ვერ გამოდის სააკაშვილი იმ ამპლუადან, რომ პედესტალზე უნდა იჯდეს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ისროდეს ყველას მიმართ, იკადრა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიმართაც იგივე გააკეთა, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება.
როგორც მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში ყოფნის „შანსი არ აქვს“.
„გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ სტუდენტებს რომ ესაუბრებოდა და მთელი დასავლეთი და დასავლური ინსტიტუციები კოლონიალისტურ მიდგომებში რომ დაადანაშაულა პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან მიმართებით? ეს არ არის პირველი, მაიკლ პომპეოს განცხადებაზე, რომ ამბობს ივანიშვილს არ ესმის ენის მოჩლექით საუბარიო. ბევრჯერ გამოიჩენს პრორუსულ ტენდენციებს, რომლითაც აავსო უკრაინა და საქართველო. საზოგადოებამ კარგად მოისმინა თუ რაზე იყო ამ დიალოგში საუბარი. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის არჩევნები, რომელიც წინ გვაქვს. ეს ძალიან კარგად იცის, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე ქართულმა მხარემ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ის ელოდება ამერიკელი პარტნიორებისგან პოზიციის კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას და ნათლად განმარტებას, რომ “საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვნებს მათ შორის, ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში”.
სააკაშვილი ვერ გამოდის ამპლუადან, რომ პედესტალზე უნდა იჯდეს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ისროდეს, იკადრა და მაიკ პომპეოს მიმართაც იგივე გააკეთა
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 819