ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა ხდება დღეს ლანჩხუთის პოლიტიკაში და ვინ ქმნის დაპირისპირებას?

5-08-2020, 11:57

 
  ტროლ-ბოტის ინსტიტუტმა რომ ღრმად გაიდგა ფესვები საქართველოში არახალია, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ლანჩხუთში, სოციალურ ქსელში პოლიტიკასთან დაკავშირებით ძირითადად აქტიურობს ის ადამიანები, რომელთა სამსახურებს შესაძლოა საფრთხე შეექმნას სხვა პოლიტიკური ძალის მოსვლის შემთხვევაში, ან პირიქით, ისინი ვისაც მოსვლა უნდა ახალ სამსახურებში. 
არის მესამე ვარიანტი, ყველაზე ცუდად რომ ხვდება თვალს და ყურს, ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ლანძღავენ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს და ,,პროფესორობენ” იმის გამო, რომ აქაოდა შეგვამჩნიეთო. რა თქმა უნდა ასეთი ადამიანები გამოირჩევიან უტაქტობით, უცოდინარობით და საკუთარი ხალხისადმი გულცივობით. მათ, უკვე სამსახურად გადააქციეს ეს უგვანო საქმე. სხვათაშორის ბოროტებაში ნიჭიერები არიან, ცუდი საქმის გაკეთებას ხომ არაფერი უდგას წინ, კარგი საქმის კეთებაა ძნელი. 
აი მაგალითად, ლანჩხუთში მოსაწესრიგებელია რომელიმე ქუჩის სანიაღვრე არხი, ადგებიან და დაწერენ, რომ ,,იცით რაა, წინა ხელლისუფლების დროსაც ხომ იყო გასაკეთებელი, იმ ხელისუფლების დროს, როდესაც ახალგაზრდების გვამებით იყო ავსებული ქუჩები, ახლა გაგახსენდათ ეს პრობლემა? მაგრამ, ჩასაფრებულები ხართ.”… ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთების და უარესების დამწერებს ჰყავს თავიანთი ლაქუცები, რომლებიც მათ ,,პატრიოტებს, ოქროს, ბაჯაღლოს” და ათასგვარ ეპითეტებს უძღვნიან. საოცარია, ვინც სასათბურე პირობას არ იქმნის, მწვავედ აკრიტიკებს მთვრობას, საუბრობს ოპოზიციის სისუსტეზე, არ ერიდება არავისთან დაპირისპირებას სიმართლის და ხალხის გამო, თურმე ესენი ყოფილან არაკომპეტენტურები და ზემოთ ჩამოთვლილი ყვარყვარეები და ბოტები სახალხო გმირები. პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებას დიდი მცდელობა არ სჭირდება, მაგრამ ზოგიერთი ტროლ-ბოტის თუ ნამდვილი ექაუნთის მქონე ადამიანების კომენტარები ცეცხლზე ნავთს ასხამს და ეს არ ხდება შემთხვევით. 
როცა მომავალ თაობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა შევეცადოთ არ დავამსაგავსოთ მათ, ვისაც რეალურად არაფერში ედარდება ხალხის მდგომარეობა, მაგრამ მიტმასვნით, ყველაფრის გაპრავებით, ფარისევლობით ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას. ამ კონტიგენტთან ურთიერთობის გარკვევა, ჭკუის სწავლება, კამათი აზრს მოკლებულია, ვინაიდან მათ უმრავლესობას წიგნი არ აქვს წაკითხული, ხოლო ზნეობა რომ ჰქონდეთ, მსგავსად არც მოიქცეოდნენ. მოახლოვდა საპარლამენტო არჩევნებიც, გააქტიურება ახლა ნახეთ თქვენ და ტაციაობა ვირტუალურ პოზიციებზე. ნუთუ ვერ ხვდებიან იმას, რომ მათი ასეთი საქციელი მათთვისაც ამაზრზენია, ვისაც თავს აწონებენ, უბრალოდ ახლა აწყობთ, იქნება ეს პოზიცია თუ ოპოზიცია. 
ბოლო დღეებში აქტუალური თემა იყო ლანჩხუთში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის სამსახურიდან გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი. პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ ვარსკვლავებს არ წყვეტდა, არც სხვაზე ნაკლებად მუშაობდა წულაძე და მისი გუნდი. რა თქმა უნდა თავდაპირველად მხარის გუბერნატორს გადაწყვეტილი ჰქონდა დავით წულაძის მოხსნა, მაგრამ შექმნილი აჟიოტაჟის გამო, როგორც ჩანს გადაიფიქრა და მოერიდა წინასაარჩევნოდ სკანდალს. აქ მთავარი ის არის, თუ როგორი დამოკიდებულებით შეხვდნენ ამ ფაქტს ლანჩხუთში. როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ პარტიაში აზრი ორად იყოფოდა, საუბრობდნენ ტყუილ-მართალს, თავიანთ ვერსიებს, ზოგი იმაზე სწუხდა რომ ,,მოხსნეს” და ზოგიც იმაზე, რომ დატოვეს. რაც შეეხება ოპოზიციაში მყოფ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, საინტერესოა რას მოუტანდა მათ კონკრეტულად ერთი დავით წულაძის სახლში წასვლა, ასე რომ გაიგიჟეს თავი, სისტემა შეიცვლებოდა, წყობა, მთავრობა თუ რა? მაგრამ სკანდალი ხომ სჭირდებოდათ? ამ ქვეყნის უბედურებაც ამაში მდგომარეობს, არც მთავრობა უქნია ღმერთს და ვერც ოპოზიცია გარკვეულა რა უნდა, როგორ უნდა და პრიორიტეტებად რა დაისახოს, ხალხის კეთილგანწყობა რომ დაიმსახუროს. 
ძვირფასო მკითხველო, ნუ დაუჯერებთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველა ინფორმაციას, ნუ დაგაჯერებენ თეთრზე შავიაო, ან პირიქით, ნურც ვისამე გაპრავებულის გწამდეთ, თანაც ისეთისას საერთოდ რომ არ აქვს საქმესთან შემხებლობა, ნურც მეზობელს, ნათესავს და მეგობარს გადაიკიდებთ იმის გამო, რომ ვიღაცას  სკამზე თბილად ჰქონდეს საჯდომი. ლანჩხუთში ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები გამარჯობას არ ეუბნებიან ერთმანეთს ამ ე.წ პოლიტიკის გამო. 
მაინც არაა ჩვენი საშველი და ერთმანეთის ნერვებს გავუფრთხილდეთ!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 808
FACEBOOK კომენტარები