თემურ ჩხაიძე იმ დიდებული ,,გურიას“ კაპიტანი იყო, ,,დუნია რომ გადარია“...იგი ,,გურიას“ კაპიტანი 21 წლის ასაკში გახდა და კარიერის ბოლომდე ამ სამკლაურს ღირსეულად ატარებდა. მანამდე იყო ,,საბჭოთა კავშირის“ ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნობა, ყველასათვის საოცნებო ,,დინამო“, იქედან ორჯერ იმედგაცრუებული წამოსვლა, ,,გურიას“ შემდეგ მძიმე წლები, სამწვრთნელო კარიერა, მაჟორიტარი დეპუტატობა...უფრო დეტალურად იხილეთ მასთან ინტერვიუში.
-როგორი ბავშვობა გქონდათ?
_უბრალოზე უბრალო ოჯახი მქონდა, კარგი მეგობრები ყავდა. სხვათა შორის, ფეხბურთის სიყვარულმაც განაპირობა, რომ ძალიან კარგად ვსწავლობდი. ანუ, მამაჩემი ნერვიულობდა, ფეხბურთს არ გადაყვესო და მეც არ ვაძლევდი ნერვიულობის საბაბს. სამწუხაროდ, ჩემს ბავშვობაში არ იყო კარგი პირობები ფეხბურთის სათამაშოდ, თუმცა იმდენად მიყვარდა ფეხბურთი, თავს არ ვზოგავდი. იმედო დუნდუამ და დანტეს ჯეჯელავამ დიდი როლი ითამაშეს ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.
_ პირველი დიდი აღიარება როდის მოვიდა?
_ პატარა ვიყავი, 11-12 წლის ალბათ, ტარდებოდა ,,ტყავის ბურთის ჩემპიონატი“, იქედან მოყოლებული დავიწყე და დავიწყე სერიოზულად თამაში. მოხდა ისე, რომ შემდეგ გადავედი თბილისის საფეხბურთო სკოლაში. ვოვა იოსელი იყო მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ლანჩხუთში ნახა ჩემი რამდენიმე თამაში და სწორედ მან წამიყვანა იქ. კარგი წლები იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, გავხდით ,,საბჭოთა კავშირის“ ჩემპიონები ჭაბუკებში, რაც ნამდვილად დიდი მიღწევა იყო. მაშინ ყველა ქვეყანას თავისი ჩემპიონატი ჰქონდა, დაახლოებით 600-მდე გუნდი იყო და პირველობა არავის დავუთმეთ. სერიოზული გუნდი გვყავდა: ვახტანგ კოპალეიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, ზურაბ ნემსაძე, ჩვენი გია კილაძე, ლევან მაყაშვილი, ზურაბ გაგუა, შელია, გრიგოლაშვილი... ბევრი კიდევ უნიჭიერესი ფეხბურთელი. 1973 წელს 18 წლის ასაკში მოვხვდი ,,საბჭოთა კავშირის“ ახალგაზრდულ ნაკრებში-იგივე ,,იუნიორებში“ ვითამაშე რამდენიმე ტურნირი, შესარჩევი და უკვე ტაშკენტის სერიოზულ ტურნირზე გავხდი ამ ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, იქ ჩემპიონები გავხდით, ფინალში დავამარცხეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ,,იუნიორები“.
-თქვენს კარიერაში იყო ,,დინამო თბილისი”...
_ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ,,დინამოს“ დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი, მითამაშია მოსამზადებელი თამაშებიც მთავარ გუნდთან ერთად. მაგ დროს მთავარი მწვრთნელი იყო გავრილ კაჩალინი, დღემდე ემოცია მიპყრობს, როცა მახსენდება, რომ მოვიდა და მადლობა გადამიხადა. რამდენიმე ღამე არ მეძინა, სულ ამაზე ვფიქრობდი. მერე მოხდა ისე, რომ მივიღე ტრავმა, ვერა და ვერ მოვირჩინე ბოლომდე. ამას დაემთხვა ისიც, რომ გუნდში მოვიდა მიხეილ იაკუშინი, ძალიან მძიმე ხასიათის კაცი და ,,დინამოდან“ გამომიშვეს. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებს კარგა ხანს ვერ მოვერიე, კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი 19 წლის ასაკში, ძალიან ჩავიკეტე. მინდა ახალგაზრდებს მივმართო, რომ ჩემსავით ნუ მოიქცევიან, იბრძოლონ და გაუძლონ გამოწვევებს, ხელის ჩაქნევა გამოსავალი არასდროს არ არის. რაღაც პერიოდის შემდეგ, წამოვედი ლანჩხუთში, სადაც ბუმბერაზ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია თამაში, ტრავმაც სრულად მოვირჩინე. მოხდა ისე, რომ გია(ჯიმი)იმნაძეს მივაკითხე თბილისში ,,დინამოს“ ბაზაზე, იაკუშინი უკვე წასული იყო და დანიშნული იყო ნოდარ ახალკაცი, რომელმაც დამინახა, დამიძახა და მთხოვა, უფრო სწორად მომთხოვა ,,დინამოში“ დაბრუნება. მეც სიხარულით დავფრინავდი, დავიწყე გუნდთან ერთად ვარჯიში, ვიყავი საუკეთესო ფორმაში, ისაა ჩემპიონატი უნდა გახურდეს, რომ დამიძახა ახლკაცმა და მითხრა:,,რა ვქნა, ,,გურიაში“ უნდა ითამაშოო“... ყველაფერი გასაგები იყო უკვე, სად წყდებოდა ფეხბურთელების ბედი. კიდევ ერთხელ გადამასხეს ცივი წყალი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მომეცა საშუალება ,,გურიასთან“ ერთად სიტყვა მეთქვა.
_,,გურიაში“ ადაპტაცია გაგიჭირდათ? როგორი სიტუაცია დაგხვდათ?
_უდიდესი მწვრთნელების ხელში გავიარე, უდიდეს ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე. თითოეული დღე იყო დღესასწაული, 1976 წლის სეზონს ბოლოს გია თავაძე წავიდა ,,დინამო თბილისში“, კაპიტნის სამკლაური გადმომცეს და კარიერის ბოლომდე არ მომიხსნია. მაშინ 21 წლის ვიყავი, 32 წლის ასაკში დავასრულე კარიერა. რაც იმ წლებში ლანჩხუთის სტადიონზე და საერთოდ ფეხბურტის ირგვლივ ხდებოდა, ეს იყო სიგიჟე, ხალხი ფეხბურთით ცხოვრობდა. როცა თამაშს წავაგებდით, გარეთ არ გამოვდიოდით, იმდენად გვრცხვენოდა გულშემატკივარის.
-,,გურიას“ უმაღლეს ლიგაში გადასვლა დღემდე ითვლება საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს და ამავდროულად წარმოუდგენელ მოვლენად. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
_ლეგენდარული ბეგი სიხარულიძის, ევგრაფიშევარდნაძის, იმედო დუნდუას, მთელი ლანჩხუთის დამსახურებით. საქმე იმაშია, რომ უმაღლესში გადასვლის შანსი სეზონის მიწურულს გაგვიჩნდა. ახლა რომ ამბობს ზოგიერთი, მილიონერები იყვნენო. ,,ზაპოროჟიასთან“ მატჩის წინ სასტუმროს და კვების ფული არ გვქონდა, 1000 მანეთი ჩემი იქაური მეგობრისგან ვისესხე, რომ მშივრები არ ვყოფილიყავით. რაც შეეხება კონკრეტულად ,,ლოკომოტივთან“ გადამწყვეტ მატჩს, შეგვიქმნეს ყველა ცუდი პირობა იმისთვის, რომ ეს მატჩი ვერ მოგვეგო. ,,გურიაზე“ თამაშიც კი აკვიგრძალეს, ავირჩიეთ ბათუმი. მთელი ლანჩხუთი ჩამოვიდა, მთელი საქართველო, რაღაც სასწაული ხდებოდა. თამაშის დღეს იყო სასწაული წვიმა, გამორიცხული იყო, იქ ტაქტიკური ან ტექნიკური თამაშით ფონს გასვლა, გოლის გატანა. ალალად გეუბნებით, ეს არ იყო საფეხბურთო მატჩი, ეს იყო ბრძოლა, ომი და მზად ვიყავით თავი შეგვეწირა. ვიომეთ და მოვიგეთ, სტანდარტის იმედად ვიყავით, დიდება უფალს, რომ ერთ-ერთი ასეთი სტანდარტი ფრიდონაშვილის საგოლე თავურით დაგვირგვინდა.ძნელია იმ განცდების გადმოცემა, ახლაც მიჭირს საუბარი. მოგებული მატჩის შემდეგ უბრალოდ სასწაული ხდებოდა, ლანჩხუთამდე ისე ჩამოვედით, რომ მოსახლეობა ჩირაღდნებით გვინათებდა გზას.
_ როგორი იყო მაგ პერიოდში ფეხბურთელის ანაზღაურება?
_ პირდაპირ გეტყვით, მშიერი არ მოკვდებოდი. გაფორმებდნენ სხვადსხვა ობიექტებზე და ხელფასთან ერთად, როგორღაც თავი გაგქონდა, მაგრამ ხალხის მხრიდან იმხელა პატივისცემას ვგრძნობდით და მხარდაჭერას, რომ ენით აღუწერელს. ყველას კარი ღია იყო ჩვენთვის.
_ რა შეგრძნება გქონდათ, როდესაც გოლი გაგქონდათ?
_ ვერაფერს შეადარებ ამ გრძნობას, მაგრამ ასისტენტობაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. მახსოვს, გია მეგრელაძემ ,,გურიაზე“ ერთ-ერთ გუნდს ხუთი გოლი გაუტანა და საუკეთესო მოთამაშედ მე დამასახელეს, ხუთივე ასისტი მე გავაკეთე. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა გოლის გატანის პროცესში მონაწილეობა.
_ აჩი არველაძემ ერთ-ერთ გადაცემაში გაიხსენა ლეგენდარულ შალვა კაკაბაძესთან დაკავშირებული სახალისო ისტორია, თუმცა ფეხბურთელი არ დაუსახელებია, იქნებ თქვენ გვითხრათ?
_ (იცინის) კი, თავად მომიყვა ეგ. ერთი პერიოდი, ოფიციალური ვალდებულება ჰქონდა კლუბებს, რომ 18 წლის ან ნაკლები ასაკის სამი ფეხბურთელი ჰყოლოდა განაცხადში და თან ეთამაშებინა. შალვა კაკაბაძემაც გადაწყვიტა ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო შემდგომში ლეგენდარული ოთარ კორღალიძე. ერთი სიტყვით, თან ჰყვებოდა ოთარს, ამ პატარა ბიჭს. როდესაც ოთარი დაოჯახდა და ქორწილი გადაიხადა ,,ბერიკონში“, კი დაავიწყდა შალვას დაპატიჟება. მერე ძალიან შერცხვა, დაურეკა და მოუბოდიშა, ცხონებულმა კაკაბაძემ ეგრევე მიახალა: ,,შე შობელძაღლო 17-18 წლის ბიჭს ,,გურიას“ ძირითად თერთმეტეულში გახვედრებდი და შენ ხუთას კაცში როგორ ვერ მომახვედრეო“...
_ საფეხბურთო კარიერის შემდეგ გქონდათ სამწვრთნელო კარიერაც, მოგვიყევით...
_ 90-იანი წლების საქართველო, ხალხის მდგომარება, სპორტული სიტუაცია, ეს იყო კოშმარი. თორნიკე, უბრალოდ წარმოიდგინე, კამაზით რომ მიაკითხავ ექიმს, გადაგირჩინოს სიცხისგან გათანგული ფეხბურთელები, არ გაქვს ხელფასი, ბიჭებიც ენთუზიაზმზე არიან, ნახევრად მშივრები, რა სამწვრთნელო კარიერა და რა სპორტი, მიდიოდა ბრძოლა გადარჩენისთვის. ამის შემდეგ იყო რამდენიმე გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვიყავი თბილისის ,,მერანი“, ,,ლოკომოტივი“, ,,გაგრა“...ვიყავი სხვადასხვა სპორტული აქტივობებით დაკავებული.
