს, სადაც გაივლის შესაბამის პროცედურას.  შემდეგ დაიწყება აღდგენა-რესტავრაცია. რაც შეეხება ტაძრის სიძველეს, ჩვენი ერთ -ერთი შეკითხვა ამ თემასაც  ეხებოდა, რადგან გავრცელებული ვერსიის თანახმად:  ტაძარი უფრო ძველია ვიდრე შესასვლელ კართან  მისი აშენების თარიღია მინიშნებული, ანუ იგი მე-19 საუკუნის ბოლოს აღადგინეს. მან აღნიშნა, რომ თარიღის დადგენა შეიძლება მოხდეს, მას შემდეგ რაც იგი გაიწმინდება და გამოჩნდება საძირკველი. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები საექსპედიციო ჯგუფის ხელმძღვანელთან დავით ცინცაძესთან და სავარაუდოდ სამუშაოები სექტემბერში დაიწყება. 
სოფელში, მამაპაპის გადმოცემით ძალიან ბევრმა იცის, როგორ ეზიდებოდნენ ქვებს ,,ნაისრალიდან“ 40უღელი ხარით ზემო აკეთლები: თომა თოხაძე, გაბრიელ ხუხუნაიშვილი, ზაქარია ფიფაიშვილი, იურა ფიფაიშვილი.( ეს ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდა სოფლის მკვიდრმა ლორდი ფიფაიშვილმა დამისმა მეუღლემ ლამარა ქანთარიამ).
ამ ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა და დააფინანსა მეცენატმა  სამსონ ხუხუნაიშვილმა,  მშენებლობაზე მუშაობდნენ ძმები მახარაძეები-ავთანდილ ხუხუნაიშვილის დედის ბაბინე- მახარაძე ხუხუნაიშვილის ძმები. ამშენებლად მოწვეული ჰყავდათ თავაძეები, ზემო აკეთიდან: გიგო ხუხუნაიშვილი, ბასილ ხუხუნაიშვილი, ივლიანე ფიფაიშვილი.   ეკლესია გადაიხურა თუნუქის ფურცლით.  იგი გახლდათ მოქმედი, ტარდებოდა წირვა-ლოცვა. ყოველ კვირას და საეკლესიო დღესასწაულების დროს წირვას ატარებდა მღვდელი გვარად ჩიჩუა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა ,,საკალმახიაში’.’ ეკლესიის განახლებაში, დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის მამასახლისს- პავლე თოხაძეს. 
ეკლესიას ემსახურებოდა სასულიერო პირი ბესარიონ კუკულაძე, რომელიც იქვე გვერდით ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, როცა კომუნისტები შემოვიდნენ ეკლესია დაანგრიეს, ღრმად მოხუც ბესარიონს შეუთვალეს: სახლიდან არ გამოსულიყო  და იგი ოთახში ჩაკეტილი საკუთარ შესამოსელში გარდაიცვალა. (ინფორმაცია ოჯახმა შემოინახა)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია  შემორჩენილი სტუმრებს  ვეღარ იტევდა. ეკლესიის ეზოში ლეგენდარული შვიდკაცას, ანუ ხუხუნაიშვილების გუნდის  6 წევრის აღდგენილი საფლავი, სათითაოდ მოინახულა საქართველოს პრეზიდენტმა, ანზორ ერქომაიშვილთან და  სხვა სტუმრებთან  ერთად. აქვე იმყოფებოდნენ რეგიონის პირველი პირები და ცნობილი ადამიანები. ისინი მაშინდელი ,,შვიდკაცას“ თითოეული წევრი საფლავთან შეჩერდნენ. საუბარი გაიმართა  ხუხუნაიშვილების ,,შვიდკაცას” დამსახურების როლის შესახებ ქართული პოლიფონიური მუსიკის განვითარებაში. იუბილარმა ანზორ ერქომაიშვილმა გაიხსენა აკეთლების ,,შვიდკაცას“ განუმეორებელი ხმების მომაჯადოებელი ხიბლი, მათ შორის ალმასხან ხუხუნაიშვილის კასკასი (ან გურული კარკაცი) რომლის გადარჩენაც მართლაც დიდებული საქმეა. ადგილობრივების სახელით ქვემო აკეთელმა თამაზ ღლონტმა, სოფლის კულტურული ცხოვრების, მისი სამეთუნეო წარსულისა და აქაური ცნობილი ადამიანების შესახებ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას.
თავფურცელი აკეთის წარსულიდან კიდევ ერთხელ გადაიშალა, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში ხუხუნაიშვილების გუნდის წევრების საფლავებთან. თურმე რა ისტორია გვქონია?!
-აკეთელი გლეხები იყვნენ მოთავეები ცარიზმის წინააღმდეგ 1841 წლის აჯანყებისა გურიაში. სოფელში ბლომად მოიპოვება თიხა, რის გამოც განვითარებული იყო კერამიკის წარმოება,  მზადდებოდა კრამიტი და თიხის ჭურჭელი, ასევე ქვევრები.1876წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. 1893 წლის 22 აგვისტოს აკეთში გაიხსნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. მისი გახსნის ინიციატორები იყვნენ ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და ლავრენტი წულაძე. 1905 წლამდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. გურიაში 1905 წლის რევოლუციური მოვლენების გამო ხელისუფლებამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დახურა. 1906 წლისთვის აკეთის ბიბლიოთეკის შენობა და სახურავი დაზიანდა, წიგნადი ფონდი შემცირდა. მოსახლეობამ შეძლო შენობის განახლება, მაგრამ ბიბლიოთეკა ძველებურად ფეხზე ვეღარ დადგა და მან ასეთი სახით 1921 წლამდე იარსება.
ასევე გაიხსენეს ცნობილი ადამიანები აკეთიდან:გიგო ერქომაიშვილი - ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი;
ვლასა მგელაძე- რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი; მსახიობი და დრამატურგი, ვალერიან შალიკაშვილი; სოლომონ ვადაჭკორია  -პოლიტიკოსი,დამფუძნებელი კრების წევრი;
ვლადიმერ გოგუაძე -სამხედრო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი და მისი მეუღლე ლევილის დიასახლისად  წოდებული  ნამეტია ბერძენიშვილი; აპოლონ წულაძე- მეფუტკრე, ეთნოგრაფი; ვასილ წულაძე -პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი, სანდრო ეული  -პოეტი, ილარიონ მგელაძე -საბჭოთა მოღვაწე, რევოლუციონერი, ლიტერატორი, კრიტიკოსი, რეპრესირებული; დიმიტრი მგელაძე  - ენათმეცნიერი, არსენ წითლიძე - პედაგოგი, გურიის სახალხო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამაარსებელი და სხვები რომელთა ჩამოთვლაც მართლაც საკმაო რთულია. ამ ისტორის გახსენების შემდეგ, დანანებით თქვა ერთ -ერთმა აგდგილობრივმა, აკეთს ალბათ საუკუნეა პრეზოდენტის სტუმრობა არ ღირსებიაო. აწი მე ვიქნები აკეთის  პრეზიდენტი უპასუხა მას სალომე ზურაბიშვილმა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ სოფელს არ გააჩნია   ცენტრალური გზა და  მოწესრიგებული სოფლის ცენტრი,კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად.
სახალხო ზეიმი ,,აკეთობა“სოფელ აცანაში საკონცერტო ფორმატით და კულტურული ნიმუშების წარდგენით გაგრძელდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს, ბრწყინვალების ორდენი ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საზეიმოდ გადასცა.
მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 151
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა