ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ერთი თემის ოთხი სოფლის გასაჭირი ანუ როდის დაიწყება სოფელ აკეთის გზის მშენებლობა?!

ერთი თემის ოთხი სოფლის გასაჭირი ანუ როდის დაიწყება სოფელ აკეთის გზის მშენებლობა?!
15-07-2020, 07:01

თემები, რომელებიც დიდი ხანია ტრიალებენ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე, კვლავ სოფლის მწვავე პრობლემებს ეხება. პასუხგაუცემელი რჩება კითხვები, როდის გვეღირსება გზა, სასმელი წყალი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ა.შ. რაც უშუალოდ არის ადგილობრივი ხელისუფლების მოვალეობა. გვირეკავენ, წერილებს გვიგზავნიან, გვთხოვენ, რომ გავაშუქოთ ის პრობლემები, რაც მარადიულად დაგროვდა. ერთ-ერთი მათგანია: ერთი თემის ოთხი სოფლის გასაჭირი, რომელიც ცენტრალური გზისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, სოფელ აკეთის თემის ოთხივე სოფელში მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელ წყალს ადგილობრივი წყაროებიდან ეზიდება, ამ სოფლებში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ადგილობრივი წყალსადენის წყალი აქვს, მაგრამ უხეში ენით რომ ვთქვათ, ჭუჭყიანია, სპეციალისტის შეფასებით კი მისი ორგანოლეპტიკური მახასიათებლები არც ერთ კრიტერიუმში არ ჯდება, ამ წყალს, არც ტექნიკური წყალი ჰქვია, როგორც ხშირ შემთხვევაში უწოდებენ. (ამ საკითხზე ვისაც სხვა მოსაზრება გააჩნია, შემეკამათოს - მ.კ. ყოფილი ქიმიკოს-ლაბორანტი, ბიოქიმიკოსი)
მთავარი გზა, რომელიც სამ რაიონს: ლანჩხუთს, ჩოხატაურს და ოზურგეთს აკავშირებს, სოფელ აკეთის გავლით, ჯერ კიდევ ელოდება რეაბილიტაციას, იგი უმოკლესია ლანჩხუთიდან ამ სამი რაიონისა და კურორტ ბახმაროს მიმართულებით, ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე გზის ეს მონაკვეთი მნიშვნელოვნად დაიტვირთა ავტოტრანსპორტით, ადგილობრივები იმედოვნებდნენ, რომ მისი აღდგენა- რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყებოდა. იმედისმომცემი იყო ის ფაქტი, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე თვის წინ სოფელ გაგურში შეხვდა და აღუთქვა, რომ ნანატრი გზა მალე ექნებოდა ამ სოფელს, აქაურები კი ელოდნენ, ელოდნენ და პანდემიაც დადგა. ამის შემდეგ დაცლილი სოფელი ნაწილობრივ შეივსო მოსახლეობით და პრობლემაც გამწვავდა. ხალხს სჭირდება გზა _ ეს გახლავთ ელემენტარული ჭეშმარიტება. ჩვენ დავუკავშირდით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ აკეთში, მანუჩარ ღლონტს. მისი ინფორმაციით აღნიშნული გზის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და შესაბამისი თანხაც გამოყოფილია, მაგრამ პანდემიის გამო პროცესი შეფერხდა, თუმცა დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის, გზის მშენებლობა როდის დაიწყება, ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს.
ამასობაში კი არჩევნებიც კარზეა მომდგარი და მმართველი გუნდი უკვე წინასაარჩევნო მოთელვას იწყებს, მოსახლეობა კი ფიქრობს, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ მის კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.
არჩევნებამდე თუ გზის მშენებლობა არ დაიწყება სულ არ წავალთ მაგ არჩევნებზე _ გვეუბნებიან აკეთლები და იმასაც დასძენენ, რომ სოფელს არა აქვს სავაჭრო ცენტრი და სურსათ-სანოვაგეს ოზურგეთიდან, ჩოხატაურიდან და ლანჩხუთიდან ეზიდებიან. ლანჩხუთიდან სოფელს ერთი სამარშუტო ავტობუსი ემსახურება მისი მძღოლი, პატონი ამირან მორჩილაძე კარგია ადამიანია თანასოფლელები ყოველ წვრილმანის მოტანას, რაც კი დასჭირდებათ, მას თხოვენ, ის კი არავის უარს არ ეუბნება ასე გრძელდება წლებია.
სოფელში მოუწესრიგებელია შიდა გზებიც, 21-ე საუკუნის სოფელში ცოტა უხერხულია იმაზე საუბარი სახლთან მისასვლელი სამანქანო გზა რომ არ გექნება. ახლა ცენტრალური გზა მთავარი პრობლემაა, რომელზეც უკვე მერამდენედ ვსაუბრობთ და ამ საუბარში მერამდენე ხელისუფლება შემოგვაბერდა, ცხრა წელიც გავიდა და კიდევ რვაც დაემატა, რაც თავი გვახსოვს ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ, ამჟამად ველოდებით კონკრეტულ პასუხს: როდის დაიწყება გზის მშენებლობა?!
მაია კუკულაძე 

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 1 102
FACEBOOK კომენტარები