_ 2012 წელს თქვენ გახდით პარლამენტარი, ლანჩხუთის მაჟორიტარული ოლქიდან. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
_ სულ მინდოდა ამის შესახებ სცოდნოდა ლანჩხუთელებს. ბევრი ჭორი გავიგე ამის შესახებ, თურმე ვგეგმავდით ამას, ჩაფიქრებული გვქონდა და ა.შ. სინამდვილეში როგორ იყო: 2011 წელს ,,გურიას“ უმაღლეს ლიგაში აღზევებიდან 25 წელი გავიდა და ვეტერანები შევიკრიბეთ, აღვნიშნეთ. იქ, წამოვიდა იდეა, რომ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია და მოგვეთხოვა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა, მეორე დღეს კიდევ გადავამოწმეთ, ვინმეს ამ განცხადების გამო უხერხულობა ხომ არ ექმნებოდა. ეს იყო და ეს, არც პოლიტიკური აქტივობა გამომიჩენია თავიდან და არაფერი. ამ განცხადებაზე ხელისმოწერიდან ცოტა ხანში დამეწყო პრობლემები ყველა სამსახურში, შევატყვე ერიდებოდნენ ჩემთან საქმის დაჭერას. ლანჩხუთში ტარდებოდა ამხანაგური მატჩი, მეგობარმა მთხოვა წამოვსულიყავით და დავსწრებოდით, ასეც მოვიქეცით. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, რამდენიმე კაცი ,,ქართული ოცნებიდან“ აკვირდებოდა, თუ როგორ შემხვდებოდა ხალხი, რა ავტორიტეტით ვსარგებლობდი და ა.შ. ამის მერე მოხდა ისე, რომ ჩემი კანდიდატურა დააყენეს, არავითარი ჩუმი გარიგებები, თხოვნები, ხალხის ჩარევა ჩემი მხრიდან არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვუხდი ლანჩხუთს მადლობას იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც გამომიცხადა და რასაკვირველია ბოდიშს, თუ მათი იმედები ვერ გავამართლე. ღმერთმა იცოდეს, მინდოდა ყველაფერი უკეთესად გამეკეთებინა, თუმცა არავის დავმალულვარ და ტელეფონი არ გამითიშია.
_ბატონო თემურ, დღეს ,,გურია“ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, გამოსავალს რაში ხედავთ, როგორ უნდა დაბრუნდეს ლანჩხუთში ფეხბურთი?
_ ჩემი პირადი ტრაგედიაა ,,გურიას“ მესამე ლიგაში ყოფნა, ახსნას არ დავიწყებ, თუ რატომ და რისთვისაა ამ დღეში, ფაქტია ახლა გამოსავალია მოსაძებნი. ძალიან კარგია, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია რომ გვექნება ლანჩხუთში, ეს მოგვცემს საშუალებას, ნიჭიერი თაობა არ დაგვეკარგოს, ადგილზე შევქმნათ მათგან დიდი ფეხბურთელები. რაც შეეხება ,,გურიას“ და დღევანდელობას, გამოსავალი კარგ და ფულიან ინვესტორშია, რაც არ უნდა მაღალ ღირებულებებზე ვისაუბროთ, შენც კარგად იცი, რომ დღეს სპორტში მთავარი ფულია. მჯერა, ყველაფერი გამოსწორდება და ლანჩხუთელი გულშემატკივარი კვლავაც გაიხარებს. მინდა ის დრო დაბრუნდეს, 25 000 კაციან სტადიონს რომ ავსებდა ეს პატარა რაიონი.
თორნიკე ჯიჯიეშვილი
ნანობს თუ არა ლეგენდარული ლანჩხუთელი ფეხბურთელი თემურ ჩხაიძე თბილისის ,,დინამოში“ ვერშემდგარ კარიერას და რა ახსენდება ყველაზე კარგად?

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 1 011